პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დავიწყებული ლოცვებისათვის

გამარჯობა, მუჰამედ.

დიდი ხანია, არაფერი მსმენია შენგან. არადა, სწორედ ამ დღეებში შვიდი წელი გადის ჩვენი პირველი შეხვედრიდან. ხომ იცი, პირველი შეხვედრის დღეები ყოველთვის მნიშვნელოვანია.

დიდი ხანია, მეც არაფერი მომიწერია შენთვის. უფრო სწორად, არაფერი მომიწერია მას შემდეგ, რაც სამშობლოში დავბრუნდი, სამშობლოში, რომელზეც ყოველთვის გეუბნებოდი, რომ სიყვარულით, შემწყნარებლობით და ტოლერანტობით გამოირჩევა. ჩემი და შენი ღმერთის წინაშე შემიძლია დავიფიცო, რომ აზრადაც არ მომსვლია შენი მოტყუება, ჩემი თითოეული სიტყვის მჯეროდა და მინდოდა, შენც დაგეჯერებინა, რომ არსებობს ამ ქვეყანაზე ასეთი მიწა, სადაც სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები მშვიდობიანად ლოცულობენ ერთმანეთის გვერდით.

კარგად მახსოვს, როცა ყურანის კითხვა დავიწყე, შენ მთხოვე, წიგნის ხელში აღების წინ საგულდაგულოდ დამებანა ხელები და მე არასოდეს მოვქცეულვარ სხვანაირად, მაშინაც კი, როცა შენ არ მიყურებდი.

მახსოვს, როგორ მეხმარებოდი ჩემთვის სრულიად უცნობი სამყაროს – შენი სამყაროს აღმოჩენაში, როგორი მოთმინებით მიხსნიდი ყოველ სიტყვას, როგორ მიყვებოდი ისტორიებს და როგორი ადამიანური იყო ჩვენი საუბრები ღმერთზე.

მახსოვს, როგორ მოხვედი ერთხელ და მითხარი, რომ არ შეიძლება, ადამიანებს, რომლებსაც ღმერთის სწამთ, ერთმანეთის არ ესმოდეთ, რომ მნიშვნელობა არა აქვს აღმსარებლობას, რომ სინამდვილეში ყველაფრის საფუძველი სიყვარულია, რომ არაფერი გვაქვს გასაყოფი და დედამიწაზე ყველა დავეტევით, სანამ სიკვდილი და პოლიტიკა არ დაგვაშორებს.

ყველაზე კარგად დეკემბრის თოვლიანი საღამო მახსოვს, ბიჭები რომ ნაძვის ხის მოსაჭრელად წახვედით. შობისთვის ვემზადებოდით და მერე რა, რომ შენი დღესასწაული არ იყო შობა. მახსოვს, ნაძვი დერეფნის კუთხეში მიაყუდე, დათოვლილ ქურთუკს იფერთხავდი და იცინოდი, და შენი იშვიათი სიცილი მთელ სტუდენტურ ქალაქს ესმოდა. მერე ყველა ერთად ვრთავდით საშობაო ხეს, ვიყავით ბედნიერები და გვიხაროდა, რომ ოდესღაც დაიბადა ის, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად სცადა, ჩვენთვის სიყვარული, ჰო, უპირველეს ყოვლისა, სიყვარული ესწავლებინა.

პოლიტიკაზე ხშირად გვიკამათია, მერე რა, რომ არც ერთი არ გამოვდგებოდით საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტად. და თუ მაშინ რაღაცებზე ვბრაზობდი, დღეს მინდა გითხრა, რომ შესაძლოა არც ახლა დაგეთანხმო, მაგრამ მე მესმის, გულწრფელად მესმის შენი.

წლები ისე გავიდა, არაფერი მსმენია შენგან, მაგრამ რამდენიმეჯერ განსაკუთრებულად გამახსენდი. ერთხელ მე და ჩემი მეგობრები ეკლესიიდან გამოგვყარეს. საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, აღდგომას ვხვდებოდით ერთი პატარა სოფლის პატარა ეკლესიაში. ჩვენ, ქართველ გოგოებს, თავსაფრები გვეხურა, იქაურებს – არა, ჩვენ ვიდექით, ისინი – ისხდნენ. თორმეტს წუთები აკლდა, როცა ერთ-ერთმა ქალმა შეშფოთებით შემოგვხედა, ჯერ თითი გამოიშვირა ჩვენკენ, მერე კი ხმამაღლა გადასძახა სხვებს: „მუსულმანები!”

არავითარმა ახსნამ არ გაჭრა, ვერავის გავაგებინეთ, რატომ ვიდექით თავდაბურულები, ან რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ ვიყავით, როცა ხელს არავის ვუშლიდით და არაფერს ვაშავებდით. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაშინ გამახსენდი ყველაზე მძაფრად და ყველაზე მწარედ, დიდი ხნის წინ დავიწყებულ ჭრილობასავით.

იმ დღეებში კიდევ ერთხელ გამახსენდი. ისევ კრეტაზე, აგიოს ნიკოლაოსთან ახლოს, ავტობუსი გავაჩერეთ – ჩვენს აზერბაიჯანელ ჯგუფელებს ლოცვის დრო ჰქონდათ. ვუყურებდი, როგორ იდგნენ ხუთნი ულურჯესი ზღვის პირას და ელაპარაკებოდნენ ღმერთს, რა მნიშვნელობა აქვს, რა ენაზე, რა მნიშვნელობა აქვს, რა სიტყვებით. მე მესმოდა მათი. დარწმუნებული ვარ, ღმერთს – ჩემზე უკეთ.

ამ ბოლო დროს უფრო ხშირად მახსენდები. გახსოვს, როგორ ვცდილობდი, დამემტკიცებინა, რომ ჩემი ატირება ადვილი არ არის? სისულელეა. მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, ერთნაირად დავტირი ყველას მიცვალებულს, ჩემსასაც და სხვისასაც, ერთნაირად მეშინია ყველას სიკვდილის, ყველას წილი ომის, ყველა დამწვარი სახლი, ყველა მოკლული ბავშვი ჩემია და როგორ გითხრა… ყველა მუსულმანი, რომელიც ჩემს ქვეყანაში თავისი უფლებების დასაცავად გამოვიდა ქუჩაში, შენ ხარ.

სინამდვილეში, შენ, რა თქმა უნდა, არ იცი, სად არის სოფელი ჭელა, არც იქაური მინარეთის შესახებ გაგიგონია რაიმე. მე კი ვზივარ და ვდარდობ, თან მაინც იმედი მაქვს, რომ ჩემს ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს, როგორია სალოცავის დანგრევით გამოწვეული ტკივილი.

ისე, რა მალე გავიდა წლები. შვიდი წლის წინ სწორედ სექტემბრის პირველ დღეებში შევხვდით. ალბათ ამიტომ გადავწყვიტე, დუმილი დამერღვია და მეთქვა, რომ არა უშავს, თუ ერთმანეთს ვერ ვხედავთ – მთავარია, რომ ერთმანეთისგან შორს მაინც ერთად ვართ მე, შენ და ჩვენი ღმერთი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი