ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პირველკლასელების პირველი ონლაინ გაკვეთილი

 

 

სამყარო მართლა შეიშალა. სულ რაღაც სამი წლის წინ, სამეცნიერო ფილმებს პოპკორნთან ერთად რომ ვუყურებდით და მძაფრი სიუჟეტისგან ადრენალინიც ჭარბად გამოგვეყოფოდა, აი, ამ სიუჟეტებმა და სამეცნიერო ფანტასტიკამ გადმოინაცვლა დღეს, ჩვენს ყოველდღიურობაში,  გადმოინაცვლა და ასე მიყოლებით დაიწყეს ფილმებმა და შიშებმა ახდენა. თანმიმდევრობით, ნელ-ნელა, ოღონდ ისე, რომ ამ ყველაფერს ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.

ცუდი დროება დაგვიდგა, ძალიან ცუდი და მძიმე. თითქოს ყველა ბოროტებამ და უძველესი დროების კოშმარებმა ჩვენს ეპოქაში დაიდეს ბინა, თითქოს რომელიღაც ბნელმა ძალამ გაიღვიძა და შურისძიება მოწყურებული ართმევს ადამიანებს ყველაზე ძვირფასსა და სანუკვარს: ერთმანეთს, იმედს. სანაცვლოდ კი  შიშებითა და შფოთვებით ამარაგებს, მარტოობას და საკუთარი ნებითა და სურვილებით გამოკეტვას აიძულებს. სიხარული მიაქვს, მის ადგილას კი გაურკვეველ, ჰიბრიდულ გრძნობას გვიტოვებს. ეს გრძნობა რაღაც ახალია, აქამდე გამოუცნობი და არარსებული, შიშისა და უმწეობის, სასოწარკვეთისა და მბჟუტავი იმედის ერთობლიობა. იქნებ არც არის ახალი და ეს გრძნობა ისეთივე ძველია, როგორც მთლიანად სამყარო, იქნებ ომებგამოვლილთათვის ძალიანაც ახლობელი და ნაცნობია.

ჰოდა, ბნელმა ძალებმა ბავშვების გამოკეტვა და მარტოობის მისჯა დააპირა. სიხარულისა და ბედნიერების წართმევა, მათ ნაცვლად კი იმედგაცრუებისა და მოწყენილობის ჩანერგვა.  აი, აქ კი, ბნელ ძალებს არ გაუმართლათ, თან ძალიან არ გაუმართლათ! რადგან არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც სინამდვილეში სუპერ გმირები არიან, ოღონდ ეს მათმა უმრავლესობამ ჯერ კიდევ არ იცის, როცა დრო მოდის, როცა ერთ ბავშვს მაინც სჭირდებიან, სუპერ ძალები თავისთავად იჩენენ ხოლმე თავს და დიახ, შეუძლებელი უკვე შესაძლებელი ხდება. ეს თითქოს ჩვეულებრივი სამყარო, სინამდვილეში სავსეა სასწაულებით, როგორც ერთი ყოფილი ბავშვი და მწერალი-მფრინავი ამბობდა: მთავარი უხილავია, კი, გულით დასანახი თვალით დასანახად რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

რაც უფრო ახლოვდება სწავლის დაწყების დღე, რაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდა დისტანციური სწავლება დიდ ქალაქებში, მას მერე, სოციალურ ქსელებში, მასწავლებლების თითქმის ყველა ჯგუფში დიდი ფუსფუსი და ალიაქოთია. ეს ჩვენი, თითქოს ჩვეულებრივი, მასწავლებლები წამიერად გარდაისახნენ განსაკუთრებული ძალების მქონე არსებებად, მათი მთავარი მიზანია: ბავშვებმა არ მოიწყინონ! ბავშვები არ დადარდიანდნენ! შეინარჩუნონ სიხარული და ბედნიერების განცდა. განსაკუთრებით ის მასწავლებლები დაქრიან ჯგუფებში და საგანმანათლებლო ფეისბუქ გვერდებზე, რომლებიც პირველ კლასს ელოდებიან, თან ონლაინ! წარმოგიდგენიათ, რამხელა მისია აკისრიათ? წარმოგიდგენიათ, რა რთული იქნება ბოროტ ძალებთან გამკლავება?!  სიხარულის წართმევის და იმედგაცრუების ყველაზე დიდი საფრთხე ხომ იმ ბავშვებს ემუქრებათ, რომლებმაც ეს ესაა უნდა შედგან ფეხი სკოლაში და ეს ესაა უნდა გაიჩინონ ძალიან, ძალიან ბევრი მეგობარი. აი, ამ მოლოდინებსა და იმედებს შეუდგა წყალი. ჰოდა, ეძებენ მასწავლებლები ისეთ ჯადოსნურ რესურსებს, ისეთ აქტივობებს, რომ პირველკლასელებისთვის სუპერ მასწავლებლად იქცნენ და ჯადოსნური ჯოხით უკან დაახევინონ ბოროტ ძალებს.

ვკითხულობ და ვკითხულობ, რას გეგმავენ, როგორ გეგმავენ, როგორ ეძებენ, რას ეძებენ, როგორ ემზადებიან ბავშვებთან ეკრანის მიღმა და ეკრანით შეხვედრებისთვის.

ჰოდა, ვიფიქრე, აბა მეც ვცადო, რას გავაკეთებდი, პირველკლასელებთან პირველი შეხვედრა რომ მიწევდეს ონლაინ?

რას გავაკეთებდი დაა…

შეხვედრას დავიწყებდი ძალიან, ძალიან ეფექტურად და თვალისმომჭრელად. აი, მაგალითად,  გავხსნიდი Google earth – გვერდს: https://earth.google.com/web/ და მათ თვალწინ დავაბზრიალებდი დედამიწას. დაე, იცოდნენ, რომ მასწავლებლებს ჯადოსნური ძალა გვაქვს! ვეტყოდი, მოგესალმებით, ჩვენი ყველას საერთო სახლიდან: დედამიწიდან! მერე რაა, რომ  ერთ ოთახში არ ვართ, მერე რაა, რომ ეკრანია ჩვენ შორის, ჩვენ ერთი დიდი სახლის მაცხოვრებლები ვართ და ეს გვაერთიანებს. ამის შემდეგ მაუსით გადავლახავდი ოკეანეებსა და კონტინენტებს და მივადგებოდი ჩვენს მშობლიურ ევრაზიის კონტინენტს, სხვათა შორის, ვახსენებდი, რომ ეს ჩვენი კონტინენტია, ისე გაკვრით, შემდეგ კიდევ უფრო დავაახლოებდი და საქართველოს აღმოვაჩენდი! ამას კი ხმამაღლა და მკვეთრად განვაცხადებდი, რომ ეს საქართველოა, ჩვენი სამშობლო, ხოლო ბოლო ნაბიჯი იმ ქალაქის, რაიონის, სოფლის ჩვენება იქნებოდა სადაც ჩვენი სკოლაა, იმდენად დახვეწილია ეს აპლიკაცია, რომ სკოლის ნახვის შესაძლებლობაც კია და აი, ეკრანს იქით და აქეთ მსხდომი მასწავლებელი, მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ზემოდან დავხედავდით და მოვინახულებდით ჩვენს რეალურ სკოლას.

მერე ვთხოვდი, რომ აბა, კარგად მოკალათებულიყვნენ საკუთარ მაგიდებთან და დაეხატათ სკოლა – როგორიც მათ წარმოუდგენიათ, ოღონდ  აუცილებლად შიგნით საკუთარი თავებიც დაეხატათ, სად იქნებიან ნეტა? რომელ მერხზე? რომელ ოთახში? როგორ გამოიყურება მათი წარმოსახვით საკლასო ოთახი, შიგნით რა ნივთები აწყვია?

როგორი ეზო აქვს სკოლას? ან აქვს თუ არა? და აი, როცა ყველა ბავშვი შეასრულებს დავალებას, დრო არ დაგვენანოს, რომ ბავშვებმა ისაუბრონ,  წარუდგინონ კლასელებს წარმოსახვითი სკოლები და მოყვნენ, რას ფიქრობენ, როგორი სკოლა სურთ. საერთოდაც, კარგი იქნება, თუ ონლაინ სწავლებისას, ძირითადად ბავშვები ეკრანთან კი არ იმუშავებენ, არამედ მის მიღმა, ფურცლით და ფანქრებით. ვეცდებოდი, ეკრანი მხოლოდ შეხვედრებისთვის და გაკვეთილის ჩატარების საშუალებად მექცია.

და აი, მოვიდა დრო, მეც გავეცნო ჩემს მოსწავლეებს. ვინ ვარ მე? წინასწარ მომზადებულ საინტერესო და სასაცილო პრეზენტაციას ან ანიმაციას წარვუდგენდი ჩემ შესახებ, რომელი მულტფილმი მიყვარს? რომელი ზღაპარი? რომელი ფერი? რომელია ჩემი საყვარელი პერსონაჟი? ანუ ის ყველაფერი, რაც ბავშვებს ძალიან, ძალიან აინტერესებთ და უნდათ, რომ იცოდნენ, თან არ დაგვავიწყდეს, პატარები უზომოდ ცნობისმოყვარეები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასწავლებელს არ იცნობენ პირისპირ, არადა როგორ აინტერესებთ!

ახლა მოსწავლეები უნდა გავიცნოთ, ამ აქტივობას ისე წარვმართავდი, რომ ბავშვებს ერთმანეთში საერთო ინტერესები აღმოეჩინათ, ეს ძალიან, ძალიან საჭირო და აუცილებელია, განსაკუთრებით ონლაინ სწავლებისას. აქაც წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია დამეხმარებოდა, მოვამზადებდი ძალიან შთამბეჭდავ ფერებში, ანიმაციებით და საყვარელი გიფებით, ასეთი შეკითხვებით: ვის უყვარს ნაყინი? ვის უყვარს მოანა? ვის უყვარს მეფე ლომი? ვის წაუკითხავს „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“? ვის აქვს ცისფერი თვალები? შავი თმა? ვისი სახელი იწყება ასო-ბგერა მ-ზე? ვისი გვარი იწყება ასო-ბგერა ნ-ზე? ვინ იყო ამ ზაფხულს ზღვაზე? ვინ იყო ამ ზაფხულს სოფელში? ვის ჰყავს სახლში ძაღლი? ვის ჰყავს სახლში კატა? ვისი საყვარელი ფერია მწვანე? წითელი? და, რა თქმა უნდა, ბავშვები დაიწყებენ, დაიწყებენ და ზუსტად ვიცი, გაკვეთილის დროს გადავაჭარბებთ, რადგან ყველას მოუნდება თავის თავზე რაღაც თქვას, ყველას მოუნდება წამოიძახოს: მეც მყავს ძაღლი, ჩემს ძაღლს ჩარლი ჰქვია! მე ამ ზაფხულს ცურვა ვისწავლე!, ლოტა ჩემი საყვარელი პერსონაჟია ან პეპი უფრო მომწონს. და ის ყინულიც გალხვება, რომელიც ეკრანმა გააჩინა. ჰოდა, მგონია, რომ ბედნიერება მათთან დარჩება, ოღონდ შემდეგ შეხვედრებზე ამ ბედნიერების შენარჩუნებისთვის ბრძოლა მომიწევს. თუმცა, მთავარი დასაწყისია, მთავარი პირველი შეხვედრა და პირველი გაკვეთილია.

მერე რაა, რომ პანდემიაა, მერე რაა, რომ ფიზიკურად ვერ შევხვდით, ჩვენ ხომ ერთი სახლი გვაქვს, ჩვენ სახლს დედამიწა ჰქვია და ის ისევ ბზრიალებს…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი