ხუთშაბათი, სექტემბერი 18, 2025
18 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

არეული ჩანაწერები ვარძიიდან (მეორე ნაწილი)

ვარძიის ოთხთავი

წიგნებსაც თავისი ბედი და ისტორია აქვთ. განსაკუთრებით, ძველმა ხელნაწერებმა იციან ასე: წიგნი ხომ არის და მისი ამბავი კიდევ ცალკე წიგნია. არც ვარძიის ოთხთავია გამონაკლისი – ერთადერთი წიგნია, რომელიც 1551 წელს შაჰ თამაზის მიერ წიგნთსაცავის გადაწვას გადაურჩა. ვარძიელ ბერებს როგორღაც მოუსწრიათ და ხელნაწერი ცეცხლისთვის გამოუტაცებიათ, შემოქმედში გახიზნულან და ისიც იქ წაუღიათ.

რაღა მაინცდამაინც გურიაო, – იკითხავთ.

საქმე ისაა, რომ მესხეთში დღესაც შემორჩენილია ძველი რწმენა – თითქოსდა გურულები წარმოშობით ამ მხარიდან არიან. ბერებსაც გურულებისთვის ასე უთქვამთ, ძმები ხართ და უკეთ შეინახავთო.

თუმცა, როგორც გავარკვიე, ეს მომხდარის ერთი ვერსიაა. მეორე ვერსიით, წიგნთსაცავი კი არ გადაწვეს, არამედ გაძარცვეს. ვარძიის ოთხთავიც სპარსეთში აღმოჩნდა, საიდანაც ლევან კახთა მეფეს გამოუსყიდია და ისევ ვარძიისთვის დაუბრუნებია.

ამ ორი მონათხრობიდან რომელიც არ უნდა იყოს მართალი, ორივე მაინც ერთ წერტილში იკვეთება: შემოქმედისა თუ ვარძიის მერე ხელნაწერი გელათში მოხვდა (ან ბერებმა გადაიტანეს) და საუკუნეების განმავლობაში იქ ინახებოდა.

ამ საუკუნეების განმავლობაში კი დამპყრობელი დამპყრობელს ცვლიდა, სანამ ჩვენი მთავარი მტარვალები, რუსები, არ მოგვადგნენ. მათ ქუთაისის გუბერნატორად ვინმე გრაფი ლევაშოვი გაგვიმწესეს. ლევაშოვს ხელნაწერი უნახავს და ახალი უბედურებაც სწორედ აქედან დაწყებულა – ხელნაწერმა, უფრო სწორად, მისმა ძვირფასმა ყდამ მოსტაცა თვალი.

თქვენი აზრით, რა ქნა ლევაშოვმა?

ის, რაც თავად შაჰ თამაზსაც კი არ უქნია – ხელნაწერს ყდა შემოაგლიჯა და რუსეთში გაყიდა, რუსეთიდან კი ჩამოიტანა სხვა ყდა და წიგნს შემოაკრა. ამ ამბავს გელათის მონასტრის საარქივო ჩანაწერები ინახავს.

1910-იან წლებში რუს კოლექციონერს სახარების ძვირფასი მოჭედილობა გამოფენაზე გაუტანია, მაგრამ ყდის ბედი მხოლოდ 50-იანი წლების ბოლოს გაირკვა: დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ყდა სამ ნაწილად დაშალეს: ყდის ერთი ხატი გერმანიაში, ბერლინის სასახლის მუზეუმში ინახება, ხოლო მეორე – ბელგიაში, კერძო კოლექციაში. თვითონ ყდა დღესაც ერმიტაჟის მუზეუმშია დაცული.

ერთი სასიხარულო მთელ ამ ამბავში ისაა, რომ თავად ოთხთავი, უნიკალური მინიატიურებით შემკობილი და ლამაზი ნუსხურით ნაწერი, საქართველოშია – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ინსტიტუტში ინახება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“