პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩემი კლასი

ქუთაისში სეირნობისას თეთრი მარმარილოთი ნაშენი პირველი გიმნაზია აღმოვაჩინე. გიმნაზიის ფასადზე მიკრული დაფა იუწყებოდა, რომ აქ სწავლობდნენ აკაკი წერეთელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, შალვა ნუცუბიძე და სხვა ბევრი სხვა.

უცბად გავმხიარულდი იმის წარმოდგენისას, დიდი თონეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის სკოლაში დაფა რომ ყოფილიყო წარწერით: „აქ სწავლობდნენ: ჩობანას ბიჭი ზურიკო, ონეზაანთ ჯაბა, კოფრჩხილოანთ მიშიკო და მე, ვაინაანთ დათო“. პოსტის დაწერასაც ვაპირებდი და ჩემი კლასელების მონიშვნასაც, მაგრამ გადავიფიქრე. რაღაც მოხდა და აღარ მქონდა მხიარული გული.

კლასში ცამეტნი ვიყავით, ოთხი გოგონა და ცხრა ბიჭი. სწავლით არ ვბრწყინავდით, თუმცა თავხედები  არ ვყოფილვართ. უფრო – ცელქები და დაუდევრები.

ყველაზე ბეჯითი და მოწესრიგებული მოსწავლე ვახო მახათაძე იყო, ანიჩკაანთ ვახო. ჭიათურის სკოლიდან გადმოვიდა მეოთხე კლასში. იმ დღის შემდეგ, რაც ბებიამისის გაკვეთილზე გვერდით მომიჯდა, ჩემი საუკეთესო მეგობარია. სკოლა ისე დავამთავრეთ, მისგან ვინმეზე ნათქვამი ავი სიტყვა არ გამიგონია. ბებიამისი თამარ ქემაშვილი კახელი ქალი იყო, აქ გაანაწილეს და აქვე დარჩა. ვახოს პაპას გაჰყვა ცოლად. სანამ გაჰყვებოდა, საღამოს სკოლაში ასწავლიდა. მოსწავლესაც შეუვარდა გული კოხტა მასწავლებელზე, რომელიც მასზე სულ რამდენიმე წლით იყო დიდი.

მკაცრი ქალი იყო, გაუცინარი, მაგრამ უზომოდ კეთილი და სამართლიანი. არ მახსოვს, ვინმეს მიკერძოებაში შეემჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოთხი შვილიშვილი ამავე სკოლაში სწავლობდა.

ვახო კი ჩვიდმეტი წლის იყო, მამამისი რომ გარდაიცვალა. თავი რომ ერჩინა, სწავლაზე უარი თქვა და მამის ხელობით დაიწყო მუშაობა. ვხედავ წელიწადში ერთხელ, ისე ვხვდებით, თითქოს ეს-ესაა სკოლიდან მოვედით და კალოზე ბურთის სათამაშოდ მივდივართ. დიდხანს მიცოცხლე, ღმერთო, მისი თავი!

ყველაზე ახტაჯანა კი სვეტა ნეკერაშვილი იყო, ვარლოანთ სვეტა. ბიჭებზე უკეთ თამაშობდა ფეხბურთს, პირველი ინიაციატორი იყო სკოლიდან გაპარვის. უპირობოდ მოგეხმარებოდა, როცა დიდი ბიჭები შენს დაჩაგვრას მოინდომებდნენ. ახლა უკვე დედაა, ძალიან საყვარელი გოგონების დედა.

კლასში ყველაზე მშრომელი იყო ასრათაშვილი ჯაბა. პატარაობიდანვე მწყემსავდა ცხვარს, ტრაქტორით ხნავდა მიწას. მოწიფული კაცის საქმეებს აკეთებდა სახლში. მახსოვს, როგორ ეკარგებოდა ხოლმე დიდ, ნაჯაფარ ხელებში კალამი.

ყველას გაჭირვების წამალი კი ჩობანას ზუკა იყო, ჩემი ბიძაშვილი. ყველას აწერინებდა დავალებას. მეც სულ მისგან ვიწერდი ალგებრას თუ გეომეტრიას, ფიზიკას თუ ქიმიას. სკოლიდან წამოსულები, სულ მასთან მივდიოდით, რადგან იქ გემრიელი ჯემები და მურაბები გვეგულებოდა. წლებია, არ მინახავს, უცხოეთშია წასული საშოვარზე, შვილები რომ გამოკვებოს…

დანარჩენებზე სხვა დროს მოვყვები.

ჩვენ ვერ გავხდით წმინდანები ექვთიმე თაყაიშვილივით, ვერც სახელოვანი მოქანდაკეები იაკობ ნიკოლაძესავით, ვერც ბულბულები დიდ აკაკისავით…

თუმცა ადამიანებად, მგონი, ვიქეცით თონეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის სკოლაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი