პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ქართულის საკითხი

სასწავლო წელი იწყება. საშუალო საფეხურზე განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმა ჯერ არ გვაქვს. ვხელმძღვანელობთ არსებულით.

დაგეგმილი და დაანონსებულია ცვლილებები, თუმცა განსახილველი დოკუმენტი ღია და ხელმისაწვდომი არაა. სპეციალისტების წრეში და სამინისტროს კურიკულუმის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ დახურულ შეხვედრებზე მეტ-ნაკლები სიცხადით კი განიხილება ესა თუ ის საკითხი, მაგრამ მთლიანი სურათის აღქმის, დოკუმენტის კვლევის, გაანალიზების საშუალება დაინტერესებულ პირებს არ აქვთ.

დაანონსებული ცვლილებებიდან დახურულ შეხვედრებზე აქტიურად განიხილება რამდენიმე საკვანძო საკითხი – პროფილური სწავლების იდეა ( A და B მიმართულებები – პროფილური კურსი – A პროგრამა, ზოგადი არაპროფილური კურსი  – B პროგრამა) და ცვლილება საათობრივ ბადეში ( 4+3);

არასრული ინფორმაცია უამრავ კითხვას ბადებს. ქართულის მასწავლებლებისთვის გაუგებარია, რამდენი საათი მოაკლდებათ მათ, როგორ მოხერხდება ტექნიკურად A და B მიმართულებებზე მოსწავლეთა გადანაწილება, მცირეკონტიგენტიან სკოლებში რამდენად მოხერხდება, საერთოდ, ამ ცვლილების განხორციელება, როგორ გადანაწილდება პროგრამა და სავალდებულო საპროგრამო ტექსტები  და სხვა მრავალი.

მე ვფიქრობ, საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეთა სეგრეგირება მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში უცნაური გადაწყვეტილებაა. საშუალო სკოლადამთავრებულ ა მიმართულების მოსწავლეს ექნება მეტი კომპეტენცია, ვიდრე ბ არაპროფილური მიმართულების კურსდამთავრებულს? რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება? რას გააუმჯობესებს ეს? გათვალისწინებულია თუ არა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მოსწავლის საუკეთესო ინტერესი?

ჩნდება ასევე კითხვა – ლიტერატურის კურსი კონკრეტული საგნობრივი მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისკენ უნდა იყოს მიმართული თუ „გაძლიერებული ქართულის“ და არაპროფილური კურსის პროგრამის დაძლევისკენ?

კიდევ – ხომ არ გააძლიერებს ეს ისედაც მანკიერ პრაქტიკას, როდესაც დამამთავრებელი კლასები, ფაქტობრივად, ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ საფეხურად იქცა? რამდენადაა სკოლის პირდაპირი ფუნქცია, კონკრეტულად, საშუალო საფეხურზე მისაღები გამოცდებისთვის მოამზადოს მოსწავლე? ჩემი აზრით, სკოლის დანიშნულებას ეს პრაქტიკა აკნინებს და ღირს დაფიქრება იმაზე, რა კეთდება ამ მიმართულებით არასწორად.  პირადად ჩემთვის უადგილო და უცნაურია ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის არსებულ რედაქციაში ეს ჩანაწერი:  “საშუალო საფეხური საქართველოში სწავლების სამწლიან ციკლს ითვალისწინებს (X-XII კლასები). საშუალო საფეხური სავალდებულო არ არის და, ფაქტობრივად, მოსწავლის უმაღლესი სკოლისთვის მომზადებას ემსახურება”. სკოლა ხომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა და არა ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ორგანიზაცია…

მაშ, ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც „გაძლიერებული ქართული აქვს დამთავრებული“, ბ არაპროფილური მიმართულების მოსწავლეზე უკეთ ეცოდინება მშობლიური ენა და ლიტერატურა. ნამდვილად საინტერესოა, რა კვლევებს ეფუძნება პროფილური სწავლების გადაწყვეტილება, რის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

ასევე საინტერესოა, დადგება თუ არა დღის წესრიგში სავალდებულო საპროგრამო ტექსტების შემცირების საკითხი?

უნდა ითქვას, რომ საათობრივი ბადით საგნისთვის გამოყოფილი საგაკვეთილო საათები არ არის საკმარისი ამ რაოდენობისა და მოცულობის ტექსტების სტანდარტთან შესაბამისად დასამუშავებლად. საპროგრამო მხატვრული ნაწარმოებების მხატვრული, კულტურული, ეროვნული, ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით რომელიმე მათგანის დათმობა პრობლემურია. შესაბამისად, მოსწავლისთვის შეთავაზებული სავალდებულო ჩამონათვალი გაცილებით აღემატება მათი შესწავლისთვის გამოყოფილ დროს.

ესგ-ს ამ სამუშაო ვარიანტში ბ პროფილისთვის, თითქოს, განიხილება, მაგალითად, სამი ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან „სულ მცირე ერთი“ და ა პროფილისთვის „სულ მცირე ორი“ ტექსტის შესწავლა, მაგრამ აქაც ისმის კითხვები:

ჩნდება კითხვები: ამ „სულ მცირე ერთს“ ან „სულ მცირე ორს“ სახელმძღვანელოს ავტორები არჩევენ და სთავაზობენ მასწავლებლებს თუ მასწავლებლები ირჩევენ? რა კრიტერიუმების მიხედვით შეიძლება სამი ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან „სულ მცირე ერთის“ ან ორის შერჩევა?

კვლევისა და დაკვირვების შედეგად იკვეთება, რომ მასწავლებელთა უმრავლესობისთვის, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რთულია ლიტერატურული ძეგლის კულტურული-ისტორიული და ეროვნული ღირებულების და სასკოლო კურიკულუმის შედგენის კრიტერიუმების გამიჯვნა. მათთვის ძვირფასი ტექსტები, მათი თვალსაზრისით, უდავოდ, ერთმნიშვნელოვნად „უნდა ვასწავლოთ“. ამის მიღმა – კვლევები, სასკოლო პრაქტიკა, მოსწავლეთა მოტივაცია, მათი ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინება, თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და სასწავლო სტრატეგიების გათვალისწინება არ ხდება. მივყვებით ინერციას, ოდესღაც, ერთხელ მიღებულ სავალდებულო პროგრამული ტექსტების ჩამონათვალს და გვეშინია ცვლილებების. ცხადია ისიც, რომ კურიკულუმის ჯგუფი ამ სირთულეებს ხედავს და ითვალისწინებს, ამიტომ დღის წესრიგში დადგა „სულ მცირე ერთი“ და „სულ მცირე ორი“ ტექსტის არჩევანი.

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობისას მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხის წამოწევაც:

განიხილება თუ არა ქრონოლოგიური პრინციპის გადახედვა ლიტერატურის კურსის აგებისას?

როგორ ისწავლება ლიტერატურა ამ პრინციპის თანახმად:

მეათე კლასში ლიტერატურის შესწავლა იწყება ჩვენამდე მოღწეული პირველი ჰაგიოგრაფიული თხზულების დამუშავებით, ამას მოჰყვება, ქრონოლოგიის დაცვით, „აბოს წამება“, შემდეგ „გრიგოლის ცხოვრება“, შემდეგ მე-12 საუკუნეში დაწერილი პოემა, შემდეგ სულხან-საბა და ბოლოს გურამიშვილი, მე-11 კლასში „გადავდივართ“ რომანტიზმის ეპოქაში, ამას მოჰყვება რეალიზმი და ა.შ.  – პრინციპი გასაგებია.

ამ პრინციპიდან გამომდინარე, მაგალითად, მე-10 კლასში თავს იყრის ძველი ქართული ლიტერატურის ტექსტები. ეს გარკვეულ სირთულეებს წარმოშობს. არ არის ადვილი ერთი წლის განმავლობაში სამი ჰაგიოგრაფიული ტექსტის, „ვეფხისტყაოსნის“, საბას და გურამიშვილის დაძლევა.

არგუმენტები – „ჩემს დროსაც ასე იყო და მშვენივრად ვძლევდით, უფრო ადრეც კი ვსწავლობდით“ – არასერიოზულად მიმაჩნია. მე ვფიქრობ, მასწავლებელი უკან მიმართული მზერით ( „მის დროსაც ასე იყო“) და საკუთარ თავზე სწორებით( „მშვენივრად ვისწავლე და არაფერი დამკლებია“) არ ითვალისწინებს ახლანდელი მოზარდების ასაკობრივ თავისებურებებს, ინტერესებს, ნაკლებად ერკვევა მოტივაციის თეორიაში.

კოლეგები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით რთულად სწორედ მე-10 კლასი გამოიყურება.

ისმის კითხვა – რატომ არ შეიძლება წლის განმავლობაში ლიტერატურის კურსის ისე აგება, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება, თვალი მიადევნონ განვითარების ხაზს. იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირებულად იკვლიონ მხოლოდ ძველი ტექსტები, მიეცეთ შესაძლებლობა, მაგალითად, მეათე კლასის ფარგლებშივე მიადევნონ თვალი ლიტერატურის განვითარების სხვადასხვა ეტაპს.

მრავალფეროვნების, მულტიკულტურული ჭრილის, სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ტექსტების გაცნობის ნაცვლად მე-10 კლასში, მცირე დროში, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთგვარი გამოწვევის წინაშე დგანან. ქრონოლოგიის (ისტორიზმის პრინციპსაც უწოდებენ) დაცვით ლიტერატურის კურსის აგებისას ნაკლებადაა გათვალისწინებული მოსწავლეების ასაკი, ასაკობრივი თავისებურებები, ფსიქოემოციური განვითარება, ინტერესები. ფსიქოლოგიური, ენობრივი ბარიერები ტექსტის გაგების თვალსაზრისით საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის, მოსწავლეებს უჭირთ განსხვავებულ ეპოქაში, სოციო-კულტურულ გარემოსა და პირობებში შექმნილი ტექსტების ამ რაოდენობით შესწავლისას მოტივაციის  შენარჩუნება. მოსწავლეთა ლექსიკური, სამეტყველო, ენობრივი, მხატვრული, ინტერტექსტუალური ( პარალელები სხვა ნაწარმოებებთან, ბიბლიური ალუზიები…)და ექსტრატექსტუალური  კომპეტენციები საკმარისი არ არის მიწოდებული ტექსტების გასაგებად და გასააზრებლად.

ბევრი კოლეგა აღნიშნავს, რომ „ვერ ასწრებს სრულად“ მეათე კლასის პროგრამის დაძლევას წლის განმავლობაში და გარკვეული საკითხები მე-11-ში გადააქვს. სავალდებულო საპროგრამო ტექსტების „მოსწრება“ და „შინაარსზე ორიენტირებული“ სწავლება ნამდვილად არაა ის, რაც 15-16 წლის მოზარდს სჭირდება.

წერილის ბოლოს მნიშვნელოვნად მიმაჩნია რამდენიმე საკითხზე ყურადღების გამახვილება:

საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის მოსალოდნელი ცვლილებების განხილვა სპეციალისტთა წრეში აუცილებელია. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მოსაზრებები, მათი თვალსაზრისი და პოზიცია გასათვალისწინებელია.

კოლეგიას უნდა წარედგინოს დოკუმენტის სამუშაო ვერსია.

სწორედ ისინი, ქართულის მასწავლებლები, შედიან კლასებში და ატარებენ გაკვეთილებს, პროცესის უშუალო მონაწილეებისა და წარმმართველების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გარეშე მიღებული კაბინეტური გადაწყვეტილებები კი ნაკლებად ეფექტიანი იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი