ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

უსახელო ანგელოზები

რაც აგვისტო დაიწყო, სულ ომზე ვფიქრობ. ისედაც ხშირად ვფიქრობ და ვწერ ომზე, მაგრამ აგვისტოში – განსაკუთრებით. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ომები აქვთ. მეც ერთი მათგანი ვარ. აგვისტო ჩემი ომების თვეა.

შესაძლოა, ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, ვისთვისმე სულერთი იყოს, ვინმეს უკვირდეს, რას ავიჩემე ომებზე წერა, თავს რატომ ვიტანჯავ ან სხვებს რატომ ვაწვალებ. გამოგიტყდებით და მეჩვენება, რომ ამ პატარა ქვეყანაში ბევრი ისე ცხოვრობს, თითქოს მისთვის არც ერთი ომი არ მომხდარა, თითქოს ყველაფერი სხვის კოშმარში დატრიალდა და მერე ეს კოშმარიც წყალმა წაიღო.

ჰოდა, როცა ომზე ვწერ ან ვინმე ისეთს ვუყვები, ვინც 90-იანი წლების საქართველოს შესახებ არაფერი იცის, მგონია, ვალს ვიხდი წინაპრების, შვილებისა და საკუთარი თავის წინაშე. ვიღაცას რაღაც ახალს ვეუბნები, ვიღაცას ვაფხიზლებ, ვახსენებ, გულს ვუჩუყებ, მოკლედ, უქმად ჯდომას უქმად შრომას ვამჯობინებ მაშინ, როცა რეალურად არაფრის შეცვლა არ შემიძლია.

ორიოდე კვირის წინ ერთი ძალიან კარგი ფრანგი გოგო გავიცანი. ჩემს მეგობრებთან ერთად ფილმს იღებს. ფილმი ჩეჩნეთის ომზეა. ჩვენზე თითქმის არაფერი იცოდა. რა თქმა უნდა, არ დავიზარე, 1989 წლის ამბებით დავიწყე, 2008-მდე მოვედი და ცოტა ამოვისუნთქე. მერე კი ვუთხარი ის, რასაც დიდი ხანია ვფიქრობ – ყველაფერს ბედი უნდა, მათ შორის იმასაც, რომ შენს ომზე ვინმემ კარგად დაწეროს და მთელ მსოფლიოს გააგებინოს, რისი თქმაც გინდა და მხოლოდ ნაწილ-ნაწილ ყვები მეგობრებთან. ისე დაწეროს, როგორც ოსნე საიეშტადი წერს.

ნორვეგიელი ჟურნალისტი და მწერალი ოსნე საიეშტადი სხვადასხვა დროს ქაბულში, ბაღდადსა და გროზნოში ცხოვრობდა. „ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე”, „ათას ერთი დღე: ჩანაწერები ბაღდადიდან” და „გროზნოს ანგელოზი: ისტორიები ჩეჩნეთიდან” სწორედ მისი ხიფათით სავსე მოგზაურობების შედეგად დაიწერა.

ოსნე საიეშტადი გროზნოს პირველად 24 წლისა, 1994 წელს, პირველი ომის დროს ესტუმრა. 2006 წელს საიეშტადი ისევ ჩავიდა ჩეჩნეთში, რომ ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები საკუთარი თვალით ენახა. „გროზნოს ანგელოზი” ადამიანური ტრაგედიებით სავსე წიგნია. ერთი მხრივ, ასეთ წიგნს ვერ ექნება  ისტორიული სინამდვილის ობიექტურად ასახვის პრეტენზია, თუმცა, მეორე მხრივ, როგორც ერთ განსაკუთრებულ ქალს, შირინ ებადის უთქვამს, „ისტორია საუკეთესოდ ცხოვრებისეული ამბებით გადმოიცემა, ამბებით, სადაც კარგად ჩანს, რომ ადამიანებს სიცოცხლისა და სამშობლოს სიყვარული აერთიანებთ”.

„გროზნოს ანგელოზის” ქართულად გამოსვლას იმ წამიდან ველოდი, რაც „ქაბულელი წიგნებით მოვაჭრის” კითხვას მოვრჩი და წიგნი დავხურე. მართალია, ერთ-ორ უცხო ენაზეც ვკითხულობ, მაგრამ მიყვარს წიგნების ქართულად კითხვა და არავითარ შემთხვევაში არ ვიზიარებ აზრს, რომ ქართველებს თარგმნა არ შეგვიძლია. თამარ კვიჟინაძის თარგმნილი „გროზნოს ანგელოზი” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 2013 წელს გამოსცა. პრეზენტაციაზე სკაიპით ჩართულ ავტორს რომ მოვუსმინე, სწორედ მაშინ გავიფიქრე პირველად, რომ ჰო, ესეც საქმეა, შენს ტკივილებზე ასე ლაპარაკობდეს ვინმე.

სახელები და გვარები, რომლებსაც წიგნის ფურცლებზე ვხვდებით, ჩვენთვის კარგად არის ნაცნობი: ჯოხარ დუდაევი, ვლადიმირ ჟირინოვსკი, ასლან მასხადოვი, გენადი ზიუგანოვი, სალმან რადუევი, ბორის ელცინი და სხვები. ნაცნობია სიტუაციებიც:

„გზად მიმავალნი არაერთხელ შევხვედრივართ ბავშვებს, რომლებიც მუშტშეკრულნი ამაყად იდგნენ და ყვიროდნენ: ჯოხარ! ჯოხარ! ჯოხარ!”

„ჩემი შვილებიც ასევე დახოცეს და ნუთუ შენი შვილები მათზე უკეთესები არიან?!”

„…იმ კედლებს მიღმა, რომლებიც პორტრეტებისთვისაც კი უვარგისად ითვლება, ადამიანები ცხოვრობენ”.

„ – და ეს სიმართლე მხოლოდ ერთია?

– რა თქმა უნდა, – მპასუხობს კაცი, – აბა, სიმართლე ორი ხომ არ იქნება?!”

„ისეთი სისასტიკე, რომელსაც დღეს ერთმანეთის მიმართ ვიჩენთ, ჩვენს ისტორიას არ ახსოვს. ახლა ერთმანეთს ჩეჩნები და რუსები აღარ უპირისპირდებიან, ახლა უკვე ერთმანეთს ვხოცავთ”.

წიგნის მთავარი გმირი ჰადიზატია, გროზნოს ანგელოზი, რომელიც ომს გადარჩენილ, მორალურად განადგურებულ ბავშვებს თავის სახლში აძლევს თავშესაფარს, უვლის და ცდილობს, ნორმალური ყოფისკენ შემოაბრუნოს. ზოგჯერ ახერხებს ამას, ზოგჯერ – ვერა, მაგრამ ასეთ დროს სტატისტიკა არ არის მთავარი – თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე, თითოეული გაჯანსაღებული სული თუ გონება იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხოვრებისა და ბედნიერების ციფრებად გადამქცევ ადამიანებს წარმოუდგენიათ.

მე ბევრი ქართული ამბავიც ვიცი, ბევრ ქართველ ქალს ვიცნობ, ვინც უზარმაზარი ტვირთი ატარა მხრებით ბოლო წლების განმავლობაში, საკუთარი და სხვისი შვილების დაპურების, სიცოცხლისა და ღირსების შენარჩუნების ტვირთი. ვიცნობ უსახელო ანგელოზებს, რომლებზეც ჯერ არავის დაუწერია, რადგან ჩვენს ომს ასეთი ბედი აღმოაჩნდა. მე ხშირად ვხვდები მათ, როცა საქართველოში ვმოგზაურობ, ვხვდები კომპაქტურ ჩასახლებებში, ნანგრევებში, ქუჩებში, დაღლილებს, მოტეხილებს, დათრგუნულებს, მაგრამ საოცრად მამაცებსა და ლამაზებს. ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და საკუთარ თავში იტევენ ცოცხალ ისტორიას. მათი არდანახვა შეუძლებელია და ამიტომ, რამდენჯერაც გავიფიქრებ, რომ ჩვენი საზოგადოება თავისსავე ჭრილობებზე თვალს ხუჭავს, იმდენჯერ დავწერ ომზე და ნუ გეწყინებათ.

მგონი, ის ფრანგი გოგო, ზემოთ რომ ვახსენე, უკვე კითხულობს „გროზნოს ანგელოზს”, ჩვენი ომი კი, რომელიც წლებია გრძელდება, ჯერ კიდევ ელის თავის მწერლებს, რადგან, „როგორც ჰადიზატი იტყოდა ხოლმე, დუმილიც საშიშია”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი