შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ჰაკლბერი ფინის ,,ისტორიის გაკვეთილი ‘’- ერთი სახალისო აქტივობის შესახებ

მსოფლიო ლიტერატურის შედევრების კითხვა  ჩემთვის უპირველესად  ინტელექტუალური  სიამოვნების რამდენიმე დღეა. თუმცა როგორც მასწავლებლისთვის შესანიშნავი ლიტერატურული ნაწარმოებები მხიარული და შემეცნებითი აქტივობების დასაგეგმადაც ძალიან კარგ საშუალებას წარმოადგენენ.  ამ მხრივ ალბათ უფრო ჰუმანიტარული მიმართულების საგნების მასწავლებლებს გაუმართლათ, თუმცა  შემოქმედებითი მასწავლებლები სხვა საგნებშიც მოახერხებენ მსგავსი აქტივობების მოფიქრებას და განხორციელებას.

ლიტერატურული ნაწარმოებების გამოყენებით სასწავლო აქტივობებზე ამ სივრცეში ბევრჯერ დაიწერა ( მეც დავწერე ორიოდე სტატია). ყველა მათგანი საინტერესო და გამომწვევი მომეჩვენა მოსწავლეებისთვის და რამოდენიმე  ჩემს პრაქტიკაშიც გამოვიყენე, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალური სასწავლო პროცესის დროს. ყურადღებას გავამახვილებ ორ მიზანზე, რომელთა    მიღწევაში დაგვეხმარება მსგავსი აქტივობები. პირველი გახლავთ სასწავლო პროცესში საინტრესო სიახლეების შეტანა, მოსწავლეების მოტივირება და შემოქმედებითი უნარების გაააქტიურება – განვითარება. მეორე,  უფრო გრძელვადიანი მიზანი გახლავთ და   ე. წ. ,,გაჯეტების თაობის“ წიგნებისკენ მიბრუნებას გულიხმობს. ამ თემაზე ადრეც გვისაუბრია და  ახლა აღარ განვავრცობთ, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ლიტერატურული ნაწარმოებების სასწავლო პროცესში შემოტანა ნადვილად იქნება ერთი ნაბიჯი მოსწავლეების წიგნებისკენ მიბრუნებისათვის.

ამჯერად ასეთი სახალისო აქტივობისაკენ ჩემი და ბევრი თქვენთაგანის ბავშვობის ერთ-ერთმა უსაყვარლესმა პერსონაჟმა მიბიძგა,  გენიალური ამერიკელი მწერლის მარკ ტვენის ერთ-ერთი უმთავრესი პერსონაჟი – ჰაკლბერი ფინი ( რომელსაც ჩემი თაობა ჰეკლბერი ფინად იცნობდა, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი). სანამ უშუალოდ სასწავლო აქტივობაზე ვისაუბრებთ, მინდა გრძნობების ის ფეირვერკი  გავიხსენო, რაც ამ ნაწარმოების პირველად წაკითხვისას მეწვია.  ეს გახლდათ ერთმანეში არეული  აღტაცება, სიამოვნება, წუხილი, მხიარულება, სევდა, გაბრაზება, გაკვირვება და ა.შ.  როცა ამ ნაწარმოებს პირველად ვკითხულობდი, ჩემთვის ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი ამერიკაში მონობის შესახებ, ამიტომ განსაკუთრებულად  მახსოვს  გაუგებრობის  გრძნობაც, რომელიც დროდადრო მეუფლებოდა, როცა ჰაკლბერი თავს იდანაშაულებდა   ჯიმის გაქცევაში გაწეული დახმარების გამო.  საოცარად შთამბეჭდავი და დამაფიქრებელია ჩვენი პატარა გმირის საკუთარ თავთან ბრძოლის მომენტები.    თავისუფლების მოყვარული პატარა მაწანწალა  თავისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე დიდად არ იწუხებს თავს კანონიერების და წესიერების დაცვით, მაგრამ მონობას აღიარებს და თავის უფროს მეგობარს  პატრონის საკუთრებად მიიჩნევს.  სხვა არასახარბიელო  ქცევებისა და ჩვევებისგან  განსხვავებით მას სინდისი მხოლოდ ამ შემთხვევის გამო აწუხებს. მწერლის ოსტატობა მომხიბვლელია ჰაკლბერის შინაგან სამყაროში მიმდინარე  განცდების აღწერისას, რომელიც   არა უსამართლო კანონიერების, არამედ მეგობრობისა და ჰუმანურობის გამარჯვებით მთავრდება. რაც შეეხება ამ ნაწარმოების სხვა საოცარ გმირებს, დაუვიწყარ პასაჟებს და მარკ ტვენისთვის დამახასიათებელი გასაოცარი იუმორით სავსე ფრაზებს, ამაზე აღარ შევჩერდები და  დავუტოვებ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეს სიამოვნება ჯერ კიდევ წინ ელოდება.

ახლა კი  აქტივობას წარმოგიდგენთ. ახლახანს ახალი თარგმანის ხათრით ,,ჰაკლბერი ფინი“  შემომეკითხა. მრავალი წლის შემდეგ ამერიკელი მწერლის შედევრის   ხელახლა წაკითხვის სიამოვნებასთან ერთად ერთი  სასწავლო აქტივობის იდეაც გამიჩნდა.

ნაწარმოების უამრავ ბრწინვალე პასაჟს შორის არის ერთი სახალისო ადგილი, როცა ჯიმის გულწრფელად შეაქვს ეჭვი მათ ტივზე შემოკედლებული მაწანწალა არამზადების   დიდგვაროვნებაში. თვითმარქვია მეფისა და ჰერცოგის  უსაქციელობით შეწუხებული ჯიმი ჰაკლბერის შესჩივის,  რომ არც ბებერი მაწანწალა  ჰგავს მეფეს და არც ახალგაზრდა ჰერცოგს. მახვილგონიერ ჰაკლბერს ტივზე ამ არამზადებთან ღია  დაპირისპირება არ უნდა და ცდილობს ჯიმის ეჭვები გააქარწყლოს. სწორედ ამ დროს  იწყება მისი საოცარი ,,ისტორიის გაკვეთილი“ ჯიმისათვის. ჰაკლბერის სურვილია, ჯიმი დაარწმუნოს, რომ ყველა  მეფე და დიდგვაროვანი არამზადაა, შესაბამისად არც   მათი უნებლიე თანამეტივეები იქნებოდნენ გამონაკლისები. მოდით გავიხსენოთ ეს მონაკვეთი : ,, წაიკითხე ერთხელ მათ შესახებ და გაიგებ, მაგალითად ჰენრი VIII, ჩვენი მეფე იმასთან შედარებით საკვირაო სკოლის ზედამხედველია. თუნდაც კარლოს II, ლუი  XV, იაკობ  II, ედუარდ   II, რიჩარდ   III და ორმოცი კიდევ სხვა. ახლა კიდევ საქსონელი მეფეები, რომლებიც ძველ დროში სულ ძარცვა-გლეჯას უნდებოდნენ. არა, შენ მოხუცი ჰენრი VIII უნდა გენახა ახალგაზრდობაში. აი, ის იყო, რაც იყო. ყოველდღე ახალი ცოლი მოჰყავდა, რომელსაც მისი ბრძანებით ჯალათი თავს კვეთდა. ამას ისე გულგრილად აკეთებდა, თითქოს საუზმეს უკვეთსო. ,,მოიყვანეთ ნელ გუინი“, – იტყოდა იგი. მოუყვანდნენ. მეორე დილით იტყოდა : ,,მოკვეთეთ თავი!“ და მოკვეთდნენ. ,,მოიყვანეთ ჯეინ მორი „, – იტყოდა იგი. მოუყვანდნენ. მეორე დილით იტყოდა : ,,მოკვეთეთ თავი!“ და მოჰკვეთდნენ. ,,დარეკეთ, მომგვარონ მშვენიერი როზამუნდი“. მშვენიერი როზამუნდი ეხლებოდა, მეორე დილით იტყოდა : მოჰკვეთეთ თავიო. თითოეულ მათგანს ღამე თითო ზღაპარს ათქმევინებდა და სულ ამ ამბავში იყო, სანამ ათას ერთი ზღაპარი არ დააგროვა. მერე ყველას ერთ წიგნში მოუყარა თავი და ,,საშინელი სამსჯავროს“ წიგნი უწოდა. კარგი სათაურია და საკმაოდ შესაფერისიც. შენ არ იცნობ მეფეებს, ჯიმ, მე კი ვიცნობ. ეს ჩვენი ბებერი იმ მეფეებს სჯობია, ისტორიაში რომ შემხვედრია. აი, მაგალითად, ჰენრიმ ამერიკასთან წაჩხუბება მოიწადინა, როოგორ გგონია, რა ქნა? გაგვაფრთხილა? არა! უეცრად, რაც ჩაი იყო ბოსტონის ნავსადგურში, სულ ზღვაში გადაუძახა და დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოაცხადა, თანაც დააყოლა, ვნახოთ რას გაბედავთო. ასე იცოდა, გასაქანს არავის აძლევდა. ერთხელ ეჭვი მიიტანა თავის მამაზე, უელინგტონის ჰერცოგზე, და რა ქნა, როგორ გგონია? თავის გამართლება სთხოვა? არა, კატასავით ღვინის კასრში ჩაახრჩო. ფული რომ დაგეტოვებინა გამოსაჩენ ადგილას , იცი , რას სჩადიოდა? იჯიბავდა, დაგპირდებოდა რამის გაკეთებას, ფულს მისცემდი, თუ იქვე არ იყავი და არ უყურებდი, იცი, რას იზამდა? უთუოდ მოგატყუებდა. პირს რომ გააღებდა, თუ მაშინვე არ მოკუმავდა, სულ ტყუილებს ლაპარაკობდა. აი, რა ხარაბუზა გახლდათ ის ჰენრი და, ჩვენი მეფეების მსგავსად ის რომ ყოფილიყო, გაცილებით მეტად გააცურებდა ამ ქალაქს …………….. მეფეები ძალზე საზიზღარი ხალხია, რა ვუყოთ, ასე არიან აღზრდილი.“

ამ ისტორიულ-ლიტერატურულ  ვაკხანალიაში  იმალება სწორედ ჩვენი აქტივობის გასაღები, რომელიც   ორ ეტაპად შეიძლება განხორციელდეს. აქვე ვიტყვით, ეს აქტივობა მეცხრე – მეათე  კლასის მოსწავლეებისთვის გვაქვს მოაზრებული და მისი განხორციელება  სასწავლო წლის მანძილზე სხვა საინტერესო აქტივობებთან ერთად  ერთხელ ნამდვილად მიგვაჩნია შესაძლებლად. თავდაპირველად სწორედ ამ მონაკვეთს გავაცნობთ მოსწავლეებს და შევთავაზებთ მათ, გამოიცნონ ჰაკლბერის დაშვებული შეცდომები.   თავდაპირველად მოსწავლეებმა შესაძლოა ვერ გამოიცნონ   ისინი, ასეთ შემთხვევაში შეცდომები  შეიძლება სხვადასხვა გზით გასწორდეს. მაგ; მივუთითოთ მოსწავლეებს შეცდომაზე და ვთხოვოთ სწორი ვერსია თავად მოიძიონ. შესაძლოა მათ არც მივუთითოთ შეცდომებზე და ვთხოვოთ თავად  შეეცადონ თუნდაც ერთი შეცდომის აღმოჩენა და მისი სწორი ვერსიის მოძიება. მთავარია, მოხდეს ჰაკლბერი ფინის შეცდომების აღმოჩენა და მისი სწორი ვერსიების მოძიება, ხოლო ეს რა გზით მოხდება,  მასწავლებლის გადასაწყვეტია. კლასის მზაობიდან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე ვერსია შემოგთავაზეთ. სანამ ჩვენი აქტივობის მეორე ფაზაზე გადავალთ, მინდა დავაფიქსირო, რომ უკვე დასაწყისიც ძალიან სახალისო და შემეცნებითი გამოვიდა, მოსწავლეები ალბათ კარგად გაერთობიან ჰაკლბერი ფინის ,,აბდაუბდა“ ისტორიით, რაც მთავარია აღმოაჩენენ დაშვებულ შეცდომებს, მოიძიებენ სწორ ვერსიებს, რითიც გაიფართოვებენ საკუთარ ცოდნას, ხოლო იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ წაკითხული ეს შესანიშნავი ნაწარმოები, იმედია, მისი წაკითხვის სურვილიც გაუჩნდებათ.

თუმცა როგორც ვთქვით, ჩვენი აქტივობა აქ არ სრულდება. მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებს ვთხოვთ, უკვე ნასწავლი მასალიდან თვითონვე შექმნან მსგავსი ,,ისტორიის გაკვეთილები“. აქაც შემოგთავაზებთ ვერსიას, როგორ შეიძლება ეს განხოციელდეს, თუმცა მასწავლებელმა შესაძლოა ეს განსხვავებულად გააკეთოს. მაგ: მოსწავლეებს ვყოფთ ჯგუფებად და ვთხოვთ რომელიმე განვლილ საკითხზე  ,,ისტორიის გაკვეთილი“ მოამზადონ, რომელშიც დაშვებული იქნება შეცდომების წინასწარ დათქმული რაოდენობა. ჯგუფები ერთმანეთს გააცნობენ თავიანთ ნამუშევრებს და შეეცდებიან ერთმანეთის დაშვებული შეცდომების პოვნას და გასწორებას. შესაძლოა აქტივობას ვიქტორინის ფორმაც მივცეთ და თითოეული  აღმოჩენილი შეცდომა და გასწორებული ვერსია ქულებით შეფასდეს და გამოვლინდეს გამარჯვებული გუნდი. თუმცა როგორც ვთქვით, როგორ განხორციელდება ეს აქტივობა, მასწავლებელი უკეთ გადაწყვეტს თავისი კლასისთვის, მთავარია, მოსწავლეებმა შექმნან თავიანთი შეცდომებიანი ,,ისტორიის გაკვეთილები“ და შეეცადონ სხვების შექმნილ მსგავს პროდუქტებში იპოვონ დაშვებული შეცდომები.

დასასრულს იმასაც დავძენთ, რომ მსგავსი აქტივობა მასწავლებლებმა შესაძლებელია სხვა წიგნების  დახმარებითაც გააკეთონ, მთავარი პრინციპი ისაა, რომ მათში პერსონაჟების მიერ შეცდომები უნდა იყოს დაშვებული, რომლებსაც მოსწავლეები გამოასწორებენ და თან ერთი კარგი წიგნიც შემოეკითხებათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი