ახალი სასწავლო წლის დაწყება ბავშვებისთვის გარკვეულ მოლოდინებთან არის დაკავშირებული. პირველკლასელები სასკოლო გარემოში პირველად შედიან. მოსწავლეები, რომლებიც საფეხურის იცვლიან – ახალი მასწავლებლების, თანაკლასელების, სახელმძღვანელოების გაცნობის მოლოდინში არიან…
სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეებში, პირველადმა შთაბეჭდილებამ, გამოწვეულმა ემოციამ და ჩვენ მიერ შექმნილმა დასამახსოვრებელმა მომენტებმა შეიძლება მთელი წლის განმავლობაში გავლენა იქონიოს კლასის განწყობასა და მოლოდინებზე.
როგორი უნდა იყოს ჩვენი პირველი გაკვეთილები?
სასკოლო გარემოში არსებული თავისუფლება და მასწავლებლის ავტონომია გვეხმარება ისე დავგეგმოთ ჩვენი გაკვეთილები, რომ ხელი შევუწყოთ პოზიტიური ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, დავეხმაროთ მოსწავლეებს ერთმანეთის გაცნობაში, გავალღოთ ყინული, შევახსენოთ მოსწავლეებს განვლილი სემესტრის საკვანძო ცნებები, საკითხები თუ თემები და ა.შ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასწავლო წლის დაწყების წინ ვცდილობ, მოვიფიქრო და მოვიძიო აქტივობები, რომლებიც სკოლის დაწყების პირველი დღეებისა თუ კვირების განმავლობაში, საკლასო ოთახებსა თუ მის მიღმა გამოვიყენებ. ამ მიზნით გასულ წლებში რამდენიმე სტატია უკვე გამოვაქვეყნე ჩვენი ჟურნალის საშუალებით. 2025-2026 სასწავლო წლის დაწყების წინაც გთავაზობთ აქტივობებს, რომლებიც სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზნების მისაღწევად ვაპირებ გამოვიყენო სწავლის დაწყების პირველ კვირებში.
შეკითხვების/დებულებების კალათა
ინსტრუქცია
ამობეჭდეთ ან ფურცლებზე დაწერეთ ქვემოთ მოცემული კითხვები (შეგიძლიათ ახალი შეკითხვები თქვენ თვითონ მოიფიქროთ და დაამატოთ). კითხვები ჩამოაყალიბეთ ისე, რომ გარკვეული მიზნის მიღწევაში დაგეხმაროთ. თუ თქვენ პირველად შედიხართ ამ კონკრეტულ კლასში, ისე დაგეგმეთ, რომ შეკითხვებმა მოგცეთ კლასის გაცნობისა და მოსწავლეებზე საინტერესო ამბების გაგების საშუალება. ასევე, შეგიძლიათ კითხვები მიმართოთ მათი წინარე ცოდნის გააქტიურებისკენ, განვლილი სასწავლო წლის შეჯამებისკენ და ა.შ.
როდესაც მოსწავლეებს არ იცნობთ, ეს აქტივობა მათი გაცნობის კარგი საშუალებაა. შემთხვევითი პრინციპით მოსწავლეებს დაურიგეთ კითხვები. სთხოვეთ, რომ ჯერ გაგეცნონ და ბოლოს კითხვას უპასუხონ.
მოსწავლეებში დადებითი განწყობის შექმნასა და კლასის გაცნობაზე ორიენტირებული კითხვების/დებულებების ჩამონათვალი:
- რა არის ის ერთი რამ, რის გაკეთებაც ყველაზე მეტად გიყვარს?
- სუპერძალა რომ გქონოდა რაში/რისთვის გამოიყენებდი?
- რაიმე თუ გაგიჭირდა, ვის მიმართავ დასახმარებლად?
- როგორი იქნებოდა შენთვის იდეალური დღე?
- ჩემი გზავნილი მსოფლიოს…
- 100 ლარი რომ ვიპოვო…
- ჩემზე ფილმს რომ იღებდნენ მთავარ როლში ვათამაშებდი…
- ახლა სკოლაში რომ არ ვიყო…
- ყველაზე მეტად მეშინია…
- განვიცდი, როცა…
- რომელია შენი საყვარელი ფილმი/წიგნი?
- ჩემს თანაკლასელებს ვეტყოდი, რომ…
- მიხარია, როდესაც…
- როგორ გამოიყურება შენთვის საინტერესო გაკვეთილი?
- ხშირად ვფიქრობ…
- განსაკუთრებით მიხარია, როცა…
- ეს აქტივობა… (სასურველია ეს დებულება მოსწავლემ ბოლოს დაასახელოს. ამიტომ მიუწერეთ რომ დაელოდოს თანაკლასელებს).
ბინგო – მოძებნე ვინმე/ვისაც/ვინც
ინსტრუქცია
ბინგო გავრცელებული თამაშია. მას ხშირად ჯგუფის ურთიერთგაცნობის მიზნით იყენებენ. ამ აქტივობის გამოყენება სხვადასხვა მიზნით შეიძლება. (იხილეთ ჩემი სტატია აქტივობები დასუფთავების აქციების გამხიარულებისთვის)
ამობეჭდეთ შემოთავაზებული სამუშაო ფურცლები და დაურიგეთ მოსწავლეებს. სთხოვეთ, რომ მუსიკის (ან ხმოვანი შეტყობინების) შემდეგ დაიწყონ მოძრაობა საკლასო ოთახში და ჩაწერონ იმ თანაკლასელის სახელები, რომლებიც კონკრეტულ დებულებებს აკმაყოფილებენ, ისე, რომ არ განმეორდეს (კლასში ბავშვების რაოდენობის გათვალისწინებით, შეგიძლიათ მისცეთ ერთი მოსწავლის ორჯერ გამეორების საშუალება). სურვილისებრ თქვენც შეგიძლიათ ჩაერთოთ თამაშში.
შემოთავაზებული ვერსია
ამ ზაფხულს იყო სოფელში | უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე | არდადეგებზე წაიკითხა ორი წიგნი | მთელი ზაფხული უყურებდა ანიმეს | ამ თვეში აქვს დაბადების დღე |
ნამყოფია საზღვარგარეთ მინიმუმ ორჯერ | ძალიან გაუხარდა სკოლის დაწყება | უყვარს საგანი მოქალაქეობა | ძალიან ენატრება ვიღაც | ხშირად გეხმარება, მხარს გიჭერს |
ებრძვის უსამართლობას | გაწყენინათ და აპატიეთ | შეუძლია კლასის გამხიარულება | ხშირად იჩენს ინიციატივებს | ახსოვს რა ისწავლა გასულ წელს |
საუბრობს სამ ენაზე | აქვს რაიმე კოლექცია | უყვარს ფოტოების გადაღება | იყო რაიმე კონკურსის მონაწილე ან გამარჯვებული | ზაფხულში მუშაობდა რაიმე საქმეზე (მაგალითად, ეხმარებოდა ბებიას და ბაბუას) |
აქვს საყვარელი პოდკასტი ან YouTube არხი, რომელსაც ხშირად უსმენს/უყურებს | შეუძლია გემრიელი საჭმლის მომზადება | უყვარს სათავგადასავლო აქტივობები (ლაშქრობა, ველოსიპედით სეირნობა, ბანაკი) | წერს ჩანახატებს, ლექსებს… | მოეწონა ეს აქტივობა |
მას, შემდეგ რაც პირველი მონაწილე შეასრულებს დაუწიეთ მუსიკას და კიდევ დაელოდეთ 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს, დაიკავონ ადგილები და დაიწყეთ შევსებული ბინგოს ფურცლების წარდგენა კლასის წინაშე.
სამი რამ
ინსტრუქცია
მოსწავლეები ზაფხულის არდადეგებიდან განსხვავებული ემოციებით, განწყობებითა და ისტორიებით ბრუნდებიან. ეს აქტივობა, მათი დასვენების პერიოდის ერთგვარი შეჯამებისა და ახალი სასწავლო წლისთვის მოლოდინების ჩამოყალიბების საშუალებას წარმოადგენს. მისი შესრულება შეგიძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.
ჩამოწერეთ მოცემული სამი დებულება დაფაზე. მიეცით დრო ფიქრისთვის. შემდეგ სთხოვეთ, რიგითობით გააზიარონ მოგონებები და მიზნები.
- ერთი არასასიამოვნო მომენტი/მოგონება გასული ზაფხულიდან;
- ერთი დასამახსოვრებელი და სასიამოვნო მომენტი/მოგონება ზაფხულის არდადეგებიდან;
- ერთი კარგი რამ, რაც წინ არის, რასაც ელოდებით სასწავლო წლის განმავლობაში.