ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სკა და რეგეი- მუსიკა როგორც რელიგიანაწილი მეორე

„ჩემი მუსიკა სამუდამოდ გაგრძელდება.
შესაძლოა, სისულელედ მოგეჩვენოთ, 
მაგრამ მე იმას ვამბობ, რაც ვიცი:
ჩემი მუსიკა სამუდამოდ გაგრძელდება”.
ბობ მარლი
რასტაფარაი – ვფიქრობ, ჩვენში ეს სიტყვა ცოტას თუ გაუგონია. მას ეთიოპიური ძირები აქვს. სიტყვასიტყვით „გმირ მმართველს” ნიშნავს, მაგრამ რასტაფარაი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი პიროვნება; ის ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ საინტერესო განშტოებას წარმოადგენს – აი, ისეთს, ჩვენში რომ სექტებს უწოდებენ.

მსუბუქი და ფერადი ტანსაცმელი, მეჩხერი წვერი, დრედლოქები და კანაბისის შესამჩნევი რაოდენობა სისხლში – ამ ნიშნებით ამოიცნობთ რასტაფარიანებს, რომლებსაც შემოკლებით რასტა ადამიანებს (Rasta Man) უწოდებენ. მათთვის რასტაფარაი არ არის მხოლოდ რელიგია – ის „ცხოვრების გზაა”. მათ სწამთ მამა ღმერთის (რომელსაც „ჯას” (Jah) სახელით მოიხსენიებენ) და სამების, თუმცა ფიქრობენ, რომ ღმერთი არა ერთხელ, როგორც ქრისტიანთა უმრავლესობას მიაჩნია, არამედ ორჯერ განკაცდა. პირველი იესო ქრისტეა, მეორე კი ეთიოპიის იმპერატორი ჰაილი სილასიი I. სწორედ ამ უკანასკნელს უწოდებენ გმირ მმართველს – რასტაფარაის. ინტერნაციონალისტური შეხედულებებისა და გამოზომილი, სწორი პოლიტიკური კურსის გამო ჰაილი სილასიი I ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა როგორც ეთიოპიის, ისე მთლიანად აფრიკის ისტორიაში.
 
ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რასტა, რა თქმა უნდა, ბობ მარლი გახლავთ. მისი ცხოვრებისეული მრწამსი დიდწილად ემთხვევა რასტაფარაის, რომელიც მშვიდობას, სიყვარულს და ერთიანობას ქადაგებს. ნესტა რობერტ (ბობ) მარლი ჯამაიკის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში დაიბადა 1945 წელს. თანატოლებს ის ყოველთვის უცნაურად მიაჩნდათ, რადგან გარშემო ყველა შავკანიანი იყო, ბობ მარლი კი მულატი. ის სოფლის ცხოვრებით ცხოვრობდა, მიწას ამუშავებდა, ეხმარებოდა დედას და მეზობლებს. დედაქალაქში, კინგსტონში, ჩასული მარლი თრენჩთაუნის უბანში დასახლდა. როგორც კრიმინალური, ასევე პოლიტიკური ვითარება 50-იანი წლების ჯამაიკაში იდეალურისგან ძალზე შორს გახლდათ. ერთ-ერთ ინტერვიუში ბობი იხსენებს, რომ თრენჩთაუნში მთავარი იყო, პოლიციას არ ჩავარდნოდი ხელთ – კარგი დღე ნამდვილად არ დაგადგებოდა. აქაური ბავშვები შიმშილობდნენ, დიდები კი ქურდობითა და ბოროტმოქმედებით ირჩენდნენ თავს. მუსიკის „კეთება” მარლიმ სწორედ აქ დაიწყო. ხომ გახსოვთ ტექსტი: 

Said I remember when we used to sit In the government yard in Trenchtown

ბენდს, რომელთან ერთადაც მარლიმ თავისი მუსიკალური კარიერის საკმაოდ დიდი ნაწილი გაატარა, The Wailers – „მგლოვიარენი” ჰქვია. სახელი სპონტანურად შეირჩა, თუმცა ის ნათლად გამოხატავს ჯგუფის ფესვებს – ყველა წევრი თრენჩთაუნიდან იყო, ადგილიდან, სადაც ხშირად ტიროდნენ. სხვათა შორის, The Wailers უკანასკნელი შემადგენლობით 1981 წლიდან დღემდე მართავს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. რა თქმა უნდა, ბობ მარლის გარეშე.

ბობი ყოველთვის განსხვავებულად უყურებდა სამყაროს. არ უყვარდა პოლიტიკა, უყვარდა ადამიანები და მუსიკა, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეეძლო. სტილი, რომელსაც ის უკრავდა, რეგეი გახლდათ – სკა მუსიკის ერთგვარი გაგრძელება, რომელსაც, როგორც ბობის მეგობრები ამბობენ, მარლიმ სულიერება, რასტაფარაი დაამატა. რეგეი უნიკალური რიტმითა და ჟღერადობით განსხვავდება სხვა ჟანრებისგან. აქცენტი გადატანილია არა პირველ, არამედ მეორე დარტყმაზე, შესაბამისად, მთელი კომპოზიციაც სხვაგვარად აიწყობა.

მარლის ჰქონდა უნიკალური უნარი ადამიანთა გაერთიანებისა. 1970-იანებში კინგსტონში პოლიტიკური ვითარება ძალზე არასახარბიელო გახლდათ. ორ მხარეს, ულტრამემარჯვენეებს (ნაციონალისტებს) და მემარცხენებს (სოციალისტებს), შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ სისხლიანი შეტაკებები ჯამაიკის დედაქალაქის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 1976 წელს, კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობსაც დაესხნენ თავს. მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიტიკური იყო, თუმცაღა მარლის არაერთხელ განუცხადებია თავისი აპოლიტიკურობის შესახებ. ბობი სასწაულებრივად გადაურჩა უცნობი მამაკაცის ტყვიას, რომელმაც ისე ახლოს ჩაუარა, რომ მისმა სიმხურვალემ კანი დასწვა. კონცერტი რამდენიმე დღის შემდეგ მაინც გაიმართა და მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ ბობმა ქვეყნიდან რამდენიმე ხნით გამგზავრება მაინც გადაწყვიტა. კინგსტონში კი ვითარება უფრო და უფრო იძაბებოდა. 1978-ში მომღერალს ჯამაიკელები შეეხმიანნენ და ორი მხარის შესარიგებელი კონცერტის გამართვა სთხოვეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შეჩერება მხოლოდ მის მუსიკას თუ შეეძლო. მარლი უყოყმანოდ დათანხმდა და განაცხადა, რომ სიცოცხლეს ფასი არ აქვს, თუ ის შენს ხალხს არ მოახმარე. კონცერტზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მივიდა. იქ იყვნენ რასტაფარიანები, ქრისტიანები, მემარჯვენეები, მემარცხენეები… ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იარაღით ხელში ებრძოდნენ ერთმანეთს, ახლა ერთი მუსიკის რიტმებზე ცეკვავდნენ.

კონცერტის დასასრულს ბობმა ორივე დაპირისპირებული ჯგუფის მეთაურები მიიწვია სცენაზე და შერიგების ნიშნად საჯაროდ ჩამოართმევინა ხელი. საინტერესო ის არის, რომ ეს ყველაფერი წინასწარ არავის დაუგეგმავს. ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ამბობს ბობი პოლიტიკოსების ფონზე: „სიყვარული, კეთილდღეობა იყოს ჩვენთან… ჯა, რასტაფარაი…”

 
მარლი 1981 წლის 11 მაისს, 36 წლისა გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი მელანომა (კანის სპეციფიკური სიმსივნე) იყო, რომელიც ბოლო წლებში მომღერალს განსაკუთრებით რთული ფორმით ჰქონდა. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ის ორთოდოქს ქრისტიანად მოინათლა ეთიოპიის ორთოდოქსულ ეკლესიაში.

მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ალბათ ბევრი ისეთი ადამიანი მოიძებნება, რომელიც რელიგიურ თემატიკაზე კარგ ნაწარმოებებს წერდა ან წერს, მაგრამ, ვფიქრობ, ცოტაა გავლენიანი მუსიკოსი, რომელიც ისე კარგად ახერხებს ერთ კომპოზიციაში თავისი აზრის, რელიგიური შეხედულებებისა და საყოველთაო მშვიდობის იდეის შერწყმას, როგორც ბობ მარლი. One Love ამის საუკეთესო მაგალითია. კარგად მახსოვს, 2011 წელს ბათუმის ჯაზფესტივალზე მოვისმინე ეს სიმღერა ლონდონის გოსპელ გუნდის შესრულებით. სწორედ მაშინ ვაღიარე ბობ მარლის გენიალურობა – მისი კომპოზიციები გაძლევს საშუალებას, იფიქრო, შეიგრძნო და შეითვისო თითოეული ბგერა თუ სიტყვა. სწორედ ამიტომაა ბობ მარლი უნიკალური მოვლენა მუსიკის ისტორიაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი