სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის გამოწვევები

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს.

რა სიახლეებს გვთავაზობს ზოგადი განათლების რეფორმა?

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცვლილებების შესაბამისად, ზოგადი განათლების რეფორმა მიმდინარეობს კომპლექსურად. ეს შეეხება სისტემის ყველა დონეს: მოსწავლეს, მასწავლებელს, საკლასო ოთახს, სკოლას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ეძლევათ შემოქმედებითი უნარების გამოხატვის თავისუფლება. სწორედ ამით არის ორიგინალური და განსაკუთრებული მოსწავლეზე ორიენტირებული პროექტი, ,,ახალი სკოლის მოდელი’’, რომელიც უზრუნველყოფს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების პროცესს.

 

როგორ მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები?

განათლების ექსპერტებმა შეისწავლეს და გააანალიზეს:

  • დაწყებით და საბაზო საფეხურებზე განხორციელებული საკლასო დაკვირვების შედეგები;
  • სკოლის პერსონალის მიერ შემუშავებული საგნობრივი სილაბუსები და თემატურ-კალენდარული სასწავლო გეგმები;
  • სასკოლო სახელმძღვანელოები;
  • საქართველოს სკოლებში ჩატარებული ეროვნული და საერთაშორისო კვლევის შედეგები.

რა იყო ცვლილებების საფუძველი?

პრობლემათა გაანალიზების დროს გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა გადაჭრის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ეროვნული სასწავლო გეგმის შემდგომი დანერგვა-განვითარება:

 

  • გრძელვადიანი მიზნების მხედველობის არიდან დაკარგვა. ამის გამო გაკვეთილებზე დანაწევრებული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი საკითხების ამოწურვის თვითმიზნად გადაქცევა.
  • დამახსოვრებაზე (დეკლარაციულ ცოდნაზე) ორიენტირებული სწავლა-სწავლება და არა გააზრებასა და შეძენილი ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გამოყენებაზე (პირობისეულ-ფუნქციურ ცოდნაზე);
  • ურიცხვი საკითხის დამახსოვრებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი და საკითხთა ზედაპირული სწავლება.

 

როგორ მოხდა რეაგირება სისტემაში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე?

 

„მოსწავლე სუბიექტის“ პარადიგმის ამოქმედებისთვის საჭირო გახდა:

  • გრძელვადიანი მიზნების უფრო მკაფიოდ გამოკვეთა;
  • პროგრამის განტვირთვა და გააზრებული სწავლა-სწავლების ხელშეწყობა;
  • მოსწავლისათვის შინაარსიანი კონტექსტების წინ წამოწევა;
  • სასკოლო კურიკულუმების განვითარების ხელშეწყობა.

 

მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები

 

ეროვნული სასწავლო გეგმის შესავალ ნაწილში მკაფიოდ განისაზღვრა პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო კონცეფცია, სწავლა-სწავლების 5 პრინციპი. ეს სწორედ ის პრინციპებია, რომელთა სასწავლო პროცესში განხორციელების გარეშეც წარმოუდგენელია „მოსწავლე სუბიექტის“ საგანმანათლებლო პარადიგმის საკლასო ოთახში დანერგვა.

 

  1. სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. მიღებული ინფორმაცია ცოდნად გარდაიქმნება მოსწავლის მიერ მისი აქტიური დამუშავების შედეგად. მოსწავლე მიწოდებული ინფორმაციიდან გამოარჩევს ცოდნის შენებისთვის (კონსტრუირებისთვის) მნიშვნელოვან ელემენტებს და ცოდნად გარდაქმნის შერჩეულ ინფორმაციას სხვადასხვა სააზროვნო ოპერაციის განხორციელების საფუძველზე.
  2. სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. ინფორმაციის დამუშავება და ცოდნად გარდაქმნა წინარე ცოდნის საშუალებით ხორციელდება. წინარე ცოდნა განაპირობებს იმას, თუ მიწოდებული ინფორმაციიდან რა კომპონენტებს მიაქცევს ყურადღებას მოსწავლე და რის სწავლას შეძლებს იგი.
  3. სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას. მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება ზრდის გააზრების, დამახსოვრებისა და ცოდნის ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს.
  4. სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა). სწავლის პროცესში მართებული ხერხებისა და მიდგომების გამოყენება წარმატებული სწავლის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. კონკრეტული მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ ქმედებათა გააზრებულად, გაცნობიერებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედებაუნარიანობას, ეხმარება მას მიზნის ეფექტიანად მიღწევასა და სიძნელეთა გადალახვაში. აქედან გამომდინარე, მასწავლებელი ვალდებულია, დააფიქროს მოსწავლე იმ ხერხებსა თუ მიდგომებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს მიზნის მისაღწევად და დაეხმარება მათ შორის საუკეთესოს აღმოჩენაში.

 

  1. სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას:

 

  • დეკლარაციულს, რომელიც სტატიკური ხასიათისაა და გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას: რა ვიცი?
  • პროცედურულს, რომელიც დინამიკური ხასიათისაა, იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას და პასუხობს კითხვას: როგორ გავაკეთო/როგორ შევასრულო?
  • პირობისეულს, რომელიც გულისხმობს არსებითი ნიშან-თვისებების ამოცნობას. იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას და პასუხობს კითხვას: როდის და/ან რატომ გამოვიყენო ეს ცოდნა?

 

რას განსაზღვრავს საფეხურებრივი სტანდარტები და წლიური პროგრამები?

თითოეული საგნის სასწავლო გეგმა გაიყო ორ ნაწილად. პირველი ნაწილია საფეხურებრივი სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო მოთხოვნებს: რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რა უნდა შეეძლოს და რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბდეს მას საფეხურის ბოლოს.

მეორე ნაწილია წლიური პროგრამა. იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა და აჩვენებს სტანდარტის მოთხოვნების რეალიზების ერთ-ერთ შესაძლო გზას თითოეული სასწავლო წლისათვის. წლიური პროგრამები ცოდნის კონსტრუირების ძირეული პრინციპების დაცვითაა შემუშავებული.

სარეკომენდაციო წლიური პროგრამები ასრულებენ „ხარაჩოს“ ფუნქციას, რომლითაც სურვილისამებრ იხელმძღვანელებს სკოლა და მასწავლებელი სასწავლო პროცესის დაგეგვმისას. მასწავლებელს შეუძლია პირდაპირ გაჰყვეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებულ ვარიანტს, ან შემოქმედებითად მიუდგეს საქმეს და მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს; ან სულაც გვერდზე გადადოს რეკომენდაციები და იმავე პრინციპების დაცვით ახალი ვარიანტი შექმნას. ამ მხრივ სკოლებსა და მასწავლებლებს თავისუფალი არჩევანი აქვთ.

 

რა უპირატესობა აქვს საფეხურის გრძელვადიანი შედეგების შემოტანას?

 

ახალ სასწავლო გეგმაში საფეხურის გრძელვადიანი შედეგების შემოტანა, ერთი მხრივ, გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, კი სასწავლო შინაარსის დაქუცმაცების საფრთხეს ამცირებს.

მიზნებზე საუბრისას პედაგოგს მხოლოდ 5-14 გრძელვადიან მიზანზე მოუწევს ორიენტირება, ნაცვლად წლიური შედეგებისა და ინდიკატორებისა, რომელთა რაოდენობაც საფეხურზე 200-300 ერთეულის ფარგლებში მერყეობდა. სასწავლო შინაარსის შერჩევაც თემების მიხედვით სწორედ ამ მიზნებზე ორიენტირებით მოხდება.

მოზარდის ძალებს გასავითარებლად სარბიელი სჭირდება. გრძელვადიანი მიზნები, განსხვავებით ვიწრო ინდიკატორებისა თუ დაქუცმაცებული საკითხებისა, ამგვარი სარბიელის შექმნის პირობებს გულისხმობს. წლების განმავლობაში ერთსა და იმავე განვითარებად უნარებზე მუშაობა განსხვავებულ სასწავლო კონტექსტებში, ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირების პრინციპის გაძლიერებას, თითოეული მათგანისთვის მუდმივი განვითარების შესაძლებლობების ზრდას.

 

რატომ გაჩნდა საგნობრივ სტანდარტებში ახალი სტრუქტურული ერთეული „სამიზნე ცნება“ და ,,მკვიდრი წარმოდგენები’’? 

სამიზნე ცნება წარმოადგენს, ერთი მხრივ, აზროვნების ინსტრუმენტს, მეორე მხრივ – უნიკალურ პედაგოგიკურ ინსტრუმენტს, რომელიც აადვილებს თემის დაგეგმვასა და სასწავლო პროცესის მიზანმიმართულად მართვას პირობისეული, არსობრივი ცოდნისაკენ.

 

განსაზღვრავს, რა მიმართულებით უნდა ხდებოდეს მოსწავლის ცოდნის გაღრმავება წლისა და საფეხურის განმავლობაში. მოსწავლის მხრიდან ამ ცნებების დაუფლება ნიშნავს ერთი მხრივ დისციპლინის საფუძვლების გააზრებას, მეორე მხრივ – ზოგადი კომპეტენციების (მაგ.: კრიტიკული აზროვნების) განვითარებას.

ცნებათა დაუფლება მყარი და სისტემური ცოდნის საფუძველია და ნებისმიერი დისციპლინის ფუნდამენტს წარმოადგენს.

ეს არის ორგანიზებული იდეა, რომლის დაუფლებაც განაპირობებს აზროვნების სტრუქტურირებას, ორგანიზებასა და გრძელვადიან მეხსიერებაში განვითარებას.

მკვიდრი წარმოდგენები – მკვიდრი წარმოდგენები პირდაპირ უკავშირდება სამიზნე ცნებების არსობრივ მახასიათებლებს. ერთი სამიზნე ცნების ქვეშ გაერთიანებული მკვიდრი წარმოდგენები, როგორც წესი, ურთიერთდაკავშირებულად მუშავდება.

მაგ. სამიზნე ცნება „წყაროს“ მკვიდრი წარმოდგენებია:

  • ინფორმაციას წარსულის შესახებ ისტორიკოსები წყაროებიდან იღებენ;
  • წარსულის შესწავლისას ისტორიკოსები სხვადასხვა ტიპის წყაროს (ნივთიერი, ეთნოგრაფიული, წერილობითი, ლინგვისტური, კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტები) ეყრდნობიან;
  • ყველა წყარო ერთნაირად სანდო არ არის;
  • წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ მათი ინტერპრეტაცია ისტორიკოსებს შორის დისკუსიის საგანია.

სწავლა-სწავლების პროცესში ის საკითხები და დავალებები უნდა იქნას შერჩეული, რომლებიც მოსწავლეს მკვიდრი წარმდგენების გააზრებამდე მიიყვანს. მკვიდრ წარმოდგენებზე მუშაობა ხდება მთელი წლისა და საფეხურის განმავლობაში სხვადასხვა საკითხზე დაყრდნობით (მაგ. წყაროზე სამუშაოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ეპოქის ნებისმიერი ისტორიული მოვლენის და მისი ამსახველი წყაროების შესახებ მსჯელობა).

 

რამ განაპირობა სტანდარტის შინაარსობრივ ნაწილში ახალი სტრუქტურული ერთეულის, „თემის“ გაჩენა?

 

მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია სავალდებული თემები, რომლებშიც სტანდარტის შედეგები უნდა დამუშავდეს. საგნების მიხედვით წლის განმავლობაში სასწავლო თემების რაოდენობა 3-დან 5-მდე მერყეობს (ზოგიერთ საგანში, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, თემებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს). თითოეული მათგანი მოსწავლისათვის ნაცნობ და შინაარსიან კონტექსტს წარმოადგენს.

 

გრძელვადიანი მიზნების შესაბამისად, მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში, თემას, როგორც ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს, ცოდნის აგების კომპლექსურ პროცესებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, კერძოდ:

  • თემა მოსწავლეს უნდა სთავაზობდეს მისთვის ნაცნობ კონტექსტს. მოსწავლე ინფორმაციას წინარე ცოდნით ამუშავებს. თემა კი მოსწავლისათვის ნაცნობი კონტექსტი უნდა იყოს, რომელიც დაეხმარება მას ახალი ინფორმაციის წინარე ცოდნასთან დაკავშირებაში, დამუშავებასა და გააზრებაში.
  • ამასთანავე, თემა უნდა წარმოადგენდეს მოსწავლისათვის აზრიან, შინაარსიან კონტექსტს, რაც აუცილებელი პირობაა მისი შინაგანი ძალების გასააქტიურებლად.
  • თემის ერთიანი კონტექსტი სასწავლო მასალის (მიზნების, ცნებების, საკითხების) ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას უნდა იძლეოდეს. ხანგრძლივ მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება აუცილებელი პირობაა მყარი და დინამიკური ცოდნის კონსტრუირებისათვის;
  • სტანდარტის სავალდებულო მოთხოვნაა, თითოეული თემის კონტექსტში ყველა შედეგი დამუშავდეს. ასე რომ, თემები გრძელვადიან მიზნებზე, ანუ განვითარებად უნარებზე მრავალგზის მუშაობის საშუალებას იძლევა;

 

რა არის საკვანძო შეკითხვა? რატომ გაჩნდა საგნობრივ სასწავლო გეგმებში ახალი სტრუქტურული ერთეული „საკვანძო შეკითხვები“?

  

სტანდარტსა და წლიურ პროგრამაში კიდევ ერთი ახალი სტრუქტურული ერთეულია – „საკვანძო შეკითხვები“. წლიურ პროგრამაში თითოეულ სავალდებულო თემასთან კავშირში მოცემულია შეკითხვები, რომლებიც აძლიერებენ მოსწავლის ცნობისმოყვარეობას და ეხმარებიან მას სასწავლო მასალის ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებაში საკვანძო შეკითხვები ორიენტირებულია პირობისეული ცოდნისკენ, ანუ სიღრმისეული აზროვნების გააქტიურებისკენ.

 

რით განსხვავდება საკვანძო შეკითხვები გაკვეთილის ბოლოს დასმული შეკითხვებისგან?

 

საკვანძო შეკითხვა ფოკუსირებულია ჩვენთვის მნიშვნელოვან იდეებზე, რომელთა გაგების/შემეცნების სურვილი ან მოთხოვნილება გვაქვს. იგი წვდება დისციპლინის სიღრმეებს და მიმართულია იმ ძირითადი ცნებების სიღრმისეული გააზრებისკენ, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია სხვა პრობლემებთან და სიტუაციებთან მიმართებითაც.

საკვანძო შეკითხვას არ აქვს ერთი „სწორი“ პასუხი. სანაცვლოდ, იგი იძლევა განსხვავებულ შეხედულებებსა და მოსაზრებებზე მსჯელობის საშუალებას. საკვანძო შეკითხვას არ აქვს ისეთი პასუხები, რომელთა პოვნაც შესაძლებელია წიგნებში ან ინტერნეტით, მასზე გაცემული პასუხები უნდა იყოს მოფიქრებული, დასკვნების შეჯერების შედეგად მიღებული.

საკვანძო შეკითხვა მოსწავლეებს უბიძგებს, მონაწილეობა მიიღონ ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაში. ის ხელახლა ისმება დროთა განმავლობაში და ხელახლა მივყავართ პასუხებამდე, რომლებიც უფრო და უფრო დახვეწილია.

საკვანძო შეკითხვა აგებულია იმგვარად, რომ უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა და მათი ინტერესის შენარჩუნება, ფიქრის პროვოცირება.

აქტუალურია თითოეული მოსწავლისათვის, მიუხედავად მათი ინტერესებისა და წინარე ცოდნისა, ქმნის საერთო საფუძველს დისკუსიისთვის, მიუხედავად მოსწავლეების მზაობის დონისა, ბუნებრივად გადავყავართ სხვა კითხვებზე, რომლებსაც მოსწავლეები სვამენ თავიანთი იდეების დასაზუსტებლად ან ძიების გასაგრძელებლად, ზოგიერთ საკვანძო შეკითხვაზე პასუხის ძიება შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.

 

რატომ არის კომპლექსური დავალება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელების შუალედური რგოლი და ამავდროულად – ,,გვირგვინი’’?

გავიხსენოთ ცოდნის სამი კატეგორია:

დეკლარაციული

 

პროცედურული პირობისეული
ვიცი შემიძლია ვიყენებ

ადეკვატურად

 

სტატიკური დინამიკური დინამიკური,

ფუნქციური

 

 

რას ეუბნება ეს კანონზომიერება პედაგოგს? – მასწავლებელმა სამივე კატეგორიის ცოდნაზე უნდა იმუშაოს, რადგანაც მათი ერთობა ქმნის მყარ და დინამიკურ ცოდნას.

 

ამიტომაც არის მნიშვნელოვანი კომპლექსური, შინაარსიანი აქტივობების (მაგ., კვლევითი პროექტი, სიმულაცია, ლაბორატორიული სამუშაო, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა და სხვ.) შეთავაზება სწავლის პროცესში. ამგვარ დავალებათა შესრულების პროცესში მოსწავლე ეუფლება ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქციულ და ურთიერთდაკავშირებულ გამოყენებას და, ასევე, სააზროვნო პროცესის კომპლექსურ მართვას.

 

ზოგადი განათლების რეფორმის გარდამტეხი ეტაპი, 2021-2022 სასწავლო წელი

 

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა დიდი გამოწვევისა და განსხვავებული ამოცანის წინაშე დგას. განათლების რეფორმის გარდამტეხ ეტაპზე საკლასო ოთახებში თვისებრივი ძვრები უნდა განხორციელდეს ყველა სკოლასა და საკლასო ოთახში არსობრივად (და არა ფორმალურად) უნდა დაინერგოს სწავლა-სწავლების ის პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფს მყარი და საფუძვლიანი ცოდნის კონსტრუირებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის

კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური გზამკვლევი (ავტორები: თამარ ჯაყელი, ნიკოლოზ სილაგაძე).

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი