„მოსწავლე არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსო,
ის ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო“, – პლუტარქე.
და მაინც ვინ არის მასწავლებელი? მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სწავლობს, ასწავლის, ზრუნავს, ზრდის, ავითარებს, ეხმარება მას, ვისაც ცხოვრების საწყის ეტაპზე ეს განსაკუთრებით სჭირდება. რა როლი აქვს მას მოსწავლის ცხოვრებაში? რა კვალის დატოვება შეუძლია მასზე? და რითაა გამორჩეულად მნიშვნელოვანი მისი საქმიანობა? ეს არის მრავალწახნაგოვანი პროფესია, რადგან მასწავლებელი მრავალი მიმართულებით ურთიერთობს აღსაზრდელთან. მას მყარი ფსიქო-ემოციური კავშირი აქვს მოსწავლესთან და ეს ემოციური მიზიდულობა სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება. ამიტომაცაა, რომ აწ უკვე კურსდამთავრებული მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ თავიანთი სკოლის პედაგოგებს, თითქოს კვლავ მოელიან მათგან ჩვეულ სიყვარულს, სითბოსა და განსაკუთრებულ მზრუნველობას, და ცხადია, იღებენ კიდეც.
ხშირად გსმენიათ ალბათ, მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის ცხოვრების შეცვლა, და ეს ასეც არის. მის თითოეულ სიტყვას წარმოუდგენელი გავლენის მოხდენა შეუძლია მოსწავლის განწყობაზე, მოტივაციაზე, ღირებულებებზე, მსოფლმხედველობაზეც კი. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მათი ცხოვრება ნებსით და უნებლიეთ, უფრო მეტიც, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ მათ უკეთეს მომავალზე. განუზომელია მასწავლებლის წვლილი ამ საქმეში. ჩვენ მას პროფესიის არჩევაშიც კი ვეხმარებით. ხშირად უთქვამთ ალბათ თქვენთვის „მას, თქვენ შემაყვარეთ მე თქვენი საგანი“. ალბათ ზოგიერთ შემთხვევაში, მასწავლებლის დადებითი როლი იმდენად მნიშვნელოვანი იყო და მოსწავლემ იმდენად ღრმად შეისწავლა საგანი, რომ პროფესიის შერჩევაშიც კი მიბაძა მასწავლებელს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეზე ზრუნვით ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ თავზეც. უჩვეულო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ნებისმიერი მოზარდი, მისი მომავალი წარმატება პირდაპირ კავშირშია ჩვენს უზრუნველ ხანდაზმულობასთან, რადგან მომავალში სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი ჩვენს კეთილდღეობაზე. ამიტომაც არის, რომ ნებისმიერი ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი სწორედ განათლება გახლავთ. მოწინავეა ქვეყანა, თუ ის მისი ქვეყნის ფუნდამენტურ მისიად და მიღწევად განათლებულ მომავალ თაობას მიიჩნევს. დღეს გაღვივებული სიკეთის მარცვალი აუცილებლად გამოიღებს სასურველ ნაყოფს მომავალში.
და მაინც როგორი უნდა იყოს მასწავლებელი?
თავისუფალი – მასწავლებელს უნდა ჰქონდეს თავისუფალი ნება, რათა მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოსწავლის საკეთილდღეოდ. იგი თავისუფალი აზროვნებით მოსწავლეს უნდა აძლევდეს მაგალითს. მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, უნდა ახერხებდეს სხვადასხვა საჭირბოროტო, მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ თავისუფალ მსჯელობას, პოზიციის გამოხატვას, კრიტიკულად შეფასებას, სასარგებლო და საჭირო ანალიზის გაკეთებას. ამით ეს უკანასკნელი მოსწავლეებში უნდა ნერგავდეს და ხელს უწყობდეს კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
შემოქმედებითი – შემოქმედებითობა ერთ-ერთი იმ თვისებათაგანია, რომლითაც გამოირჩევა კარგი მასწავლებელი. მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი უნდა იძლეოდეს თითოეული მოსწავლისთვის განვითარების, წინსვლის შესაძლებლობას. ჩვენ ვერ მოვახერხებთ ჩვენი სათქმელი მივიტანოთ თითოეულ მოსწავლემდე თუ სწავლა-სწავლების პროცესში არ გამოვიყენებთ სწავლის თანამედროვე მრავალფეროვან სტრატეგიებს, რესურსებს. ამიტომ, სწორედ მასწავლებლის შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული წარმატებული გაკვეთილი და სასურველი შედეგი. მრავალფეროვანი სტრატეგიებით ჩვენ ვახერხებთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების რეალიზებას, მის უკეთ ჩართვას სწავლა-სწავლების პროცესში. შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
შეუპოვარი – შეუპოვრობა არა მხოლოდ მასწავლებლის, არამედ ნებისმიერი პროფესიის ადამიანის გამორჩეულად საჭირო და მნიშვნელოვანი თვისებაა. რარიგ მნიშვნელოვანია ის მასწავლებლისთვის, ვინც თავისი ცხოვრების წესით, აზროვნებით, ღირებულებებითა და უნარებით უნდა იძლეოდეს მაგალითს მოსწავლისთვის. ალბათ ხშირად გვყოლია მოსწავლე, რომელიც რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დემოტივირებულია. მასწავლებლის მთავარი ამოცანა, ამ შემთხვევაში, მოსწავლის სასიცოცხლო ძალების, შინაგანი მუხტის გააქტიურება, მისთვის სწორი მიმართულების მიცემაა. მასწავლებელი უნდა შეეცადოს ყველა ძალისხმევა გამოიყენოს, რომ პასიური მსმენელი აქციოს აქტიურ მონაწილედ, შეძლოს გაუღვივოს მას ინტერესი სწავლისა თუ ზოგადად, სასკოლო ცხოვრების მიმართ. ეს არცთუ ისე იოლი მისიაა. სწორედ, შეუპოვარი მასწავლებელი ახერხებს ამ ურთულესი ამოცანის შესრულებას.
ინოვატორი. 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიური რევოლუციის პერიოდში, უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანია, მასწავლებელი თავის ყოველდღიურ სასკოლო საქმიანობაში ნერგავდეს და ხელს უწყობდეს სხვადასხვა ინოვაციურ მიდგომას. წარმოუდგენელია, მან მხოლოდ ცარცის, დაფისა და სახელმძღვანელოს გამოყენებით მან შეძლოს 21-ე საუკუნის მოზარდი ჩართოს საგაკვეთილო პროცესში. ინოვაციური სწავლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ჩვენი დროის საგანმანათლებლო სისტემისა. ინოვატორ მასწავლებელს შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიები სასარგებლო ინსტრუმენტად აქციოს სწავლა-სწავლების პროცესში და შესაბამისად, სასკოლო გარემო გახადოს მოსწავლისთვის უფრო სასურველი და პოზიტიური.
დემოკრატი – ისევე როგორც ყველაფერში, სწავლა-სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული მიდგომების გამოყენება. რას ეფუძნება სასურველი შედეგი? რა წინაპირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ სასურველ შედეგამდე მივიდეთ? სასურველი შედეგი პირდაპირპროპორციულია სწავლა-სწავლების დემოკრატიული პრინციპებისა. მოსწავლე მაშინ არის მოტივირებული, თუ ჩვენ მას არჩევანის შესაძლებლობას მივცემთ, თუ შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც მას შეეძლება საკუთარი, თუნდაც განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრების გამოთქმა, მონაწილეობის მიღება სასწავლო პროცესის დაგეგმვის პროცესში, სხვებთან ერთად პასუხისმგებლობის გაზიარება, და საკუთარი და სხვისი ინტერესების თუ უფლებების დაცვა; სადაც იგი შეძლებს, ჰქონდეს საკუთარი ხმა. სწავლა-სწავლების დემოკრატიული მიდგომები უპირობოდ შობს თავისუფალ ადამიანს, რაც არის კიდეც თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.
გულწრფელი – გულწრფელობა და უშუალობა ნებისმიერი ტიპის მყარი ურთიერთობის საწინდარია. წარმატებული სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის პოზიტიური განწყობით, გულწრფელი ემოციებითა და გრძნობებით იწყება. მოზარდი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა სულ მცირე სიყალბის მიმართაც კი. მის დაკვირვებულ თვალს და მახვილ ყურს არ გამორჩება ჩვენთვის თითქოსდა ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანი. ისინი ადვილად არჩევენ, როდის არის მასწავლებელი გულწრფელი და როდის – არა. მასწავლებლის ქათინაურიც კი შეიძლება მიუღებელი იყოს, თუ მან იგრძნო, რომ ეს უკანასკნელი არ არის გულწრფელი. ამიტომ არის, რომ ყველაზე უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ მასწავლებლები, რომლებსაც თავიანთ მოსწავლეებთან წრფელი, თანამშრომლობითი აქვთ ურთიერთობა.
შრომისმოყვარე – ბევრ სხვა მნიშვნელოვან თვისებასთან ერთად, მასწავლებელი უნდა იყოს შრომისმოყვარე. მას უნდა შეეძლოს თავისი თუნდაც ყოველდღიური რუტინის ხარისხიანად შესრულება. თავისი თავდადებული შრომით, საქმისადმი ერთგულებით, იგი მაგალითს უნდა აძლევდეს მომავალ თაობას. მხოლოდ ბეჯითი შრომით არის შესაძლებელი, მიაღწიო პროფესიულ სრულყოფილებას. გარდა ამისა, შრომისმოყვარეობა ადამიანში აყალიბებს ისეთ მნიშვნელოვან პიროვნულ თვისებებს, როგორებიცაა, შეუპოვრობა, მიზანდასახულობა, მტკიცე ნებისყოფა და სხვა. ცალსახად შეიძლება იმის მტკიცება, რომ შრომისმოყვარეობა აკეთილშობილებს ადამიანს, ასწავლის სხვისი შრომის დაფასებასა და აღიარებას, უვითარებს თანაგრძნობის, თანაგანცდის უნარს, სხვისი მიღწევების პატივისცემას.
უსასრულოდ შეიძლება ვისაუბროთ მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე, იმ თვისებებზე, რომლებიც 21-ე საუკუნის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს, რომ ამ უკანასკნელმა შეძლოს ქვეყანას ღირსეული მომავალი თაობა აღუზარდოს. მასწავლებელი სარკეა თავისი აღსაზრდელისთვის, იმ ღირებულებების მატარებელია, რომლებითაც ადამიანი საზოგადოებრივ ნდობასა და პატივისცემის მოიპოვებს.