შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ აუმჯობესებს მულტისენსორული აქტივობები კითხვის უნარებს

მასწავლებლებმა ვიცით, რას ნიშნავს ისეთ ბავშვებთან მუშაობა, ვინც ადვილად ითვისებს. განურჩევლად იმისა, რას ვაკეთებთ ჩვენ, ისინი იმახსოვრებენ ასოებს და მათ შესაბამის ბგერებს.

მაგრამ როგორ მოვიქცეთ მოსწავლეებთან, რომლებიც, მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, ასო-ბგერების დამახსოვრებას ვერ ახერხებენ? ზოგჯერ ისინიც ითვისებენ, მაგრამ არა ყოველთვის. ჩვენ ვასკვნით, რომ ეს ბავშვები სხვებივით გონიერები არ არიან. მაგრამ იქნებ მათი გონება სხვაგვარად არის მოწყობილი და ერთი და იმავე მეთოდების უსასრულოდ გამეორების ნაცვლად ამ მეთოდების მათთვის მორგებაა საჭირო?

ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ტვინს შეუძლია ზრდასრულ ასაკშიც კი წარმოქმნას ახალი კავშირები. ჩვენი ტვინი მუდმივად იცვლება ახალი ინფორმაციისა და ახალი გამოცდილების მიღებასთან ერთად. როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ბავშვი არ რეაგირებს და ვერ იმახსოვრებს ინფორმაციას ტრადიციული გზით, უნდა დავფიქრდეთ, როგორ იღებს ტვინი ინფორმაციას. ის განიცდის სტიმულის (ტელეფონის ზარის გაგონება, სპაგეტის დაგემოვნება) ზემოქმედებას, რა დროსაც ის აანალიზებს და აფასებს ინფორმაციას. ჩვენი ხუთი გრძნობა (მხედველობა, შეხება, სმენა, ყნოსვა და გემო) უგზავნის ინფორმაციას ტვინს, რომელიც მოწყობილია შეგრძნებების აღსაქმელად, ქცევისთვის ბიძგის მისაცემად და მოგონებების შესანახად.

რითია მნიშვნელოვანი სკოლამდელი და დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის იმის ცოდნა, თუ რა საოცარია ჩვენი ტვინი? ჩვენ შეგვიძლია მოვიფიქროთ, როგორ ჩავრთოთ მულტისენსორული აქტივობები წიგნიერების სწავლებაში. ეს ყველა მოსწავლისთვის სასარგებლოა და შეიძლება, ყოველდღიურად გამოვიყენოთ კლასში. ამ აქტივობების არსია ერთდროულად ერთზე მეტი გრძნობის გამოყენება ცოდნის განსამტკიცებლად.

მულტისენსორული აქტივობები აძლიერებს ძლიერ მხარეებს და აუმჯობესებს სუსტს.

მხედველობა: მოსწავლეები ხედავენ სტიმულებს. საკლასო ოთახში ეს შეიძლება იყოს ავეჯზე ან სხვა ნივთებზე მიკრული ეტიკეტები, სიტყვის კედლები, დიაგრამები ან დიდი წიგნები, ფლეშბარათები ან გრაფიკული ორგანიზატორები. მათი დახმარებით მასწავლებლებს შეუძლიათ, აჩვენონ მოსწავლეებს სიტყვა, რომელსაც ბავშვები ააწყობენ ასოების ფილების გამოყენებით, მერე კი დაწერენ.

სმენა: მოსწავლეები ისმენენ სტიმულებს. ეს ხდება ბგერების დასახელების, სიმღერის, ერთობლივი კითხვის დროს. ერთობლივი კითხვა ასევე მძლავრი საშუალებაა წიგნიერების განსავითარებლად.

შეხება: მოსწავლეები ეხებიან სტიმულებს. ეს ალბათ ყველაზე მეტად გვაკლია კლასებში, მაგრამ ეს პრაქტიკული მიდგომა გადამწყვეტია პატარებისთვის.

მოსწავლეებს შეუძლიათ ასოების ფილებით მანიპულირება სიტყვების დამარცვლისას ან ბგერების შეერთებისას. მათ შეუძლიათ ასოების ან სიტყვების შექმნა კინეტიკური ქვიშით ან პლასტილინით.

ჰაერში წერა და მკლავზე კაკუნი  ავითარებს მსხვილ მოტორულ უნარებს. ჰაერში წერის დროს მოსწავლეები ფეხზე დგანან და ჰაერში „წერენ“ სიტყვას წამყვანი ხელით. მოძრაობა მხრიდან იწყება, რათა ხელი შეუწყოს დიდი კუნთის მოძრაობას. მკლავზე კაკუნის დროს მოსწავლე აკაკუნებს მკლავზე წამყვანი ხელით მარცხნიდან მარჯვნივ. სიტყვის ყოველი ბგერის წარმოთქმა კაკუნისას აძლიერებს ბგერებს. შემდეგ მოსწავლემ უნდა შეასრულოს წაშლის მოძრაობა მკლავის გასწვრივ და წარმოთქვას მთელი სიტყვა, თითქოს ხაზს უსვამს მას.

ზემოხსენებული სამი გრძნობა მარტივად ერგება წიგნიერების ცნებას. პროცესში ყნოსვისა და გემოვნების ჩართვა გაცილებით რთულია, რადგან ისინი არ იძლევიან ისეთსავე შედეგს, როგორსაც ასოების ცნობა მხედველობით, სმენით ან შეხებით/წერით. წიგნიერების უნარის უკეთ განსავითარებლად მომდევნო სენსორული აქტივობები უფრო ეფექტურია, როცა გამოიყენება წინა ჯგუფების, სულ ცოტა, ერთ აქტივობასთან ერთად.

ყნოსვა: მოსწავლეები ყნოსავენ სტიმულებს. მაგალითად, მოსწავლეს შეუძლია გამოსახოს ასოები სურნელოვანი საპარსი კრემით ან სურნელოვანი მარკერებით (მაგალითად, ასო “მ” – მარწყვისსუნიანი მარკერით). უფრო პატარა მოსწავლეებს შეუძლიათ წაიკითხონ „გაკაწრე და იყნოსე“ (scratch-and-sniff) წიგნი, ან თვითონვე შექმნან ის სურნელოვანი სტიკერების გამოყენებით.

გემოვნება: მოსწავლეები აგემოვნებენ სტიმულებს. ეს აქტივობის ყველაზე პოპულარული ტიპია. შეგიძლიათ მისცეთ მათ ასოების ფორმის კრეკერები, ორცხობილები და სხვ., მათ კი შეუძლიათ დაწერონ ან დამარცვლონ სიტყვები მათი გამოყენებით. მერე კი, რა თქმა უნდა, მიირთმევენ თავიანთ შემოქმედებას.

მულტისენსორული აქტივობების საუკეთესო მხარე ის არის, რომ ბავშვები მათ ჩვეულებრივ თამაშად აღიქვამენ. მაგრამ ვინაიდან ვიცით, როგორ ქმნის ტვინი კავშირებს და იმახსოვრებს, ეს მძლავრი სტრატეგიებია ბავშვებისთვის კითხვის სწავლაში დასახმარებლად. წიგნიერების განვითარებისთვის განკუთვნილი მულტისენსორული აქტივობები საჭირო ზემოქმედებას ახდენს იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც ეს სჭირდებათ და უფრო სახალისოს ხდის სწავლას ყველა დანარჩენისთვის.

წყარო: www.edutopia.org

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი