მე მასწავლებელი

ის ღამე თეთრი თვალით გავათენე. თითქოს საწოლზე კი არა, ცხელ ნაკვერჩხლებზე ვიწექი. ვფიქრობდი, გამომივიდოდა თუ არა, მე ხომ დაფასთან ვერ გავდიოდი გაკვეთილის მოსაყოლად, საერთოდაც სკოლის გახსენება მასევდიანებდა ხოლმე. იმაზეც ვიფიქრე, ჩემი თავის დარდი მქონდა თუ ბავშვების?! მე ხომ ეს ძალიან მინდოდა, მინდოდა ბავშვებისთვის მეთქვა, რომ, თუ არ ისწავლიდნენ, ამ ქვეყანას არაფერი ეშველებოდა. აი საქმე საქმეზე მიდგა და მოვიკუნტე, დავპატარავდი.

სადღა არ მიმუშავია, სამშენებლო ბლოკის ჩამომსხმელ საამქროში, ტიხრული მინანქრის ხელოსნად, ატრაქციონის ოპერატორად და მწყემსადაც. მაგრამ ეს სულ სხვაა..

რაღა არ მდომებია, რომ მეკეთებინა: მეფრინა ავიაგამანადგურებლით, გავმხდარიყავი დიდი სპორტსმენი და უცბად ეს…

სამასწავლებლოში იმათთან ერთად უნდა ვმჯდარიყავი, ვინც მე მასწავლიდა. იმათთან ერთად, ვისაც ვახარებდი და ვაბრაზებდი, გულს ვტკენდი კიდეც. რის გამო ახლაც მრცხვენია. ნანა მაჩაიძესთან, ნანა აზრუმელაშვილთან, ია აზრუმელაშვილთან და მაია ღოღაძესთან.

ბევრი მათგანი ხომ უკვე „გზა მართალთასაა“ წასული. სედა მათევოსიანი, რომელიც რუსულს მასწავლიდა, თამარ ქემაშვილი – ბოტანიკასა და ზოოლოგიას, კაკო კობაიძე – ისტორიას. აქედან მხოლოდ სედა მათევოსიანს მოვუბოდიშე, რომ ვაბრაზებდი. ჩვენი კლასის გამოსაშვებ საღამოზე, მან მითხრა, რომ არა უშავს, რუსული რომ არ ვისწავლე, მთავარია, კარგი ადამიანი ვყოფილიყავი. მახსოვს, როგორ გადამისვა თავზე ხელი და როგორ წამოუვიდა სახეზე ცრემლი. კაკო კობაიძისთვის არაფერი მითქვამს, სჯობდა მენახა, როცა სკოლიდან წასული საწოლს იყო მიჯაჭვული. თამარ ქემაშვილის ვალი კი მოვიხადე, საფლავი გავუჭერი, მისი ბოლო ბინა. იმიტომ არა, მისი შვილიშვილი დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარი რომ არის. ვიქნებოდი კი ქემაშვილისნაირი სამართლიანი და მიუკერძოებელი?! მას ხომ არასოდეს განუსხვავებია სხვა ბავშვები თავისი ოთხი შვილიშვილისგან. მგონი ზედმეტად მკაცრიც კი იყო მათ მიმართ. მისი შვილიშვილი და ჩემი მეგობარი ვახო ჩემზე უკეთ სწავლობდა, მაინც დაბალ ნიშანს უწერდა ხოლმე..

ნეტავ მე როგორ მოვიქცეოდი, როცა ბავშვები ისე მომექცეოდნენ, როგორც მე თავის დროზე ჩემს მასწავლებლებს ვექცეოდი… როცა ღუმლის მილში ქაღალდებს ვტენიდი, როცა ალგებრას სხვისგან ვიწერდი და ჩემად ვასაღებდი..

ნეტავ მე თუ ვატკენდი გულს ბავშვებს, როგორც ზოგი მასწავლებელი მტკენდა ხოლმე..

რომ ინათა და ავდექი, არაფერი ვიცოდი, ვერაფერი გავიგე… სრული დომხალი მქონდა უძილო თავში. ეს იმის გამო, რომ გუშინდელ საღამოს სკოლის დირექტორმა მითხრა, ხვალიდან სკოლაში მასწავლებელი იქნებიო…

დიდი თონეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის სკოლაში…

არადა, წესით ბედნიერი უნდა ვიყო…

 

 

კომენტარები

comments