თანამედროვე სწავლება ემყარება იდეას, რომ მოსწავლე უნდა იყოს აქტიური შემოქმედი და არა მხოლოდ ცოდნის მიმღები. როდესაც სწავლება ხდება ბავშვებისთვის შთამბეჭდავი, მრავალგანზომილებიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული, ისინი უკეთესად ითვისებენ სასწავლო მასალას და ივითარებენ ცხოვრებისეულ უნარებს. სწორედ ასეთი იყო მესამე კლასში განხორციელებული ინტეგრირებული პროექტი, რომლის თემაც იყო „ზოოპარკი“.
ზოოპარკის თემის შესწავლა გაერთიანდა რამდენიმე საგანში — ბუნება, ხელოვნება, წერა და მეტყველება — და კულმინაციად იქცა დიორამის შექმნის პროცესში. მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნეს ზოოპარკის მოცულობითი მაკეტები (დიორამები), რაც დაეხმარათ მათ როგორც თემის გააზრებაში, ისე თანამშრომლობის, შემოქმედებითობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებაში.
ამ სტატიაში განვიხილავ დიორამის გამოყენების საგანმანათლებლო ღირებულებას, გავაანალიზებ განხორციელებულ ნაბიჯებს და წარმოგიდგენთ შეფასების რუბრიკას SOLO ტაქსონომიის მიხედვით.თემა: ზოოპარკი ბუნებაში — ინტეგრირებული სწავლება დიორამის დახმარებით
კლასი: მესამე
სასწავლო ერთეული: ბუნება და გარემო
გაკვეთილის თემა: ზოოპარკი
სწავლების ფორმატი: ჯგუფური, ინტეგრირებული, პროექტზე დაფუძნებული სწავლება
სწავლების მეთოდები:
- პროექტზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
- თანამშრომლობითი სწავლება
- ვიზუალური აზროვნების სტიმულირება
- ხელოვნებისა და ბუნების ინტეგრაცია
- მეტაკოგნიტური უნარების განვითარება
გაკვეთილის აღწერა
ზოოპარკის თემა განიხილება ბუნების, ხელოვნებისა და ქართულის ინტეგრირებული რაკურსით. მოსწავლეებმა შეისწავლეს ცხოველთა ჰაბიტატები, მათი ქცევა, საჭიროებები და ზოოპარკის მნიშვნელობა როგორც ცხოველთა დაცვის და საგანმანათლებლო სივრცის.
სასწავლო პროცესის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნეს დიორამა — მოცულობითი მაკეტი, რომელიც ასახავს ზოოპარკის სცენას. მათ გამოიყენეს სხვადასხვა მასალა: ქაღალდი, მარკერები, ფანქრები, და მწვანე დეკორაციული ელემენტები.
მიზნები და ამოცანები
მიზანი:
მოსწავლეებმა ინტეგრირებულად, შემოქმედებითი გზით წარმოაჩინონ ზოოპარკის შესახებ ცოდნა და გაიმყარონ გარემოსდაცვითი ცნობიერება.
ამოცანები:
- თემატური ლექსიკის განმტკიცება (ცხოველების სახელები, ჰაბიტატები)
- ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება
- შემოქმედებითი თვითგამოხატვა
- გარემოზე პასუხისმგებლობის გაძლიერება
აქტივობის ეტაპები
- თემის შესწავლა:
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ზოოპარკზე, ცხოველებზე, მათი ჰაბიტატებისა და დაცვის საჭიროებაზე. - დაგეგმარება და ესკიზის შექმნა:
ჯგუფებმა შეიმუშავეს საკუთარი ზოოპარკის მოდელის ნახაზები, განსაზღვრეს რომელ ცხოველს სად და როგორ მოათავსებდნენ. - დიორამის შექმნა:
გამოიყენეს გადამუშავებული მასალები, ფერადი ქაღალდები და ბუნებრივი ელემენტები. გაჩნდა ბალახი, ღობეები, ცხოველები, ხეები, მზე და ღრუბლები. - პრეზენტაცია და აღწერა:
თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა თავისი ნამუშევარი და წაიკითხა ტექსტი, სადაც განმარტებული იყო, რატომ აირჩიეს ეს ცხოველები, რა გარემოში ცხოვრობენ და როგორ უნდა ვიზრუნოთ მათზე.
სასარგებლო შედეგები
- მოსწავლეებმა განმტკიცეს გარემოს დაცვისა და ცხოველებზე ზრუნვის მნიშვნელობა.
- განვითარდა მათი მოლაპარაკების, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები.
- გაჩნდა ინტერესი ბუნების შესწავლისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართ.
- გაძლიერდა თემატური ლექსიკა და მეტყველების უნარი.
მასწავლებლის როლი – მასწავლებელმა შეარჩია მრავალფეროვანი წყაროები, გაუწია ბავშვებს მენტორობა, წაახალისა იდეების გენერირება და უზრუნველყო უსაფრთხო და ხელშემწყობი საგაკვეთილო გარემო. განსაკუთრებით წახალისდა მოსწავლეების ინდივიდუალური უნარების გამოვლენა ჯგუფურ მუშაობაში.
შეფასება SOLO ტაქსონომიის მიხედვით
დონე (SOLO) | დახასიათება | მოსწავლის ნამუშევრის კრიტერიუმები | კომენტარის სივრცე |
1. პრე-სტრუქტურული | ინფორმაცია არასწორადაა გამოყენებული ან სულ არ ჩანს. | დიორამაში ელემენტები არ შეესაბამება ზოოპარკის თემას. თემის არსი არ გაიაზრა. | |
2. უნისტრუქტურული | ერთი ასპექტი ზედაპირულადაა წარმოდგენილი. | წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ცხოველი ან გარემოს ელემენტი, განმარტება მინიმალურია. | |
3. მულტი-სტრუქტურული | რამდენიმე ასპექტია წარმოდგენილი, მაგრამ ერთმანეთთან არაა დაკავშირებული. | დიორამაში ჩანს რამდენიმე ცხოველი, გარემოს დეტალები, თუმცა ურთიერთკავშირი ან ახსნა არ ჩანს. | |
4. რელაციური | ასპექტები კავშირშია თემასთან და ერთმანეთთან. | დიორამაში ელემენტები თემატურად დაკავშირებულია. მოსწავლემ ახსნა ცხოველების გარემო, საჭიროებები და ზოოპარკის როლი. | |
5. გაფართოებული აბსტრაქცია | წარმოდგენილია შემოქმედებითი მიდგომა და ღრმა გააზრება. | ნამუშევარში გამოკვეთილია ეკოლოგიური თუ ეთიკური საკითხები; ახსნაში ჩანს ანალიზი და ბავშვური მაგრამ გულწრფელი დასკვნები. |
დიორამა გახდა არა მხოლოდ შემოქმედებითი ინსტრუმენტი, არამედ მეთოდი, რომელმაც გაამყარა ინტეგრირებული სწავლების ეფექტი, გაააქტიურა ბავშვების ცნობისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა ცხოველების მიმართ. მსგავს აქტივობებს აქვთ შესაძლებლობა, გააერთიანონ სხვადასხვა საგნის მიზნები ერთ კონსტრუქციულ და სახალისო პროცესში.