ახალი კონცეფციის ათვისების საუკეთესო გზა მისი გამოყენებაა. განვიხილოთ ორი გლობალური საკითხი გეოგრაფიული აზროვნების კონცეფციების გამოყენებით.
სივრცითი მნიშვნელობის კონცეფცია მოითხოვს ადგილის უნიკალურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებას. ეს გეოგრაფიული კვლევის ძირითადი არსია.
სამი მარტივი კითხვით: სად/რა არის? რატომ იქ? რატომ გვაინტერესებს? – შეგვიძლია დავიწყოთ ნებისმიერი გეოგრაფიული კვლევა.
აივ (HIV) ვირუსის გავრცელება მსოფლიოში
გავაანალიზოთ მოცემული რუკა.
სად არის მაღალი აივ (HIV) ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი?
რა განაპირობებს აივ (HIV) ვირუსის ასეთ მაღალ გავრცელებას კონკრეტულ რეგიონში?
აფრიკის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქვეყნებში ზრდასრულ მოსახლეობაში აივ (HIV) ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ხოლო რაც უფრო ჩრდილოეთით მივიწევთ კონტინენტზე, მაჩვენებელი მით უფრო იკლებს.
რატომ არის ასე?
სხვა რა კითხვები ჩნდება ამ რუკის ნახვის შემდეგ?
კანონზომიერებები და ტენდენციები
კანონზომიერებებისა და ტენდენციების კონცეფცია მოითხოვს, დავაკვირდეთ, არის თუ არა მახასიათებლები მსგავსი და განმეორებადი ბუნებრივ ან ადამიანურ გარემოში (კანონზომიერება) და იმატებს, იკლებს თუ უცვლელი რჩება ეს მახასიათებლები დროთა განმავლობაში (ტენდენცია).
დაუბრუნდით HIV/AIDS-ის გრაფიკს.
როგორია HIV/AIDS-ის გავრცელების კანონზომიერება?
ურთიერთკავშირები
ურთიერთკავშირების კონცეფცია მოითხოვს, გავაანალიზოთ კავშირები ბუნებრივ და ანთროპოგენურ გარემოებებს შორის და მათ შიგნით.
შეგვიძლია, განვიხილოთ ბუნების ურთიერთდაკავშირებული კომპონენტები, რომლებიც სისტემებს ქმნიან.
შემდეგ გავაანალიზოთ სისტემებს შორის არსებული ურთიერთკავშირები, რათა დავადგინოთ, რა გავლენას ახდენენ ისინი ერთმანეთზე. საბოლოო მიზანი იმის გარკვევაა, არის თუ არა ეს ურთიერთობები მდგრადი.
აფრიკაში აივ (HIV) ვირუსის პანდემიის შესწავლისას ვსვამთ კითხვებს:
. რა ურთიერთობები არსებობს დაინტერესებულ მხარეებს შორის? კერძოდ, მათ შორის, ვინც ინფიცირებულია აივ (HIV) ვირუსით, ვინც მკურნალობს ინფიცირებულებს, ვინც ცდილობს მოსახლეობის განათლებას დაავადების გადაცემისა და პრევენციის შესახებ?
. უნდა აწუხებდეთ თუ არა აივ-ის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს ის, რაც ხდება მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში?
. არის თუ არა კავშირი აივ (HIV) ვირუსის გავრცელებასა და ფიზიკურ გარემოს შორის?
გეოგრაფიული პერსპექტივა
გეოგრაფიული პერსპექტივის კონცეფცია მოითხოვს, განვიხილოთ ამ საკითხების ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი შედეგები. პრობლემების გადასაჭრელად, გადაწყვეტილებების მისაღებად ან მოქმედების გეგმის შესამუშავებლად უნდა ვისწავლოთ საკითხების მრავალი პერსპექტივიდან განხილვა.
HIV/AIDS-ის პანდემიის ანალიზისას უნდა განვიხილოთ:
- როგორ იმოქმედა ამ პანდემიამ ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო მთავრობების გადაწყვეტილებებზე;
- როგორია აივ/შიდსით ინფიცირებულთა მკურნალობასა და პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯები;
- როგორია ინფექციის გავრცელების სოციალური შედეგები (სიკვდილიანობის მაჩვენებლები, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ობლები, სიღარიბე, სურსათის უსაფრთხოება, თუ მშობლები ავად არიან, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, ბებია-ბაბუების მიერ შვილიშვილების აღზრდა);
- არსებობს თუ არა გარემოსდაცვითი შედეგები აივ/შიდსის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებისთვის – რა მოსდის დაავადებით გარდაცვლილთა ცხედრებს?
მეორე საკითხი არქტიკას ეხება.
უყურე ვიდეოს „Emerging Arctic“ („ამომავალი არქტიკა“) https://www.youtube.com/watch?v=2qcuAr5UyHc და განსაზღვრე, რა საკითხებია განხილული და ვინ არიან დაინტერესებული მხარეები არქტიკაში დღეს.
ვიდეოს ყურების პროცესში გააკეთე ჩანაწერები. ეს ინფორმაცია დისკუსიაში აქტიურად ჩართვაში დაგეხმარება.
ვიდეოში განხილულია კლიმატის ცვლილების, ეკონომიკური ინტერესების, ტექნოლოგიური პროგრესისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავლენა არქტიკის რეგიონზე.
გაეცანი სტატიას „არქტიკა – პოლარული აბრეშუმის გზა“ (https://mastsavlebeli.ge/?p=43311, რომელიც ეხება არქტიკის მზარდ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მნიშვნელობას.
დავაკავშიროთ სტატია და ვიდეო და განვიხილოთ გეოგრაფიული აზროვნების ოთხი კონცეფციის გამოყენებით:
სივრცითი მნიშვნელობა
არქტიკა გეოგრაფიულად უნიკალური რეგიონია, რომელიც მოიცავს მრავალ ქვეყანას და მდიდარია ბუნებრივი რესურსებით – ნავთობით, გაზითა და მინერალებით. კლიმატის ცვლილების შედეგად ყინულის დნობა ხსნის ახალ საზღვაო მარშრუტებს, რაც ზრდის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას. არქტიკა ხდება გლობალური ვაჭრობის ახალი კვანძი.
კანონზომიერებები და ტენდენციები
ყინულის საფარის შემცირება არის აშკარა ტენდენცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. ეკონომიკური ინტერესები (ნავთობის, გაზის მოპოვება, თევზჭერა) იზრდება – ეს არის ეკონომიკური ტენდენცია. კლიმატის ცვლილება იწვევს ყინულის მასის შემცირებას, რაც საშუალებას აძლევს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან რუსეთი, ჩინეთი და აშშ, გააფართოონ თავიანთი ეკონომიკური და სამხედრო გავლენა რეგიონში. ეს ტენდენცია აჩენს ახალ კონკურენციას და თანამშრომლობის საჭიროებას, თუმცა წარმოშობს საფრთხეებსაც:
- ტენდენციაა გლობალური ინტერესის ზრდა არქტიკის რესურსებზე (ნავთობი, გაზი, თევზჭერა).
- ასევე აღინიშნება გეოპოლიტიკური აქტიურობის მატება – ქვეყნები ცდილობენ, დაიკავონ პოზიციები რეგიონში.
ურთიერთკავშირები
ეს სტატია ნათლად აჩვენებს ბუნებრივი პროცესების (ყინულის დნობის) და ადამიანის საქმიანობის (მაგალითად, ეკონომიკური ექსპანსიის) ურთიერთკავშირს. ენერგეტიკისა და გადაზიდვების სფეროში ინვესტიციები ახალ ჰორიზონტს ხსნიან, მაგრამ ასევე მნიშვნელოვნად ზრდიან გარემოსდაცვით რისკებს.
მკვიდრი მოსახლეობა დამოკიდებულია ბუნებრივ რესურსებზე, რაც ართულებს ცვლილებებთან მათ ადაპტაციას.
მაგალითად, გადაზიდვის ახალი მარშრუტები იწვევს ეკოსისტემების ცვლილებას, რაც მოქმედებს როგორც ბუნებრივ გარემოზე, ისე ადგილობრივ მოსახლეობაზე (ინუიტებზე).
ამასთან ერთად, საინვესტიციო ინტერესები და სამხედრო აქტიურობა ქმნის ახალ სისტემურ კავშირებს.
გეოგრაფიული პერსპექტივა
ეკონომიკური: არქტიკა შესაძლოა გახდეს ახალი ენერგეტიკული ზონა, რომელიც მიიზიდავს ინვესტიციებს; რესურსების მოპოვება და ახალი სავაჭრო მარშრუტები.
პოლიტიკური: ქვეყნები (აშშ, რუსეთი, კანადა, ნორვეგია, დანია) იბრძვიან გავლენისთვის. სუვერენიტეტის პრეტენზიები და საერთაშორისო შეთანხმებები.
სოციალური: ადგილობრივი მოსახლეობა დგას კულტურული და ეკონომიკური ცვლილებების წინაშე. ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები და ცხოვრების პირობები.
ეკოლოგიური: ყინულის დნობა და რესურსების მოპოვება საფრთხეს უქმნის ეკოსისტემებს და აჩქარებს გლობალურ დათბობას. ეკოსისტემების დაცვა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედება.
დასკვნითი დავალება
დაწერე ერთი აბზაცი (დაახლოებით 250 სიტყვა):
დაასახელე ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემა, რომელიც დღეს თვალსაჩინოა არქტიკაში და ახსენი, რატომ შეარჩიე ისინი.
როგორია შენი ხედვა არქტიკის მომავალთან დაკავშირებით, ელოდები თუ არა პოზიტიურ მომავალს და რატომ?
გამოყენებული ინტერნეტგვერდები: chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://geography.org.uk/wp-content/uploads/2023/05/Immaculate_Misconceptions_-_Jane_Dove.pdf
https://www.arcgis.com/home/item.html?id=19daf0d08b294e2fb38de3980613e03e
https://viva.pressbooks.pub/humangeog/chapter/thinking-geographically/