შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ყველგან ტაქსიმია, ყველგან წინააღმდეგობაა!!!

„არსად მიგრძნია ისეთი კონტაქტი აუდიტორიასთან, როგორიც აქ, სტამბოლში”.
როჯერ უოტერსი
4 აგვისტო, 2013
კარგია შვებულება – ცდილობ, რაც შეიძლება ნაკლები იფიქრო ცუდზე და აკეთო ის, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, მეტი დრო გაატარო საყვარელ ადამიანებთან და, უბრალოდ, დაისვენო. სწორედ ამ დალოცვილი შვებულების გამოა, რომ სამ კვირაზე მეტია, აქ პოსტი არ გამომიქვეყნებია… ცოტა არ იყოს, მრცხვენია, მაგრამ მოსაყოლი ნამდვილად ბევრი დამიგროვდა .
წლევანდელი შვებულება ყველაზე ნაყოფიერი გამოდგა. ავიხდინე ბავშვობის ოცნება და Pink Floyd-ის ლეგენდარული ალბომი, „კედელი” (The Wall), ცოცხლად მოვისმინე სტამბოლში ჯგუფის ბასისტისა და ერთ-ერთი ლიდერის როჯერ უოტერსის შესრულებით. ალბომი გაუცხოებაზე, პერსონალურ იზოლაციაზეა, თუმცა მისი განზოგადება მსოფლიო პოლიტიკასა თუ სხვა მნიშვნელოვან თემებზე სავსებით შესაძლებელია.

კონცერტიდან იმდენი ემოცია და შთაბეჭდილება გამომყვა, ცოტათი მიჭირის კიდეც დალაგება.

თავიდან დავიწყოთ. სტამბოლში 2 აგვისტოს გავემგზავრეთ დაახლოებით 35 კაცი ერთი სამეგობროდან. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა ავტობუსში, რომელშიც იყო გიტარა და Pink Floyd-ის მოყვარული 35 ადამიანი. თანაც მგზავრობა 24 საათზე მეტხანს გრძელდებოდა… ნახევრად ირონიული სურვილის მიუხედავად, ავტობუსი გარედან პაციფისტური ნახატებით ვერ შევღებეთ, მაგრამ შიგნით ნამდვილად ისეთი განწყობა იყო, 60-იანებში, ჰიპების სადმე, თუნდაც ვუდსტოკისკენ მგზავრობის დროს რომ იქნებოდა. 3-ში დილით უკვე სტამბოლში ვიყავით, 4-ში როჯერ უოტერსის კონცერტი გველოდა…

სტამბოლში გატარებული სამი დღის შემდეგ საინტერესო დასკვნამდე მივედი: თურქოფობია, რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოში ფსევდოისტორიული „ლეგენდებით” საზრდოობს, სხვა არაფერია, თუ არა შედეგი ინფორმაციის ნაკლებობისა, რაც, თავის მხრივ, არასწორი შთაბეჭდილებების მთავარი მიზეზია. შეგვიძლია, ბევრი ვიდავოთ ამ თემაზე, თუმცა ერთი რამ ნათელია – მოქალაქეობრივი, სახელმწიფოებრივი თვითშეგნება თურქ ახალგაზრდებს ნამდვილად აქვთ და ისინი პატივისცემის ღირსნი ნამდვილად არიან. ამას ტაქსიმის მოედანზე ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი მოვლენებიც ადასტურებს. 
 
„Her yer Taksim, her yer direniş!” – ამ ფრაზას სტამბოლის ქუჩებში ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად გაიგონებდით. ქართულად ის დაახლოებით ასე ითარგმნება: „ყველგან ტაქსიმია, ყველგან წინააღმდეგობაა!” ტაქსიმის მოედანზე, Gezi Park-თან მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როდესაც თურქეთის მთავრობამ გარემოს დაცვის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქცია გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ტაქსიმის მოვლენების მონაწილეთა დიდი ნაწილი აუცილებლად დაესწრებოდა შოუს, რომელიც თავისი არსით პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხატულებაა, რაც კი ოდესმე მინახავს და მომისმენია. ჩემი ვარაუდი გამართლდა.

4 აგვისტოს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სტადიონზე (სადაც კონცერტი იმართებოდა) შოუს დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივედით. ვცდილობდით, სცენასთან რაც შეიძლება ახლოს დავმდგარიყავით, რომ როჯერი კარგად დაგვენახა. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ მუსიკის პირველი ბგერები გაისმა, რასაც პუბლიკის მხრივ მყისვე მოჰყვა სკანდირება: „Her yer Taksim, her yer direniş!” მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს სიტყვები, მერე კი შევიტყვე, რომ ეს იყო მოწოდება წინააღმდეგობისკენ ნებისმიერ დროსა და ადგილას.

69 წლის როჯერ უოტერსი სცენაზე ოდნავ მოგვიანებით გამოვიდა და აუდიტორიას მხურვალედ მიესალმა. პირველი ტრეკის შემდეგ მხარდამჭერი სიტყვაც წარმოთქვა თურქულ ენაზე, რომელსაც ფონად პუბლიკას აპლოდისმენტები და ხმამაღალი შეძახილები გასდევდა. მერე კი დაიწყო! როჯერი იდეალურ ფორმაში იყო. მან ორსაათიანი კონცერტი ძალიან კარგად ჩაატარა. როგორც ვოკალური, ასევე ინსტრუმენტული თვალსაზრისით ყველა კომპოზიცია იდეალური იყო. 

არ ვაჭარბებ – ეს იყო შოუ, რომელიც არასდროს დამავიწყდება. გიგანტური კედელი, რომელიც კონცერტის მსვლელობის დროს შენდება, პროექციები, რომლებზეც სიურრეალისტური ფიგურები, მოწოდებები, წარწერები, ცნობილი სტრიტ არტისტის Banksy-ს ნახატები და სხვა გამოსახულებები ჩნდებოდა. და, რა თქმა უნდა, მუსიკა, ყველა დროსა და სივრცეში უნივერსალური ენა.

კონცერტის მსვლელობის დროს მიჭირდა გაცნობიერება, რა ხდებოდა ჩემ გარშემო. შოუ იმდენად ლამაზი და დინამიკური გახლდათ, რომ თავს ზედმეტი ფიქრის საშუალებაც კი არ მივეცი, რაიმე რომ არ გამომპარვოდა. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კომპოზიციის, „Comfortably Numb”-ის შესრულებამ მოახდინა. დაახლოებით 30 ათასი კაცი ამ სიმღერას ერთად მღეროდა, ტრეკის ბოლოს კი ძალიან დიდი კედელი ვიზუალური პროექციით დაინგრა.

წარმოდგენა ორ ნაწილად გაიყო. მცირე შესვენების დროს კედელზე იმ ადამიანების ფოტოები და ბიოგრაფია გამოჩნდა, რომლებიც ომებს, გადატრიალებებს და მსგავს მოვლენებს შეეწირნენ. განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია გამოიწვია ნედა აღა სოლთანის ფოტომ. ის 26 წლის ირანელი გოგონა იყო, რომელიც 2009 წელს თეირანში საპროტესტო აქციების დროს სამთავრობო ჯარების მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. კონცერტზე ბევრი ირანელი იყო ჩამოსული. გოგონას ფოტოს გამოჩენასთან ერთად მათ სკანდირება დაიწყეს: „სიკვდილი დიქტატორს! სიკვდილი დიქტატორს!” („Marg Bar Dictator!”

განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა, როცა დავინახე, რომ კედელზე ერთი ქართველის ფოტო და ბიოგრაფიაც მოხვდა. შალვა გაბუნია – 19 წლის რეზერვისტი, რომელიც 2008 წლის ომში, სენაკის ბაზიდან დაჭრილი მეომრების გამოყვანისას დაიღუპა. მაშინ გავიფიქრე, ისე უნდა იცხოვრო ადამიანმა, ერთხელაც ამ კედელზე მოხვდე-მეთქი… 
კონცერტის ბოლოს როჯერმა ბენდის წევრები და ვოკალისტები წარმოგვიდგინა და პუბლიკას განუცხადა: „ეს „კედლის” 191-ე ან 192-ე შოუა, მაგრამ არსად მიგრძნია ისეთი კონტაქტი აუდიტორიასთან, როგორიც აქ, სტამბოლში”. როგორც ჩანს, ის საპროტესტო მუხტი, რომელიც თურქ აუდიტორიას ჰქონდა, არც უოტერსს დარჩენია შეუმჩნეველი.


კონცერტის მომდევნო დღეს, 5 აგვისტოს, მეგობრებთან ერთად ტაქსიმის მოედანი და Gezi Park-ი მოვინახულე – ადგილი, საიდანაც თურქი ხალხის პროტესტი დაიწყო. ჩვენი იქ ყოფნისას პარკში სრული სიმშვიდე იყო, მხოლოდ 20-მდე ახალგაზრდა შეკრებილიყო და მხიარულად მღეროდა. მომდევნო დილით Facebook-ზე ასეთი სტატუსი დავწერე: „გუშინ Gezi Park-ში ვიყავით… ნამდვილი სამოთხეა გადატვირთული ქალაქის შუაგულში… მეგონა, დიდ ფართობზე იყო გაშენებული და ვერ წარმოვიდგენდი, თუ საზოგადოებას ერთი ციცქნა პარკის გადასარჩენად ამხელა წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო…”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი