შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

„ჩემი ფანჯრებიდან“ – ხსოვნის სამზერი          

„სიცოცხლე ნიჭად გვენიჭება“

რაბინდრანატ თაგორი

 

„მეგობარო ეს არ არის წიგნი, ხელი ახლე და კაცს შეეხები“ – უოლტ უიტმენის ამ სტრიქონით იღება კარი ვახუშტი კოტეტიშვილის ავტობიოგრაფიულ რომანში „ჩემი წუთისოფელი“. უიტმენიც და „ჩემი წუთისოფელიც“ არაერთხელ გამახსენდა ერთი კარგი წიგნის კითხვისას. ამ წიგნს „ჩემი ფანჯრებიდან“ ჰქვია და მისი ავტორი პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე გახლავთ. „ჩემი ფანჯრებიდან“ ავტობიოგრაფიული რომანია და ზუსტად ისეთი მღელვარებითაა დაწერილი, როგორითაც ალბათ უიტმენის მიერ ნაგულისხმევი – კაცადქცეული წიგნები იქმნება.

საერთოდ, ბიოგრაფიული ტექსტის დაწერა დიდ შინაგან მზაობას და სითამამეს მოითხოვს. სტუდენტობის მიწურულს, სადიპლომო თემად მე-19 საუკუნის მემუარული პროზა ავირჩიე და მახსოვს, რამხელა სიამოვნებით და ინტერესით შევაღე მაშინ „განკაცებულ წიგნთა“ კარიბჭეები. ყველა მათგანი (აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი და ა.შ.) საინტერესო და მნიშვნელოვანია არამხოლოდ თავისთავად, ავტორის ცხოვრების თავგადასავლის გამო, არამედ ეპოქალური და ზოგადსამყაროული კონტექსტის გამოც, იმ ხედვისა და აღქმების, შთაბეჭდილებებისა და მეხსიერების გამო, რომელიც ზოგადადამიანურ გამოცდილებად ეძლევა მწერალს/შემოქმედს, ის კი ამ მედიტაციაში ითრევს ყველა დროის მკითხველს.

რა აიძულებს მწერალს, მოჰყვეს საკუთარი ბიოგრაფია? ამ კითხვაზე პასუხი მრავალმხრივიცაა და ერთმნიშვნელოვანიც – ესაა სურვილი რაღაც ისეთის გახსენების, რაც მარტო ერთი კაცის ბედისწერაში არ ეტევა; ზოგჯერ ესაა საკუთარი ცხოვრებისეული საიდუმლოს ამოხსნის მცდელობაც – უკვე ტექსტად ქცეულ, სიტყვებად გადაშლილ ტილოზე იმ ქარაგმებისა და კოდების ამოცნობა, რომლებიც თავის დროზე, ყოფის ქვეტექსტებში ჩაილექა და როგორც ყველაფერმა – ღრმამ და ამოუცნობმა, მათაც ამ სიღრმის ძალით განსაზღვრეს ავტორის ცხოვრება. ზოგჯერ ეს იმ ადამიანთა მიმართ პატივის მიგება და სიყვარულის გამოცხადებაა, რომლებიც ცხოვრების გზაზე გადაყრია ავტორს, ვის პორტრეტთა გალერეაშიც სიხარულითა და აღტაცებით ეპატიჟება მკითხველს და უყვება მათზე, როგორც მისი ცხოვრების დიდ გამართლებაზე, როგორც ამ სამყაროში ადამიანად ყოფნის გამართლებაზე!.. ხოლო ყველაზე მეტად კი ალბათ ავტობიოგრაფიული რომანის დაწერის სურვილი მადლიერების იმ განცდიდან მოდის, რომელსაც ადამიანი სამყაროს მიმართ განიცდის, იმ ტკივილების და ტანჯვის მიმართაც კი, რაც ამ სამყარომ მისთვის არ დაიშურა, ეს მადლიერება მსჭვალავს მის „აღსარებასაც“, მის ხსოვნას, წყენას, სიყვარულს და ისეთი გადამდები ძალით ზემოქმედებს მკითხველზე, როგორც ყველაზე ღონიერი, ღირსეული სულიერი აქტი.

გიორგი ლობჟანიძის „ჩემი ფანჯრებიდან“ სწორედ ამ მიზეზით დაწერილი წიგნი მგონია – ესაა მისი მადლიერებისა და სიყვარულის გამოცხადება ყველასა და ყველაფრის მიმართ, რაც ებოძა ამ სამყაროში, ცხოვრების და შემოქმედების ძნელ გზებზე. ეს მიზეზი ძალიან მკაფიოდ ჩანს ყველა ეპიზოდსა და ნიუანსში, ამიტომ, თავიდანვე, პირველი აბზაცებიდანვე საოცარი კეთილშობილებით განაწყობს მკითხველს და ამ განწყობითვე თანამგზავრობს მასთან წიგნის ბოლო სტრიქონებამდე.

„დღეს ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე“ – ასე იწყება წიგნი და საგულისხმო დეტალია, რომ მთელი ეს თხრობა აწმყო დროში მიმდინარეობს, თითქოს ავტორი წარსულს კი არ იხსენებს, არამედ მარადიულ აწმყოდ მოხელთებულ ცხოვრებას ჰყვება, აქ და ახლა მიმდინარე ამბავს განიცდის და განაცდევინებს მკითხველსაც. ეს დროითი კონტრაპუნქტი, ვფიქრობ, მწერლის გულწრფელობის ხარისხსაც გულისხმობს, თხრობის ეფექტიანობასაც, რადგან სწორედ „აქ და ახლა“ მომხდარი ამბავი იწვევს თითქოს მეტ ნდობასა და ინტერესს, ზოგადად, ინფორმაციის გაუვალ ჭაობში ჩაძირული და „ნიუსებზე“ დაგეშილი თანამედროვე ადამიანისათვის.

გიორგი ლობჟანიძის „ნიუსები“ კი იმ ელეგანტურ ნონფიქშენს ქმნის, რომელიც მრავალი ფიქრისთვის აღგძრავთ, გაგაღიმებთ და აგატირებთ კიდეც. ხსოვნის ფსკერიდან ამოზრდილი ნიუანსები ტვიფრავს ადამიანთა პორტრეტებსაც და მოვლენათა კონტურებსაც – ამ ნიუანსებით იცნობა თავად მწერლის შინაგანი სამყარო, მისი გულის არჩევანი: რა დაიტოვოს მარადიულ ხსოვნად და რა მისცეს სამუდამო დავიწყებას… ბავშვობის ეპიზოდებში ჩამდგარი სინათლე ცხოვრების შემდეგდროინდელ ეტაპებსაც სწვდება და ანათებს, უფრო სწორად – ეს სინათლეა ორიენტირი ყველა დანარჩენი მოვლენისათვის, მისი შუქი ეფინება მომავლის „ვარდსა და ნეხვს“ და ამით სწორდება ყველაზე უკუღმართი და უსამართლო ტკივილებიც. ობლობაში გატარებული ბავშვობის ყველაზე დიდი ჯილდო ადამიანები არიან, თითოეულ მათგანს დაუვიწყარ მინიატურებში აცოცხლებს გიორგი ლობჟანიძე. მუსიკის მასწავლებელი ლიანა ტატიშვილი, მოულოდნელსახელიანი ანსამბლით: „დისკანტი“; ბევრისთვის ნაცნობი და ძალიან საყვარელი პოეტი და ადამიანი მურად მთვარელიძე – გიორგის დიდი მხარდამჭერი და მფარველი; ბევრი ტკივილის, გაჭირვების მიუხედავად მაინც ლაღი და ერთადერთ ძმაზე გადაფოფრილი დები და მათი დიდი ოჯახები; ბავშვობის ოკრობოკროებზე, წვრილიანსა თუ შარა-გზებზე ამვლელ-ჩამვლელი ყოველი მგზავრი, ვინც მწერლის ხსოვნას რაღაც განუმეორებელი ნიუანსით წამოედო – სწორედ ისინია ძალა, რომელმაც ლექსების მწერალი ბიჭი გაამხნევა და ცხოვრების უფრო რთული აღმართებისკენ უბიძგა.

ხაშურის სოფელ ნაბატხევიდან დაწყებული, სამეგრელოს ლაჟვარდოვანი სანახებით დამთავრებული, დავით კაკაბაძის ნახატებივით შთამბეჭდავ ესკიზებადაა გაშლილი წიგნში საქართველოს ეთნოგრაფიული სურათი, ის ლაზათი და სიკოხტავე, რომლითაც ყველა კუთხე გამოირჩევა. ამ ესკიზების ჰერბარიუმში კი ჩაკრულია ამბები-ექსპონატები: პირველი ლექსის დაწერისა და მაღალი სიცხის, გვირილებისა და დედის სამუდამო ჩაძინების, ნაჩუქარ წიგნში ჩარჩენილი ყოჩივარდებისა და ვინ მოთვლის კიდევ, რამდენი ასეთი ამბავი, რომლებიც, ავტორის ყველაზე დიდ სიმართლედ – მხატვრულ სინამდვილედ იქცნენ.

უნდა ითქვას, რომ ეს წიგნი დაწერილია დიდი ტაქტით, იუმორით. მწერალი ერთი შეხედვით საჩოთირო თემასაც კი ისეთი სიმსუბუქით ეხება, რომ საბოლოოდ უწყინარ ღიმილს იწვევს მკითხველში. ეს ტაქტი მხოლოდ პოზიცია არაა, ის ასევეა მწერლის არჩევანი.

წიგნის შესავალში, მწერალი და პუბლიცისტი როსტომ ჩხეიძე (ამ რომანის ერთ-ერთი ძვირფასი და ხშირად ნახსენები პერსონაჟი) წერს: „გიორგი ლობჟანიძის ავტობიოგრაფიულ თხზულებაში ორივე ნაკადია გამოკვეთილი – როგორც ცნობილი პირნი, ისე უცნობნი, ოღონდ ვერ იტყვი, რომელი რომელს სჯობს, რადგანაც უცნობ პირთა ნაკადში ისეთი ამბები ტრიალებს, ისეთი სილუეტები და ხასიათები იხატება, თითოეულის თარგზე შესაძლოა, სწორედაც რომ ნოველა გაიშალოს“.

რაც შეეხება ცნობილთა პორტრეტებს, თუნდაც ამ მხრივაა „ჩემი ფანჯრებიდან“ მნიშვნელოვანი და საგულისხმო წიგნი – პაატა ნაცვლიშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ოთარ ჩხეიძე, ნაირა გელაშვილი -წიგნში შთამბეჭდავადაა აღწერილი მათთან ურთიერთობის ბედნიერება, გაცოცხლებულია ისეთი კადრები, რომლებიც, არათუ უდასტურებს მკითხველს ამ პიროვნებათა მიმართ პატივისცემას და სიყვარულს, არამედ კიდევ უფრო განუმტკიცებს მას და გააცნობს მათ აქამდე უცნობი ადამიანური მშვენიერების კუთხიდან…

ცალკე აღსანიშნავია უნივერსიტეტის გარემო, იმ ადამიანთა სამყარო, რომლებსაც გიორგი ლობჟანიძე პროფესიულ გზაზე დაუკავშირდა. სტუდენტობის ძნელი და მაინც თავბრუდამხვევად შთამბეჭდავი თავგადასავალი, ნაომარი, სუსხიანი და საშიში 90-იანები, ამ შიშზე ძლიერი მეგობრები – ერთმანეთის ჭირისუფლები, სიდუხჭირის, უნუგეშოდ რთული ყოფის წყვდიადში გამოსხივებული ადამიანობის მაგალითები…

ამ წიგნში დიდი ადგილი ეთმობა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის საქმეების აღწერას, იმ ადამიანთა წარმოჩენას (ირინე გოცირიძე, აპოლონ სილაგაძე, მაია ანდრონიკაშილი, ნინო კახიანი და ა.შ.), რომლებმაც პროფესიონალიზმის მაგალითი აჩვენეს – ესაა სრულიად უნიკალური პროფესიული გამოცდილება, ღრმა და შთამბეჭდავი ურთიერთობები, პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხი! ამ ადამიანებზე საუბრით, გიორგი ლობჟანიძემ საგანმანათლებლო სკოლის ის მოდელი გვაჩვენა, რომელიც, წესით, ბუნებრივი და საყოველთაო უნდა იყოს ყველა პედაგოგისთვის, ეს ის თამასაა, რომლის ქვემოთ სწავლაზე, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული საზოგადოება არც უნდა იხედებოდეს… რომანის მთავარი პროტაგონისტი შემეცნების, განათლების დიდ წყურვილზე ისე გადამდებად წერს, რომ ვფიქრობ, ბევრი სტუდენტისთვის იქნება სამომავლო წამქეზებელი ცოდნის გზებზე დაუღალავად და რაც მთავარია, ნაყოფიერად სიარულისთვის.

ეს კეთილი, ლაღი, ხსოვნით სავსე წიგნი ავტორის თეირანში სასწავლებლად გაგზავნის ეპიზოდით სრულდება, თუმცა ეს არაა ამ თავგადასავლის ბოლო წერტილი. ეს მხოლოდ მისი პირველი ნაწილია და მკითხველს წინ მისი გაგრძელება ელოდება.

რაც უფრო მეტად იხსნება მეხსიერების უფსკრული, მით უფრო მეტად ივრცობა სამყარო, რომელიც ნაფიქრის და ნანახის, განცდილის და აღქმულის სარკმლიდან ჟონავს. ამ გავრცობილ სამყაროში ერთმანეთს უკეთესად ვცნობთ, საიდუმლო ენით ვეხებით. „ჩემი ფანჯრებიდან“ ეგეთი სამზერია: ყველაზე იდუმალიც ჩანს და რაც მთავარია – ბოლო არ უჩანს სიყვარულს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი