პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წამალი, რომელიც ყველაფერს კურნავს

თუ გვკითხავენ, რა არის ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი, პასუხის გაცემა შესაძლოა გაგვიჭირდეს კიდეც. სამშობლოს მთა-ველიო, იტყვის მავანი. მე თუ მკითხავთ, მთავარი ჯანმრთელობაა. ჯანმრთელი უნდა იყო, რომ თუნდაც სამშობლოს საკეთილდღეოდ ხელის განძრევა შეძლო.

ჯერ კიდევ რამზესის ეპოქის ალქიმიკოსები ეძებდნენ „ყოვლის მაკურნებელ წამალს“ – ფაქტობრივად, ფილოსოფიურ ქვას. მოგვიანებით ამ უნივერსალურ საშუალებას პანაცეა ეწოდა. მედიცინის ღმერთ ასკლეპიოსს ჰყოლია ასული, სახელად პანაკეა, რომელიც თურმე ყოველგვარ დაავადებას კურნავდა. „პანაცეა“ მისი სახელის ლათინიზებული ფორმაა.

ერთხანს პანაცეად ფლებოტომია ანუ სისხლის გამოშვება მიიჩნეოდა. დღეს სისხლის გამოშვებით აღარავინ მკურნალობს. თუ მაინც გირჩიათ ვინმემ, ალტერნატიული მედიცინიდან იქნება. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში კი ეს ერთ-ერთი პოპულარული მეთოდი გახლდათ. მისი სისწორე 1799 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლო განხილვის საგნადაც კი იქცა.

აი, როგორ მოხდა ეს: ბენჯამინ რაში, ცნობილი და ავტორიტეტული ქირურგი, სისხლის გამოშვების გულანთებული მომხრე ყოფილა. ინგლისელმა ჟურნალისტმა უილიამ კობეტმა შეამჩნია, რომ კლინიკაში, სადაც რაში მუშაობდა, უამრავი პაციენტი იხოცებოდა. ჟურნალისტმა შეისწავლა გარდაცვლილთა ავადმყოფობის ისტორია და მათ სიკვდილში სისხლის გამოშვების მეთოდი დაადანაშაულა. კობეტმა დაწერა სკანდალური სტატია, რომლის წაკითხვის შემდეგაც რაშმა მას სასამართლოში უჩივლა. პროცესი ორ წელს გაგრძელდა. კობეტმა წააგო. პენსილვანიის სასამართლომ კი დაადგინა, რომ სისხლის გამოშვება მკურნალობის სანდო და ძალიან საჭირო მეთოდი იყო.

ისე მოხდა, რომ განაჩენის გამოტანის დღეს ავად გახდა ჯორჯ ვაშინგტონი. შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი იმ დროს უკვე 69 წლის იყო და გადატანილი ჰქონდა ტუბერკულოზი, ყვავილი, მალარია, ფილტვების ანთება. იმ დილით ვაშინგტონს გაციებულივით გამოეღვიძა, ცხვირი გაჭედილი ჰქონდა, ამცივნებდა, ყელში ფხაჭნიდა. წამლებზე უარი განაცხადა – თავისით გაივლისო (ალბათ გეცნოთ – ზოგიერთი გაციებას დღესაც ასე ეთამაშება). რამდენიმე საათში მდგომარეობა დამძიმდა, ვაშინგტონს სიცხემ კიდევ უფრო აუწია. მომსახურე პერსონალმა ცნობილ ექიმებს უხმო. ერთმა მათგანმა, ჯეიმს კრეიკმა, დაასკვნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ხორხის ანთება ჰქონდა და ხელიდან სისხლის გამოშვება გამოუწერა – ასე, ნახევარი ლიტრის. პირველი პროცედურის შემდეგ პაციენტს უკეთესობა არ დასტყობია, ამიტომ მკურნალობა განაგრძეს… მომდევნო 13 საათის განმავლობაში ავადმყოფს სხეულიდან ორ-ნახევარი ლიტრი სისხლი გამოუღეს. ერთ-ერთი გამოშვების შემდეგ ვაშინგტონი გარდაიცვალა. ექიმებს გაუკვირდათ.

თუ ადამიანს სისხლს გამოუღებთ, მისი სხეულის ტემპერატურა დაეცემა. ძველი დროის მკურნალებს სჯეროდათ, რომ ეს კარგი იყო, თანამედროვე მედიცინამ კი დაამტკიცა, რომ ანთებითი პროცესის დროს სიცხე, პირიქით, ეხმარება ორგანიზმს – იმუნური სისტემა მუშაობს და ინფექციას ებრძვის.

ადამიანს მკურნალობის მიზნით სისხლი პირველად ძველ ეგვიპტეში გამოუღეს. ძველ საბერძნეთში არსებობდა მთელი სია იმ დაავადებებისა, რომლებსაც სისხლის გამოშვება შველოდა. ჰიპოკრატემ ეს თეორია განავითარა და განაცხადა, რომ ნებისმიერი დაავადების მიზეზია ორგანიზმში არსებული ოთხი სახის სითხის დისბალანსი. ერთი მათგანი იყო სისხლი. მაშინ ექიმებმა არ იცოდნენ, რომ სისხლი სხეულში განუწყვეტლივ ბრუნავს. ეგონათ, ის ერთ ადგილას გუბდებოდა და სწორედ ამ დაგუბებული სისხლის გამოშვება იყო საჭირო. ჰიპოკრატე სისხლის გამოშვებას ურჩევდა მეტეორიზმის, განგრენის, დამუნჯების, ხველის, თავის ტრავმისა და მუცლის ბუყბუყის დროს.

წლების შემდეგ რომაელმა ქირურგმა, ფილოსოფმა და ანატომმა გალენუსმა საკუთარი წვლილი შეიტანა მეთოდის პოპულარიზაციაში – თქვა, რომ სისხლის გამოშვება სასარგებლო იყო ყოველგვარი დაავადების დროს. მისი აზრით, სისხლის დაკარგვის დროსაც კი სისხლის გამოშვება იყო საუკეთესო წამალი.

შუა საუკუნეების ექიმებმა სისხლის გამოშვებით სამკურნალო დაავადებების ნუსხა კიდევ უფრო განავრცეს.

დაახლოებით ამავე პერიოდში დაიწყეს სისხლის გამოსაშვებად წურბელების გამოყენება. თავდაპირველად მათ დელიკატურ ადგილებზე – თვალზე, ენაზე და ა.შ. – ასვამდნენ. წურბელა ფრთხილად წოვდა სისხლს, თანაც იმდენს, რამდენიც საჭირო იყო. მეთოდს ჰირუდოთერაპია დაარქვეს. მე-19 საუკუნის ბოლოს ფრანგმა ექიმმა ჟაკ ბულემანმა ის ასამდე სხვადასხვა დაავადების წამლად დაასახელა. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ალექსეი ტოლსტოის „ბურატინოს“ ერთ-ერთი პერსონაჟის, წურბელებით მოვაჭრე დურემარის, პროტოტიპი სწორედ ბულემანი იყო. საფრანგეთში წურბელები მოდური გახდა. ასეთი რამ ხომ ყველა დროს ახასიათებს; სჭირდებოდათ თუ არა, ყველა წურბელებს ისვამდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ წურბელებს მუსრი გავლეს და კინაღამ ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიეს, წურბელების პოპულაცია კი ხელოვნურად აღსადგენი გახდა.

მეტსაც გეტყვით: მაშინდელი ექიმების აზრით, წურბელებს ერთი ნაკლი ჰქონდათ – ძალიან ცოტა სისხლს სწოვდნენ, სულ 15 მლ-ს. განა ეს საკმარისი იყო? ამიტომ წურბელების სტიმულაცია დაიწყეს, რომ მადა მომატებოდათ და ზოგიერთ მეთოდს სამეცნიერო ჟურნალებშიც აქვეყნებდნენ. ერთი ასეთი სტატია 1848 წლის ჟურნალ „ლანცეტშიც“ (The Lancet) დაიბეჭდა. ავტორის რჩევით, წურბელები ჯერ შავ ლუდში ან განზავებულ წითელ ღვინოში უნდა ებანავებინათ და მერე დაესვათ სხეულზე – მადა გაუათმაგდებათო.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან წურბელების აფთიაქებში გაყიდვა დაიწყეს.

ჰირუდოთერაპია დღესაც არსებობს და საკმაო წარმატებითაც იყენებენ. საქმე ის არის, რომ სისხლის გამოშვებასა და წურბლის დასმას შორის უზარმაზარი განსხვავებაა: წურბლის ნერწყვი უამრავ ფერმენტს და სხვა აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც კბენისას ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ასე რომ, წურბელა მხოლოდ „ცუდ“ სისხლს კი არ გამოწოვს, არამედ ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებითაც ამარაგებს. ამ მეთოდს მეც ვიყენებ. ჩემი გამოცდილება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

საარქივო დოკუმენტების თანახმად, 1815 წელს ბრიტანეთის არმიის ლეიტენანტი ა. სიმსონი ვატერლოოსთან მძიმედ დაიჭრა მარჯვენა ფეხში. ძვალი მთელი დარჩა, მაგრამ კუნთები ფარშს უგავდაო, წერენ. საველე ექიმმა ფეხის ამპუტაცია გადაწყვიტა. ლეიტენანტმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ექიმმა სეფსისით შეაშინა და აღუწერა, რა ტანჯვით სიკვდილი ელოდა (ჰმ, გამოდის, პაციენტების დაშინება წინათაც ეხერხებოდათ, მე კი მეგონა, ბოლო ხანს ისწავლეს-მეთქი). სანამ ექიმი ხერხის მოსატანად იყო წასული, ერთ-ერთმა ფელდშერმა ჭრილობა დაათვალიერა და მიხვდა, რომ ფეხის გადარჩენა შეიძლებოდა. სამწუხაროდ, ამ ოქრო კაცის სახელი და გვარი ისტორიას არ შემოუნახავს, მაგრამ მას ასეთი რამ მოუფიქრებია: დაგლეჯილი კანის ნაკუწები გაეკერა და ნაკერებზე წურბელები დაესვა, რომლებიც მკვდარ წსოვილებს ამოწოვდნენ და ჭრილობას გაასუფთავებდნენ. როდესაც ფელდშერმა ექიმს თავისი აზრი გაუზიარა, მას, ბუნებრივია, სიცილად არ ეყო, მაგრამ უფიქრია, ლეიტენანტი მაინც განწირულია, ვსინჯოთ, რას ვკარგავთო და ფელდშერისთვის პროცედურების ჩატარების უფლება მიუცია. თავად წასულა და დაუძინია, ლეიტენანტი სიმსონი კი გადარჩა და ფეხიც შეინარჩუნა!

საფრანგეთის სამეფო კარის ექიმი ამბრუაზ პარე, რომელიც მე-16 საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, არც მეტი, არც ნაკლები, მუმიის ფხვნილს მიიჩნევდა პანაცეად.

მე-15 საუკუნის ექიმი და ალქიმიკოსი პარაცელსუსი პანაცეად ოპიუმს მიიჩნევდა. ამ უკანასკნელს მანამდეც იყენებდნენ, თუმცა პარაცელსუსმა მისგან ახალი პრეპარატი შექმნა და ლაუდანუმი უწოდა. მისი შემადგენლობის 25% ოპიუმი იყო, დანარჩენი კი – ქარვის ფხვნილი, ლენცოფა (სედაციური საშუალება), მარჯანი, მარგალიტი, მუსკატის კაკალი, მუმიის ფხვნილი, ბაყაყის კანი, მიხაკ-დარიჩინი, ფორთოხლის ქერქი და ბეზოარი (პირუტყვის კუჭიდან ამოღებული ბეწვის გორგალი). გემოსთვის ამატებდნენ ირმის ნეკნების ფხვნილს და – ყურადღება! – ცალრქას, რქაეულის, რქაცხენას, ხმალშუბლა ცხენის, რქაცუნცულას რქას! ამ ზღაპრული ცხოველის ქართული სახელები ერთ ფორუმზე მოვიძიე და ყველა ისე მომეწონა, რომ უკლებლივ ჩამოგიწერეთ.

მე-17 საუკუნეში ინგლისელი ექიმი თომას სიდენქემი პოპულარიზაციას უწევდა იმავე წამლის თხევად ვარიანტს, რომელიც ალკოჰოლსაც შეიცავდა. მიქსტურის ყიდვა ნებისმიერ აფთიაქში ურეცეპტოდ შეიძლებოდა.

ასეთია მოკლე ისტორია „წამლისა, რომელიც ყველაფერს კურნავს“.

მე კი გეტყვით, რომ პანაცეა ცხოვრების ჯანსაღი წესი, ბევრი დადებითი ემოცია და საყვარელი ადამიანების გარემოცვაა, მერე კი, როგორც გაგვიმართლებს, ისე იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი