პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სევდის ნათლიმამა, პესიმიზმის ლაურეატი

„ამბობენ, რომ არსებობდა საიდუმლო აკორდი, რომელსაც დავითი უკრავდა ღმერთის საამებლად. მაგრამ თქვენ დიდად არ გაღელვებთ მუსიკა, არა?” – არ ვიცი, რამდენ თქვენგანს ეცნო ეს ფრაზა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ნათელი გახდება, თუ ცნობილი სიმღერის პირველ ბგერებს მოისმენთ, რომელიც სწორედ ამ სიტყვებით იწყება.

დავითი ბიბლიური პერსონაჟია, კომპოზიციას კი „Hallelujah”, ჩვენებურად „ალილუია” ჰქვია, თუმცა ორიგინალზე გაცილებით პოპულარულია ქავერ ვერსია, რომელსაც ჯეფ ბაქლი ასრულებს. რა გასაკვირიც უნდა იყოს, ცოტას თუ მოუსმენია მისი შედარებით ძველი, მეტად ავთენტური ჟღერადობა. ვფიქრობ, საქართველოში ბევრს ავტორის სახელიც კი არ გაუგონია.

არადა ამ სიმღერის ავტორი დაახლოებით ერთი თვის წინ, 21 სექტემბერს, 79 წლის გახდა. ის კანადელი ებრაელია, მუსიკასთან ერთად ის აქტიურად წერს ლექსებსაც. რამდენიმე მეტსახელიც აქვს: „პესიმიზმის ლაურეატი”, „სევდის ნათლიმამა”… ამ მეტსახელების გაგონებისას მუდამ გალაკტიონი მახსენდება, ტიციანმა რომ „მარტოობის ორდენის კავალერი” შეარქვა. არ ვიცი, ჩვენს გმირსაც ჰყავს თუ არა პოეტი ბიძაშვილი, მაგრამ ფაქტია – იმ 57 წლის განმავლობაში, რაც ის სცენაზე დგას, მისი მუსიკა ყოველთვის ძალზე ემოციურ, სევდანარევ სიამოვნებას იწვევდა მსმენელში. მე ამ ადამიანის შემოქმედების დიდი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ვარ. მომწონს მისი სტილი, ხმის უნიკალური ტემბრი, ვოკალი, რომელიც დიდი ტექნიკით არ გამოირჩევა, მაგრამ საოცრად უხდება თითოეულ ბგერას… და მელოდია – სპეციფიკური, საინტერესო, ღრმა და ყოვლისმომცველი. მისი მუსიკა ეხება ყველაფერს: სიყვარულს, პოლიტიკას, რელიგიას, ადამიანურ გრძნობებს… ის თანამედროვე ხელოვნების ცოცხალი ლეგენდაა – ლეონარდ კოენი.

დიახ, სწორედ კოენი გახლავთ ავტორი იმ დიდებული კომპოზიციისა, პოსტის დასაწყისში რომ ვახსენე – „Hallelujah”. თუმცა ამ სიმღერაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ.

ლეონარდ ნორმან კოენმა მუსიკალური მოღვაწეობა 1956 წელს დაიწყო. დღემდე გამოშვებული აქვს 12 სტუდიური ალბომი. ის მოხსენიებულია ამერიკის „როკენროლის დიდების დარბაზში”, „კანადური მუსიკის დიდების დარბაზში” და მიღებული აქვს კანადის უმაღლესი სამოქალაქო ორდენი. ძნელი სათქმელია, სახელდობრ რომელ სტილში ქმნის მუსიკას კოენი – კანადური ფოლკია ეს, ფოლკ როკი, პოპ როკი თუ რაიმე სხვა. მისი შემოქმედება იმდენად ორიგინალურია, რომ ვერც ერთ კონკრეტულ მიმდინარეობას ვერ მიაკუთვნებ. საკმარისია, კომპოზიციის რამდენიმე ბგერა გაიგონო, რომ მაშინვე მიხვდები – ეს ლეონარდია.

16-17 წლის ვიქნებოდი, როცა მისი მუსიკა პირველად მოვისმინე. აღმოვაჩინე, რომ მას უნიკალური თვისება აქვს – ერთი და იგივე კომპოზიცია სრულიად სხვადასხვა განცდას იწვევს: შესაძლოა, დაგეუფლოს სევდა, დეპრესია, თავი მიტოვებულად იგრძნო, გეგონოს, რომ შენ მიმართ ირგვლივ ყველა გაცივდა, იმავე სიმღერის განსხვავებულ სიტუაციაში მოსმენისას კი თავი მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი გეგონოს. პარადოქსულია, მაგრამ კოენის სიმღერები ჩემზე სწორედ ამგვარად მოქმედებს.

ლეონარდი საკმაოდ საინტერესო პიროვნებაცაა. მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიასა და რელიგიას. 1970-იანებში ის სერიოზულად გაიტაცა ბუდიზმმა. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1996 წელს ლეონარდი ბუდისტ ბერად აღიკვეცა, მონასტერშიც კარგა ხანს იცხოვრა, თუმცა, რა უცნაური უნდა იყოს, თავს დღემდე იუდაიზმის მიმდევრად მიიჩნევს.

რაც შეეხება ლეონარდის ყველაზე ცნობილ კომპოზიციას – „Hallelujah”, გარდა იმისა, რომ მასში ბევრი რელიგიური სიმბოლოა ჩადებული, მას კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო თავისებურება ახასიათებს: თუ ამქვეყნად ვინმე აღრიცხავს, რამდენ ხანს შეიძლება წერო, ხვეწო, გადაასხვაფერო ერთი სიმღერა – ეს კომპოზიცია ნამდვილად ყველა რეკორდს მოხსნიდა. „Hallelujah”-ს პირველი ჩანაწერი 1984 წელს გავრცელდა, ის ლეონარდ კოენის ალბომ „Various Positions”-ში შედიოდა. ჩაწერამდე ლეონარდმა დაახლოებით 80-ჯერ გადააკეთა კომპოზიცია. 1984 წლის შემდეგაც, კონცერტებზე, კოენი გამუდმებით ცვლიდა, ამატებდა, ხვეწდა როგორც მელოდიას, ასევე ლირიკასაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპოზიციის სრულყოფა ავტორმა დაახლოებით 4-5 წელიწადში მოახერხა. ალბათ სწორედ ამიტომ არის „Hallelujah” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობადი სიმღერა.

ავტორიტეტულმა „Rolling Stone”-მა მისი ჯეფ ბაქლისეული ვერსია ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის სიაშიც კი შეიყვანა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ის არის, რომ, საერთო ჯამში, „Hallelujah” 300-ზე მეტმა მომღერალმა „დააქავერა”. მიუხედავად ამისა, კოენის ნამღერი ჩემთვის ყველაზე უფრო დახვეწილ, ორიგინალურ და საინტერესო ვერსიად რჩება – ბექ ვოკალებით, ბევრი ინსტრუმენტით და ორგანის ძალიან კარგი სოლოთი:

ლეონარდ კოენი ჩემთვის ლამაზ მუსიკასთან ასოცირდება. მას შესწევს უნარი, იყოს მინიმალისტი სცენაზე, მაგრამ წეროს ძალიან მელოდიური, გრძნობით სავსე, შინაარსიანი კომპოზიციები. თუ აქამდე არ იცნობდით მის შემოქმედებას, ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, აუცილებლად მოუსმინოთ კოენის მუსიკას, მოასმენინოთ მეგობრებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს და შემდეგ ისაუბროთ მის შესახებ. მერწმუნეთ, ლეონარდის შემოქმედებითი გონებისა და მისი ნაწარმოებების მრავალფეროვნების წყალობით, საინტერესო სასაუბრო თემა კარგა ხანს არ გამოგელევათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი