პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რა საჭიროა ესეს წერა

ანდრეი ბაუმეისტერის ლექცია

 

ანდრეი ბაუმეისტერი (დ. 1970 წ.) – უკრაინელი ფილოსოფოსი, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, კიევის წმინდა თომა აკვინელის უმაღლესი რელიგიური ინსტიტუტის ლექტორი, ბარბარა კასენის ევროპული ფილოსოფიური ლექსიკონის პროექტის უკრაინის განყოფილების თანარედაქტორი. ავტორი ნაშრომებისა „თომა აკვინელი. ლექციების კურსი“, „მეტაფიზიკა. ლექციების კურსი“, „ანტიკური ფილოსოფია. ლექციების კურსი“ და სხვა

 

როდესაც წერა-კითხვა-საუბრის ტრიადაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ აზროვნების სწავლების პრაქტიკას. პრაქტიკას, რომელსაც ადამიანი აზროვნებაში შეჰყავს. ტექსტისა თუ ესეს წერის უნარს აქ განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ტექსტის კითხვისას ჩვენ „ვხსნით“ ავტორის აზრს.

რატომაა მნიშვნელოვანი, მაგალითად, პლატონის „დიალოგების“, დეკარტის ნაწერების ან თანამედროვე მოაზროვნეთა ტექსტების კითხვა?

იმიტომ, რომ ნებისმიერი პოსტი, ნებისმიერი მოკლე ტექსტი აზრის ნაწყვეტია. ხოლო ის, თუ როგორ შლის ავტორი საკუთარ აზრს, როგორ ახდენს მის ილუსტრირებას, როგორ ასაბუთებს, დამოუკიდებელი აზროვნების კარგი სკოლაა ჩვენთვის.

კითხვისას ჩვენ კვალში ვუდგავართ ავტორის აზრთა მდინარებას, ნადირის კვალში ჩადგომა კი ისაა, რასაც გამოხატავს ბერძნული სიტყვა „მეთოდოს“. ეს უკანასკნელი სწორედ მონადირული ტერმინოლოგიიდან იღებს სათავეს. ამრიგად, ჩვენ კვალდაკვალ მივყვებით ავტორს და მისი „დევნისას“ უფრო გრძელი პერიოდებით აზროვნებას ვსწავლობთ.

ჩვენი აზროვნება უმეტესად მოკლე აფეთქებებია, რომლებიც ჩნდება და ქრება. გრძელი პერიოდებით აზროვნების სწავლა უფრო ძნელია. ამისთვის აუცილებელია, შევიძინოთ იდეის განვითარების, სიუჟეტის, სახის (ხატის) განვითარების უნარი.

წიგნების კითხვის გარეშე ამ უნარს ვერ შევიძენთ.

მეორეა მსჯელობის უნარი და ის პირველი უნარიდან გამომდინარეობს. როდესაც ჩვენს აზრებს ვახმოვანებთ, ჩვენ გრძელი პერიოდებით მსჯელობას ვსწავლობთ.

ბოლო ხანს, ჯგუფებთან მუშაობისას, როგორც მეანი, გამუდმებით ვესწრები აზრის დაბადებას.

ეს სოკრატესეული სახე (იგულისხმება „ჭეშმარიტების“ დაბადება დიალოგის, დისკუსიის დროს, – ლ.ა.) არც ისე ბანალურია. მე ვხედავ, როგორ უჭირთ ადამიანებს ხმამაღლა აზროვნება. წარმოუდგენლად უჭირთ. აზრი იბნევა, ბორძიკობს, ბუნდოვანია, არეული, მაგრამ მთავარია, ადამიანს მიეცეს ამის შანსი. და აი, ამ ბორძიკში, ამ ხელის ცეცებაში უეცრად ნათდება. ადამიანი იღებს ხმამაღლა აზროვნების გამოცდილებას – აქ და ახლა, დისკუსიის, მსჯელობის პროცესში აზროვნებისა.

რაც შეეხება ესეს, მას ზემოხსენებულ ტრიადაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რადგან ის არა მხოლოდ აზროვნებას ავითარებს, არა მხოლოდ მოცემულ თემაზე წერას და მსჯელობას გვასწავლის, არამედ გვაძლევს რაღაც ისეთს, რასაც ვერც კითხვა და ვერც მსჯელობა ვერ მოგვცემს.

ავიღოთ მსჯელობის გამოცდილება. ჩვენ ხომ მხატვრულ ფილმს არ ვიღებთ, ჩვენ ხომ აზროვნების დუბლები არ გვაქვს. მეგობართან საუბრისას ხომ არ ვამბობთ: „მოიცა, ეს დუბლი არ ვარგა, მეორე  გადავიღოთ, თავიდან დავიწყოთ ეს თემა და ხელახლა გავშალოთ… ისევ არ გამოვიდა, მესამე დუბლი გადავიღოთ…“ ასე არ ხდება. სწორედ ასევე, როდესაც რამეზე ვფიქრობთ, რამეს ვკითხულობთ, ვუყურებთ ფილმს ან ვუსმენთ ინტერვიუს, აზრი სპონტანურად რეაგირებს. სპონტანურად იბადება როგორც რეაქცია… რამის ყურებისას თუ კითხვისას არ ვეუბნებით საკუთარ თავს: „არა, ეს ხაზი არ ვარგა, უკეთესად გავაკეთებ“. ფიქრისას აზრებს არ „ვაშალაშინებთ“. ეს არაბუნებრივი იქნება. აზროვნების პროცესში აზრების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია. ვინმეს შესწევს ამის უნარი? ვფიქრობ, არავის. ესეს წერისას კი ჩვენ შეგვიძლია, ავიმაღლოთ აზროვნების ხარისხი. ესეს წერის დროს აზრი მენტალური რეგისტრიდან ტექსტურში გადაგვყავს, ვქმნით აზრის სურათს, რომელიც შეგვიძლია ჩავასწოროთ, როგორც მხატვარმა – ნახატი. ვრუბელის (მიხაილ ვრუბელი, XIX-XX ს.ს. რუსი მხატვარი, – ლ.ა.) მაგალითს მოვიყვან: მას აქვს შესანიშნავი აკვარელები და ზოგი მათგანი ათჯერ მაინც გადაუკეთებია (ქაღალდი რომ გაცვდებოდა, ქვემოდან სხვა ფურცელს მიაკრავდა ხოლმე), რათა დასახული მიზნისთვის მიეღწია.

ესე თქვენი აზრების სურათზე მუშაობაა. ესე შეიძლება დახვეწოთ, იმუშაოთ წინადადებებზე, იპოვოთ სიტყვების ისეთი შეთანხმება, რომელიც რაც შეიძლება მკაფიოდ გამოხატავს აზრს. ეს არის არა ნედლი, ჩამოუყალიბებელი, ბუნდოვანი აზრი, რომლის დედაარსიც ჯერ კიდევ ბურუსშია გახვეული, არამედ ძალისხმევა საიმისოდ, რომ აზრი რაც შეიძლება მკაფიოდ გამოიკვეთოს, გაძლიერდეს ფორმით, ტექსტით, სათანადოდ შერჩეული სიტყვებით. ეს რაღაცით ენათესავება პოეტური ნაწარმოების შექმნას.

რას გვაძლევს ეს? ჩვენ ვიწყებთ საკუთარი აზროვნების ხარისხზე მუშაობას და საბოლოოდ, გამუდმებით ვამოწმებთ რა ტექსტის მეშვეობით ჩვენი აზროვნების ხარისხს, უკვე საკუთრივ აზროვნებაშიც სხვა დონეს ვაღწევთ – ტექსტი, თავის მხრივ, იწყებს ჩვენი აზროვნების წესზე ზემოქმედებას. და აი, ჩვენ უკვე გვაქვს არა ჩამოუყალიბებელი შთაბეჭდილება ფილმზე, არამედ ჩაწერილი და დამუშავებული. ეს უკვე ესეა, ეს უკვე სულ სხვა ხარისხია… ჩაწერილი შთაბეჭდილებები უფრო მძაფრია, უფრო ტევადი.

ასე რომ, ესე არის მუშაობა არა მხოლოდ აზრებზე, არამედ გრძნობებზე, ემოციებსა და შთაბეჭდილებებზეც.

ასევე უნდა ხდებოდეს ბავშვების განვითარებაც. როდესაც ბავშვებს შთაბეჭდილებების შესახებ ვეკითხებით, როდესაც მათ ჩაწერას ვთხოვთ, ამით შთაბეჭდილებების დახვეწას ვასწავლით.  როდესაც ბავშვები თავიანთი გამოუცდელი ხელით ცდილობენ რაღაცის გადმოცემას, ისინი მუშაობენ აზრების, გრძნობების, განცდების გამოხატვის აპარატზე.

ხანგრძლივი აზროვნების განვითარებისთვის ვერაფერი შეედრება წიგნების კითხვას. აზროვნების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ვერაფერი შეედრება ესეს.

ეს არის პასუხი კითხვაზე – რა პრაქტიკული მიზანი აქვს ესეს წერას. მაგრამ მთავარი სხვა რამაა – მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვინდა, უფრო ღრმად ვგრძნობდეთ და ვაზროვნებდეთ. თუ ამას მივაღწიეთ, კითხვას “რა საჭიროა?”  – თავისთავად გაეცემა პასუხი.

ცოტა ხნის წინ, მეცადინეობაზე, ერთი დაოსური (დაოსიზმი – ჩინელი მოაზროვნის ლაო ძის მიერ ძვ. წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებში შექმნილი რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება სამყაროსა და ადამიანის თვითსრულყოფისა და ჰარმონიული განვითარების შესახებ, ლ.ა.) იგავი წავიკითხეთ: ერთ კაცს ძალიან უყვარდა თოლიები. ის ყოველ დილით დგებოდა, ზღვაში შედიოდა და მიცურავდა, თოლიები კი დაბლა ეშვებოდნენ და თავს დასტრიალებდნენ. ერთხელ მამამისმა სთხოვა: „დამიჭირე ერთი-ორი თოლია, მეც მინდა მათთან თამაშიო“. თოლიების მოყვარულიც წავიდა და ზღვაში შეცურა. თოლიებმა ჩვეულებისამებრ დაიწყეს ფრენა მის გარშემო, მაგრამ დაბლა აღარ დაშვებულან.

ამ იგავის დედააზრი ძალიან ლამაზია. ის გვეუბნება რომ ჭეშმარიტება როგორც ასეთი არაუტილიტარულია. ადამიანს უყვარს თოლიები და თოლიებსაც უყვართ ის, მათ შორის წარმოიშობა ურთიერთქმედება. ფრინველები ენდობიან კაცს. ჩვენი მშვენიერი აზრები და შთაბეჭდილებები ეშვებიან ჩვენკენ და სხეულზე გვასხდებიან, მაგრამ როგორც კი გაჩნდება კითხვა: „რისთვის?“, როგორც კი მოვინდომებთ, ხელში მოვიგდოთ ჩვენი აზრებისა და შთაბეჭდილებების თოლია და მისი მონეტიზაცია მოვახდინოთ, – რაც ჩვენ დროში აუცილებლობაა, – თოლიები შესაძლოა აღარ მოგვეკარონ და მათ ნაცვლად რაღაც სუროგატი შეგვრჩეს ხელში. შესაძლოა რაღაც მნიშვნელოვანი დავკარგოთ.

ესეს წერისას ეცადეთ, გახდეთ თოლიების მოყვარული კაცი, რათა თქვენი მშვენიერი აზრები და გრძნობები „ჩამოფრინდნენ“ თქვენთან, გაგასხივოსნონ, აგავსონ.

ახლა ვიკითხოთ, რა გვიშლის ხელს ამაში, რომელი დემონები ჩასაფრებულან ჩვენს ზურგს უკან?

პირველ მათგანს ფსიქოლოგიის მოსაწყენ ენაზე პროკრასტინაცია ეწოდება (პროკრასტინაცია – მნიშვნელოვანი საქმეების სახვალიოდ გადადებისკენ მიდრეკილება, ლ.ა.). საკუთარ თავს ვეუბნებით: „მოგვიანებით დავწერ. ჯერ ორი კვირა მაქვს წინ“. გადის კვირა-ნახევარი და ვამბობთ: „ოჰ, მთელი სამი დღე დამრჩა“. დგება უკანასკნელი დღეც. ჩვენ ვფიქრობთ: „ახლა დავჯდები, ჩავრთავ ჩემს კომპიუტერს და…“ – მაგრამ თოლიები ციდან აღარ ეშვებიან. ვაკაკუნებთ და ვაკაკუნებთ, მაგრამ არაფერი გამოგვდის. ვბრაზობთ საკუთარ თავზე, ლექტორზე, მსოფლიოს ლიბერალურ მოწყობაზე, ამქვეყნად არსებულ ყველა წიგნზე, კაცობრობის მთელ სიბრძნეზე და იმედგაცრუებულები მივდივართ.

როგორ დავამარცხოთ ეს დემონი? – მივეჩვიოთ ჩანაწერების მუდმივად კეთებას. მოკლედ, ორი-სამი წინადადებით ჩავიწეროთ ჩვენი დაკვირვებები, გავაერთიანოთ ისინი და ავაწყოთ სრული სურათი. თანდათან ეს ჩვევად გექცევათ და ამ საქმიანობის მიმართ ინტერესი გაგიჩნდებათ. იგრძნობთ, რომ განცდა, რომელიც არ ჩაიწერეთ, დაკარგულია და მოახერხებთ, დღეში თხუთმეტი წუთი მაინც დაუთმოთ ამ ჩანაწერებს.

მეორეა მცდარი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ჩვენ ხან გადაჭარბებულად ვაფასებთ საკუთარ თავს, ხან ვაუფასურებთ. ჩვენი თვითშეფასება სისხლის წნევასავით დახტის. გადაჭარბებული თვითშეფასების შემთხვევაში გვეჩვენება, რომ „ამას რა უნდა“; არ გვცალია, თორემ ესეს კი არა, მთელ ტრაქტატს დავწერდით. მაგრამ როდესაც წერას ვიწყებთ, ვხვდებით, რომ არ გამოგვდის. არადა რა შესანიშნავი აზრები გვიტრიალებდა გონებაში! ხუთიოდე წელიწადში ნობელის პრემიასაც  გამოვკრავდით ხელს! მაგრამ როდესაც წერას ვიწყებთ და საკუთარი თავით უკმაყოფილება გვეუფლება, ყველაფერს თავს ვანებებთ. ეს იმიტომ, რომ წარმოსახვაში არსებულ ხატსა და რეალობას შორის დიდი მანძილია და ეს მოტივაციას გვიკარგავს.

მესამეა დაბალი თვითშეფასება: „რისი დამწერი ვარ? МГИМО (Московский государственный институт международных отношениий – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი დიპლომატიური სასწავლებელი რუსეთში, ლ. ა.) არ დამიმთავრებია, დიპლომატიურ სამსახურში არ მიმუშავია, დიდი წიგნები და ჟურნალები არ წამიკითხავს…“ საკუთარი თავისადმი ასეთი დამოკიდებულება ძალიან სახიფათოა.

დასასრულ, ვიტყვი, რომ საგანმანათლებლო სივრცეში ჩემი მთავარი მთავარი ფუნქციაა ის, რასაც მე „სამოქალაქო ცოდნას“ ვუწოდებ. ეს ცოდნა განსხვავდება „საექსპერტო ცოდნისგან“. „სამოქალაქო ცოდნა“ გახლავთ ის აუცილებელი ცოდნა, რომელიც უნდა მივიღოთ და განვავითაროთ საკუთარ თავში, რათა სრულფასოვანი, ღირსეული ცხოვრება გვქონდეს, ვერკვეოდეთ პოლიტიკაში, ზნეობრივ საკითხებში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში, ადამიანთა ზნე-ჩვეულებებში, ეკონომიკაში, მსოფლიოს მოწყობასა და ისტორიაში. თითოეული ჩვენგანი ამ მთლიანობის ნაწილია. ამიტომ, თუ „სამოქალაქო ცოდნა“ არ განვივითარეთ, შესაძლოა უმწიფარ ბავშვებად დავრჩეთ.

თუ ამ სამ დემონს გაუმკლავდებით და გაიხსენებთ თოლიების მოყვარული კაცის იგავს, გაიხსენებთ, რომ ამით ავსებთ თქვენს შინაგან საგანძურს, ესეს წერა თქვენს მეორე ბუნებად იქცევა.

 

თარგმნა ლევან ალფაიძემ

 

წყარო:

https://www.youtube.com/watch?v=i3LvmgiPjQs

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი