ხუთშაბათი, სექტემბერი 18, 2025
18 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

ალგორითმული დიალექტები

“Whoever has the most personal data will dominate society”

Shoshana Zuboff , “The Age of Surveillance Capitalism”[1]

 რას ნიშნავს „ალგორითმული დიალექტები“?

იცოდით, რომ ალგორითმებს თავისი დიალექტები აქვს? რა თქმა უნდა, ტერმინი „ალგორითმული დიალექტები არის მეტაფორა, რომელიც აღწერს, თუ როგორ „გვესაუბრებიან“ სხვადასხვა ციფრული პლატფორმები განსხვავებულად, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ალგორითმებს იყენებს. ისევე, როგორც ერთ ენას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა დიალექტი უნიკალური ლექსიკით, სტილითა და გრამატიკული სტრუქტურით, ასევე სხვადასხვა პლატფორმის ალგორითმებს აქვთ საკუთარი, განსხვავებული „კომუნიკაციის სტილი“, რომელიც მათი ბიზნესმოდელისა და მიზნების შესაბამისად არის ფორმირებული. ამ „დიალექტების“ ცოდნა დაგვეხმარება, გავხდეთ ციფრული პოლიგლოტები და ადვილად შევძლოთ ერთი იდეის, კონტენტის გადატანა სხვადასხვა ფორმაში. ასეთ შემთხვევაში ძირითადი იდეა/კონტენტი კი არ იცვლება, არამედ იცვლება მიწოდების ხერხები, მიწოდების ენა, რომელსაც მეტაფორულად ალგორითმული დიალექტები ვუწოდეთ. წარმოიდგინეთ, რომ ღვინოს ასხამთ სხვადასხვა ჭურჭელში, ერთ ჭურჭელს ჰქვია ფეისბუქი, მეორეს – ტიკტოკი, მესამეს – ინსტაგრამი და ასე შემდეგ. სწორ დიალექტზე მიწოდების უპირატესობა ის არის, რომ თქვენი იდეა უფრო სწრაფად გავრცელდება და მოიცავს ბევრ მომხმარებელს. ალბათ შეგინიშნავთ, რომ როდესაც ერთსა და იმავე ფორმატში აწვდით კონტენტს ფეისბუქის და ტიკტოკის მომხმარებელს, უმეტესად სრულიად განსხვავებულ შედეგს იღებთ.

ამიტომ უნდა გახდეთ ციფრული პოლიგლოტი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გარკვეულწილად სემიოტიკოსი ხართ და გესმით, რომ თითოეული პლატფორმა უნიკალურ ნიშანთა სისტემაა: გესმით ვიზუალური სიმბოლოების, ფერების ფსიქოლოგიის, მუსიკის ემოციური ზემოქმედებისა და ტექსტის ტონის მნიშვნელობა. თქვენ „კითხულობთ“ აუდიტორიის რეაქციებს (კომენტარებს, გაზიარებებს) არა როგორც უბრალოდ სტატისტიკას, არამედ როგორც უკუკავშირს, როგორც დიალოგის ნაწილს და შესაბამისად ცვლით თქვენს საკომუნიკაციო სტრატეგიას. თქვენ არ ხართ უბრალოდ კონტენტის შემქმნელი, არამედ იდეების მთარგმნელი, ციფრული კულტურის ანთროპოლოგი.

ალგორითმული დიალექტების პროტო-ენა და მისი მახასიათებლები

სანამ დიალექტებზე გადავალთ, განვიხილოთ ერთგვარი „პროტო-ენაც“, ანუ ის საერთო სტრუქტურა, რომელიც ყველა ალგორითმულ „მეტყველებას“ აერთიანებს. ეს არის ამ ენის უნივერსალური გრამატიკა, რომელიც სემიოტიკის პრინციპებს ეფუძნება.

ფორმალური ალგორითმული ენა არის სისტემა, რომელიც შექმნილია ალგორითმების გამოსახატავად კომპიუტერებისთვის და განისაზღვრება მკაცრი ანბანით, იერარქიული გრამატიკული ელემენტებითა და ცალსახა შესრულების პროცედურებით. მისი მიზანი გამოთვლითი ეფექტიანობაა. ტერმინი – ალგორითმული კულტურა – შემუშავებულია ისეთი მეცნიერის მიერ, როგორიცაა (Ted Striphas) ტედ სტრიფასი და გულისხმობს კულტურული სამუშაოს – „ადამიანების, ადგილების, ობიექტებისა და იდეების დახარისხების, კლასიფიკაციისა და იერარქიულობის“ – დელეგირებას ამ გამოთვლით პროცესებზე. ეს არის მანქანური ლოგიკის გამოყენება ადამიანური საზოგადოების რთულ, ღირებულებებით დატვირთულ სფეროში[2].

ლექსიკა (სიტყვები): ალგორითმული ენის „სიტყვები“ არის ინტერაქციის ელემენტები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ: „ლაიქი“, „გაზიარება“, „კომენტარი“, „რეკომენდაცია“. ესენი არ არიან უბრალოდ ღილაკები; ისინი არიან სემიოტიკური ნიშნები, რომლებიც დატვირთულია სოციალური და კულტურული მნიშვნელობით. „ლაიქი“ ერთდროულად აღნიშნავს მოწონებას, სოციალურ ვალიდაციას და ალგორითმისთვის მიწოდებულ მონაცემს, რომელიც მომავალში ჩვენს „ლენტას“ განსაზღვრავს, ანუ რას ვხედავთ ჩვენს ფიდზე.

სინტაქსი (წინადადების აგებულება): ამ „სიტყვების“ წინადადებებად დალაგება მომხმარებლის ინტერფეისის დიზაინის მეშვეობით ხდება. უსასრულო სქროლვა, ავტომატურად ჩართვადი ვიდეოები და შეტყობინებები – ეს ყველაფერი სინტაქსური ხრიკებია, რომლებიც ერთიან ალგორითმულ ნარატივს ქმნიან და მიზნად ისახავენ ჩვენი ყურადღება მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნონ.

პრაგმატიკა (კომუნიკაციის მიზანი): ამ ენის საბოლოო მიზანი, ანუ პრაგმატიკა, თითქმის ყოველთვის კომერციულია. ის ეფუძნება ყურადღების ეკონომიკის პრინციპებს, სადაც ჩვენი დრო და ჩართულობა არის რესურსი, რომელიც მონეტიზდება. პლატფორმები ყიდიან არა პროდუქტს, არამედ ჩვენზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას რეკლამის დამკვეთებისთვის. „ინფორმაციით მდიდარ სამყაროში, ინფორმაციის სიმრავლე ნიშნავს სხვა რამის უკმარისობას: იმის დეფიციტს, რასაც ინფორმაცია მოიხმარს. თუ რას მოიხმარს ინფორმაცია, ეს საკმაოდ აშკარაა: ის მოიხმარს თავისი მიმღებების ყურადღებას”[3].

ეს სისტემა ეფექტურად გარდაქმნის ადამიანურ კოგნიტიურ რესურსებს (დრო, ყურადღება, ემოცია) კორპორაციულ აქტივებად (რომელიც მონეტიზდება) მონაცემების შეგროვებისა და მიზნობრივი რეკლამის მეშვეობით. აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ პანოპტიკონის მეტაფორაც. მიუხედავად იმისა, რომ პანოპტიკონის მეტაფორა გულისხმობს ზემოდან ქვემოთ კონტროლს, ალგორითმული ვერსია უფრო მზაკვრულია, რადგან მომხმარებლები აქტიურად მონაწილეობენ საკუთარ ზედამხედველობასა და კატეგორიზაციაში. სისტემა ფუნქციონირებს მომხმარებლის მონაცემების შეგროვებით, რომელსაც მომხმარებლები ნებით აწვდიან კლიკების, „ლაიქების“ და პოსტების მეშვეობით, ხოლო სანაცვლოდ იღებენ სოციალურ ვალიდაციასა და გართობას. შემდეგ სისტემა ამ მომხმარებლის მიერ გენერირებულ მონაცემებს იყენებს თავისი კონტროლის მექანიზმების (პერსონალიზებული ლენტები, მიზნობრივი რეკლამა) დასახვეწად. ამრიგად, მომხმარებელი არ არის მხოლოდ პატიმარი პანოპტიკონის საკანში, ის ასევე აქტიურად აწვდის აგურებსა და დუღაბს კედლების ასაშენებლად და შუქს ცენტრალური კოშკისთვის. კონტროლის ეს თანაწარმოება ნაკლებად ჰგავს ჩაგვრას და უფრო მეტად – სერვისს, რაც ნიღბავს ფუძემდებლურ ძალაუფლებრივ ასიმეტრიას. აქვე შეიძლება გაგვახსენდეს ზურაბის სურამის ციხეში ჩაყოლების მეტაფორაც, როცა იმდენად ღრმად შევდივართ ციფრულ მორევში, რომ უკან დაბრუნების ძალა აღარ შეგვწევს. იქნებ დროულია სწორედ ახლა ჩვენს თავს ვკითხოთ: – „შვილო, ზურაბ, სადამდი?“.

ახლა კი განვიხილოთ ზოგიერთი ალგორითმული დიალექტი.

Google-ის “ლოგოცენტრული დიალექტი” (სიტყვაზე ორიენტირებული)

ეს დიალექტი შეიძლება შევადაროთ ორაკულთან საუბარს. ის ეფუძნება კითხვა-პასუხის მოდელს და მისი მთავარი მიზანი სარგებლიანობაა. მომხმარებელი სვამს კონკრეტულ კითხვას (საძიებო მოთხოვნა), ალგორითმი კი ცდილობს, გასცეს ყველაზე ზუსტი და ავტორიტეტული პასუხი. ფორმატი უპირატესად ტექსტზე დაფუძნებული, სტრუქტურირებული და იერარქიულია. შედეგები დალაგებულია რეიტინგის მიხედვით, რაც მიანიშნებს მნიშვნელობაზე. Google-ის ალგორითმი აფასებს ექსპერტიზას, ავტორიტეტულობასა და სანდოობას (E-A-T). ის ცდილობს, იყოს ფაქტებზე დაფუძნებული და სანდო ინფორმაციის წყარო.

 TikTok-ის „აფექტური დიალექტი“ (ემოციაზე ორიენტირებული)

ეს დიალექტი ჰგავს უსასრულო, ემოციურად დამუხტულ ნაკადში მოხვედრას. მისი მთავარი მიზანი მომხმარებლის მაქსიმალური ჩართულობა და მისი ყურადღების შენარჩუნებაა. კომუნიკაციის სტილი იმერსიული და ემოციურია. ის არ პასუხობს პირდაპირ კითხვებს, არამედ წინასწარ „გამოიცნობს“ მომხმარებლის სურვილებს მისი ქცევის (ნახვები, მოწონებები, გაზიარებები) ანალიზის საფუძველზე. ფორმატი უპირატესად ვიზუალური და აუდიალურია. მოკლე, დინამიკური ვიდეოები ქმნის უწყვეტ, „უსასრულო ფილმის“ გამოცდილებას, სადაც ლინგვისტური ელემენტები მინიმუმამდეა დაყვანილი. 2-საათიანი სქროლვის შემდეგ შესაძლოა ვერცერთი ვიდეოს შინაარსი ვერ გაიხსენოთ. TikTok-ის ალგორითმი აფასებს პოპულარობას, ემოციურ რეზონანსს და მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის ავთენტურობას. ის ეფუძნება არა იმდენად სოციალურ კავშირებს, რამდენადაც კონტენტის ანალიზს (“content graph”), რაც პლატფორმას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს შესთავაზოს მისთვის უცნობი, მაგრამ რელევანტური ვიდეოები.

მოკლედ, „ალგორითმების დიალექტები“ ხაზს უსვამს იმას, რომ Google-ის ალგორითმი მომხმარებელთან ურთიერთობს როგორც ინფორმაციის მომწოდებელი, ხოლო TikTok-ის ალგორითმი – როგორც ემოციური გამოცდილების კურატორი. ეს ფუნდამენტური განსხვავება მათ მიზნებში განაპირობებს სრულიად განსხვავებულ ინტერფეისს, კონტენტის ფორმატსა და, საბოლოო ჯამში, მომხმარებლის ქცევასა და მსოფლაღქმას.

 Facebook-ის ალგორითმული დიალექტი

Facebook-ის ალგორითმი „საუბრობს“ ისეთი ენით, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „სოციალურ-კომერციული დიალექტი. ეს დიალექტი წარმოადგენს ჰიბრიდს, რომელიც აერთიანებს პიროვნულ ურთიერთობებსა და კორპორაციულ მონეტიზაციას. ის განსხვავდება როგორც Google-ის უტილიტარული, ასევე TikTok-ის იმერსიული დიალექტებისგან. მისი ძირითადი მახასიათებელია: „სოციალური გრაფი. Google-ისგან (რომელიც ეფუძნება ინფორმაციის ძიებას) და TikTok-ისგან (რომელიც ეფუძნება კონტენტის ანალიზს, ანუ “content graph”-ს) განსხვავებით, Facebook-ის დიალექტის საფუძველია „სოციალური გრაფი“ (social graph). ეს ნიშნავს, რომ ალგორითმის მთავარი პრიორიტეტია კონტენტის ჩვენება იმ ადამიანებისგან, ჯგუფებისა და გვერდებისგან, რომლებთანაც მომხმარებელი უკვე დაკავშირებულია. კონტენტის შემქმნელი („ვინ“) ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად კონტენტი („რა“), რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება TikTok-ის მოდელს.

ფეისბუკის მთავარი მიზანი სოციალური ურთიერთობების მონეტიზაციაა.

Facebook-ის მთავარი მიზანია, შეინარჩუნოს მომხმარებლის ჩართულობა საკუთარ სოციალურ ქსელში, რათა შეაგროვოს მაქსიმალური რაოდენობის პერსონალური და ქცევითი მონაცემები. ეს მონაცემები, თავის მხრივ, გამოიყენება იმისთვის, რომ რეკლამის განმთავსებლებს მიჰყიდოს არა უბრალოდ ყურადღება, არამედ გარანტია იმისა, რომ რეკლამა მიაღწევს ზუსტად იმ აუდიტორიას, რომელზეც ყველაზე ეფექტურად იმოქმედებს.

კომუნიკაციის სტილი და „ლექსიკა

სოციალური ვალიდაცია, როგორც ვალუტა: Facebook-ის „სიტყვებია“ „ლაიქი“, კომენტარი და გაზიარება. ესენი არიან სემიოტიკური ნიშნები, რომლებიც ერთდროულად გამოხატავენ სოციალურ კავშირსა და მოწონებას, და ამავდროულად, წარმოადგენენ კრიტიკულ მონაცემებს ალგორითმისთვის. რაც უფრო მეტია ასეთი ინტერაქცია, მით უფრო „მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს ალგორითმი პოსტს და უფრო ფართოდ ავრცელებს მას. Facebook-ის „ლენტა“ (News Feed) არის სივრცე, სადაც მეგობრის ფოტო, პოლიტიკური დებატები და მიზნობრივი რეკლამა ერთმანეთშია არეული. ეს სტრუქტურა მიზანმიმართულად შლის ზღვარს პირად ურთიერთობებსა და კომერციულ გზავნილებს შორის. პლატფორმა მომხმარებლებს უბიძგებს, შექმნან და გააზიარონ კონტენტი, რომელიც მათ სოციალურ წრეში ყურადღებას მიიპყრობს. ეს ქმნის გარემოს, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ყურადღებისთვის, ხშირად უფრო ჰიპერბოლური ენისა და ვიზუალურად დამუშავებული (გაფილტრული) ფოტოების გამოყენებით.

საბოლოო ჯამში, თუ Google-ის დიალექტი არის კითხვა-პასუხზე აგებული სერვისი, ხოლო TikTok-ის – ემოციური გასართობი ნაკადი, Facebook-ის დიალექტი არის სოციალური ურთიერთობების ბაზარი, სადაც ყოველი ინტერაქცია (ლაიქი, კომენტარი, მეგობრობის დადასტურება) არის ტრანზაქცია, რომელიც აძლიერებს როგორც სოციალურ კავშირებს, ასევე კორპორაციის კომერციულ ინტერესებს.

Instagram-ის დიალექტი ესთეტიკის, მისწრაფებისა და სრულყოფილი ილუზიის ენაა. მისი ფოკუსია: ვიზუალური ჰარმონია; „ინფლუენსერის“ ფენომენი; Story-ების ეფემერულობა, როგორც ავთენტურობის იმიტაცია.

X (Twitter)-ის დიალექტი: ლაკონიურობის, მყისიერებისა და პოლიტიკური დისკურსის ენაა. ფოკუსი: ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე; ჰეშთეგი, როგორც სემიოტიკური კოდი.

LinkedIn-ის დიალექტი: პროფესიული იდენტობის, სტატუსისა და კორპორაციული ნარატივის ენაა. მისი ფოკუსია: ფორმალური ტონი; წარმატების კულტივირება; „ღირებულების“ მიწოდება და სხვა.

 

როგორ გვმართავენ ალგორითმული ენები და დიალექტები

როცა სოციალურ ქსელებს სქროლავთ, ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება დროის ფაქტორისთვის: როცა გგონიათ, რომ 20 წუთი გავიდა, მაგრამ სინამდვილეში გავიდა 4 საათი.

უსასრულო სქროლვა და მუდმივი შეტყობინებები ქმნის უწყვეტი ნაწილობრივი ყურადღების მდგომარეობას, რაც ჩვენს ტვინს მუდმივი მრავალფუნქციური მუშაობის რეჟიმში ამყოფებს. ეს აფერხებს ჩვენს უნარს, შევინარჩუნოთ ფოკუსი, ამოკლებს ჩვენი ყურადღების დიაპაზონს და შესაძლოა, ამცირებს ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც კონცენტრაციის შენარჩუნებასთანაა დაკავშირებული.

ალგორითმული ლენტა/ფირი ანგრევს კონტექსტსა და ქრონოლოგიას. „აწმყო“ არის ერთმანეთთან დაუკავშირებელი, ემოციურად დამუხტული მომენტების უსასრულო ნაკადი, რაც არღვევს დროის ხაზოვან აღქმას და ასუსტებს ჩვენი ისტორიული უწყვეტობის შეგრძნებას.

ეს სისტემები შექმნილია იმისთვის, რომ იყოს ნარკოტიკული და ქმნის დოფამინზე დაფუძნებულ ჯილდოებს, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ ვალიდაციასთან („ლაიქები“, გაზიარებები). ამან შეიძლება გამოიწვიოს შფოთვის გაზრდა, დეპრესია და არასრულფასოვნების განცდა, როდესაც ამ ჯილდოებს ვერ იღებ.

აღწერილი კოგნიტიური ცვლილებები არ არის შემთხვევითი გვერდითი ეფექტები. ისინი არის ნევროლოგიური ადაპტაციები, რომლებიც აუცილებელია ყურადღების ეკონომიკაში ეფექტურად არსებობისთვის. სისტემა აჯილდოებს სწრაფ დავალებებს შორის გადართვას, ემოციურ რეაქტიულობასა და ზედაპირული ინფორმაციის დამუშავებას. შესაბამისად, ჩვენი ტვინი ადაპტირდება, რათა გახდეს იდეალური მომხმარებელი ამ კონკრეტული ეკონომიკური სისტემისთვის. ყურადღების ეკონომიკა მოგებას იღებს ყურადღების გაფანტვისა და ჩართულობისგან. ამ ეკონომიკისთვის შექმნილი პლატფორმების გამოყენების კოგნიტიური ეფექტებია ყურადღების დიაპაზონის შემცირება და მრავალფუნქციური მუშაობის უპირატესობა. ეს არ არის ხარვეზები. ეს არის მახასიათებლები. ტვინი, რომელიც ადვილად იფანტება და მუდმივად ახალ სტიმულს ეძებს, იდეალური სუბიექტია სისტემისთვის, რომელიც ყურადღების გაფანტვასა და სიახლეს ყიდის. ამრიგად, ჩვენი კოგნიციის „დაზიანება“, სისტემის პერსპექტივიდან, არის ადამიანის ტვინის წარმატებული „გადამზადება“, რათა მისი ფუნქციები კორპორაციული მოგების მოტივებს შეესაბამებოდეს.

ალგორითმული კომუნიკაცია არის მძლავრი სემიოტიკური სისტემა, რომელიც აგებს რეალობას კორპორაციული ლოგიკის შესაბამისად, რასაც ღრმა გავლენა აქვს ჩვენს გონებასა და საზოგადოებაზე. ამ სისტემასთან პასიური, გაუცნობიერებელი და არაკრიტიკული ურთიერთობა იწვევს კოგნიტიური სუვერენიტეტის დაკარგვას. თუმცა, მომავალი არ არის დეტერმინისტული. ალგორითმული წიგნიერების განვითარებით, ცნობიერების ჰიგიენის პრაქტიკითა და შემოქმედებითი თანამშრომლობის მოდელის მიღებით, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ურთიერთობა ხელოვნურ ინტელექტთან დაქვემდებარებიდან თანამშრომლობამდე გარდავქმნათ. საბოლოო მიზანი არ არის ტექნოლოგიის უარყოფა, არამედ მისი ევოლუციის წარმართვა ადამიანის თავისუფლებისა და კეთილდღეობის გაძლიერებისკენ.

[1] Zuboff, S. (2019). The Age of Surveillance Capitalism: The Fight for a Human Future at the New Frontier of Power. PublicAffairs.

[2] Striphas, T. (2015). Algorithmic culture. European Journal of Cultural Studies, 18(4-5), 395-412., https://www.dawsoncollege.qc.ca/ai/wp-content/uploads/sites/180/10-Ted-Striphas_Algorithmic-Culture.pdf

[3] Simon, H. A. (1971). Designing Organizations for an Information-Rich World. In M. Greenberger (Ed.), Computers, Communications, and the Public Interest (pp. 40-41). Baltimore, MD: The Johns Hopkins Press.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“