ოთხშაბათი, სექტემბერი 17, 2025
17 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025

„მისასალმებელი“ აქტივობები: როგორ გავატარე ზაფხული

„როგორ გავატარე ზაფხული“ – ეს არის თემა, რომელსაც სკოლის პირველ დღეს გვერდს ვერ აუვლი. ამიტომაც, ყოველ წელს ვფიქრობ, როგორ გავხადო უფრო მრავალფეროვანი და სახალისო გაკვეთილი, რომელიც ზაფხულის შთაბეჭდილებების გაზიარებას დაეთმობა.

მოსწავლეების დიდ ნაწილს, როგორც წესი, უძნელდება აზრების თავმოყრა, მნიშვნელოვან თემებზე შეჩერება, თანმიმდევრული თხრობა, დროის ლიმიტის გათვალისწინება და ა.შ. არასაკმარის გამოცდილებას ემოციური ფაქტორიც ერთვის თან და შედეგად ვიღებთ მეორეხარისხოვანი საკითხებით გაჯერებულ, არათანმიმდევრულ და დაუსრულებელ თხრობას. ამიტომაც, მასწავლებელი, როგორც მოდერატორი, უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს მთავარ საკითხზე კონცენტრირებასა და ყველაზე მნიშვნელოვანი ამბის შერჩევაში, რაც მოსწავლეებს ამბის სრულად და თანმიმდევრულად გადმოცემას გაუადვილებს.

პირადად მე ახალი სასწავლო წლისთვის მზადებას ზაფხულის დავალებიდან ვიწყებ. მოსწავლეებს ვაწვდი საორიენტაციო საკითხებსა და მკაფიო ინსტრუქციებს, რომელთა დახმარებითაც, სკოლაში დაბრუნებულები თავიანთი საზაფხულო გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ. რა თქმა უნდა, სეზონური თავგადასავლების ჩაწერა მრავალნაირად შეიძლება. თუმცა ამჯერად ზაფხულის ხმების, სურნელის, ფერებისა და გემოების სამყაროში სამოგზაუროდ გეპატიჟებით.

მოუსმინეთ ზაფხულს

ზაფხულის ხმების ჩაწერა ერთ დიდ თავგადასავლად შეიძლება აქციო. დღეს ყველა სმარტფონს აქვს ხმის ჩაწერის ფუნქცია. დავალების მთავარი მიზანია, მოსწავლემ შეაგროვოს რაიმეთი გამორჩეული, მნიშვნელოვანი ხმები თავისი საზაფხულო თავგადასავლიდან. შეიძლება ეს იყოს თვითმფრინავის გუგუნი, სამოგზაურო ჩემოდნის გორგოლაჭების რაკრაკი, ახალი ქალაქის ხმაური, მოლას ძახილი მინარეთიდან ან ორგანის ხმა რომელიმე ისტორიული ტაძრიდან, თოლიების ყვირილი თუ ჩიტების სტვენა ქალაქის პარკებში, ადგილობრივი გამყიდველების ომახიანი შეძახილები ქუჩის ბაზრობიდან და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი რამ. პატარებს ხმების შეგროვებაში უფროსები დაეხმარებიან, თუმცა არჩევანი ბავშვებზეა – თავად უნდა გადაწყვიტონ, რას ჩაიწერენ.

ეს აქტივობა თავის თავში მოიცავს მუსიკასთან ინტეგრირების შესაძლებლობას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დავალება ინტეგრირებულ პროექტადაც შეგვიძლია განვიხილოთ. აქვე ტელესკოლის არქივიდან გაგიზიარებთ მუსიკის ერთ-ერთ გაკვეთილს, რომელიც ზემოაღნიშნულ თემას საინტერესო პერსპექტივიდან დაგვანახებს.

https://1tv.ge/video/musika-iii-iv-klasi-sporti-da-musika-teleskola/

გადაიღეთ ზაფხული

მოსწავლეებმა ეს დავალება ზაფხულის ხმების შეგროვების პარალელურად უნდა შეასრულონ, ანუ უნდა იპოვონ ის ობიექტი, რომლის ხმამაც დააინტერესა და მისი გამოსახულება კადრზე აღბეჭდონ. ეს ჩვენ, უფროსებს გვიძნელდება, თორემ ბავშვები, თავიანთი გასაოცარი ტექნიკური უნარების წყალობით, ფოტო და აუდიო მასალას ერთგვარ ვიდეორგოლებად გარდაქმნიან ან პრეზენტაციის სახით გვიზიარებენ თავიანთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.

ხატვის მოყვარულ მოსწავლეებს ერთგვარი ზაფხულის ესკიზების გაკეთებასაც ვურჩევ. ასე ექსპრომტად ჩახატული ადგილები, შესაბამის კადრებთან ერთად, ზაფხულს მათი პირადი აღქმის ობიექტივიდანაც დაგვანახებს.

არ დაგავიწყდეთ, დაასათაუროთ თქვენი ესკიზები, ფოტოები თუ აუდიომასალა, რათა წლების შემდეგ, როცა ძველ მოგონებებს ახალი ამბები გადაფარავს, შეძლოთ მათი გახსენება და სახელდება. როცა ამგვარ „მოგონებების სკივრს“ გახსნით, თქვენს მზერასა და ყურის ნიჟარებში ის ზაფხულები აშრიალდებიან, რომლებიც ოდესღაც ასე სათუთად შეინახეთ.

დააგემოვნეთ ზაფხული

კულინარია გიზიდავთ?! მაშინ მოემზადეთ ახალი რეცეპტების შესაგროვებლად. ახალ ადგილებში მოგზაურობა განსხვავებული გემოების აღმოჩენასაც უწყობს ხელს. სადაც არ უნდა იმოგზაუროთ, საქართველოს კუთხეებსა თუ მის საზღვრებს მიღმა, ყველგან იპოვით თქვენთვის საინტერესო გემოსა და კერძს, რომლის რეცეპტის ჩაწერა და თან წამოღებაც მოგინდებათ. აღმოჩენილ კერძებს ფოტოებიც შეგიძლიათ გადაუღოთ და თქვენს ხელნაწერ კულინარიულ წიგნში ჩააკრათ. გირჩევთ, თითოეულ რეცეპტს ერთგვარი თვითრეფლექსიაც დაურთოთ, სადაც რამდენიმე წინადადებით აღწერთ თქვენს პირველ შთაბეჭდილებას (სად დააგემოვნეთ პირველად ეს კერძი, როგორი მოლოდინი გქონდათ, გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდი, სად მოიძიეთ ამ კერძის რეცეპტი, სცადეთ თუ არა მისი სახლის პირობებში მომზადება და ა.შ.).

შეინახეთ ზაფხულის ფერი და სურნელი

ყველა ზაფხულს თავისი განუმეორებელი სურნელი ახლავს, ზოგიერთ მათგანს ზღვის სუნი ასდის, ზოგს – მინდვრის ყვავილების. შესაძლოა, თქვენი ზაფხული ნაწვიმარი მიწის სურნელით იყოს გაჟღენთილი, ანდა – ახლად მოთიბული ბალახის არომატით… გაზაფხულს ზაფხული არც სიფერადით ჩამოუვარდება. აქედან გამომდინარე, ამ სეზონის სუნითა და ფერით დამახსოვრებაც საინტერესო გამოცდილება მგონია.

ქვემოთ მოცემული აქტივობები ბუნებისმეტყველებასა და ხელოვნებასთან ინტეგრირებას გულისხმობს, რაც მოსწავლეებს კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას, დავალების თემა მრავალმხრივი პერსპექტივიდან გაიაზრონ და ისე შეასრულონ:

„ერთი ქილა ზაფხული“

ამ პროექტის შესასრულებლად დაგჭირდებათ შემდეგი რესურსები: სასურველი ზომის გამჭვირვალე ქილა, თქვენ მიერ მოკრეფილი ყვავილები, მცირეოდენი ბამბა და ზეითუნის ზეთი, წებო, ფერადი ფურცლები და კალამი.

დავალების შესასრულებლად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:

  • შეაგროვეთ სასიამოვნო სურნელის მქონე ყვავილები;
  • ქილაში ჩააფინეთ მცირეოდენი ბამბა;
  • ზედ მოათავსეთ მცენარეები;
  • ქილას მჭიდროდ მოუჭირეთ თავსახური;
  • გამოჭერით ფერადი ფურცლებისგან იმ ყვავილების/მცენარეების ფორმები, რომლებიც ქილაში შეინახეთ;
  • ფურცლებზე დაწერეთ, ვის გახსენებს ამ ფორმის შესაბამისი ყვავილის სურნელი (მაგალითად, ვარდის სურნელი შეიძლება რომელიმე მეგობარს გახსენებდეთ, ღიღილოსი – დედას, ლავანდის – ბებოს და ა.შ.). გამზადებული ჩანაწერები კი ქილას გარედან დააკარით;
  • თუ გინდათ, ყვავილების სურნელი ქილაში დიდხანს შენარჩუნდეს, ბამბას დაასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. დასველებული ბამბა უკეთ შეიწოვს ყვავილების არომატს და ქილის გახსნისას ზაფხული უფრო მძაფრად ამოიფრქვევა მისგან.

„ზაფხულის პალიტრა“

(ფერების დამზადება ბუნებრივი მასალებით)

ზაფხულის ფერების შესანახად დაგჭირდებათ რამდენიმე მარტივი ინგრედიენტი: კენკროვანი ხილი (მაყვალი, ჟოლო ან მოცვი), ფერადი ყვავილები (ლავანდა, გვირილა, გულყვითელა და ა.შ.), მწვანე ფოთლები ან ბალახი, წყალი, კოვზი, პატარა ზომის ქილები და ჯამები, ფუნჯი, თეთრი ქაღალდი და საქაღალდე.

მიჰყევით ზაფხულის პალიტრის დამზადების ინსტრუქციას:

  • მინდორსა თუ ტყეში სეირნობისას, თავადვე შეაგროვეთ საჭირო მასალები;
  • თითოეული პროდუქტი მოათავსეთ სხვადასხვა ჯამში (ან გააკეთეთ რიგრიგობით), დაასხით ცოტაოდენი წყალი, კოვზით კარგად გასრისეთ და მოურიეთ იქამდე, სანამ წყალი მცენარის ფერს არ მიიღებს;
  • ფერშეცვლილი სითხე ჩაასხით წინასწარ გამზადებულ ქილებში;
  • ახლა შეგიძლიათ ბუნებრივი საღებავით დახატვაც სცადოთ;
  • ნახატები კარგად გააშრეთ და მოათავსეთ საქაღალდეში;
  • საქაღალდეს აუცილებლად დააწერეთ თარიღი, რათა წლების შემდეგ გაიხსენოთ, რომელი ზაფხულის ფერები შეინახეთ მასში.

ჩემი ზაფხულის ჰერბარიუმი

მგონი ერთხელ მაინც ყველას ჩაგიდიათ წიგნში ყვავილი გასახმობად. შესაძლოა, გამხმარი ყვავილებისგან ლამაზი აპლიკაციებიც დაგიმზადებიათ. თუ ასეა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჰერბარიუმის დამზადება საკმაოდ საინტერესო პროცესია და თან მცირე რესურსს/ძალისხმევას მოითხოვს. მაშ ასე, შეაგროვეთ სხვადასხვა ფერისა და ფორმის ყვავილები/მცენარეები (სასურველია, მკვეთრ ფერებზე გააკეთოთ აქცენტი), თაროდან გადმოიღეთ ყველაზე სქელი და მძიმე წიგნი, გაამზადეთ თაბახის ფურცლები, წებოვანი ლენტი და კალამი, გამხმარი ყვავილების შესანახად კი შეარჩიეთ ალბომი.

შეგროვებული ყვავილები/მცენარეები მოათავსეთ თეთრ ფურცლებზე, თავზეც ფურცლები დააფარეთ და დასაპრესად მოათავსეთ სქელ წიგნში. მცენარის გამოშრობას ერთი კვირა მაინც დასჭირდება. თუმცა ყოველდღე შეგიძლიათ დააკვირდეთ, თუ როგორ იცვლის ფერსა თუ ფორმას და ინფორმაცია სპეციალურ ცხრილში ჩაინიშნოთ. გამხმარი მცენარეებისგან კი „ჰერბარიუმის ალბომის“ შექმნას შეძლებთ.

დაზიანების რისკის შესამცირებლად, გირჩევთ, მცენარეები ფურცლის მხოლოდ ერთ, პირველ გვერდზე ჩააკრათ. ამას გარდა, თითოეულ გვერდს აუცილებლად დაურთეთ მოკლე ინფორმაცია თქვენ მიერ შეგროვებული ყვავილების შესახებ (სახელწოდება, ძირითადი მახასიათებლები, საიდან/როდის ჩამოიტანეთ და ა.შ.). ამგვარი ალბომები „შენახულ“ ზაფხულს ყოველთვის სასიამოვნოდ გაგახსენებენ.

წაიკითხეთ ზაფხული

საზაფხულო თავგადასავლებით სავსე წიგნებს რა დალევს?! მეც დაუზარლად ვუზიარებ საკითხავ ლიტერატურას ჩემს მოსწავლეებს. ზემოაღნიშნულ დავალებებს ალბათ იდეალურად შეასრულებდნენ ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟები წიგნიდან „ჩვენც სალტროკელები ვართ“. მელკერსონების ოჯახის საზაფხულო თავგადასავალი დღემდე ისევე აღაფრთოვანებს ახალბედა მკითხველს, როგორც – ჩემს ბავშვობაში. ისეთი ზაფხულიც შეიძლება დადგეს, მშობლიურ ქალაქში ჩარჩე და მოგზაურობის ერთადერთ საშუალებად საკუთარი ფანტაზია გეგულებოდეს. არ იდარდო, მთავარია მოგზაურობის სურვილი, სანდო მეგობარი და თქვენი თავგადასავალი არცერთი ნამდვილი მოგზაურის ისტორიას ტოლს არ დაუდებს. ჩემი არ გჯერათ? მაშინ წაიკითხეთ მარიანე კაურინის „ჩვენი სამხრეთი“ და თავადვე დარწმუნდებით. იქნებ სულაც არ გხიბლავთ მოგზაურობა და ახალი ადგილების/ადამიანების გაცნობა გაშინებთ?! მაშინ იბენ აკერლის თხზულების „ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია“ წაკითხვას გირჩევთ. იქნებ, ნორას მსგავსად, წინ თქვენც ისეთივე ზაფხული გელოდებათ, რომელიც დაუვიწყარ ბედნიერებას მოგანიჭებთ… სასურველია, კითხვის პროცესში აწარმოოთ „მკითხველის დღიური“ (აღნიშნული რესურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს სტატიაში „წიგნის თარო: მკითხველის დღიური“), რათა, ზემოთ მოცემული აქტივობების მსგავსად, წიგნის კითხვით მოგვრილი საზაფხულო შთაბეჭდილებების შენახვა და გაზიარება გაგიადვილდეთ.

მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება და მეც ერთი სული მაქვს, სანამ მოსწავლეების მიერ შეგროვებულ ზაფხულებს დავაგემოვნებ და ჩემს აღმოჩენებსაც გავუზიარებ. აი ასეთია წლის ჩემეული მისალმების ტრადიცია და თქვენ როგორ ესალმებით თქვენს მოსწავლეებს?!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“