საგანმანათლებლო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სკოლებმა დანერგეს სწავლების მეთოდები, რომლებიც განსხვავდება ტიპური მოდელებისგან. დისტანციური სწავლება გლობალურად გამოიყენა ბევრმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, მათ კი, ვინც კარგი შედეგი აჩვენეს მისი კომპონენტი დატოვეს სწავლების ფორმად. ასე შეიქმნა ჰიბრიდული სწავლების სხვადასხვა მოდელი. ჰიბრიდული მოდელი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სილაბუსის ნახევრის ვირტუალურ საკლასო სივრცეში გადატანა. ეს არის ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც აერთიანებს პირისპირ და ონლაინ სწავლების საუკეთესო პრაქტიკებს, რათა შეიქმნას ყველაზე მოქნილი და შედეგიანი სასწავლო გამოცდილება.
რა არის ჰიბრიდული სწავლება?
ჰიბრიდული სწავლება მოდელია, როცა მოსწავლეების ნაწილი გაკვეთილს ესწრება კლასში, ნაწილი ონლაინ, რაიმე სახის საკომუნიკაციო საშუალებით ჩართულია ვირტუალურად, თუნდაც სახლიდან. მასწავლებელი ერთდროულად ასწავლის ორვე ჯგუფის მოსწავლეებს ვიდეო კონფერენციების, პრეზენტაციებისა და სხვა პროგრამული საშუალებებით.
ზოგიერთ შემთხვევაში ჰიბრიდული სწავლება აერთიანებს ასინქრონულ სასწავლო ელემენტებს, როგორიცაა ონლაინ გაგზავნილი დავალებები, წინასწარ ჩაწერილი ვიდეო ლექციები და სხვა. როცა სასწავლო პროცესი კარგად არის დაგეგმილი, ჰიბრიდული სწავლების მეთოდის გამოყენებით განათლება ხელმისაწვდომი ხდება გაცილებით მეტი მოსწავლისა თუ სტუდენტისთვის. იმისთვის რომ ჰიბრიდული სწავლება წარმატებული იყოს, კურსის ყველა ელემენტი მორგებული უნდა იყოს კლასის საჭიროებებზე.
რა განსხვავებაა ჰიბრიდულ და შერეულ სწავლებას შორის?
ძალიან ბევრჯერ სწავლების ეს ორი ფორმა გაიგივებულია ერთმანეთთან, რადგან მსგავს ელემენტებს მოიცავს. თუმცა ისინი განსხვავებული სასწავლო მოდელებია. შერეული სწავლება პერსონალურ სწავლებას აერთიანებს ასინქრონულ სწავლებასთან. სადაც მოსწავლეები მუშაობენ ონლაინ სავარჯიშოებზე და სასწავლო ვიდეოებს უყურებენ პროგრამის შესაბამისად.
ჰიბრიდული სწავლების დროს მასწავლებელი ერთდროულდ ასწავლის პირისპირ და ონლაინ მოსწავლეებს. ასინქრონული სწავლების მეთოდები შეიძლება სინქრონულთან ერთად იქნას გამოყენებული, როცა მასწავლებელი ინსტრუქციას მოსწავლეს პირისპირ აძლევს.
როგორც ონლაინ, ისე პირისპირ სწავლებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჰიბრიდული სწავლების მიზანი არის ამ ორი ფორმატის გაერთიანება, უნიკალური სასწავლო გამოცდილების შესაქმნელად.
ჰიბრიდული სწავლების ერთ-ერთი მოდელი
ჰიბრიდული სწავლების მრავალი ფორმა არსებობს. ის დამოკიდებულია მასალის შინაარსზე, მოსწავლეების საჭიროებებსა და მასწავლებლის შესაძლებლობებზე. დიაგრამა ასახავს ქრისტენსენის ინსტიტუტის (Christencen Institut) მიერ შემუშავებულ მოდელს.
ჰიბრიდული სწავლების დადებითი მხარეები:
- სწავლების მოქნილობა – ევროპის ქვეყნებში ბევრი სკოლა გადავიდა ჰიბრიდულ რეჟიმზე სასწავლო გრაფიკის მოქნილობის გამო. ამ დროს მოსწავლეებისთვის უფრო ხელმისაწვდომია სასწავლო რესურსები. ასევე განათლების მიღების შესაძლებლობას არ კარგავენ ის მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში გაკვეთილებზე დასწრებას ვერ ახერხებენ. საქმიანი ურთიერთობა ყალიბდება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის.
- სინქრონული კომუნიკაციის შესაძლებლობა – ზოგიერთი მოსწავლე უფრო გაბედული და თავდაჯერებულია, როცა არ უწევს პირისპირ კომუნიკაცია. სწავლების ჰიბრიდული მიდგომა მას საშუალებას აძლევს უფრო ხშირად ჩაერთოს დისკუსიებში, დებატებში. ასევე დრო ეფექტურად გამოიყენება სინქრონული ჯგუფური მუშაობისთვის, პრეზენტაციებისა და კითხვა – პასუხის მეთოდის გამოყენებისთვის.
- დროის მენეჯმენტისა და აკადემიური თავისუფლება – ონლაინ სწავლება მოსწავლეს დამოუკიდებლობის ხარისხს უზრდის, მას შეუძლია ისწავლოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სივრცეში, ხელახლა გაიმეოროს მასალა. ასეთი მოსწავლეები დამოუკიდებელი მსაწავლელები არიან და თვითმართვის უნარები კარგად აქვთ ჩამოყალიბებული.
- რესურსების უფრო ეფექტური გამოყენება – მასწავლებელს საშუალება აქვს გამოიყენოს მრავალი ელექტრონული რესურსი. მათ მოძიებას ძალიან ბევრი დრო და ენერგია სჭირდება, თუმცა შედეგი რცა კარგია დახარჯულ ენერგიაზე აღარავინ ფიქრობს.
რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა ჰიბრიდული სწავლების რომელიმე ფორმის გამოყენების დროს:
- დაგეგმვა მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს და ფიქრს;
- დავალებების პირობები და ინსტრუქციები უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეების შესაძლებლობებს და გასაგები ენით იყოს დაწერილი;
- მოლოდინი წინასწარ უნდა განისაზღვროს;
- განსაზღვრეთ სემესტრის შემდეგ მისაღწევი მიზანი;
- განსაზღვრეთ მოკლევადიანი მიზნები;
- გააცანით მოსწავლეებს;
- შეიმუშავეთ შეფასების სისტემა;
- შექმენი დავალებების ბანკი – რომლებიც რესურსებთან ერთად განთავსდება ვირტუალურ კლასში, ღრუბლოვან სივრცეში ან ბლოგზე. მთავარია მოსწავლეებისთვის ყველა მასალა ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერ დროსა და სივრცეში;
- სემესტრის შემდეგ მისაღწევი მიზნიდან უკუსვლით დაგეგმვა უზრუნველყოთს დავალებების შესაბამისობას სასწავლო მიზანთან;
- შეადგინეთ აქტივობების რუკა, სადაც თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი დრო, აქტივობა, რესურსი, მიზანი;
- ბოლოს დაადგინეთ რომელი აქტივობები მუშაობდა ეფექტურად, სად იყო მოსწავლეების შედეგები მაღალი, რა საჭიროებს გაუმჯობესებას;
- პირისპირ სწავლებისას მნიშვნელოვანია მოხდეს:
ა) სინქრონული ჯგუფური ბრეიმშტორმინგი;
ბ) კლასის მოლოდინებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გამოკვეთა;
გ) თანამშრომლობითი, ნდობაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბება;
დ) ზარებისა და პასუხის პროტოკოლის შექმნა;
ე) მოსწავლეებისთვის სწრაფი და ეფექტური უკუკავშირის უზრუნველყოფა.
- განსაზღვრეთ ონლაინ კომპონენტის წილი მთლიან კურსში – ჰიბრიდული კურსის მთავარი ელემენტია ინფორმაციის სწორი მიწოდება. ინდივიდუალური დავალებები უმჯობესია შეასრულონ ვირტუალურად. ასევე გამოიყენეთ: ა) დამოუკიდებლად სწავლების ან დავალების დამოუკიდებლად დასრულების მეთოდები; ბ) ასინქრონული ჯგუფური დისკუსიები; გ) თვითშემოწმებადი ტესტები და ქვიზები; დ) წერილობითი კრიტიკული ანალიზი და დისკუსია; ე) ვიდეო და აუდიო მასალები;
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://www.codlearningtech.org/PDF/hybridteachingworkbook.pdf
- https://resources.owllabs.com/blog/hybrid-learning
- https://resources.owllabs.com/blog/virtual-classroom