პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ტომი

„ეშმაკი არ არსებობს… ის უბრალოდ მთვრალი ღმერთია”
ტომ უეითსი
ის, რაც ჩვენს სინამდვილეში ძალიან მაკლია, გემოვნებიანი მრავალფეროვნებაა. მრავალი გაგებით. ქართველებს ბევრ რამეში რადიკალურობა გვჩვევია, მათ შორის – მუსიკაშიც: გვიყვარს ავტორიტეტები და არ გვიყვარს პიროვნებები, ავტორიტეტებს რომ ანგრევენ; გვიყვარს ქართული სიმღერა და ცეკვა, მაგრამ იშვიათად მოგვწონს ექსპერიმენტები (თუნდაც ძალიან კარგად შესრულებული). მას მერე, რაც სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო მუსიკას თავი დავანებე და მასზე მხოლოდ ვწერ, ხშირად მიჩნდება ყველაზე მრავალფეროვანი მუსიკის მოსმენის სურვილი.

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. იმიტომ კი არა, რომ ვერ ვახერხებდი; უბრალოდ, თემა, რომელიც ამ პოსტისთვის შევარჩიე, ალბათ, ყველაზე რთული იყო იმ თემებიდან, რომლებსაც კი ოდესმე შევხებივარ ჩემს წერილებში. არ მეგულება ამქვეყნად მეორე ისეთი ფიგურა, როგორიც ჩემი დღევანდელი პოსტის გმირია. ის სრულიად უნიკალური, არანორმალური, სიგიჟემდე მრავალფეროვანი და, უბრალოდ, ყველაზე საინტერესო მუსიკოსია, რომლისთვისაც კი ოდესმე მომისმენია. ბოლო დროს მან მყარად დაიმკვიდრა ადგილი ჩემს ტელეფონსა და ყურსასმენებში.

შეშლილი მაწანწალა, ლოთი, ხმაჩახლეჩილი, უცნაურად ჩაცმული… ზოგჯერ – დავარცხნილი და სიმპათიური, მაგრამ მაინც… ეს ტომია – სრულიად უნიკალური მომღერალი. უფრო ზუსტად, ის Singer/Songwriter-ია. ამ ტერმინს ქართული შესატყვისი მხოლოდ ერთი აქვს – „ავტორ-შემსრულებელი” (ყოველ შემთხვევაში, სხვა არ მახსენდება), მაგრამ ისე მეხამუშება უეითსის პიროვნებაზე საუბრისას ასეთი კლიშეების გამოყენება, რომ ჯობს, უბრალოდ ხელოვანი, ან ისევ Singer/Songwriter-ი ვუწოდო.
 

ძნელია წერო შემოქმედებაზე, რომელიც ისეთი მრავალფეროვანია, რომ გეშინია, მასში არ დაიკარგო. ძნელია წერო მუსიკაზე, რომელსაც უბრალოდ უნდა უსმინო (სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, პოსტისთვის ბევრი კომპოზიცია დამერთო). ძნელია წერო იმდენ წარმოსახვით პიროვნებაზე ერთად და ცალ-ცალკე, რამდენიც ასრულებს ამა თუ იმ კომპოზიციას… და, რა თქმა უნდა, ძნელია წერო ადამიანზე, რომლისთვისაც სულერთია, საერთოდ წერენ მასზე თუ არა.

ტომ უეითსი – ამოუცნობი მუსიკოსი, რომელიც ერთი შეხედვითა და მოსმენით უფრო უსახლკარო, ლოთი მათხოვრის შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე გენიალური, წარმატებული მუსიკოსისა. ეს დიდად არც აღელვებს. მისთვის არ არსებობს არავითარი კლიშე, არასდროს ემსგავსება სხვას. მიუხედავად იმისა, რომ უეითსის ინსპირატორები ლუი არმსტრონგი, ჯეკ კერუაკი, ბობ დილანი, ჩარლზ ბუკოვსკი, სქრიმინ ჯეი ჰოუქინსი იყვნენ, მის ვერც ერთ მელოდიას თუ ტექსტს ვერ შეატყობთ რომელიმე მათგანის მნიშვნელოვან გავლენას. 

გარეგნობასა და ჩაცმულობასთან ერთად უეითსს ვოკალიც განასხვავებს მისი ეპოქის სხვა მუსიკოსებისგან. როგორც კრიტიკოსი დანიელ დიურხჰოლცი აღნიშნავს, ტომის ხმა ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს ის „ბურბონით გაეჟღინთოთ, მერე რამდენიმე თვის განმავლობაში კვამლით შეებოლოთ, მერე კი გარეთ გაეტანოთ და მანქანით გადაევლოთ”. ძნელია, არ დაეთანხმო… ერთ-ერთ ინტერვიუში ავსტრალიელმა ჟურნალისტმა, დონ ლეინმა ტომს ნახევრად ხუმრობით ისიც კი ჰკითხა, ასეთი ხმის პატრონმა, საერთოდ რატომ გადაწყვიტა მომღერლობა და როგორ მიაღწია წარმატებას. პასუხი, როგორც ყოველთვის, ექსტრაორდინარული იყო – დიდი არჩევანი არ მქონდა, ან შოუმენი უნდა გავმხდარიყავი, ან მაცივრებისა და კონდიციონერების ბიზნესში მეცადა ბედიო… შეგიძლიათ, ინტერვიუ თავად იხილოთ და ტომის სასცენო შესაძლებლობებში დარწმუნდეთ 🙂
ძალიან საინტერესოა ისიც, როდის გამოვიდა მუსიკალურ ასპარეზზე ტომ უეითსი – 1972 წელს. ეს ის დრო გახლდათ, როდესაც მის მუსიკას არავითარი შანსი არ ჰქონდა, გახდეს „მეინსტრიმული” კულტურის ნაწილი. 70-იანები ხომ Pink Floyd-ის, „ზეპელინის’, „ფარფლების”, „როლინგების” და კიდევ ბევრი კარგი ჯგუფის ეპოქა იყო. მიუხედავად ამისა, უეითსმა მიაგნო, უფრო სწორად, შექმნა საკუთარი ნიშა, მოიარა მსოფლიო და ხალხს თავისი ხელოვნება გააცნო.

მისი მუსიკა არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება, ამიტომ მის შემოქმედებას ხშირად ექსპერიმენტულ როკს უწოდებენ, რაც ლოგიკურია, მაგრამ მე მას ბლუზთან მეტ საერთოს ვამჩნევ, ვიდრე როკ-ენ-როლთან. საინტერესოა, რომ თითოეულ კომპოზიციას ტომი განსაკუთრებული პერსონაჟის განცდით, ხმითა და მიმიკით გადმოსცემს. მას შეუძლია იყოს ადამიანი, ღმერთი, ცხოველი, ნივთი და ყოველივე ამას ნებისმიერი მსახიობისთვის შესაშური არტისტულობით ახერხებს.

კონცერტებზე მუდამ არასტანდარტულია – ურტყამს იატაკს, სკამებს, მონიტორებს… ხშირად გაურკვეველ, არცთუ შინაარსიან ფრაზებს ისვრის… მაგრამ როდესაც ბენდთან ერთად იწყებს დაკვრას, სიმღერას, მოძრაობას, ან კლავიშს მიუჯდება სოლო ნომრისთვის, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ის ჰყვება ისტორიებს ცალკეული ადამიანების ცხოვრებიდან. ადამიანებისა, რომლებიც, არავინ იცის, საერთოდ არსებობდნენ თუ არა. ჰყვება სოციალურ პრობლემებზე, დეპრესიაზე, გვთავაზობს იმ რეალობის ერთგვარ ალტერნატივას, რომელიც კონკრეტულ მომენტში არსებობს.

ცალკე თემაა ტომი-მსახიობი. ვერ ვიტყვი, რომ ყველა ფილმი მინახავს (ასეთი კი 31-ია), სადაც კი უეითსს უთამაშია, მაგრამ ჯიმ ჯარმუშის ფილმებში მისი როლები ნამდვილად განსაკუთრებულია. განსაკუთრებული არა იმით, რომ უბადლო სამსახიობო ოსტატობას ავლენს… პირიქით – მიმაჩნია, რომ ჯარმუშის ფილმებში მისი როლები სავსებით თანხვდება მის მუსიკალურ შემოქმედებას. თითოეულ კონცერტზე ის ათეულობით ასეთ როლს თამაშობს.
 

ჩემთვის ტომი ყოველთვის „ანდერგრაუნდ” კულტურასთან ასოცირდებოდა. ახლაც ასეა. შეუძლებელია, მისნაირი ადამიანები უკრავდნენ მუსიკას, რომელიც ყველას მოეწონება. უეითსი არ არის იოლი მოსასმენი, თუ დანამდვილებით არ გაარკვიე, კონკრეტულად ვის როლს თამაშობს ყოველ ჯერზე. საინტერესოა ისიც, რომ 2011 წელს ტომ უეითსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც (Rock and Roll Hall of Fame) შეიყვანეს. 63 წლის უეითსი დღესაც ისევე აგრძელებს საკუთარ საქმეს, როგორც აქამდე.

 

აი, ასეთია ტომი: პოპულარული, მოთხოვნადი, გენიალური, მაგრამ ძალიან უბრალო, და კითხვაზე, რატომ ვუსმენ უეითსს, მე ყოველთვის მარტივად ვპასუხობ: ის მე გემოვნებიან მრავალფეროვნებას მაჩვევს. სწორედ იმ მრავალფეროვნებას, რომელიც დღეს ასე აკლია ქართულ რეალობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი