პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

განმავითარებელი შეფასება მესამე თაობის ესგ-ის შედეგების ტაქსონომიით

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების პროცესში „ახალი სკოლის მოდელის“ მიერ შემოთავაზებული ყველა ელემენტი: კომპლექსური დავალება, სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები, თემატური მატრიცა, ტაქსონომიაზე დაფუძნებული შეფასების რუბრიკა – ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.

კვლევები ადასტურებს, რომ მოსწავლის მოსწრებაზე ყველაზე მეტად დადებით გავლენას ახდენს მასწავლებლის მიერ გაკეთებული კომპეტენტური უკუკავშირი.

მოსწავლის მიღწევები ფასდება სამი მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინებით:

  • როგორ ფლობს ფაქტობრივ მასალას (დეკლარაციული ცოდნა);
  • როგორ ახორციელებს პროცედურებს (პროცედურული ცოდნა);
  • რამდენად შეუძლია ნასწავლის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება (პირობისეული ცოდნა).

როგორ უნდა ჩამოაყალიბოს მასწავლებელმა განმავითარებელი კომენტარი?

განმავითარებელი კომენტარის მთავარი დანიშნულებაა, აღწეროს, როგორ უმჯობესდება უნარების განვითარებასთან ერთად მოსწავლის მიღწევა.

ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების ტაქსონომიაზე დამყარებული შეფასების რუბრიკა (SOLO-ტაქსონომიის მიხედვით) ხუთ დონეს მოიცავს, რომლებიც განსაზღვრავს არა მოსწავლის აზროვნების დონეს, არამედ იმას, რამდენად სიღრმისეულად აქვს მოსწავლეს გააზრებული კონკრეტული საკითხი სამიზნე ცნებასთან მიმართებით.

აბსტრაქტული დონე

მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი/არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა და სხვა მსგავს მაგალითთან შედარების საშუალებას აძლევს. განსახილველ საკითხს უკავშირებს პირად გამოცდილებას.

მიმართებითი დონე

მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებას საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის.

მულტისტრუქტურული დონე

მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

უნისტრუქტურული დონე

მოსწავლეს აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

პრესტრუქტურული დონე

მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია.

გთავაზობთ კონკრეტულ კომპლექსურ დავალებას და ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების ტაქსონომიაზე დაყრდნობით გაკეთებული განმავითარებელი კომენტარის რამდენიმე ნიმუშს.

მოთხრობის შინაარსის გადმოცემა

საკითხი: ი. გოგებაშვილის იგავის – „ლომი და თაგვი“ – შინაარსის (დასაწყისის, შუა ნაწილის, დასასრულის) თანამიმდევრულად გადმოცემა ხელნაკეთი ნახატების გამოყენებით.

საკვანძო შეკითხვები: როგორ გადმოვცე ი. გოგებაშვილის იგავის – „ლომი და თაგვი“ – შინაარსი (დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული) ნახატების გამოყენებით?

კომპლექსური დავალება

დახატე სამი სურათი ნაწარმოების, ი. გოგებაშვილის „ლომისა და თაგვის“ მიხედვით. ერთი ნახატი უნდა გამოსახავდეს ამბის დასაწყისს, მეორე – შუა ნაწილს, მესამე – დასასრულს. დაალაგე ნახატები თანმიმდევრობით და მათზე დაყრდნობით გადმოეცი მოთხრობის შინაარსი.

ნამუშევარში:

  • გადმოეცი შინაარსი, დაიცავი ეპიზოდების თანმიმდევრობა;
  • გამოკვეთე მნიშვნელოვანი დეტალები;
  • გამოიყენე ტექსტში მოცემული საინტერესო, ახალი სიტყვები.

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე:

  • რამდენად შეესაბამება შენი ნახატები იგავის დასაწყისს, შუა ნაწილსა და დასასრულს (იგ. 2);
  • რამდენად აისახება ნახატებში მთავარი სათქმელი (ტ, 1; ტ. 2);
  • რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენე უცნობი სიტყვების მნიშვნელობის გასაგებად, მათ დასამახსოვრებლად (ტ. 3).

კომპლექსური დავალება მიმართულია სამიზნე ცნება ,,ტექსტის’’ გააზრებაზე და შესაბამისად, მისი კრიტერიუმები ( ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე) ეფუძნება სამიზნე ცნება ,,ტექსტის’’ მკვიდრ წარმოდგენებს.

რასაკვირველია, ამ დავალებას სხვადასხვა მოსწავლე სხვადასხვა ხარისხით შეასრულებს. შესაბამისად, მასწავლებლის მიერ მათი მიღწევების შეფასება და განმავითარებელი კომენტარი განსხვავებული იქნება.

ნამუშევრის (მოსწავლის მიერ შექმნილი პროდუქტის) შეფასების დროს მასწავლებელმა უნდა გააკეთოს მოკლე აღწერილობა, როგორ შეასრულა მოსწავლემ დავალება, რა დასკვნა გააკეთა ამის საფუძველზე და რა რჩევა მისცა მოსწავლეს.

აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

 

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს

(განმავითარებელი შეფასება)

 

მოსწავლემ თანმიმდევრულად გადმოსცა ეპიზოდების შინაარსი

გამოკვეთა მნიშვნელოვანი დეტალები;

გამოიყენა ტექსტში მოცემული ახალი სიტყვები.

ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ისაუბრა,

რამდენად შეესაბამება მისი ნახატები იგავის დასაწყისს, შუა ნაწილსა და დასასრულს.

ისაუბრა ნახატებში გადმოცემულ მთავარ სათქმელზე, დაუკავშირა პირად გამოცდილებას.

 

შენ ძალიან კარგად შეასრულე დავალება. თანმიმდევრულად გადმოეცი ეპიზოდების შინაარსი,

გამოკვეთე მნიშვნელოვანი დეტალები,

გამოიყენე ტექსტში მოცემული ახალი სიტყვები.

ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ისაუბრე, რამდენად შეესაბამება შენი ნახატები იგავის დასაწყისს, შუა ნაწილსა და დასასრულს.

ისაუბრე ნახატებში გადმოცემულ მთავარ სათქმელზე, დაუკავშირე პირად გამოცდილებას.

 

ამ შეფასების საფუძველზე მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლის მიერ სამიზნე ცნება „ტექსტის’’ გააზრება მიაკუთვნოს აბსტრაქტულ დონეს, რადგან მას სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი/არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა და სხვა მსგავს მაგალითთან შედარების საშუალებას აძლევს. უკავშირებს განსახილველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას.

მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი ყველა კრიტერიუმს შეესაბამება, მოსწავლის მიღწევების შემდგომი განვითარებისთვის მასწავლებელი მაინც აძლევს რჩევას, რომ გაეცნოს დამატებით საკითხავ მასალას და ამის საფუძველზე უფრო მეტი მაგალითი დაუკავშიროს პირად გამოცდილებასა და სხვადასხვა სიტუაციას.

მე-2 მოსწავლის ნამუშევარი

აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

 

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს

(განმავითარებელი შეფასება)

 

მოსწავლემ თანმიმდევრულად გადმოსცა ეპიზოდების შინაარსი.

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრა,

რამდენად შეესაბამება მისი ნახატები იგავის დასაწყისს, შუა ნაწილსა და დასასრულს.

ისაუბრა ნახატებში გადმოცემულ მთავარ სათქმელზე, მაგრამ ვერ დაუკავშირა ის პირად გამოცდილებას.

შენ კარგად შეასრულე დავალება. თანმიმდევრულად გადმოეცი ეპიზოდების შინაარსი, ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე, რამდენად შეესაბამება შენი ნახატები იგავის დასაწყისს, შუა ნაწილსა და დასასრულს.

ისაუბრე ნახატებში გადმოცემულ მთავარ სათქმელზე, თუმცა გაგიჭირდა პირად გამოცდილებასთან დაკავშირება.

ჩემი რჩევაა:

ერთხელ კიდევ ყურადღებით წაიკითხე ტექსტი, გაიაზრე, შემდეგ გაიხსენე მსგავსი სიტუაცია შენი ცხოვრებისეული ამბებიდან.

 

ამ შეფასების საფუძველზე მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლის მიერ სამიზნე ცნება „ტექსტის’’ გააზრება მიაკუთვნოს მიმართებით დონეს, რადგან მას ესმის განსახილველი საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის.

მე-3 მოსწავლის ნამუშევარი

აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე

 

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს

(განმავითარებელი შეფასება)

 

მოსწავლემ გადმოსცა ეპიზოდების შინაარსი, თუმცა გაუჭირდა თანმიმდევრობის დაცვა,

ნამუშევრის წარდგენისას ვერ ახსნა,

რამდენად შეესაბამება

ნახატები იგავის მთავარ სათქმელს.

შენ სწორად გაიგე დავალების პირობა, გადმოეცი ეპიზოდების შინაარსი, მაგრამ აუცილებელია თანმიმდევრობის დაცვა.

იმისათვის, რომ შეძლო ამბის დასაწყისის, შუა ნაწილისა და დასასრულის თანმიმდევრობით გადმოცემა, ილუსტრაციების შექმნისას ყურადღება მიაქციე ტექსტის დეტალებს. ამის შემდეგ აღარ გაგიჭირდება მთავარი სათქმელის გადმოცემა.

 

ამ შეფასების საფუძველზე მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლის მიერ სამიზნე ცნება, „ტექსტის’’ გააზრება მიაკუთვნოს მულტისტრუქტურულ დონეს, რადგან მას აქვს რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

როგორც აღვნიშნე, ეს გახლავთ ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების ტაქსონომიაზე დამყარებული შეფასების რუბრიკა, რომლითაც ყველა მოსწავლე ფასდება ინდივიდუალურად, გრძელვადიან სამიზნე ცნებებთან და კონკრეტულ საგნობრივ საკითხებთან მიმართებით.

წლის განმავლობაში შეგვიძლია, დავაკვირდეთ, როგორ იცვლება დინამიკაში და უმჯობესდება მოსწავლეების მიღწევები სამიზნე ცნებებთან მიმართებით.

ზოგადად, ნებისმიერი დავალების შეფასების დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ ზემოთ მოცემული მარტივი ფორმა – ნამუშევრის აღწერილობა და კომენტარი.

გამოყენებული ლიტერატურა:

განმავითარებელი შეფასების რუბრიკა (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი