ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მშობლის ოთხი ტიპი

 

თანამედროვე ფსიქოლოგები მშობლების ოთხ ძირითად ტიპს გამოყოფენ, რომლებიც სუფთა სახით ბუნებაში იქნებ არ გვხვდება, მაგრამ სწორი კლასიფიკაციისთვის ათასობით გამოკითხულის პასუხების შეჯამების შემდეგ გვთავაზობენ შემდეგ ვერსიებს:

 

  1. ზოოტოპისტები;
  2. ვერტმფრენები;
  3. ვეფხვივით დედიკოები;
  4. სიტუაციის დამლაგებელი მშობლები.

 

თითოეულ მათგანს აღზრდის საკუთარი სტილი აქვს და, როგორც ფსიქოლოგიური ტესტები მოწმობს, მათი ამოცნობა არცთუ ისე რთულია.

ზოოტოპისტები „ცდისა და შეცდომის“ მეთოდის მომხრეები არიან. „იტკენს და აღარ გაიმეორებს“ – ეს მათი ცხოვრებისეული ფილოსოფიაა.

2008 წელს „ნიუ იორკ თაიმსის“ ბლოგერმა ლენორ სკენენზმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წერდა, თუ როგორ გაუშვა 9 წლის შვილი ნიუ იორკის მეტროთი.

ამ წერილს ფართო და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. გაზეთისგან მოითხოვდნენ ჟურნალისტის სამსახურიდან გაძევებას, მისთვის მშობლობის უფლების ჩამორთმევას და ა.შ.

სკენენზის ლოგიკა ასეთი იყო: ჩემმა შვილმა იცის კითხვა, მე მას ვასწავლე ხაზებისა და ციფრების მიხედვით საჭირო სადგურის ამოცნობა და ჩამოსვლა, მივეცი მგზავრობისთვის საჭირო ფული და იმედი, რომ ის უკვე დიდი ბიჭია, ყველაფერი გამოუვა.

საპროტესტო მუხტმა, რომელიც ლენორის წერილს მოჰყვა, აიძულა ჟურნალისტი, წამოეწყო მოძრაობა „ვერტმფრენების“ ანუ შვილზე გადაფოფრილი მშობლების წინააღმდეგ.

„დაუტოვეთ შვილებს მეტი თავისუფალი სივრცე, მიეცით მათ რწმენა, რომ თვითმყოფად ცხოვრებას მოახერხებენ, ასწავლეთ არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთება!“ – ასეთი იყო სკენენზის მოწოდება, რომელსაც ბევრი მშობელი აჰყვა.

ამ მოძრაობის მოწინააღმდეგენი კი ამტკიცებდნენ, რომ 9 წლის ბავშვის ნიუ იორკის მეტროთი მარტო გაშვება იგივეა, რაც ლომის გალიაში თიკნის ჩასმა იმ იმედით, რომ გამოსავალს იპოვის.

„ეს უპასუხისმგებლობაა და არა თავისუფლება!“ – ამუნათებდნენ სკენენზის და საკითხის ირგვლივ გამართულმა რამდენიმეთვიანმა დისკუსიამ საზოგადოებაში შემდეგი შეკითხვები გააჩინა:

  • რამდენი წლიდან შეიძლება დიდ ქალაქში ბავშვის მარტო გაშვება?
  • უსაფრთხოა თუ არა ბავშვის პარკში სათამაშოდ დატოვება უფროსის მეთვალყურეობის გარეშე?
  • და სახლში, მარტო? რა ასაკიდან?
  • რა ასაკიდან შეიძლება მოზარდმა მიაქციოს ყურადღება მასზე უმცროსს?
  • უნდა ისჯებოდეს თუ არა მშობელი უფლებების შეზღუდვით, თუ ის ნაადრევ თავისუფლებას აძლევს შვილს რისკების გაუთვალისწინებლად?

დისკუსიამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ზოგი მშობლისთვის თუ 7 წლის ბავშვის კინოში ან გასართობ ატრაქციონზე მარტო დატოვება მისაღები იყო, ზოგი 12 წლის შვილისთვის მომვლელს ქირაობდა.

სკენენზის მოუხდა განემარტა, რას გულისხმობდა ზოოტოპიური მშობლის ცნებაში. ის წერდა, რომ შვილისთვის თავისუფალი სივრცის დატოვება არამც და არამც არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას და უყურადღებობას ბავშვის მიმართ. ლენორის თქმით, აღზრდის ასეთი თავისუფალი მიდგომა შემდეგ ფუნდამენტურ კონცეფციას ეფუძნება:

ა) მოსაწყენ და წინასწარ გაწერილ გრაფიკში (მუსიკის, მათემატიკის, ხატვის გაკვეთილები, ჩოგბურთი სამზე, სკოლიდან უმალ რეპეტიტორთან და ა.შ.) ბავშვს უნდა დავტოვოთ „დაუგეგმავი“ დროც, როცა ის თავად გადაწყვეტს რა გააკეთოს, მივცეთ თანატოლებთან მეტი დროის გატარების საშუალება და განცდა, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვია, თუმცა შეუძლია, ბევრი რამ, უფროსისთვის ხელმისაწვდომი, მასაც გამოუვიდეს.

ბ) ზოოტოპისტები მხარს უჭერენ ბავშვის მეტ ინტეგრაციას ბუნებასთან, არ უშლიან შვილებს ცხოველების მიკარებას, ხშირად უშვებენ ეზოში, არ ტეხენ პანიკას, თუ ბავშვი ტალახში გაგორდა ან ბლის ხეზე აცოცდა და გაურეცხავი ხილის ჭამა დაიწყო.

გ) ბავშვების დამოუკიდებლობა ასეთი მშობლებისთვის გარანტიაა იმისა, რომ ისინი ზრდასრულ ასაკშიც დამოუკიდებლები იქნებიან. ადვილად არ დაემორჩილებიან სხვის აზრს, ექნებათ ძლიერი „მე“ და არ შეეშინდებათ, ამოატრიალონ სამყარო თავიანთი გიჟური იდეებით.

დ) ზოოტოპისტებს მიაჩნიათ, რომ უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული, ამიტომ ბავშვს კი არ უნდა აუკრძალო, არამედ უნდა ასწავლო, როგორ იაროს სწორად ველოსიპედით, როგორ გადავიდეს გზაზე ფრთხილად, როგორ გაიგნოს გზა ცხოვრებაში. მათი გადმოსახედიდან, ასეთი აღზრდა უფრო მეტ შრომას მოითხოვს, რადგან ბავშვს მუდმივად ჭირდება ახსნა, როგორ იყოს დამოუკიდებელი.

 

ვერტმფრენი მშობლები

„აღარ არის ის დრო, ბავშვს ადვილად რომ უშვებდი გარეთ, ახლა ქუჩაში მეტი მანქანა და საშიში ადამიანი დადის!“ – პასუხობენ „ზოოტოპისტებს“ მეორე ტიპის მშობლები. ფსიქოლოგებმა მათ ვერტმფრენები უწოდეს.

ვერტმფრენი მშობლები ბევრ დროს ატარებენ შვილების გვერდით, ეხმარებიან სასკოლო დავალებების შესრულებაში, მფარველობენ მათ და მუდმივად თავს დასტრიალებენ. ამიტომაც შეარქვეს „ვერტმფრენები“.

თუმცა ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის მშობლების დიდი ნაწილი მზრუნველობისას აჭარბებს, რადგან დამოუკიდებელ სივრცეს მნიშვნელოვნად უზღუდავს შვილებს.

ტერმინი პირველად ჰაიმ გინოტმა გამოიყენა 1969 წელს წიგნში „მშობელსა და თინეიჯერს შორის“. ის წერდა, რომ დედამისი მთელი ცხოვრება ვერტმფრენივით დასტრიალებდა თავს.

ბევრს ასეთი მშობელი, პირიქით, მისაბაძად მიაჩნია, რადგან ის ჩვილობიდან უმაღლესის დასრულებამდე და ხშირად დაოჯახების შემდეგაც ზრუნავს „ბავშვზე“, ოჯახის ბიუჯეტს შვილების საჭიროებების მიხედვით გეგმავს, „თავად ყველაფერს იკლებს, რომ შვილებს მოახმაროს“ და ასე შემდეგ.

ასეთი მშობლები, დედებიც და მამებიც, ზედმეტად ერევიან შვილების ცხოვრებაში, უგეგმავენ ყოველ წუთს, სამეგობრო წრეს, მიზნებს და ეხმარებიან მათ წარმატების მიღწევაში. თუმცა ამას გამუდმებით აკეთებენ საკუთარი გადმოსახედიდან, სხვისი ცხოვრების მუდმივი მონიტორინგით.

მეორე მხრივ, ასეთი მშობლები მისწრებაა სკოლის ან სპორტული წრის ადმინისტრაციისთვის. ისინი გამუდმებით შვილების ახლოს ტრიალებენ და საქმეს უიოლებენ მასწავლებლებს და ადმინისტრაციას. მათ ვერ დაასწრებ ექსკურსიის დაგეგმვას თუ ბავშვების „მწყემსვას“, როცა სხვა მშობლები მინდორზე წამოკოტრიალებულები მწვადსა და წითელ ღვინოს აგემოვნებენ.

ვერტმფრენი მშობლების შვილებს აქვთ შემდეგი ცხოვრებისეული ჩვევები:

  • ისინი ზედმეტად არიან დამოკიდებულები მშობლებზე. 18 წლისაც კი დედამ უნდა გააღვიძოს, მამა სამსახურის პოვნაში დაეხმაროს, ბებომ სადილი მოუმზადოს და ასე შემდეგ.
  • ასეთი ბავშვები ზრდასრულ ასაკშიც კი სხვის აზრზე დამოკიდებულები რჩებიან. მათთვის „მფარველი“, „პატრონი“ ცნობიერების რომელიღაც ღრმა შრეზე არსებული სიგნალივითაა, რომელიც მუდმივად აქტიურდება კრიტიკულ მომენტში.
  • ასეთი ბავშვები ჯეროვნად თავის დაცვას ვერ ახერხებენ. ისინი მიჩვეულები არიან, რომ ვიღაც სხვა, დამხმარე უნდა გამოჩნდეს და მოუგვაროს პირადი თუ საზოგადო პრობლემა.
  • ისინი არ არიან მზად ბუნებრივი „უბედურებებისთვის“ თვალის გასასწორებლად. მათ მუდამ ვიღაც იცავდა ბულინგისგან, მშობლებმა ისინი გულისტკენას გადაარჩინეს, სამეგობრო წრე მუდამ მოწესრიგებული ჰქონდათ და ასე შემდეგ, მოკლედ, ბუდასავით იზრდებოდნენ, მაგრამ ცხოვრება კოლბა არ არის და მშობელიც ყოველთვის ვერ იქნება გვერდით.

 

სიტუაციის დამლაგებელი მშობლები

ალბათ ყველა მასწავლებელს შეხვედრია მამა, დედა, ბებია ან ბაბუა, შვილისა თუ შვილიშვილის ნიშნებს რომ აპროტესტებს, ითხოვს დეტალურ ანგარიშს იმის თაობაზე, რატომ არ აქვთ მათ შესაბამისი მოსწრება – ისინი ხომ ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოზარდების წინაშე ყველა ბარიერი დაინგრეს!

სინამდვილეში, ასეთი მშობლები, რაღაც გაგებით, დაყრილ ნაგავს ხვეტავენ საკუთარი წარსულიდან. ისინი სიცოცხლის ბოლომდე ასეთები რჩებიან – უნივერსიტეტში პირადად იცნობენ შვილების ლექტორებს, კურსდამთავრებულებისთვის ეძებენ სამსახურს, მერე დამქირავებელთან არკვევენ მათი „პატარების“ ხელფასსა და შვებულების დღეებს, ერევიან შვილების პირად ცხოვრებაშიც, რომ პარტნიორმა „არ დაჩაგროს“, არჩევენ სასტუმროს, სადაც მათი ვაჟი ან ქალიშვილი უნდა გაჩერდეს მეუღლესთან ერთად, ეშინიათ, „ბავშვმა“ თვითმფრინავზე არ დააგვიანოს და იქამდეც კი მიდის ხოლმე საქმე, რომ შვილებს უკვე შვილიშვილებისგანაც იცავენ. ასეთი მზრუნველობა თითქოს ცხოვრებას უნდა უიოლებდეს ადამიანს, მაგრამ ფსიქოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ. ისინი ამტკიცებენ, რომ მზრუნველობის ობიექტი ასეთ დროს საშინლად ითრგუნება, თავს უმწეოდ გრძნობს და დეპრესიის ნაადრევ ნიშნებს ავლენს.

სიტუაციის დამლაგებელ მშობლებს იმის დაშვებაც კი არ შეუძლიათ, რომ მათმა შვილებმა ცხოვრებაში შეიძლება რამენაირი დისკომფორტი განიცადონ. ტკივილს, იმედგაცრუებას, რაც ყოფიერებას ახლავს თან და გვზრდის, შეიძლება შეეჯახოს „ყველა სხვა, მაგრამ არა მათი შვილები“. ასეთი მშობლები გაუტამას მამასავით არიან: – ტკივილი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი შვილი მას ვერ იგრძნობს, – ასეთია მათი ლოგიკა. მაგრამ ცხოვრება სრულიად საპირისპიროა და მათი აღზრდილი ბავშვებიც უნებურად უნებისყოფობით, გადაწყვეტილების მიღების უუნარობით და სოციალური იმპოტენციით იტანჯებიან.

თუ ასეთი ბავშვი მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახში გაიზარდა, პირველივე ეკონომიკური გაჭირვება მას სრულიად უუნაროს გახდის პრობლემის მიმართ.

ის, რაც მშობელს პრობლემებისგან შვილის დაცვა ჰგონია, სინამდვილეში დათვური სამსახურია.

„ამას შენ უჩემოდ ვერ გააკეთებ. ნებისმიერ პრობლემას მე მოგიგვარებ!“ – ასეთი დამოკიდებულება უსახურ მოქალაქეებს ზრდის. როდესაც საზოგადოების კრიტიკული ნაწილი „სხვაზე მინდობილია“, მას არც პასუხისმგებლობის განაწილება შეუძლია. ის მუდმივად გარეთ ეძებს მხსნელს და როდესაც ასეთი არ ჩანს, წარმოუდგენლად იტანჯება.

„პატრონი არ მყავს!“, „კაცი მჭირდება, რომ ხელი წამკრას!“ – ასეთი ადამიანები თავის დროზე ბრძოლისუუნაროებად გაზარდეს. მშობლების, ვიტყოდი, ბუნებრივი, მაგრამ გადამეტებული ზრუნვა მათთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა, მათ არ მიეცათ შანსი, „ცდისა და შეცდომის“ მაგალითზე პიროვნულად განვითარებულიყვნენ და გახდნენ ისეთები, როგორებიც გახდნენ. თავის მხრივ, ახლა ისინი ცდილობენ გადაეფარონ შვილებს იქ, სადაც მოზარდი თავად უნდა გაუმკლავდეს პრობლემას და ჯაჭვი უწყვეტ და დაუსრულებელ სახეს იღებს.

მეორე მხრივ, სიტუაციის დამლაგებელ მშობლებს ძნელად გამოეპარებათ ბულინგი. ისინი თავიანთი პედანტურობითა და ჰიპერაქტიურობით სასკოლო ცხოვრების ხარისხის ამაღლებასაც უწყობენ ხელს, მაგრამ მთლიანობაში მათი როლი მაინც შესასუსტებელია.

როგორ ამოვიცნოთ საკუთარ თავში ასეთი მშობელი?

  • თუ შვილის პრობლემის შეტყობისთანავე მოგვარებას მთლიანად საკუთარ თავზე იღებთ და საშუალებას არ აძლევთ მოზარდს, ჯერ თავად სცადოს მისი გადაჭრა,
  • თუ აკონტროლებთ წრეს, რომელთანაც ბავშვმა უნდა იკონტაქტოს და ნებისმიერი ყოფითი კონფლიქტის წამოჭრისას შვილს „მოძალადეს“ განარიდებთ,
  • თუ მიგაჩნიათ, რომ ყველა ბავშვი, ვინც თქვენს შვილს ეკონტაქტება, სანიმუშო უნდა იყოს,
  • თუ მიგაჩნიათ, რომ „თქვენი შვილი ამას არ იზამდა“ და ყოველთვის სხვაა დამნაშავე,
  • თუ ბანაკში ან ექსკურსიაზე ღამისთევისას „საკუთარისთვის“ საუკეთესო ოთახს ითხოვთ,
  • თუ შვილის დავალებას თავად წერთ, რომ არავინ შეუსწოროს და დასცინოს,
  • თუ შვილი ასაკით უმცროსების კლასში შეგყავთ, რომ სხვაზე ჭკვიანი გამოჩნდეს, –

შესაძლოა, სწორედ ამ ტიპის მშობელი იყოთ.

 

ვეფხვივით დედიკო

ამ ტერმინის უკან, ცხადია, იგულისხმება მამიკოც. ის, უბრალოდ, სპეციფიკური ტიპის მშობელს მოიაზრებს, რომელიც ძალიან მომთხოვნია შვილების მიმართ.

ასეთი მშობლები შვილებს ადრეული ასაკიდანვე უსახავენ მიზანს და მის მისაღწევად უძილო ღამეებს, ზემოტივაციას, მეგობრებთან დროის გატარებაზე ფიქრის თავიდან ამოგდებას და მშვილდივით დაჭიმულობას სთხოვენ.

ტერმინი პირველად იურისტ ემი ჩუას გამოუყენებია, როდესაც დედაზე და საკუთარ როგორც მშობლის გამოცდილებაზე სტატიას წერდა.

წიგნის „ოდა ვეფხვ მშობელს“ გამოცემის შემდეგ მედია და პედაგოგიკის სფეროთი დაინტერესებული ფსიქოლოგები ტერმინზე ალაპარაკდნენ.

„ვეფხვივით დედიკომ“ შვილზე შესაძლოა დადებითი გავლენაც მოახდინოს, განსაკუთრებით – თუ ბავშვი სუსტი ნებისყოფისა ან ზარმაცია, მაგრამ აუცილებელია მოზომილი ქცევა და იმ მიზნის გათვალისწინება, რომლის მიღწევაც მშობელს უნდა.

ასეთი მიდგომა, ერთი მხრივ, თვითდისციპლინას უვითარებს მოზარდს, მეორე მხრივ, კი სტრესულ გარემოს უქმნის მაღალი და ხშირად მიუღწეველი მიზნის წარმოდგენისას. ბეთჰოვენის მამა შვილს სთხოვდა, მოცარტივით გენიალური ყოფილიყო. ამისთვის 8 წლის ისედაც ნიჭიერ ლუდვიგს 4 წლისად წარადგენდა და სასაცილო მდგომარეობაში აგდებდა, ღამეებს ათენებინებდა და გვარიანადაც წკეპლავდა, რომ „პატარა გენიოსი“ ყოფილიყო. კომპოზიტორს ბავშვობაშ შეძენილი თვითდისციპლინა მთელი ცხოვრება გაჰყვა და მერეც, დრო რომ მოეგო, თავის გამოსაფხიზლებლად ყინულიანი წყლით იბანდა თავს, რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია კიდეც მისი სიყრუე.

ასეთი მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ აღზრდილი ბავშვები პატარაობიდანვე ბევრ დროს უთმობენ სწავლას და ცოტას – თამაშს, წუხან დაბალ შეფასებაზე, განიცდიან კარიერულ დაღმასვლას და ხშირად, ბედნიერება ისე ჩაუვლით ხოლმე გვერდით, ვერც კი მჩნევენ, რადგან მიზნისკენ მიმავალ გზას დასასრული არ აქვს.

მაშინ, როდესაც კარგი კარიერა მათთვის სტიმული და სწორი ცხოვრების ნიშანია, მარტივ სოციალურ ურთიერთობებში ისინი სრულ კრახს განიცდიან ხოლმე და ეს მთელი ცხოვრება ტანჯავთ. განიცდიან ნებისმიერ წარუმატებლობასაც, რადგან რეალური ან გარდაცვლილი მშობლების იმედგაცრუებისა ძალიან ეშინიათ.

2013 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ, მიუხედავად ასეთი „მობილიზებულობისა“, „ვეფხვი დედიკოებისა“ და თავისუფალი სტილის მომხრეების მიერ გაზრდილი
შვილების აკადემიური მოსწრება, მთლიანობაში თითქმის არ განსხვავდება, მაშინ როდესაც მკაცრი, მაღალ მოტივაციაზე ორიენტირებული ბავშვები თინეიჯერობის დასასრულიდანვე უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მელანქოლიისა და დეპრესიისკენ.

ფსიქოლოგების ნაწილი აღზრდის ასეთი სტილის მომხრე მშობლებს ურჩევს, ოდნავ შეარბილონ მიდგომა, ზომიერად, ნელ-ნელა ასწიონ თამასა და, შესაბამისად, შეამცირონ შვილზე ზეწოლა და სტრესი, გაიზიარონ მისი წარუმატებლობა, გაამხნეონ, მეტი სიყვარულით მოეპყრონ და ასწავლონ მათ, რომ ხანდახან წაგება ბუნებრივია.

პედაგოგიკის თანამედროვე სკოლები მიიჩნევენ, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში აღზრდის ეს სტილი ყველაზე მეტადაა დამკვიდრებული და დროა, იქაურებმა იმაზე იფიქრონ, როგორ შეაზაონ სხვადასხვა მეთოდოლოგია ისე, რომ არც მწვადი დაიწვას და არც შამფური. ბოლოს და ბოლოს, სუფთა სახით ხომ აღზრდის არც ერთი მეთოდი არ გვხვდება ბუნებაში და იმან, რაც ერთი ოჯახისთვის დამღუპველია, მეორეს შესაძლოა უშველოს.

 

წერილი მომზადებულია ელისონ ენდრიუსისა და კარლი სნაიდერის წიგნების მიხედვით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი