პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„ტყვიის დირიჟაბლი“

უცნაური ჩვევა გვაქვს ქართველებს – გამუდმებით მტერს ვეძებთ. მტერს, რომელიც ქართველობას, ტრადიციებს, კულტურას, წინაპართა ხსოვნას ან ყველაზე მნიშვნელოვანს – რელიგიას გვართმევს. მახსოვს, დათო ტურაშვილმა თქვა ერთ-ერთ საღამოზე, რწმენა ნივთი არ არის, გუდიანი კაცი რომ მოვიდეს, ჩაიდოს გუდაში და წაიღოსო. ბოლოდროინდელი მოვლენები სულ უფრო და უფრო მარწმუნებს იმაში, რომ ამ საკითხზე რაც შეიძლება მეტი საუბარია საჭირო.

მტერს ყველგან ეძებენ, მათ შორის – მუსიკაშიც. უფრო სწორად, ჩვენს საზოგადოებას ის უკვე კარგა ხანია ნაპოვნი ჰყავს და მას როკმუსიკა ჰქვია. საქართველოში როკმუსიკის შედარებითი არაპოპულარულობა ორ ძალიან ძლიერ ინსტიტუტს უკავშირდება: ჯერ – კომუნისტურ პარტიას, მერე კი ეკლესიას. ორივე მათგანი ამ მუსიკაში მტერს ხედავდა, თუმცა სხვადასხვაგვარად აყალიბებდა მის ხატს. თუ კომუნისტური პარტია აზროვნების თავისუფალ სტილს ერჩოდა, რომლითაც ცხოვრობდა მთელი როკსამყარო, ეკლესიამ უფრო მეტად როკმუსიკოსების სტიგმატიზება მოახდინა და ისინი პირდაპირ სატანის მიმდევრებად წარმოაჩინა. კიდევ კარგი, დღეს ამ მხრივ შედარებით უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ უარყოფითი ტენდენციები ჯერ კიდევ შეინიშნება.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ რელიგიური ორგანიზაციები თითქმის ყველა ქვეყანაში ცდილობენ როკენროლისადმი ამგვარი დამოკიდებულების დამკვიდრებას, თუმცა, ვინაიდან ჩვენში საზოგადოებრივ აზრზე რელიგიის გავლენა ძალიან დიდია, აქ ამ მცდელობამ გაცილებით აშკარა შედეგი გამოიღო.

მაგალითად, 2002 წელს „საპატრიარქოს უწყებანში” დაბეჭდილი სტატია სათაურით „როცა მუსიკა ღმერთს ეწინააღმდეგება” დღემდე პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში. სტატიაში დაგმობილია როკმუსიკა და ჩვეული, აგონიური ტონითაა ნათქვამი, რომ „‘როკი მუსიკის ველური სახეობაა, სულს აშფოთებს და უარყოფით ემოციებს იწვევს”. სატანის მიმდევრადაა მოხსენიებული თითქმის ყველა ის ბენდი, რომლებმაც რეალურად შექმნეს 1960-1970-იანი წლების მუსიკა. აქცენტი დასმულია Beatles-ზე, Rolling Stones-სა და კიდევ ერთ ჯგუფზე, რომელიც 1970-იანებში არნახულად პოპულარული გახლდათ. მათი ყველაზე ცნობილი სიმღერის სათაური სტატიაში მცდარადაა მოხსენიებული როგორც „ვარსკვლავთა გზა ცისკენ”, შემდეგ გავლებულია პარალელი ხუთქიმიან ვარსკვლავთან (პენტაგრამასთან) და მის დანიშნულებასთან სატანისტურ რიტუალებში. სინამდვილეში კი საქმე გაცილებით მარტივადაა. სტატიის ავტორს უბრალოდ ერთმანეთში ერევა სიტყვები „Star” და „Stair”. პირველი ვარსკვლავს ნიშნავს, მეორე – კიბეს, საფეხურს. სიმღერას კი ჰქვია „კიბე სამოთხისკენ” და არა „ვარსკვლავთა გზა ცისკენ”. აი, ასეთი თითქოსდა უწყინარი უზუსტობებით მანიპულირება ხდის როკს „სატანურს” და უარყოფითად განაწყობს ადამიანს კონკრეტული მოვლენებისა თუ ფაქტების მიმართ. 

 
ამ როკჯგუფის ისტორია კი ასეთია:

1968 წელს ლონდონში ერთი ძალიან კარგი გიტარისტი, უკვე დაშლილი ჯგუფის, „Yardbirds-ის”, დამფუძნებელი, ბენდის აღსადგენად ვოკალისტს ეძებდა. როგორც ამბობენ, თავდაპირველად მისი არჩევანი ტერი რეიდზე შეჩერდა, თუმცა მან უარი უთხრა და ჯგუფ „Band of Joy-ს” 20 წლის ვოკალისტი ურჩია. გიტარისტმა მოისმინა, დათანხმდა, ახალმა ვოკალისტმა კი თან დრამერი წამოიყვანა ძველი ბენდიდან… ბასისტის ვაკანტური პოზიცია ჯონ პოლ ჯონსმა დაიკავა. უბრალოდ მივიდა და სთხოვა, მიეღოთ. გიტარისტი მისი ძველი ნაცნობი იყო. კარგად იცოდა, რა შესაძლებლობები ჰქონდა ჯონსს. ყოყმანი არ დაუწყია, მაშინვე დათანხმდა. ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა მაშინ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბენდში ეს სამი ადამიანი აიყვანა.

ვფიქრობ, აღარ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ „Band of Joy-დან” გადმოსული ვოკალისტი რობერტ პლანტი გახლდათ, დრამერი – ჯონ ბონემი, ხოლო გიტარისტი, რომელიც ახალ ჯგუფს ქმნიდა, ჯიმი ფეიჯი იყო, პიროვნება, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ, 2014 წლის 9 იანვარს, 70 წელი შეუსრულდა.

თავდაპირველად ბენდს ისევ „Yardbirds” შეარქვეს, ევროპაში ერთი-ორი კონცერტი ჩაატარეს, მერე კი დაირქვეს სახელი, რომელიც რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს ყველა კუთხეს მისწვდა. მათ ისეთივე გავლენა მოახდინეს 70-იანების დეკადაზე, როგორც „Beatles-მა” – 1960-იანებზე.

 
„Led Zeppelin” – „ტყვიის დირიჟაბლი” – ერთდროულად სიმძიმისა და სიმსუბუქის სიმბოლო. ტყვია (Pb, Plumbum) მძიმე, დირიჟაბლების მშენებლობისთვის გამოუსადეგარი მეტალია, შეუძლებელია, მისგან შექმნა აპარატი, რომელიც აფრინდება. „ლედ ზეპელინის” შემოქმედებაც ძალიან ჰგავს მძიმე ლითონისგან რაღაც ჰაეროვანის შექმნის მცდელობას. „ზეპელინი” ჰარდ როკისა და მეტალის ერთ-ერთ პიონერად ითვლება. ეს არის როკენროლის არნახული ევოლუცია, რომელზეც მისი მიმდევრები იქამდე ვერც კი იოცნებებდნენ. სწორედ „ზეპელინმა” ჩაუყარა საფუძველი მძიმე როკის აღმასვლას 70-იანების დასაწყისიდან. მანამდე ასე არავის დაუკრავს. არავის დაუკრავს ასე არც 1980 წლის შემდეგ – მას მერე, რაც ჯონ ბონემი გარდაიცვალა და ბენდიც დაიშალა.

ყველაფერი ბლუზით დაიწყო. ზეპელინის პირველი ალბომები სწორედ ამ სტილშია დაკრული. მეტი ბლუზი, მელოდიურობა და ნაკლები „დაწოლა” მსმენელის ყურზე. შემდეგ ნელ-ნელა „დაამძიმეს” და მოახერხეს, იდეალურად შეეხამებინათ ჰარდროკი, ფოლკის ელემენტები და ბლუზი. პლანტის ხმა და ფეიჯის მუსიკალური აზროვნება საოცრად ზუსტად ერწყმოდა ერთმანეთს. შესაძლოა ტენდენციური ვიყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს როკმუსიკის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული დუეტია. მათ შექმნეს ყველაზე „გემრიელი” მუსიკა, რომლის მოსმენაც 1970-იანებში შეიძლებოდა.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, „ზეპელინთან” ჩემი პირველი შეხება როლანდ ემერიხის ფილმ „გოძილას” უკავშირდება, რომელიც ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა 🙂 არ მახსოვს, როდის ჩამოაღწია ამ ფილმმა ჩვენამდე, მაგრამ მახსოვს, რომ ერთ-ერთ საუნდტრეკს ჯიმი ფეიჯი და რეპერი Puff Daddy ასრულებდნენ. ეს გახლდათ ზეპელინის კომპოზიცია „Kashmir-ის” საკმაოდ საინტერესო ვერსია, რომელსაც „Come With Me” ერქვა. ვფიქრობ, თქვენც გაიხსენებთ:

აი, შემდეგი კი ნამდვილად „Stairway to Heaven” („კიბე სამოთხისკენ”) გახლდათ – მეოთხე, უსათაურო ალბომში შესული კომპოზიცია, რომელიც როკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია.  („Stairway’” და არა „Starway” :)) როგორც რობერტ პლანტი ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, კომპოზიცია ქალის შესახებაა, რომელიც ყოველთვის იღებს იმას, რაც უნდა – ყიდულობს კიბეს, რომელიც მას პირდაპირ სამოთხეში მიიყვანს.

ტრეკმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა და მასში აჟღერებული გიტარის სოლო, რომელსაც ჯიმი ფეიჯი ასრულებს, ჟურნალმა „Guitar World-მა” როკმუსიკის ისტორიაში საუკეთესოდაც კი აღიარა. ალბათ სწორედ ასეთი პოპულარობის გამო დააყენეს გარკვეულმა რელიგიურმა ჯგუფებმა ეჭვქვეშ კომპოზიციის ამქვეყნიურობა და „სატანურად’ მონათლეს.

ტელეარხ TNB-ზე, რომელიც იშიფრება როგორც „Trinity Broadcasting Network” (ქართულად ძალიან უცნაურად ჟღერს: „სამების მაუწყებლობის ქსელი”), ერთ-ერთ გადაცემაში ითქვა, რომ ამ სიმღერის ფირსაკრავზე უკუღმა დატრიალებისას ეშმაკის დიდება ისმოდა. ხმის ჩამწერმა სტუდია „Swan Song Records-მა”, რომელშიც „ზეპელინმა” აღნიშნული კომპოზიცია ჩაწერა, პასუხად ერთადერთი ფრაზა მოიყვანა: „ჩვენი ფირსაკრავები მხოლოდ ერთი მიმართულებით უკრავს – წინ”. რობერტ პლანტმა კი განაცხადა: სამწუხაროა, როდესაც ვიღაც ასე ცდილობს იმ მუსიკის აღქმას, რომელიც ძალიან დიდი მონდომებით, საუკეთესო ინტერესითა და მიზნებით შევქმენით, ეს „შენიღბული” მუსიკა და ფირფიტის უკუღმა ტრიალი ჩემი სტილი არ არის, მე ასეთ მუსიკას უბრალოდ არ ვაკეთებო.

ასეა თუ ისე, ყოველგვარი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, „Stairway to Heaven” დღემდე რჩება როკმუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიციად, „ლედ ზეპელინი” კი ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულ და, შეიძლება ითქვას, რევოლუციურ ბენდად, რომელმაც სრულიად შეცვალა როკენროლის აღქმა. 2012 წელს მან კენედის ცენტრის ჯილდოც მიიღო ამერიკული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ეს ჯილდო ჯორჯ ბალანჩინის, არტურ რუბინშტეინს, რეი ჩარლზს, დიზი გილესპის და უამრავ სხვა მსოფლიო დონის ხელოვანს აქვს მიღებული.

 
„ზეპელინის” მუსიკა იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეუძლია, ყოველგვარი გემოვნების მსმენელის ყურადღება მიიპყროს. ეს არის აკუსტიკური საუნდის, მძიმე ელექტრონული ელემენტების, ორგანისა და კლავიშის სხვადასხვანაირი ჟღერადობის, დასარტყამთა ურთულესი პარტიებისა და ძალიან ძლიერი ვოკალის არანორმალური სინთეზი. სწორედ ეს იძლევა ერთდროულად დირიჟაბლივით მსუბუქ, მაგრამ ტყვიასავით მძიმე ემოციას. ალბათ გავა დრო და გამოჩნდება მუსიკა, რომელიც ძალიან დიდ გავლენას მოახდენს თანამედროვე მიმდინარეობებზე, მაგრამ მეეჭვება, ის ისეთივე სრულყოფილი იყოს, როგორიც 1970-იანებში ჯიმი ფეიჯმა, რობერტ პლანტმა, ჯონ ბონემმა და ჯონ პოლ ჯონსმა შექმნეს. გამიხარდება, თუ ჩემი ეჭვი არ გამართლდება. 

და კიდევ – არ არის საჭირო მათი ტალანტის ზებუნებრივ ძალებთან დაკავშირება, რადგან ჯგუფის წევრებმა დაგვიმტკიცეს, რომ ადამიანებს შეიძლება იმაზე გაცილებით დიდი მუსიკალური შესაძლებლობები ჰქონდეთ, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს წარმოუდგენია 🙂

„ლედ ზეპელინი” არ არის ბენდი, რომელსაც ყოველდღე ვუსმენ, მაგრამ როდესაც ჩემს ყურსასმენებში მათი მუსიკა ჟღერს, ყოველთვის კარგ გუნებაზე ვდგები. ვეცდები, თქვენც ასეთი განწყობა დაგიტოვოთ და პოსტის დასასრულს გთავაზობთ 2007 წლის ჩანაწერს, როდესაც პლანტი, ფეიჯი და ჯონსი ჯონ ბონემის შვილთან, ჯეისონთან ერთად წარდგნენ მაყურებლის წინაშე:

P.S. უსმინეთ „Led Zeppelin-ს” და ნუ დაიწყებთ მათ მუსიკაში ეშმაკის ძიებას – ის, უბრალოდ, როკენროლს არ უსმენს 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი