ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ვებრესურსები სამოქალაქო განათლების სწავლებისთვის

(ნაწილი პირველი)

თანამედროვე, ინტერაქტიური გაკვეთილის ჩასატარებლად განმანათლებლებს გვესაჭიროება რესურსები. გაკვეთილზე მოსწავლეების საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეთავაზებულმა ერთმა რესურსმა, შესაძლოა ხელი შეუწყოს მათ გააქტიურებასა და ჩართულობას სასწავლო პროცესში, მოტივაციის ზრდას და ა.შ.  ხშირად მასწავლებლები თვითონ ვქმნით მათ, რაც დროსა და ენერგიას მოითხოვს.

ჩემი მასწავლებლობის პირველი წლებიდანვე საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, მუდმივად ვიყენებდი დამხმარე წყაროს. გადავწყვიტე, შემომეთავაზებინა სტატიათა ციკლი, სადაც  თავს მოვუყრი იმ ვებგვერდებს, რომლებსაც აქტიურად ვიყენებ, როგორც  სამოქალაქო განათლების სწავლებისას რესურსების სახით, ასევე პროფესიული ზრდის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული ვებგვერდები შესაძლებელია გამოვიყენოთ პირისპირი და დისტანციური სწავლების ფორმატში.

სამოქალაქო განათლების პორტალი რესურსების ნამდვილი საბადოა. ვებგვერდზე ჩაშენებულ განყოფილებებში აღმოაჩენთ დამხარე სახელმძღვანელოებს (ნაწილი თარგმნილია ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენებზე), მოსწავლეთა მიერ განხორციელებულ პროექტებს, ადაპტირებულ ტექსტებს, ტესტებსა და ა.შ. აქვე მოიძიებთ ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით,  სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილ კომპლექსურ დავალებებს.

სამოქალაქო განათლება ყველასათვის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ინტერნეტპორტალია. აქ თქვენ ნახავთ თეორიულ მასალას ისეთ ვრცელ საკითხებზე როგორებიცაა:

  1. პიროვნული განვითარება;
  2. მოქალაქე და სახელმწიფო;
  3. მდგრადი განვითარება;
  4. მე, ოჯახი და საზოგადოება.

შემოთავაზებული გაკვეთილების უმეტესობა არის გახმოვანებული და დამატებული აქვს ვიზუალური შტრიხები. რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თეორიული მასალის გვერდით ჩანს დამატებითი წყაროები, გაკვეთილის სცენარები და ა.შ. მოსწავლეებს ცოდნის შესამოწმებლად შეუძლიათ შეასრულონ  ტესტები.

ვებგვერდზე დამატებულია პუბლიკაციების სვეტი, სადაც შეგიძლიათ, გაეცნოთ ქართველი განმანათლებლების, მწერლების, საზოგადო მოღვაწეების სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე დაწერილ პუბლიკაციებს.

საქართველოს სასამართლოების მოხელეთა პროფესიულ ასოციაციისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ ვებგვერდს რესურსების შერჩევის მიზნით ხშირად ვსტუმრობ.

პლატფორმაზე თავმოყრილია მასალა სამოქალაქო განათლების საკვანძო საკითხების შესახებ. თუ გაინტერესებთ ბავშვთა და ადამიანის უფლებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბულინგის, თანასწორობის და სხვა საკითხები, სწორედ აქ ნახავთ მრავალფეროვან მულტიმედია თუ თეორიულ რესურსებს.

პლატფორმა დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ქართულ ენაზე მასწავლებლებს გვთავაზობს ევროპის საბჭოს ეგიდით გამოცემულ დამხმარე სახელმძღვანელოებს. შესაბამისი ფილტრის გამოყენებით შესაძლებელია თემატიკისა, დონისა და აქტივობის შერჩევა. კონკრეტული აქტივობის ქვეშ ნახავთ გაკვეთილის სცენარს, საჭირო რესურსების ჩამონათვალს, სამსჯელო საკითხებს და ა.შ.

მედიაწიგნიერებისა და ადამიანის უფლებების სწავლების პლატფორმა გვთავაზობს დოკუმენტური ფილმებსა და მათ მიხედვით შემუშავებულ სახელმძღვანელოებს. პლატფორმაზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შემდეგ, თქვენ ფილმებთან ერთად წვდომა გექნებათ დამხმარე სახელმძღვანელოებზე, რომლებშიც მოცემულია მრავალფეროვანი აქტივობები. მედიაწიგნიერება გამჭოლი კომპეტენციაა და ამ უნარის განვითარება სხვა საგნებთან ერთად სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიმდინარეობს.

შემოთავაზებულ ფილმებს პრაქტიკაში კარგად ვიყენებ, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების  მიმართულებით.

ამდენად, ზემოთ ჩამოთვლილი ვებგვერდები გვიზოგავს დროს და გვეხმარება, რომ ჩვენი გაკვეთილები გახდეს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო. ამ სტატიას აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება, რადგან ინტერნეტსივრცე მდიდარია მსგავსი პროდუქტით და ერთ სტატიაში შეუძლებელია ყველას თავმოყრა და გაცნობა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი