ოთხშაბათი, სექტემბერი 17, 2025
17 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025

ინტეგრირებული აქტივობა – „დროის მანქანა“

ტექნოლოგიურად სწრაფად ცვალებად გარემოში, ტრადიციული, ერთფეროვანი სწავლება მოსწავლისათვის აღარაა მიმზიდველი. ერთფეროვანი დავალებები და ერთსა და იმავე მეთოდებზე დაფუძნებული გაკვეთილები ვეღარ აღძრავს  ინტერესსა და მოტივაციას. შედეგად, ახალგაზრდებში მცირდება შემოქმედებითი ენერგია, თანამშრომლობის უნარები და  ცოდნის გამოყენების პრაქტიკა.

სწორედ ამიტომ, განათლების სფეროში მწვავედ იგრძნობა ინოვაციური მიდგომების საჭიროება, რაც აუცილებელია ინტეგრირებულ სწავლებაში, პრაქტიკულ პროექტებსა და ინტერაქტიურ აქტივობებში. ამ გზით მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ ფაქტებს, არამედ პრობლემების გადაჭრას, გუნდურ მუშაობას და საკუთარი იდეების რეალიზებას.

გაგაცნობთ ინოვაციურ აქტივობას „ცოცხალი დიალოგები და დროის მანქანა“, რომელიც ერთგვარი ინტეგრირებული  ხიდია მოსწავლის ყოველდღიურ გამოცდილებასა და სასკოლო სასწავლო მიზნებს შორის. ეს კავშირი სჭირდება  დღეს განათლებას – სწავლის პროცესის გარდაქმნა შთამაგონებელ თავგადასავალად.

 აქტივობის იდეა – მოსწავლეები „დროის მოგზაურებად“ იქცევიან: თითოეულ საგანს შეუძლია, „დაუკავშიროს“ თავისი თემა კონკრეტულ ეპოქას. კლასში „იქმნება“ „დროის მანქანა“, რომლის მეშვეობითაც ბავშვები სხვადასხვა ეპოქაში გადაინაცვლებენ და თითოეულ საგანში დაგროვილ ცოდნას  გამოიყენებენ.

სამუშაო ფურცლები

სამუშაო ფურცელი №1 – ისტორიკოსის მისია

ამოცანა: მოიფიქრე, რომელ ეპოქაში იმოგზაურებ. აირჩიე ერთ-ერთი :

  • ანტიკური საბერძნეთი;
  • შუა საუკუნეები;
  • საქართველოს ოქროს ხანა;
  • მე-20 საუკუნე.

ჩამოწერე:

  • რომელ ისტორიული პიროვნებას შეხვდები?
  • რას კითხავ ამ ისტორიულ პიროვნებას წარსულზე და აწმყოზე?
  • რა პასუხები ექნება მას შენს შეკითხვებზე?
  • რომელი ისტორიული წყარო გამოიყენე დავალების შესასრულებლად?

სამუშაო ფურცელი №2 – მათემატიკოსის გამოწვევა

ამოცანა: წარმოიდგინე ამ ქალაქში ადრე დიდი ციხესიმაგრე იყო. მცველს ყოველდღე უწევდა 180 კიბის საფეხურის ავლა-ჩამოვლა 2-ჯერ. დღეს ქალაქში ცათამბჯენებია. შენ მუშაობ მეცხრე სართულზე. თითო სართული მოიცავს 28 საფეხურს, მაგრამ შენ ლიფტით მოძრაობ. წარმოიდგინე, რომ ლიფტი არ არის და ყოველდღე კიბეებით ადიხარ და ჩამოდიხარ.

კითხვა: ვის უფრო მეტი საფეხურის ავლა-ჩამოვლა მოუწევს — ძველი ციხის მცველს თუ შენ?

სამუშაო ფურცელი №3 – მწერლის დავალება

ამოცანა: დაწერე პატარა წერილი იმ დროის ადამიანის სახელით (მაგ. გლეხი, ხელოსანი, მეფე, ბერი, მწერალი, შენი თანატოლი).

  • ვის სწერს(აურჩიე ადრესატი)?
  • რა პრობლემაზე საუბრობს?
  • რა სათქმელი ექნება მომავლისთვის?

სამუშაო ფურცელი №4 – მეცნიერის ლაბორატორია

ამოცანა: აირჩიე წარსულის რომელიმე  გამოგონება (მაგ. წყლის წისქვილი, ზარის მექანიზმი, პირველი ტელეგრაფი, ეტლი, რკინიგზა და ა.შ.) და აღწერე, როგორ შეცვალა მან ადამიანების ცხოვრება.
შექმენი მარტივი სქემა ამ გამოგონების როლის წარმოსაჩენად!

სამუშაო ფურცელი №5 – ხელოვანის პერსპექტივა

ამოცანა: შეარჩიე ეპოქა, შექმენი ამ  ეპოქის „ფრესკა“,  „აფიშა“, „ხალიჩის ესკიზი“ და ა.შ.

  • გამოიყენე ეპოქისთვის დამახასიათებელი  სიმბოლოები (ფერი, ფორმა, პერსონაჟი) და შექმენი ექსპოზიცია.
  • მოიფიქრე სლოგანი, რომელიც ასახავს იმ დროის სულს და შენი შექმნილი „ექსპოზიცია“  გამოსაფენად შესთავაზე  თანამედროვე მუზეუმს და დაუსაბუთე  მუზეუმის ხელმძღვანელობას რატომაა მნიშვნელოვანი მისი გამოფენა ამ მუზეუმში.

საერთო  საკლასო პროდუქტები (ჯგუფური)

  • „დროის დღიური“ – თითოეული მოსწავლე ავსებს თავისი დღიურის ფურცელს, საბოლოოდ კი იქმნება ერთიანი ქრონიკა.
  • ინტერაქტიური გამოფენა – კლასში მოწყობილია „დროის კუთხეები“, სადაც მოსწავლეთა  ნამუშევრებია  თავმოყრილი.
  • დროის დებატები – მოსწავლეები სხვადასხვა ეპოქის „მოქალაქეებად“ იქცევიან და მსჯელობენ,- „რომელი ეპოქა იყო ადამიანისთვის საუკეთესო?“

ასეთი აქტივობები ინტერაქტიურია – ბავშვები თავად ქმნიან სცენარებს, სწავლობენ საგნების ერთმანეთთან დაკავშირებას, ივითარებენ სხვადასხვა უნარს და  „დროის მანქანით“ ერთად მოგზაურობენ სხვადასხვა ეპოქაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“