სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ზოგიერთი პედაგოგიკური მიდგომა მოსწავლეთა ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის

ყველა ადამიანს ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარების საკუთარი გზა აქვს, ამიტომ  ანალიტიკურ მოაზროვნედ, „ანალიტიკოსად“  ჩამოყალიბება ინდივიდუალური პროცესის შედეგია.  ანალიტიკური აზროვნება მაშინ იჩენს თავს, როდესაც მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია და ისინი ახდენენ მის ანალიზს, შეფასებას, ინტერპრეტირებას და სინთეზს, იყენებენ შემოქმედებით აზროვნებას არგუმენტის ჩამოსაყალიბებლად, პრობლემის გადასაჭრელად და დასკვნების გამოსატანად. ამ დროს მოსწავლეს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ „ცოდნა თავად შეიძინა და აზროვნებაც თავად განივითარა“, თუმცა უმნიშვნელოვანესი როლი  აქ შეასრულა მასწავლებელმა, მისმა ჩართულობამ და საქმის მიმართ დამოკიდებულებამ, რადგან ინფორმაციის მიწოდებით „უბიძგა“ მოსწავლეს ანალიზისკენ, შეფასებისკენ, ინტერპრეტირებისა და სინთეზისკენ, არგუმენტის ჩამოსაყალიბებლად შემოქმედებითი აზროვნების გამოყენებისკენ.

საზოგადოდ, ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევები მიიჩნევა გამჭოლ უნარებად, რომლებიც ყველა საგნობრივ სფეროში შეიძლება იქნეს გამოყენებული. ისინი მეტად ეხმარება მასწავლებელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში, ცნებებით სწავლებაში და საგნობრივი სტანდარტების თემატური ერთეულების ათვისებაში. მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეებში ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება მასწავლებლის მხრივ ითხოვს მთელ რიგ განსხვავებულ მიდგომებს და სწავლა-სწავლების სტრატეგიების გამოყენებას. მიზანია ინფორმაციის დამუშავებისა და გამოცდილების საშუალებით სწავლის ხელშეწყობა და არა მხოლოდ ინფორმაციისა და ფაქტების დამახსოვრებით შემოფარგვლა. ამ მიმართულებით  მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის მასწავლებლები უმთავრესად ორ მიდგომას იყენებენ:

  1. I. მარტივ მიდგომა – ეს არის სწავლის ინდივიდუალური შედეგების განსაზღვრა. ამისთვის შეგვიძლია მოსწავლეებს შევთავაზოთ:
  • დავალების შესრულებისას, გადაწყვეტილების მიღებამდე, განსაზღვრონ საკუთარი არჩევანის პრიორიტეტულობა;
  • სწავლის შედეგები დაყონ ოპერაციებად, რომლებიც ექვემდებარება სწავლებას/სწავლას (მაგალითად, შეადგინონ იდეების ჩამონათვალი, შეარჩიონ იდეები, დაახარისხონ შერჩეული იდეები, შერჩეული იდეები გაამყარონ არგუმენტებით და დაუკავშირონ ისინი საკუთარ  გადაწყვეტილებას).

როგორ  შეიძლება მოცემული მიდგომის პრაქტიკული განხორციელება? აღსანიშნავია, რომ იმ უამრავი ტიპის დავალებებსა  და სავარჯიშოებს შორის, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ  სწავლის ინდივიდუალური შედეგები და შევაფასოთ მოსწავლეთა ანალიტიკური აზროვნების დონე, პროექტული ხასიათის დავალებები ყველაზე მოხერხებულია. მოვიყვანოთ მაგალითი სამოქალაქო განათლების სწავლების ბლოკიდან,  კერძოდ, პროექტი „მოქალაქე“, რომელიც ფართოდ გამოიყენება მრავალ ქვეყანაში სამოქალაქო განათლების კონტექსტში და მეტად უწყობს ხელს  მოსწავლეთა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების მთელი რიგი ელემენტების განვითარებას.

აქტივობის მიხედვით, მოსწავლემ უნდა წარმოიდგინოს ის პრობლემური საკითხები, რომელთა გადაჭრაც შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე გატარებული საჯარო პოლიტიკის საშუალებით, მაგრამ ამისთვის მას სჭირდება რამდენიმე სააზროვნო  ოპერაციის ჩატარება:

  • გაიაზროს საჯარო პოლიტიკის არსი და შეადგინოს იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლებიც გავლენას ახდენს ადგილობრივ საზოგადოებაზე;
  • შეარჩიოს საზოგადოებაზე გავლენის მქონე ერთ-ერთი საკითხი, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია ადგილობრივი საჯარო პოლიტიკის საფუძვლიანი შესწავლით;
  • შერჩეული საკითხის შესახებ შეაგროვოს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან (მაგალითად, სათანადო პასუხისმგებლობის მქონე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, იმ მოქალაქეებისგან, რომლებზეც ზემოქმედებს აღნიშნული საკითხი, სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირებისგან, ინტერნეტის გამოყენებით და სხვ);.
  • დაახარისხოს მოპოვებული ინფორმაცია და გააანალიზოს პრობლემის მოგვარების შესაძლო გზები;
  • აირჩიოს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო გზა და დასახოს მოქმედების გეგმა, რომელიც პრობლემის მოგვარებას ემსახურება;
  • მოამზადოს პრეზენტაცია, რომელშიც:
  • მოცემული იქნება საკითხის აღწერილობა და იმის განმარტება, რატომ არის ამ საკითხის მოგვარება მნიშვნელოვანი და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოგვარებაზე;
  • წარმოდგენილი იქნება საკითხის გადაჭრის რამდენიმე შესაძლო გზის ანალიზი (რომლითაც გამოიკვეთება საკითხის გადაჭრის დადებითი და უარყოფითი შედეგები);
  • შემოთავაზებული იქნება საჯარო პოლიტიკის, მისი შესაძლო შედეგების, მის გატარებასთან დაკავშირებული ხარჯების აღწერილობა;
  • იქნება დასკვნა, თუ რამდენად ესადაგება მოცემული საკითხი და მისი გადაწყვეტის გზა ადამიანის უფლებებს;
  • წარმოდგენილი იქნება ისეთი გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მოქალაქეებს იმისთვის, რომ დაარწმუნონ შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლების წარმომადგენლები შეთავაზებული საჯარო პოლიტიკის გატარების მნიშვნელობაში;
  • შევხვდებით აღწერილობას, თუ როგორ უნდა მოხდეს მიღებული შედეგების პრეზენტაცია მოსწავლეების მიერ ორგანიზებული ადგილობრივი შეხვედრის ან უფრო ფართო საჯარო ღონისძიების ფარგლებში;
  • იქნება დასკვნა, თუ რა ღირებულებები შეიძინეს მოსწავლეებმა, როგორი დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდათ, შეძლეს თუ არა საკითხის  კრიტიკული  გააზრება და გაცნობიერება;
  • და სხვ.

პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე მოსწავლეებს მოუწევთ მცირერიცხოვან ჯგუფებში მუშაობა, საზოგადოების წარმომადგენლებთან სხვადასხვა გზითა და საშუალებით ურთიერთობა, სხვა პირებთან კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის მიწოდება თავიანთი დასკვნებსი შესახებ, მათთვის საკუთარი წინადადებების გაცნობა, პროცესების ერთობლივი მართვა. შესაბამისად, კონკრეტული პროექტი და ამ ტიპის დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

  1. II. შედარებით რთულ მიდგომაა, როდესაც მოსწავლეს ვთავაზობთ, გაამახვილოს ყურადღება:
  • სხვადასხვა მასალის დახარისხებაზე; მასალაში მოცემული შინაარსის აღქმასა და იმ მოსაზრებების კვლევაზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ინფორმაციას; მათთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტესა და იმ წინაპირობებისა და ვარაუდების შეფასებაზე, რომლებსაც ეფუძნება მოცემული მასალა; კონკრეტული კითხვების დასმაზე, ეჭვის გამოთქმაზე  ან  მინიშნებების გამოყენებაზე; სხვადასხვა ნაბეჭდი, ვიზუალური, აუდიო- თუ ციფრული მასალის შერჩევაზე; ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებასა და საკუთარი შედეგის შეფასებაზე.  

მოვიყვანოთ მაგალითები ისტორიის სწავლების კურსიდან:

  • სხვადასხვა მასალის დახარისხებაზე ყურადღების გამახვილება – როდესაც მოსწავლეები ახარისხებენ უძველეს ტექსტებს საწერი მასალის ან შინაარსის მიხედვით (თიხის ფირფიტა, პაპირუსი, ქაღალდი… სამეურნეო-ეკონომიკური ხასიათის ტექსტები, დიპლომატიური შინაარსის წერილები, მემუარები…);
  • მასალაი მოცემული შინაარსისა და კვლევის იმ მოსაზრებების აღქმა, რომლებიც საფუძვლად უდევს ინფორმაციას – მაგალითად, მოსწავლეები მსჯელობენ,  რამდენად შესაძლებელია,  პირამიდების ტექსტებში მოიპოვებოდეს ინფორმაცია ბაბილონის დაკიდებული ბაღების შესახებ; შესაძლოა თუ არა, ალექსანდრე მაკედონელს ელაშქრა ქართლში და ეს არ ასახულიყო მის ბიოგრაფიაში; რატომ უნდა დაეწერა პროკოპი კესარიელს  „საიდუმლო ისტორია“ და ა.შ.;
  • მათთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტესა და იმ წინაპირობებისა და ვარაუდების შეფასებაზე მსჯელობა, რომლებსაც ეფუძნება მოცემული მასალამაგალითად, განიხილავენ ინფორმაციას ბერძენ-სპარსელთა ომში მე-18 და მე-19 სატრაპიების მონაწილეობაზე, ანუ რამდენად შეიძლებოდა ამ ომის მონაწილენი ყოფილიყვნენ იბერიელი და კოლხი მეომრები; ან განიხილავენ იულიუს კეისრის მოგონებას ჩრდილოეთ ევროპაში ლაშქრობისას გერმანულ ტომებთან საომარი შეტაკების შესაძლო მართებულობაზე; ან მსჯელობენ ქსენოფონტეს ჩანაწერებზე   სპარსეთის იმპერიაში მიმდინარე პოლიტიკური ამბების შესახებ და სხვ.;
  • კითხვების დასმა, ეჭვის გამოთქმა ან მინიშნებების გამოყენება  – მაგალითად, სვამენ კითხვებს იმ ისტორიული ვითარების შესახებ, რომელშიც მიმდინარეობს წყაროში/ნარატივში აღწერილი მოვლენები; ან ეჭვს/ვარაუდს გამოთქვამენ  ნაშრომის შესრულების შესაძლო გარემოებებზე; ან პოულობენ მინიშნებას, როდის, სად და ვის მიერ უნდა იყოს დაწერილი ინფორმაცია;
  • სხვადასხვა ნაბეჭდი, ვიზუალური, აუდიო თუ ციფრული მასალის შერჩევა – მაგალითად, როდესაც ინფორმაცია ეხება შუა საუკუნეებს, განსაზღვრონ, როგორ გერბებს ან დროშებს იყნებდნენ და სწორად შეუსაბამონ ისინი რეალურ ისტორიულ გარემოს; შეარჩიონ იმდროინდელი მანუსკრიპტის სტილი, ილუსტრაცია, პორტრეტი, წერილი, ჩანაწერი, დღიური და ა.შ.;
  • ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება – ამ დროს მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და ყურადღებით შეისწავლიან ინფორმაციას, აანალიზებენ, კრიტიკულად განიხილავენ და აღმოაჩენენ შეცდომებს; მუშაობისას გამოთქვამენ მოსაზრებებს, მოიყვანენ არგუმენტებს, შეაფასებენ  თანაკლასელთა ნამუშევრებს, გახდებიან  ერთგვარი  „ექსპერტები“…);
  • საკუთარი შედეგის შეფასება – დააკვირდებიან საკუთარ საქმიანობას:
  • გამოთქვა თუ არა საკუთარი მოსაზრება, მოიყვანა თუ არა არგუმენტი ასაკისა და სწავლის საფეხურის შესაბამისად;
  • წარმოაჩინა თუ არა მოცემული პრობლემის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება (მაგალითად, სხვა ეპოქის ადამიანებისადმი ემპათია, ან გამოხატა თუ არა ისტორიული პირებისადმი თანაგანცდა, ან გამოავლინა თუ არა დამოკიდებულება კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და ა.შ.);
  • შეძლო თუ არა ისტორიული მოვლენების გაგება და გააზრება, გარდასული ეპოქის ადამიანის ქცევის მოტივების განსაზღვრა;
  • გადაწყვიტა თუ არა პრობლემური და შემეცნებითი ხასიათის ამოცანები;
  • გამოამჟღავნა თუ არა სახელმძღვანელოსა და დამატებით მასალაზე მუშაობის უნარი (ანალიზი, არგუმენტირება, გრაფიკული მახასიათებლების, ტექსტური და სხვა სახის ინფორმაციის შედგენა/წარმოდგენა);
  • შეძლო თუ არა საკუთარი საქმიანობის კონტროლი, სწორად შესრულებული დავალების შეფასება, გეგმის მიხედვით საქმიანობა;
  • შეძლო თუ არა ინფორმაციის ჩაწერა, გადაწერა, მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნა, თეზისებისა და კონსპექტების შედგენა, პრობლემის ფორმულირება, დასკვნების გამოტანა;
  • მოახერხა თუ არა ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა ხერხის გამოყენება;
  • გამოიყენა თუ არა ნასწავლი მასალა, მოიშველია თუ არა რეპროდუქციული და პროდუქციული კითხვები;

და ა.შ.

მთავარი ხარვეზი, რომელმაც ამ მიდგომებით სარგებლობისას შეიძლება იჩინოს თავი, არის  მოსწავლეთა ნაშრომის შეფასების სისტემა, ამიტომ, განურჩევლად იმისა, თუ რომელ  მიდგომასა და სტრატეგიას გამოვიყენებთ სწავლებაში, მთავარია, მოსწავლეთა ინდივიდუალური ინტერესები  და საჭიროებები  მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და სწორად შეფასებული. ასე მასწავლებლები კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ მოსწავლეთა  ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარებისკენ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი