პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„სასწავლო სტრუქტურები“ გაკვეთილზე. სინგაპურის პრაქტიკა

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებები საგანმანათლებლო სივრცის ახლებურად ორგანიზებას მოითხოვს, რაც მასწავლებელს სწავლების მეთოდებისა და მიდგომების შეცვლისკენ უბიძგებს. მასწავლებელიც მუდმივად ცდილობს სასწავლო პრაქტიკის სრულყოფას და სხვა ქვეყნების გამოცდილებათა გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს მისი საგაკვეთილო საქმიანობის წარმატებას.

სინგაპურელი მასწავლებლების გამოცდილება, ე.წ. სასწავლო სტრუქტურების პრაქტიკა ან ურთიერთქმედებათა სტრუქტურა, ეფექტიანობით გამოირჩევა. სტრუქტურა შეირჩევა გაკვეთილის მიზნის, სწავლის ეტაპებისა და თემის მიხედვით, ხოლო შესრულებისთვის გამოიყენება გარკვეული ალგორითმი (მისი ეფექტიანობისთვის საჭიროა, მასწავლებელმა წინასწარ გააცნოს მოსწავლეებს მუშაობის აღნიშნული ფორმატი). სტრუქტურის გამოყენებისას უმთავრესია ერთობლივი სწავლება, საგაკვეთილო პროცესში ყველას თანაბარი ჩართულობა, ეფექტური კომუნიკაცია, ერთობლივი მუშაობა ერთად სწავლის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

სინგაპურული სასწავლო სტრუქტურებიდან გამორჩეულია Manage Mat, See-Think-Wonder, Frayer Model. ისინი შეგვიძლია წარმატებით გამოვიყენოთ ისტორიის სწავლებაშიც, განსაკუთრებით – საბაზო საფეხურზე, რადგან ხელს უწყობს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ისეთი მოთხოვნების შესრულებას, როგორიცაა:

  • რეფლექსია (საკუთარი ქმედების გაანალიზება, შეცდომების დანახვა – რა და რატომ გამოვიდა ისე, როგორც არის, რატომ ვერ მივიღეთ სხვა შედეგი);
  • მიზნების დასახვა და მათკენ სვლა; დაგეგმვა; მოდელირება (მოქმედების სქემატურად წარმოდგენა, ძირითადის გამოყოფა);
  • მოსწავლეების დამოუკიდებელი მუშაობა ისტორიულ რუკებზე, ტექსტებზე, მასალის კვლევა, ანალიზი, ინფორმაციის შედარება;
  • ინიციატივის გამოჩენა და აქტიური კომუნიკაცია სასწავლო გარემოსთან, სახელმძღვანელოსთან (არგუმენტირება ჯგუფში, სხვისი აზრის გათვალისწინება და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ჯგუფებში სხვადასხვა დონის მოსწავლეები არიან, რომლებიც მუდმივად ცვლიან როლებს).

Manage Mat კლასის მართვის ინსტრუმენტია, თუმცა სწავლებისთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანობას უწყობს ხელს და უზრუნველყოფს სწავლის პროცესის მკაცრად ორგანიზებულ ხასიათს.

სქემატურად ის ასე გამოიყურება:

სტრუქტურა Manage Mat-ის უპირატესობებია:

  • მერხების უჩვეულო განლაგება; გაკვეთილის ორიენტირება არა მერხზე, არამედ თანაჯგუფელებზე (ამ დროს აუდიტორიაში მაგიდები თავისებურად, სხივისებურადაა განლაგებული: ცენტრში დგას მასწავლებლის მაგიდა, გარემო კი ისეა ორგანიზებული, რომ არავინ ზის სხვის ზურგს უკან. ერთი მაგიდა ერთ ჯგუფს უკავია, სადაც ყველას აქვს თავისი ნომერი და სადაც მნიშვნელოვანია პარტნიორობა („პარტნიორი – გვერდით მჯდომი“, „პარტნიორი – პირისპირ მჯომი“ „პარტნიორი – 1, 2);
  • მასწავლებელი მხოლოდ ფასილიტატორის როლშია. აცხადებს: „ყურადღება! საუბრობენ ერთმანეთის გევრდით მჯდომი პარტნიორები“… „ახლა ისაუბრებენ ერთმანეთის პირისპირ მჯდომი პარტნიორები“…

 

სტრუქტურა See-Think-Wonder ინსტრუმენტია, რომელიც ხელს უწყობს დაკვირვების უნარის გამომუშავებას და მიღებული ცოდნის გამოყენებას – ინფორმაციის აღწერას. მაგალითად, ვიდეოფრაგმენტის ნახვის შემდეგ მოსწავლე პასუხობს კითხვებზე:

რას ვუყურე?

რა ვნახე?

რაზე დავფიქრდი?

რამ დამაფიქრა?

რამ გამაოცა?

რამ გამაკვირვა?

 

————————-

 

——————————–

 

———————————

 

ფრეიერის მოდელი (Frayer Model) სტრუქტურაა, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, ღრმად გაიაზროს და გააცნობიეროს შესასწავლი ცნებები და კონცეფციები. ამ დროს მოსწავლეები ცნებებს განიხილავენ სხვადასხვა მხრიდან, გამოკვეთენ მათ არსებით და არაარსებით მხარეებს, განიხილავენ მაგალითებს, მათ შორის – ანტიმაგალითსაც (საპირისპირო მაგალითს, რომელიც არასრულ ინფორმაციას შეიცავს), ანუ იმას, რაც ვერ იქნება მაგალითი.

რას გვიცვლის ფრეიერის მოდელი?

შევადაროთ კონკრეტული მაგალითები:

ტრადიციული სქემების ნიმუშებია სქემა 1 – „ძველი საბერძნეთი“; სქემა 2 – „ქართლის სამეფო“:

სქემა 1; 2

ფრეიერის სქემა, ტრადიციულთან შედარებით, უფრო მეტად იძლევა ტექსტთან ახლოს მუშაობის, მთავრის გამოყოფის, სტრუქტურირების, დიდი მოცულობის სასწავლო ინფორმაციის გაგებისა და დამახსოვრების საშუალებას.

მაგალითად, ცნება „თვითგანათლება“:

 

ნიმუში ისტორიის სწავლების საბაზო სტანდარტიდან:

ფრეიერის სქემა „ქართლის სამეფო“ (ისტორიული მოვლენა/პროცეს)

 

 

 

  • აუცილებელი მახასიათებლები – საქმიანობა: მიწათმოქმედება; მეცხოველეობა; მელითონეობა; მეთუნეობა; ვაჭრობა; ხელოსნობა.
  • არაარსებითი მახასიათებლები: მოკავშირეებად ჰყავდათ ჩრდილოკავკასიელები… ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მეზობელ ქვეყნებთან… სახლებს კრამიტით ხურავდნენ… საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებს არქიტექტურული სტილით აგებდნენ… მეურნეობაში აქტიურად იყნებდნენ სარწყავ სისტემებს… ცხოვრება კანონის მიხედვით ჰქონდათ მოწყობილი, ჰყავდათ მოსამართლეები… იყენებდნენ ბერძნულ და არამეულ დამწერლობასაც…
  • მაგალითები: სტრაბონის „გეოგრაფია“: „იბერთაგან უფრო მეტად მიწათმოქმედნი არიან… ესენი მშვიდობიანად არიან განწყობილნი… უფრო დიდ ნაწილს, რომელიც მებრძოლი ბუნებისაა, უჭირავს მთიანი მხარე და ცხოვრობს სკვითების ყაიდაზე, რომელთა მეზობლებიც არიან… როდესაც შფოთი ჩამოვარდება, მათ მრავალი ათასი მებრძოლი გამოჰყავთ…“
  • ანტიმაგალითები / საწინააღმდეგო მაგალითები: „იბერიაში მიწას ამუშავებენ… მთიელები მებრძოლი ბუნებისანი არიან… ცხოვრობენ მათი წესის მიხედვით, ვინც მათი მეზობელია… ბრძოლაში ყველა მონაწილეობს…“

სასწავლო სტრუქტურების სისტემატური გამოყენება ხელს უწყობს დისციპლინის განმტკიცებას და მოსწავლეთა ყურადღების გაუმჯობესებას, გააზრებისა და გაგების პროცესის ეფექტიანობას, ზრდის მოსწავლის შემეცნებით და საგნობრივ ინტერესს, ათვისებული მასალის ხარისხს, ურთიერთთანამშრომლობის დონეს. მოსწავლეები ნაკლებად განიცდიან მოსალოდნელი მარცხის შიშს. ყოველივე ამის გამო სასწავლო სტრუქტურები წარმატებით გამოიყენება საგაკვეთილო საქმიანობაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი