როდესაც მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას (ამოცანას, მაგალითს დაშ) მოსწავლე AI -ის გამოყენებით სწრაფად პასუხობს – მოსწავლე ხშირად ვერ ასწრებს პრობლემის გააზრებას, კითხვის დასმას ან საკუთარი ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას და ხდება აზროვნების პროცესის ჩანაცვლება სწრაფი, ალგორითმული პასუხით – ეს არის გამოწვევა და მას მასწავლებლისგან სჭირდება ადეკვატური მიდგომა.
მაგალითად, როდესაც მასწავლებელი სვამს კითხვას – ინდუსტრიული რევოლუციის მნიშვნელობის შესახებ, მოსწავლე დაუყოვნებლივ მიმართავს AI -ს, იგი იღებს ლოგიკურად გამართულ პასუხს, თუმცა გვერდს უვლის პრობლემის გააზრებას, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ანალიზსა და საკუთარი პოზიციის ფორმირებას ანუ ალგორითმი ფაქტობრივად ცვლის აზროვნების პროცესს, ხოლო გაკვეთილი გადადის ზედაპირულ, სწორ პასუხებზე ორიენტირებულ რეჟიმში, რაც აფერხებს კოგნიტურ პროცესებს – ცოდნის ფორმირების მთავარ საფუძველს.
ამ გამოწვევის საპასუხოდ, მასწავლებლის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და მოითხოვს სასწავლო დავალებებისა და კითხვების დიზაინის გადახედვას. როდესაც დავალება ისეა აგებული, რომ მოსწავლეს ჯერ სჭირდება საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება – მაგალითად, ინდუსტრიული რევოლუციის რამდენიმე შესაძლო მიზეზის დასახელება და მათგან ყველაზე გადამწყვეტის არგუმენტირებული არჩევა – ხოლო AI-ს გამოიყენება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე, შედარებისა და იდეების გაფართოებისთვის, ალგორითმი აღარ არის ამ საკითხზე ფიქრის და გააზრების შემცვლელი. ასეთ შემთხვევაში AI იქცევა აზროვნების მხარდამჭერ ინსტრუმენტად, სწავლა კი ხდება პროცესი და არა მხოლოდ საბოლოო პასუხის მიღებაზე ორიენტირებული. ამგვარი მიდგომა სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებს, რომლებიც მოსწავლის დამოუკიდებელი, კრიტიკული და არგუმენტირებული აზროვნების განვითარებას უსვამს ხაზს.
AI -ის გამოყენების ორი პრაქტიკის შედარების სქემა – ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) მოთხოვნის კონტექსტში
| კრიტერიუმი | A ვერსია – პასუხი უსწრებს გააზრებას | B ვერსია – გააზრებული პასუხი |
| ესგ-ის ძირითადი აქცენტი | ცოდნის რეპროდუცირება | აზროვნების განვითარება |
| საკლასო დავალების ტიპი | დახურული, შედეგზე ორიენტირებული | ღია, პროცესზე ორიენტირებული |
| მოსწავლის აქტივობა | ინფორმაციის მიღება და გადაცემა | ანალიზი, შეფასება, არგუმენტაცია |
| აზროვნების დონე (ესგ-ის მიხედვით) | ბლუმის დაბალი საფეხური | ბლუმის მაღალი საფეხური |
| კრიტიკული აზროვნება | არ აქტიურდება | მიზანმიმართულად ვითარდება |
| დამოუკიდებელი აზროვნება | სუსტდება | ძლიერდება |
| მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრება | მინიმალური | ცენტრალური |
| არგუმენტირებული მსჯელობა | არ მოითხოვება | აუცილებელი კომპონენტია |
| მასწავლებლის როლი | კითხვების დასმა, პასუხის მიღება | პროცესის დიზაინერი |
| შეფასების ფოკუსი | საბოლოო შედეგი | პროცესი და აზროვნება |
| ChatGPT-ის ფუნქცია | პასუხის წყარო | აზროვნების მხარდამჭერი ინსტრუმენტი |
| შესაბამისობა ესგ-ის პრინციპებთან | ნაწილობრივი | მაღალი |
ეროვნული სასწავლო გეგმა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მოსწავლის დამოუკიდებელი, კრიტიკული და არგუმენტირებული აზროვნების განვითარებაზე. ამ კონტექსტში AI -ის გამოყენების A ვერსია ეწინააღმდეგება ესგ-ის ძირითად პრინციპებს, ვინაიდან სწავლების ფოკუსი გადატანილია მზა პასუხის მიღებაზე და არა აზროვნების პროცესზე. B ვერსია, პირიქით, სრულად შეესაბამება ესგ-ის მოთხოვნებს, რადგან უზრუნველყოფს მოსწავლის აქტიურ ჩართულობას, აზროვნების ეტაპობრივ განვითარებას და ტექნოლოგიის გამოყენებას როგორც სწავლების მხარდამჭერ, და არა მის ჩანაცვლებელ რესურსს.
მასწავლებლის როლი, ესგ-თან შესაბამისობა და შეფასება
AI -ის სწრაფი ინტეგრაცია სასწავლო პროცესში ქმნის ახალ პედაგოგიურ გამოწვევას: როდესაც მოსწავლე მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე დაუყოვნებლივ იღებს ტექნიკურად სწორ პასუხს AI-ის დახმარებით, აზროვნების პროცესი შესაძლოა ჩანაცვლდეს ალგორითმული შედეგით. ასეთ ვითარებაში მასწავლებლის როლი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ შეკითხვის დასმითა და პასუხის მიღებით — ის ხდება სასწავლო პროცესის დიზაინერი, რომელიც მიზანმიმართულად მართავს ფიქრის ეტაპებს და ტექნოლოგიას აქცევს აზროვნების მხარდამჭერ ინსტრუმენტად. ეს მიდგომა სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) ძირითად პრინციპებს, რომლებიც მოსწავლის დამოუკიდებელი, კრიტიკული და არგუმენტირებული აზროვნების განვითარებას უსვამს ხაზს.
ის გააზრებული გამოყენება გაკვეთილზე – აღნიშვნის ფურცელი
| კრიტერიუმი | დიახ | არა |
| დავალება მოითხოვს მოსწავლის წინარე ცოდნას AI-ის გამოყენებამდე | ☐ | ☐ |
| შეკითხვა არის ღია და არ აქვს ერთი სწორი პასუხი | ☐ | ☐ |
| დავალება აგებულია ეტაპებად (ფიქრი → არგუმენტირება → შედარება → რეფლექსია) | ☐ | ☐ |
| AI – გამოიყენება მხოლოდ მეორე ეტაპზე | ☐ | ☐ |
| მოსწავლე ადარებს საკუთარ პასუხს AI-ის მიერ გენერირებულს | ☐ | ☐ |
| შეფასება ფოკუსირებულია აზროვნების პროცესზე | ☐ | ☐ |
| მოსწავლე განმარტავს, რა შეცვალა AI-ის გამოყენების შემდეგ | ☐ | ☐ |
| დავალება მოითხოვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრებას | ☐ | ☐ |
| AI წარმოდგენილია როგორც მხარდამჭერი ინსტრუმენტი და არა ავტორიტეტი | ☐ | ☐ |
| გათვალისწინებულია რეფლექსიის ეტაპი | ☐ | ☐ |
ტექნოლოგია როგორც პარტნიორი
AI -ის ინტეგრაცია საკლასო პრაქტიკაში ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის არ ანაცვლებს მოსწავლის აზროვნებას, არამედ აძლიერებს მას. ამ მიზნით, მასწავლებლის მთავარი ამოცანაა სასწავლო დავალებების ისეთი დიზაინი, რომელიც უზრუნველყოფს:
- გააზრების ეტაპობრივ განვითარებას.
- კრიტიკულ ანალიზს.
- არგუმენტირებულ მსჯელობას.
- რეფლექსიას.
სწორედ ამგვარი მიდგომა აქცევს ხელოვნურ ინტელექტს თანამედროვე პედაგოგიკის პარტნიორად და არა მის ჩანაცვლებლად.
და მაინც რა ხდება მაშინ თუ…
მასწავლებელი ყველაფერს სწორად აკეთებს – აგებს დავალებას ეტაპობრივად, უზრუნველყოფს რეფლექსიას – და მაინც, მოსწავლე ირჩევს სწრაფ პასუხს AI-სგან?რა ხდება, როდესაც არა ტექნოლოგია, არამედ სწორი პასუხის კულტურა თავად არის პრობლემა? რა ხდება, როდესაც მთელი სისტემა აფასებს შედეგს და არა პროცესს.
ამაზე პასუხები ვიპოვეთ შემდეგ სტატიაში – “სწორი პასუხის ილუზია”.


