ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წიგნებში აღმოჩენილი მუსიკა

ძალიან მიყვარს კითხვისას აღმოჩენილი წიგნები, მუსიკა, სიტყვები. ეს სტატია წიგნებში ნაპოვნი მუსიკის შესახებაა. სიმღერების ბმულებს მივყვეთ და სათქმელიც ასე აიკინძება. ამჯერად ბავშვებზე და ბავშვებისთვის დაწერილი წიგნები მოვაგროვე.

 

The Beach Boys – „I get around“

სამი წლის წინ სკოლის სამასწავლებლოს უგრძეს მაგიდაზე წიგნები და წერილი დამხვდა. უცნობი ავტორი მიგზავნიდა ედგარ კერეთის მოთხრობებს, პატრიკ მოდიანოს „ჰორიზონტს“ და მირჩევდა, „ბიჩ ბოისის“ ალბომისთვის მომესმინა. ამ შემთხვევამ ზამთრის ქაოსური დღე დაუვიწყარი გახადა. ვერაფრით მივაგენი გზავნილის ადრესანტის ვინაობას. ყველა შუამავალი, რომლებიც კურიერის როლს ასრულებდნენ, დუმდა.

ამ შემთხვევიდან ორი წლის შემდეგ რობერტ რ. მაკკამონის „ბიჭის ცხოვრება“ წავიკითხე. ეპიზოდი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ერთი წლის შემდეგ მძაფრად და მტკივნეულად გამახსენდა.

წიგნში 70-იანები წლების 4 ივლისია. 12 წლის კორი მაკენსონი მშობლებთან ერთად აუზზე მიდის. მთელ ქალაქს ერთად მოუყრია თავი, ბარბექიუ მოუწყვიათ და ამგვარად აღნიშნავენ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს. რომანის პირველსავე გვერდებზე ერთი პერსონაჟი კვდება. ამ ამბავს კორი მამასთან ერთად შეესწრება და მათი მშვიდი ცხოვრებაც საშიშად ამოტრიალდება. გამოძიების პარალელურად კორი მაკერსონი თავად მოგვითხრობს ქალაქ ზეფირის ჯადოსნურობის, ბავშვობის, მშობლების, პირველი აღტაცების, ძაღლის, სკოლის, მეგობრების, ნაცნობების ამბებს. მრავალშრიან თხრობას თან გასდევს საზოგადოებრივი პრობლემების წარმოჩენა, მაგალითად, ფერადკანიანი ადამიანების მიუღებლობა, რელიგიის გავლენა სოციუმზე, ურბანიზაციის შეუქცევადობა, უმუშევრობა, ჩაგვრა, სიღარიბე, ავტორიტარული აღზრდის შედეგები.

დავუბრუნდეთ წიგნის 4 ივლისს. კორი მეგობრებთან ერთად „მბრუნავ ბორბალში“ არაქისის კარაქის მილქშეიკს ყიდულობს. ბიჭები ერთად მოდიან. მილქშეიკს წრუპავენ, მზე აცხუნებს, ზაფხულია და მოულოდნელად მუსიკა ესმით. თინეიჯერებს ავტოსადგომზე გაჩერებული რამდენიმე მანქანაში ერთდროულად ჩაურთავთ რადიოები.

კორი სიმღერით გამოწვეული განცდების შესახებ წერს:

„როგორ უნდა ამეწერა? ინგლისურ ენაში რომელი სიტყვა აღნიშნავს ახალგაზრდობას, იმედს, თავისუფლებას, ჟინს, მოგზაურობის დაუოკებელ სურვილსა და სისხლის დუღილს ერთად? რომელი სიტყვა იტევს ძმაკაცობას და იმ შეგრძნებას, რომ სანამ მუსიკა ისმის, იმ მაგარი, მოხეტიალე თაობის ნაწილი ხარ, რომელსაც დედამიწა მემკვიდრეობით ერგება?“

ამ აღმაფრენას ცოტა ხანში შემაძრწუნებელი ხმაური და ალიაქოთი მოჰყვება. ბაპტისტური ეკლესიის მღვდელი, ბლესეტი, ახალგაზრდებს მიუვარდება და რადიოს ფეხით დალეწავს, რადგან „ბიჩ ბოისის“ სიმღერას მოზარდების გამრყვნელად მიიჩნევს. დალეწილი რადიო 14 წლის გოგოს ეკუთვნოდა. ის ატირდება, მღვდელს ზურგს შეაქცევს და გაიქცევა.

მღვდელი ბლესეტი ხალხს მოუწოდებს, დაგმოს მსგავსი სიმღერები.

„-ო, კარგი რა, მამაო! – თქვა მამაჩემმა ღიმილით, – უბრალოდ სიმღერაა!“ – ეს ფრაზა მღვდელ ბლესეტს განარისხებს, მე კი მთელ ამ ამბავში კორის მამის ნათქვამი ფრაზა უაღრესად მნიშვნელოვანი მგონია.

მღვდელი ბლესეტი „ბიჩ ბოისის“ საწინააღმდეგო კამპანიას წამოიწყებს, რომელშიც ქალაქის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჩაებმება: ზოგი – მისი ხათრით, ზოგი – ინტერესით, ზოგი კი ბრმადმორწმუნეობის გამო.

საბოლოოდ ავტორი მოვლენების იმგვარ განვითარებას გვთავაზობს, რომ ხალხი გაბეზრდება მღვდელ ბლესეტის შურისძიების სურვილით, უაზრო აკრძალვებით და ჯანსაღი აზრი იმარჯვებს.

რთულია, პარალელები არ გაავლო წიგნში აღწერილ 4 ივლისისა და თბილისის 2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს შორის.

ყველა, ვინც რელიგიის სახელით, თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის გამოვლენის აკრძალვას ცდილობს, მღვდელ ბლესეტსა და მის მიმდევრებს ჰგავს. ჩვენს საზოგადოებას კი ჰაერივით სჭირდება კორის მამის მსგავსი მოქალაქეები, რომლებიც მშვიდად, გაწონასწორებულად, პატივისცემით გამოხატავენ საკუთარ აზრს და ხმის ამოღების მნიშვნელოვნებაზე შვილებსაც აფიქრებენ. კორის მამა რძეს კარდაკარ დაატარებს და ძლივს არჩენს ოჯახს. მას, მიუხედავად სოციალური სიდუხჭირისა, ქალაქში დატრიალებულ ამბები გულთან მიაქვს. ქალაქი ზეფირის ჯადოსნურობაც ეს იყო – მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის იმგვარად განცდა, რომ ბავშვებისთვისაც გადამდები აღმოჩნდა.

მოუსმინეთ „ბიჩ ბოისის“ მხიარულ სიმღერას, 12 წლის კორი სიხარულით რომ აავსო და თქვენც დაფიქრდებით, განა სად დაინახა აღვირახსნილობა მღვდელმა ბლესეტმა?

 

Chuck Berry – „School Days“

ჩაკ ბერის „სკოლის დღეები“ ამავე წიგნში აღმოვაჩინე. წიგნის მსგავსად, ჩემთანაც ზაფხულის ბოლო დღეები იდგა და სასწავლო წლის პირველ დღეებზე ვფიქრობდი.

ჩაკ ბერი როკ-ენ-როლის ფუძემდებლად ითვლება. რომ არა „ბიჭის ცხოვრება“, მის შესახებ დაწვრილებითი ცნობების მოძიებისკენ, არ ვიცი, რა მიბიძგებდა.

მოვიძიე „Scool Days“-ის ჩანაწერი, რომელიც ერთ-ერთ სკოლაშია ჩაწერილი. სიმღერის ტექსტი უფროსკლასელების ყოველდღიურობას ასახავს. საღამოს ყუთში აგდებ მონეტას და ელოდები რაღაც ისეთის მოსმენას, შენს სიყვარულს რომ შეეფერებაო, დაახლოებით ასე სრულდება ტექსტი. მე არასდროს მინახავს მუსიკალური მოწყობილობა, მონეტის ჩაგდებით რომ უკრავს, მაგრამ სხვა ადამიანების ცხოვრებას მაახლოებს და ძალიან მომწონს ეს განცდა.

ჩაკ ბერის სიმღერის პარალელურად მისის ნევილი, კორის მასწავლებელი, უნდა გაგაცნოთ.

სანამ „სკოლის დღეებიდან“ ფრაზა ალუზიურად გაჟღერდება წიგნში, მანამდე ზაფხული უნდა დაიწყოს და ბოლო გაკვეთილზე მისის ნევილს უნდა მოვუსმინოთ.

60 წლის მასწავლებლის ცხოვრება 12 წლის ბიჭს უინტერესო ეჩვენება. ერთი პასაჟია: ზარის დარეკვამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი. მისის ნევილი მოსწავლეებს სთხოვს, ზაფხულში კითხვა და ფიქრი არ შეწყვიტონ, თავადაც არ წყვეტს საუბარს და კორი ხვდება: „ჩვენი გაშვება არ უნდოდა. ცდილობდა, რაც შეიძლება დიდხანს ჩაგვბღაუჭებოდა, მაგრამ ამას ჯიბრზე არ აკეთებდა – იქნებ, არავინ ჰყავდა სახლში, არავისთან მიუხაროდა. როცა მარტო ხარ, ზაფხულიც აღარ ზაფხულობს“. – საკუთარ და სხვის გარდაუვალ მარტოობაზე მეფიქრება და ბავშვების სიყვარულს შეჩვეული მასწავლებლისთვის ასმაგად რთული მგონია ეს ყველაფერი.

მისის ნევილი კორის უბიძგებს, წერის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. ის სახეა ყველა იმ მასწავლებლისა, რომლებიც მოსწავლეებში დაფარულ შესაძლებლობებს ეძებენ, ხედავენ და ამის შემჩნევას მოსწავლეებსაც აიძულებენ.

„- გმადლობთ! – ვუთხარი და კარისკენ გავიქეცი. ოთახიდან გამოსვლისას წამით შევყოვნდი და მისის ნევილს კიდევ ერთხელ შევხედე. საწერ მაგიდასთან იჯდა… მზის სინათლე ეცემოდა. დავინახე, როგორ გაიწოდა ხელი ვაშლისკენ და ნელა აიღო. მერე ცარიელ მაგიდებს გახედა. ამ ოთახში თაობები მოქცევასავით მოდიოდნენ და მომავალში იკარგებოდნენ…

– ზაფხულის კარგად გატარებას გისურვებთ, მისის ნევილ! – ვუთხარი დერეფნიდან.

– ნახვამდის, – მითხრა მან და გამიღიმა“.

მისის ნევილის სიტყვები, ქმედება, ღიმილი კორის კიდევ ბევრჯერ გაახსენდება. მეც ხშირად მახსენებს თავს.

 

ZZ Top, გაირი და „ბალადა გატეხილ ცხვირზე“

ნორვეგიელი მწერლის არნე სვინგენის, წიგნი „ბალადა გატეხილ ცხვირზე“ ჩემს მოსწავლეებთან ერთად წავიკითხე. 13 წლის ბარტს მარტოხელა დედა ზრდის. ბიჭს ოპერა უყვარს, თუმცა უკიდურესი სიღარიბის, უმამობის, დედის ალკოჰოლიზმის, სიგამხდრის გამო გაჩენილ კომპლექსებს საგულდაგულოდ მალავს.

ბარტი, თანაკლასელებისგან განსხვავებით, უსახურ, ჭუჭყიან კორპუსში ცხოვრობს. გაირი ბარტის მეზობელია. მათი მეგობრობა იმ დღეს დაიწყება, როცა კლასელები ბარტს სახლში მიადგებიან და სცემენ.

მიუხედავად იმისა, რომ გაირი ნარკოტიკებზე დამოკიდებულია, უდიდეს მეგობრობას გაუწევს 13 წლის ოპერაზე შეყვარებულ კეთილშობილ ბიჭს. ZZ Top-იც გაირიმ შეგვაყვარა მე და ჩემს მოსწავლეებს. გაირი ბარტს ველოსიპედის მართვას ასწავლის და პირველ ველოსიპედსაც ის აჩუქებს. ნამდვილად დაუვიწყარია ის, ვინც ველოსიპედს გჩუქნის და მის მართვას გასწავლის.

გაირისა და ბარტის მეგობრობა გვაფიქრებს იმაზე, რომ ურთიერთობები მაშინ არის ჯანსაღი, როცა ურთიერთგანსჯისგან დაცლილია და ერთმანეთზე ზრუნვა გასდევს ფონად.

 

ვირჯინია და მარვინ გეი „ხოჭო ბიჭიდან“

მ. ჯ. ლეონარდის „ხოჭო ბიჭის“ ტრილოგია ქართველმა მკითხველმაც შეიყვარა. ახალგაზრდა მეცნიერი, ბართოლომე ქათლი, პირველივე გვერდებზე უცნაურად უჩინარდება. მისი მოზარდი ბიჭი, დარკუსი, მეგობრებთან – ბერტოლტსა და ვირჯინიასთან ერთად გამოძიებას იწყებს. ყველაფერი კი განსაკუთრებულ ხოჭოებს უკავშირდება.

პირველ ნაწილში ბავშვებს ხოჭოები უმეგობრდებიან: დარკუსს – ირემა ხოჭო, რომელსაც ბაქსტერს დაარქმევს, ბერტოლტს – ციცინათელა ნიუტონი, ხოლო ვირჯინიას ბაყაყისფეხება ფოთოლისჭამია აირჩევს. მეგობრების კითხვაზე, თუ რას დაარქმევდა ობობას შესაძლებლობების მქონე ხოჭო-მეგობარს, ვირჯინია უპასუხებს, მარვინ გეის პატივსაცემად მარვინს ვუწოდებო. ასე აღმომაჩენინა ხალისიანმა, მეგობრისთვის თავდადებულმა პერსონაჟმა მარვინ გეი, რომლის სიმღერებს სოციალური თემატიკა გასდევს ფონად. ჩემ მიერ შემოთავაზებული ვიდეორგოლი, შავ-თეთრი ფერების მიუხედავად, სიცოცხლის სიყვარულს აღძრავს.

 

ვაგნერის „ტანჰოიზერი“ და ხოჭოების დედოფალი

ლუკრეცია კატერი ძალიან საინტერესო პერსონაჟია. როგორც ხდება ხოლმე, ადამიანის ცუდ ქცევას თავისი საფუძველი აქვს. ავტორი ძალიან კარგად შლის ლუკრეციას ხასიათსა თუ ქცევის მოტივს. ვაგნერის „ტანჰოიზერი“ კი მესამე ტომში შეგხვდებათ. ვისთან ერთად უსმენს, ამას საიდუმლოდ დავტოვებ, ავტორისეულ გამოძიებას წინასწარ ფარდა რომ არ ავხადო.

ძიებისას გავიგე, რომ „ტანჰოიზერი“ ვაგნერის შემოქმედების ადრეულ ეტაპს მიეკუთვნება და გაჯერებულია რომანტიკული მოტივებით.

 

თიკო „სული-ჩიტიდან“ და ფრენკ სინატრას „fly me to the moon

თამარ გეგეშიძის „სული-ჩიტის“ მთავარი პერსონაჟი, 11 წლის ლუკა, პირველ პირში მოგვითხრობს სკოლისა და ოჯახის ამბებს. მკითხველისთვის ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ლუკას თიკო მოსწონს. რომანის ბოლოს თიკო კლასელებს კონცერტზე ეპატიჟება და ლუკას მოსაწვევს პირადად აძლევს.

ლუკა გვიამბობს, როგორ გაეშურებიან მზიურის პარკში თიკოს მოსასმენად კლასელები და პატარა ბიჭს თიკოს მზერა მთავარ ადრესატად აგრძნობინებს თავს. ფრენკ სინატრას სიმღერის ტექსტიც ხომ სიყვარულის გამხელის მშვენიერი საშუალებაა.

 

უმპა-ლუმპების სიმღერა

როალდ დალის „ჩარლი და შოკოლადის ქარხანაში“ მშობლები აღმზრდელობითი შინაარსის გზავნილებს ვკითხულობთ. ჩარლი ბაკეტი კონკურსის მონაწილე ოთხი ბავშვისგან უბრალოებით, თავმდაბლობით, ზრდილობითა და ცხოვრების წესით გამოირჩევა. მავნე ჩვევების ჩამოყალიბებას ხშირად მშობლები ვუწყობთ ხელს. უმპა-ლუმპების, მხიარული ქონდრისკაცების, სიმღერებს ამავე წიგნის მიხედვით გადაღებული მიუზიკლიდან ბავშვები კარგად იცნობენ. განსაკუთრებით მიყვარს მაიკლ ტივის ეპიზოდთან დაკავშირებული სიმღერა, რომლის შინაარსი ტელევიზორთან მიჯაჭვულობასა და ცუდ გავლენას წარმოაჩენს და სანაცვლოდ წიგნებთან დაბრუნებას გვთავაზობს.

სიმღერის ტექსტი ინტერტექსტუალური პარალელებით არის სავსე: „თორმეტი გედი“, „გულადი თერძი“, „ჭარხალ-ბოლოკა“, „ეშმაკის სამი ღერი ოქროს თმა“ – და ზღაპრების წაკითხვისკენ გვიბიძგებს.

 

ირვინგ ბერლინი „გედის საყვირიდან“

ლუი მესაყვირე გედია. მე და ჩემმა მოსწავლეებმა ის ე. ბ. უაითის „გედის საყვირიდან“ გავიცანით. სიგნუს ბუკინატორის, ლათინური სახელწოდების, მიღმა დაუვიწყარ პერსონაჟს აღმოაჩენთ.

ამერიკელი მწერლის რომანი იმდენად საინტერესო თემებს მოიცავს, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს შეუძლიათ, მთელი წელი დაუთმონ და ლუისთან ერთად განიცადონ სიყვარული, გადალახონ თვითდამკვიდრების სირთულეები, შეიტყონ შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ, აღმოაჩინონ მუსიკალური საკრავი – საყვირი და დარწმუნდნენ, რომ მუსიკა ამ სამყაროში საუბრის უნიკალური შესაძლებლობაა.

სემ ბივერი, 12 წლის ბიჭი, მამასთან ერთად კანადაში მოგზაურობისას მესაყვირე გედების ოჯახს აღმოაჩენს და დაუმეგობრდება. ერთ-ერთ ჭუჭულს მეტყველების უნარი არ აღმოაჩნდება. მამა ლუისთვის ქალაქის საკრავების მაღაზიას გაძარცვავს და საყვირს გაიტაცებს. ადვილი მისახვედრია, რომ გედს ლუი არმსტრონგის პატივსაცემად ჰქვია სახელი.

ლუისთვის საყვირი თვითდამკვიდრებისა და ულამაზესი გედის, სერენას, სიყვარულის მოპოვების საშუალებად იქცევა.

ძალიან ბევრი სიმღერა და მუსიკოსი აღმოვაჩინეთ ლუისთან ერთად. განსაკუთრებით შევიყვარე კომპოზიტორი ირვინგ ბერლინი.

„ამბობენ, რომ სიყვარული საოცარი რამ არის“… – ლუი ამ კომპოზიციას სერენასთვის უკრავს და მკითხველისთვისაც დაუვიწყარი აღმოჩნდება გედების ამაღელვებელი სიყვარული, რომელსაც ავტორი აღწერს და მუსიკის საშუალებით კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის.

 

ამ სტატიაში სიმღერები, მუსიკოსები, წიგნების ავტორები და სათაურები ფაზლივით აეწყო.

ალბათ, თქვენც გაგახსენდებოდათ წიგნებში აღმოჩენილი მუსიკა.

საინტერესოა, თქვენეული ფაზლი როგორ გამოიყურება. სიამოვნებით გავეცნობოდი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი