პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ახალი სასწავლო წელი

სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებელი ყოველდღიურად უამრავ მოსწავლესთან ურთიერთობს. ეს ურთიერთობა რომ მრავალმხრივ სასიამოვნო და სარგებლის მომტანი იყოს, საჭიროა ურთიერთგაგება.

მასწავლებლებს მეტი მოგვეთხოვება და მცდელობებსაც არ ვიშურებთ, მაქსიმალურად „ჩავიხედოთ მოსწავლეთა გონებაში“, მეტად შევიცნოთ და გავუგოთ მათ.

მე დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. ვცდილობ, შევიცნო 6-10 წლის ადამიანები, რათა სწავლა-სწავლების პროცესი წარმატებით განვახორციელო.

მოსწავლეს თუ მეგობრად ვაქცევთ, ეს იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგება.

მინდა, ყურადღება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილო, რომლის გათვალისწინებაც დაგვეხმარება მასთან მეგობრობის ჩამოყალიბებაში. ეს არის ემოციები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ქცევას. ემოციური ფონი, განსაკუთრებით მრავალფეროვანია პატარა ასაკის ადამიანებში. თუმცა აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათ უჭირთ საკუთარი ემოციების მართვა. ხშირად, ეს ფაქტორი მოსწავლეს არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებს და ის მასწავლებლის ან მშობლების/ოჯახის წევრების მხრიდან გაკიცხვას იმსახურებს. ემოციები: სიხარული, შიში, გაბრაზება, წყენა და სხვა ამ პატარა ადამიანებში განუწყვეტლივ ენაცვლებიან ერთმანეთს და ქცევებიც შესაბამისია.

აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის ემოციებზე დიდ გავლენას ახდენს გარემო ფაქტორები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენც ბავშვობიდან მოვდივართ!

მალე 15 სექტემბერი დადგება და ჩვენ ეკრანს მიღმა მომზირალი ინტერესიანი, ცნობისმოყვარე ადამიანების ყურადღება უნდა მივიპყროთ.

მე მეორეკლასელ ადამიანებთან შესახვედრად ვემზადები. ვცდილობ, გავითვალისწინო ყველა ის ფაქტორი, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე და ვგეგმავ მაქსიმალურად მრავალფეროვანი, მათ ინდივიდუალურ თავისებურებებზე მორგებული აქტივობები შევთავაზო, რომ მოსწავლე ყოველი მომდევნო სასწავლო დღის მოლოდინით იღვიძებდეს და ის უდიდესი დისკომფორტი, რომელსაც შორით სწავლების პროცესი გვიქმნის, მისთვის სახალისო და საინტერესო გავხადო.

გიზიარებთ, შემდეგ აქტივობებს:

  • ,,ჩვენი ზაფხული“ – ასე დავარქვი აქტივობას, რომელსაც მოსწავლეებს გავუზიარებ. სწავლის დაწყებისას ისევ აქტუალურია საზაფხულო ამბები. მათ გახსენებას გვერდს ვერ ავუვლით. მრავალრიცხოვან კლასში კი დიდ დროს წაიღებს სათითაოდ, ყველა მოსწავლის მიერ საკუთარი არდადეგების გახსენება. გავუზიაროთ მოსწავლეებს მსგავსი სასიამოვნო ფოტო (იხ. ქვემოთ) და ვთხოვოთ, გაიხსენონ საკუთარი მხიარული საზაფხულო დღეები და მხოლოდ ერთი სიტყვით გამოთქვან, როგორი იყო მათი ზაფხული. ამ სიტყვამ უნდა აღწეროს ჩვენი საზაფხულო არდადეგები. კარგი იქნება პირველი ვიყოთ თავად ჩვენ. მაგ. ჩემ მიერ დასახელებული სიტყვა იქნებოდა ,,დასვენება“. როდესაც მოსწავლეები ასახელებენ სიტყვებს, მასწავლებელი ფოტოს ქვევით მიუწერს მას. საბოლოო ჯამში გამოგვივა ჩვენი საზაფხულო არდადებების საერთო დახასიათება.

შესაძლებელია, კითხვაში გასავარჯიშებლად მოსწავლეებს სათითაოდ ამოვაკითხვინოთ ჩამოწერილი სიტყვები.

  •   აქტივობა, რომელსაც გამოვიყენებ ჩვენი ურთიერთობის დასაწყებად/განსაახლებლად, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს. თავად მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს, რა გვანიჭებს ბედნიერებას ერთად ყოფნისას, რას ელოდებიან ჩემგან და რას უნდა ველოდე მათგან. ამ აქტივობით, ერთგვარად ჩამოყალიბდება საკლასო წესების მსგავსი ,,შეთანხმება“.

მე გთავაზობ ამას.                                               

    რას მთავაზობ შენ?

 

  • არის მომენტები, როდესაც მოსწავლე ჩაკეტილია, არ სურს საკუთარი სახელით საუბარი, არც საკუთარ თავზე და არც ზოგად საკითხებზე. მით უმეტეს, როდესაც ახალი სასწავლო წლის დასაწყისია და ცოტა უცხოობენ, მორცხვობენ, უჭირთ აქტიურობა თანაკლასელებისა და მასწავლებლის წინაშე.

მოცემული აქტივობა სწორედ ამგვარი დისკომფორტის მოხსნასა და ბავშვების ალაპარაკებას ემსახურება.

ვთავაზობ მათ სხვადასხვა არსებისა თუ საგნის მსგავს სახალისო ფოტოებს და ვთხოვ, ვისაც რომელი ფოტო შეხვდება, აღწეროს პირველ პირში და თქვას, მისი აზრით, რას ფიქრობს ფოტოზე გამოსახული არსება/საგანი.

მაგალითად: ,,მე ვარ ბუ, სახელად ჯეი. სკოლა დავამთავრე და მივიღე განათლება“.

ვფიქრობ, ეს აქტივობა გაახალისებს მეორეკლასელ მოსწავლეებს, გააღვივებს მათში ფანტაზიის უნარს. და ისინი ფიქრებს წინადადებებად აქცევენ.

 

  • ,,ჩვენი სასკოლო სურვილები“ – აქტივობის მიზანია, მოსწავლეები, ერთგვარად, დავაფიქროთ, საკუთარ მიზნებზე, სურვილებზე, რომლებიც სკოლასთან, სწავლასთანაა დაკავშირებული, და ვასაუბროთ მათ შესახებ. ცხადია, ვიწყებთ ჩვენ: „მე ვარ ინა და ჩემი სურვილია, ყოველდღე სახალისო გაკვეთილები შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს“. მოცემული ან მსგავსი თემატიკის ფოტოს გაზიარება, დაეხმარება მოსწავლეებს ამ კუთხით პოზიტიურად დაფიქრებაში.

 

  • შესწავლილის გამეორება“ – ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში აქტუალურია. გიზიარებთ ,,kargiskola.ge”-ზე განთავსებული აქტივობის ბარათების ლინკს, სადაც არაერთ საინტერესო, სახალისო და საჭირო რესურსს ნახავთ როგორ ქართულის, ასევე მათემატიკის მიმართულებით, კლასების მიხედვით. ცხადია, მას გამეორების მიზნითაც გამოიყენებთ.

https://kargiskola.ge/teachers/baratebi/matematika/matematikis%20baratebi/I%20klasi/I%20klas_GEO.pdf

https://kargiskola.ge/teachers/baratebi/kitxva/GL/Grade%201+2/Reading%20Activity%20Cards,%201-2%20kl.%20Qartuli%20ena%20(GLL).pdf

თვალსაჩინოდ ვაჩვენებ ჩვენს პლანეტას, შემდეგ ჩვენს კონტინენტს, ორ ზღვას შუა მდებარე ჩვენს სამშობლოს, ჩვენს დედაქალაქს და შემდეგ ისევ ,,გავემგზავრები“ კოსმოსში (გვერდი ამის შესაძლებლობას იძლევა). ვთხოვ მოსწავლეებს, გაუგზავნონ კეთილი სურვილები ჩვენს დედამიწას. მათი აზრით, რა არის ყველაზე მთავარი ჩვენი პლანეტისთვის?

 

  • ,,რას ვუსურვებთ ერთმანეთს?“ – ამ აქტივობით შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენი პირველი შეხვედრა ახალ სასწავლო წელს.

დაიწყეთ თავად და სთხოვეთ მოსწავლეებსაც, სათითაოდ თქვან, რას უსურვებენ ერთმანეთს ამ სასწავლო წელს.

იმედი მაქვს, რომელიმე აქტივობა მაინც დაგეხმარებათ, გაამრავალფეროვნოთ თქვენი შეხვედრა ძვირფას მეგობრებთან, ან იქნებ, რომელიმე აქტივობამ ახალი იდეა გაგიჩინოთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი