ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჰერბარიუმში დანახული სიმეტრიები

ბუნება მათემატიკის ენაზე ლაპარაკობს.

გალილეო გალილეი

მშობლები და პედაგოგები ხშირად კამათობენ იმის შესახებ, სასარგებლოა თუ არა საზაფხულო დავალებები. მე ვფიქრობ, საზაფხულო დავალება სახელმძღვანელოდან მონიშნულ ტექსტებს, სავარჯიშოებსა და ტესტებს არ უნდა დაეფუძნოს, მით უმეტეს, რომ, დიდი მოცულობის გამო, მასწავლებლები ვერ ახერხებენ მის შემოწმებას, რაც ბავშვებმაც კარგად იციან და ამიტომ დავალებებს, რომლებიც რვეულის რამდენიმე ათეულ ფურცელს ავსებს, შინაარსზე ფიქრის გარეშე ასრულებენ. ასეთი დავალებები, ცხადია, ვერავის დაეხმარება ცოდნისა და უნარების განვითარებაში.

ზაფხული ის დროა, რომელიც ბავშვმა მხიარულად უნდა გაატაროს, ამიტომ დავალების შინაარსზე ბევრი ვიფიქრე. მინდოდა, არც მეტისმეტად დიდი გამოსულიყო და, იმავდროულად, რამის კეთებასთან, კვლევასთან ან თვითკვლევასთან და, ცხადია, ეროვნულ სასწავლო გეგმასთანაც ყოფილიყო დაკავშირებული. საზაფხულო დავალება არ უნდა ჰგავდეს სტანდარტულ საშინაო დავალებებს, მან გაცილებით მეტი ინტერესი უნდა აღუძრას მოსწავლეს და ისეთი სახალისო შესასრულებელი იყოს, რომ ბავშვმა ვერც კი იგრძნოს, მისი შესრულების დროს როგორ იყენებს არსებულ ცოდნას და ეუფლება ახალს, უვითარდება კრიტიკული და შემოქმედებითი უნარები.

საზაფხულო არდადეგები სამი თვე გღძელდება. ჩემს მიერ მოფიქრებული დავალება გარკვეულ დროს კი მოითხოვს, მაგრამ ბავშვებს მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად გართობისა და თავგადასავლების შესაძლებლობასაც უტოვებს. შეუძლიათ, დავალების შესრულებაში მეგობრები და ოჯახი წევრებიც ჩართონ.

 

დავალების ბარათი მოსწავლისთვის

 

ჰერბარიუმში დანახული სიმეტრიები

 

ცხელ და მხიარულ ზაფხულს ძირითადად ბუნებაში ატარებ, მთაში ან ზღვაზე, მდინარეზეც ხშირად დადიხარ, ტყეშიც და დასასვენებელ ბაღებსა და პარკებშიც. დავალების შესრულება არ გაგიჭირდება, რადგან სწორედ ეს ადგილები დაგეხმარება. უფრო მეტიც – შეიძლება, შენი ეზოს მცენარეებიც კი საკმარისი აღმოჩნდეს.

 

შენი დავალებაა:

შეაგროვე ლამაზი, სიმეტრიული ფორმის ყვავილები, ფოთლები და შექმენი ჰერბარიუმის რამდენიმე ფურცელი. შენ მიერ დაჰერბარიუმებული კოლექციიდან ამოარჩიე ზოგიერთი ნიმუში და შექმენი კომპოზიციები, კოლაჟები, სადაც ყვავილებში, ღეროებსა და ფოთლებში „იკითხება“ ფიგურათა გეომეტრიული გარდაქმნები, ღერძული სიმეტრია, ცენტრული სიმეტრია, პარალელური გადატანა, მობრუნება. შენ მიერ შექმნილი კოლაჟი შემოქმედებით პროდუქტად აქციე, ან კედლის დეკორატიულ სურათად, ან წიგნის სანიშნედ, ან სასაჩუქრე ბარათად… ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს.

 

რეკომენდაცია:

ვიდრე დავალების შესრულებას დაიწყებ, გაიხსენე გეომეტრიული გარდაქმნების კონცეფციები.

დაგეხმარება შემდეგი მასალა:

. გეომეტრიული გარდაქმნები

. ღერძული სიმეტრია

. ცენტრული სიმეტრია და ღერძული სიმეტრია

. გეომეტრიული გარდაქმნები

ეს კი ინტერაქციული თამაშებია, რომლებსაც ხალისით შეასრულებ. აბა, სცადე:

https://www.teacherled.com/iresources/symmetry/symmetryshapes/

https://www.mathplayground.com/reflection_painter.html

https://www.mathplayground.com/rotation_painter.html

 

თამაშების აღწერა:

·       ბადეზე მოცემულია გეომეტრიული ფიგურა და სიმეტრიის ღერძი. მოთამაშეს ევალება, ამ ღერძის მიმართ ააგოს მოცემული ფიგურის სიმეტრიული ფიგურა. თამაში გვთავაზობს სხვადასხვა ფორმის ფიგურებს. მოთამაშეს შეუძლია ფიგურის პოზიციის შეცვლა, ასევე სიმეტრიის ღერძის როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად ან დიაგონალურად გავლება. თამაში აფასებს შედეგებს, გაძლევს შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას. თამაში სახალისოა, ავარჯიშებს გონებას და კონცეფციის უკეთ გაგებას უწყობს ხელს.

·       ეს თამაში (II; III) გეომეტრიული გარდაქმნების ღერძის მიმართ სიმეტრიისა და მობრუნების კონცეფციის უკეთ გააზრებასა და აღქმაში ეხმარება მოთამაშეს. მოთამაშეს შეუძლია, ღერძული სიმეტრია და მობრუნება გამოიყენოს რაიმე ლამაზი სურათის ან კომპოზიციის შესაქმნელად.

მოიძიე ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის ჰერბარიუმი, ჰერბარიუმის შედგენისა და მისი მნიშვნელობის გასააზრებლად ნახე შემდეგი მასალები:

. როგორ შევქმნათ ჰერბარიუმი

. რა არის ჰერბარიუმი და როგორ შევქმნათ ის

. ექსპედიცია

ჰერბარიუმის შექმნის მოკლე ინსტრუქციასაც მოგცემ:

ჰერბარიუმის შექმნა სახალისო და მარტივი პროცესია. ტყეში, მინდორში ან საკუთარ ეზოში მოძებნე საინტერესო ნიმუშები კოლექციის შესაქმნელად. ფრთხილად მოჭერი მაკრატლით ან პატარა წერაქვით ფესვიანად ამოიღე, გადაიტანე პლასტმასის კონტეინერში ან „ჰერბარიუმის წიგნაკში“ და წაიღე შინ. შინ მიტანილი ნიმუში ფრთხილად გაასუფთავე მტვრისა და მიწისგან, მოათავსე სქელ წიგნში, ფურცლებს შორის, ზემოდან სიმძიმე დაადე და ასე დატოვე რამდენიმე დღე.

გაითვალისწინე:

ü ეროვნულ პარკსა და ველური ბუნების ნაკრძალებში მცენარეთა შეგროვება უკანონოა.

ü ერიდე ძლიერი წვიმის შემდეგ მცენარეების შეგროვებას.

ü ჰერბარიუმის ნიმუშების ეტიკეტირება აუცილებელია. თუ კოლექციის ზოგიერთ ნიმუშს შემოქმედებით პროდუქტად აქცევ, აქაც საჭიროა ეტიკეტის დართვა. ეტიკეტზე ტექსტი უნდა შეიცავდეს მცენარის სახელს, ადგილმდებარეობას (სასურველია GPS კოორდინატებით) და დროს, ასევე იმ პირის სახელს, ვინც ნიმუში მოიპოვა.

 

როცა ნიმუშები გაშრება, შექმენი საინტერესო კოლაჟი, კომპოზიცია (მერწმუნე, ნიმუშები ხშირად თვითონვე იქცევა შთაგონების წყაროდ), რომლებშიც უნდა ჩანდეს ორი გეომეტრიული გარდაქმნა მაინც, ღერძული სიმეტრია, პარალელური გადატანა, ცენტრის მიმართ სიმეტრია, მობრუნება მათემატიკური გაანგარიშებებით (გირჩევ, გამოიყენო PVA წებო მშრალი ნიმუშების დასაფიქსირებლად).

 

მაშ ასე, ჩემო პატარა მკვლევარო, ზაფხულის ცხელი დღეები შინაარსიანად, შემოქმედებითად, შემეცნებითად გაატარე. ჰერბარიუმისთვის ნიმუშების შეგროვების დროს თუ რამე თავგადასავალი შეგემთხვა, ისიც გვიამბე.

 

მინდა, რამდენიმე დამატებითი მასალა შემოგთავაზო. მაგალითად, როცა ბუნებაში აგროვებ მცირე ზომის ყვავილებსა და ფოთლებს, მათთვის შეგიძლია დაამზადო ჯიბის ჰერბარიუმი/ ყვავილების დამჭერი წიგნი. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრა, ის ძალიან დაგეხმარება ნიმუშების დაუზიანებლად შენახვაში.

 

პრეზენტაცია წარმოადგინე შენთვის სასურველი ფორმით, შემოქმედებითად კრეატიულად (კედლის დეკორატიული სურათი, წიგნის სანიშნე, სასაჩუქრე ბარათი, ჰერბარიუმის ალბომი და ა.შ.)

ნაშრომის წარმოდგენისას პასუხი გაეცი შემდეგ კითხვებს:

·       როგორ გამოიყენე გეომეტრიული გარდაქმნები კოლაჟის შესაქმნელად?

·       როგორ დაგეხმარა სიმეტრიისა და გარდაქმნების ცოდნა დავალების შესრულებაში?

·       აღწერე შენი ნამუშევარი. რომელი ფორმებია სიმეტრიული? რა სახის სიმეტრიაა ნაჩვენები? აღწერე, რა წესით იმოძრავებს თითოეული „ფიგურა“.

·       რის ცოდნა აღმოჩნდა აუცილებელი დავალების შესრულებისას?

·       როგორ გამოიყენება გეომეტრიული გარდაქმნები ბუნების კანონების ასახსნელად, რეალური ვითარების წარმოდგენისა და განზოგადებისთვის?

 

შეავსე თვითშეფასების ბარათი:

 

თვითშეფასების ბარათი მოსწავლეებისთვის
შეფასების კრიტერიუმები დასვით „+“ ან „-“
მე ვიცი, რა არის სიმეტრია  
მე ვიცი, როგორ უნდა შევამოწმო, ფორმები სიმეტრიულია თუ არა  
მე ვიცი, რა არის ღერძული სიმეტრია  
მე ვიცი, რა არის ცენტრული სიმეტრია  
მე ვიცი, რა არის პარალელური გადატანა  

 

მე ვიცი, რა არის ასიმეტრია  

 

 

 

ბავშვები გაეცნობიან მცენარეებს და მათ სტრუქტურას, დააკვირდებიან ბუნებაში მცენარეების ნიმუშებს. შესაძლოა, ყველა მცენარის იდენტიფიკაცია ვერ მოახერხონ. დახმარებისთვის წიგნებს, საძიებო სისტემებს ან უფროსებს მიმართავენ, შეიძენენ ინტერნეტრესურსებთან მუშაობის უნარებს. ერთმანეთს შეადარებენ სხვადასხვა მცენარის ფოთლების ფორმასა და ზომას ან ყვავილების სტრუქტურას. გაიაზრებენ, რომ ბუნების მიერ შექმნილი მრავალი ფორმა სიმეტრიულია და ბუნებაში შესაძლებელია მათემატიკური გარდაქმნების აღმოჩენა, რასაც სილამაზე და ჰარმონია ჰქვია. მათემატიკის გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ ბუნების კანონების ასახსნელად. გაიაზრებენ, რომ მცენარეთა შენახვისა და მათზე დაკვირვების საუკეთესო გზაა დაპრესვა და გაშრობა, რომ ჰერბარიუმი ძალიან მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების საკვლევად. განუვითარდებათ ცოდნის ორგანიზების, დროის მენეჯმენტისა და შემოქმედებითი უნარები.

 

საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის

სამიზნე ცნება: ანალიზური გეომეტრია, გარდაქმნები

მკვიდრი წარმოდგენები:

  1. სიბრტყეში ან სივრცეში გეომეტრიულ ობიექტებს სხვადასხვა ურთიერთმდებარეობა აქვს. ანალიზური გეომეტრია გვეხმარება ადგილმდებარეობის განსაზღვრაში. ასევე – გეომეტრიულ ობიექტებსა და ელემენტებს შორის კავშირის აღწერაში.
  2. გარდაქმნების შესწავლა გვეხმარება ფიზიკური ცვლილების გააზრებაში.

 

საკვანძო შეკითხვა:

  • როგორ გვეხმარება გეომეტრიული გარდაქმნები შემოქმედებით პროდუქტის შექმნაში?
  • შეგვიძლია თუ არა, აღვწეროთ „ფიგურის/ნიმუშის“ გადაადგილება სიბრტყეზე გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებით?

 

მაკროცნება და მასთან დაკავშირებული კრიტერიუმი:

  • როგორ დაგეხმარა გეომეტრიული გარდაქმნები და კოორდინატები იდეებისა და ფორმების ერთმანეთთან დაკავშირებასა და მოდელირებაში?

 

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • სიბრტყეზე ორიენტირება და გეომეტრიული ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა;
  • გეომეტრიული ობიექტების გარდაქმნებით მიღებული ფიზიკური ცვლილებების გააზრება და მსჯელობა.

 

დიდი ინტერესით ველოდები მოსწავლეთა ნამუშევრებს, რომლებსაც განვათავსებ აქ

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198

  1. ქეთი ცერცვაძე. მათემატიკის გზამკვლევი კურიკულუმის შედგენისთვის. დამხმარე რესურსი მასწავლებლებისთვის (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით)

https://clck.ru/SkNrc

  1. https://www.allassignmenthelp.com/blog/summer-homework/
  2. https://study.com/blog/why-is-summer-reading-so-important-for-kids-success.html
  3. https://lebonbinome.fr/devoirs-de-vacances

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი