სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ შევუნარჩუნოთ ბავშვს სკოლისადმი ინტერესი

დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა, ამერიკელმა ბარბარა შილმა, 36 მოუსვენარ თინეიჯერებთან ერთად ექსპერიმენტი ჩაატარა. მან მოზარდებს განუცხადა, რომ პირველი დღის განმავლობაში შეეძლოთ ის ეკეთებინათ, რაც სურდათ. იგივე განმეორდა მეორე დღეს, თუმცა შემდეგ მასწავლებელმა მოზარდებს ერთი კვირის გეგმა შეუდგინა. აუხსნა, რომ სასწავლო გეგმას უნდა მიჰყოლოდნენ და თავი გამოეჩინათ. ექსპერიმენტის დროს ყველა მოზარდს გაუჩნდა სწავლის მოტივაცია, ყველას სურდა ეყოჩაღა. შედეგად, მათ მეტი მონდომებით განაგრძეს სწავლა.

მშობლები ხშირად ცდებიან, როცა განუწყვეტლივ უჩიჩინებენ შვილს, რომ სწავლა მათი ცხოვრების უმთავრესი ქვაკუთხედია, რომ თუ გაკვეთილებს არ მიხედავენ, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევენ.

ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ ბავშვებს, რომ სკოლაც მნიშვნელოვანია და ისიც, რისი კეთებაც  ძალიან მოსწონთ – ჰობი იქნება ეს, სპორტი თუ მუსიკა, მეგობრებთან ურთიერთობა თუ ლაშქრობები. დიახ, ზოგი ბავშვისთვის სკოლა რეალურად შეიძლება იდგეს პირველ ადგილზე და ის ბუნებრივად ეწაფებოდეს ცოდნას, მაგრამ აუცილებელია ბავშვის არასასკოლო აქტივობებში ჩართვაც.

მშობლები მაშინაც ცდებიან, როცა ბავშვებს სწავლაში გაქეზების მიზნით, მეგობრისა და მეზობლის შვილებს ადარებენ. რა თქმა უნდა, კონკურენცია ზოგჯერ არის მოტივაცია, მაგრამ არა მოზარდობის ასაკში. თუ მშობლები შვილებს სხვა ბავშვებს ხშირად შეადარებენ, ეს დემოტივაციას გამოიწვევს და სწავლისადმი ინტერესი ნელ-ნელა დაეკარგებათ.

ბავშვი სულ რომ ცუდად სწავლობდეს, არ შეიძლება ამის გამო მისი შეურაცხყოფა, დაშინება, მუქარა, იმის თქმა, რომ სულელი და ბრიყვია. გვახსოვდეს: მშობლის მიერ ნათქვამი გულსატკენი მოკლე ფრაზაც კი ბავშვს შეიძლება მთელი ცხოვრება ახსოვდეს და  უარყოფითად აისახოს მის მომავალზე, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე. ვიფრთხილოთ სიტყვებთან, როდესაც ბავშვების გაკიცხვას გადავწყვეტთ.

ჩნდება კითხვა – მაშ, როგორ დავაინტერესოთ ბავშვები სწავლით? უპირველეს ყოვლისა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ დროდადრო სიზარმაცე ან არაფრის კეთების სურვილი ყველას გვიჩნდება და ეს გლობალურ საშიშროებას არ წარმოადგენს იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც ბავშვი სკოლის მიმართ სრულიად გულგრილი ხდება. თუ ბავშვს უბრალოდ არ სურს სწავლა, არსებობს საამისო მიზეზი და ეს კატასტროფა როდია.

ასევე, არაეფექტიანია ბავშვის მუდმივი კონტროლი. ადრე თუ გვიან ბავშვი იმასაც მოიფიქრებს, როგორ დაგვისხლტეს ხელიდან. საქმის იძულებით კეთება რთულია და ეს ბავშვს კი არა, ჩვენც არ მოგვწონს. მშობლების ზემკაცრმა მოთხოვნებმა შესაძლოა ბავშვში სწავლა-განათლების პროცესისადმი ზიზღი გამოიწვიოს, რომელიც მას ზრდასრულობაშიც გაჰყვება.

გამოდის, რომ სწავლით დაინტერესების ერთადერთი გზა მოტივაციის შექმნაა. ის  შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი, დადებითი და უარყოფითი. განვიხილოთ უფრო დეტალურად.

გარეგანი მოტივაცია დაკავშირებულია ნებისმიერ გარე გარემოებასთან, მაგალითად, ჯილდოსთან ან, პირიქით, დასჯასთან. ის შეიძლება იყოს პოზიტიური, მაგალითად, როდესაც ბავშვს სემესტრის ბოლოს კარგი სწავლისთვის ახალი ტელეფონით დავასაჩუქრებთ; ასევე, შეიძლება იყოს ნეგატიური – თუ, ვთქვათ, ბავშვი სემესტრს დაბალი ქულებით ხურავს და ამის გამო ჩვენ დასჯით დავემუქრებით და მეგობრებთან ურთიერთობას შევუზღუდავთ.

შინაგანი მოტივაცია დაკავშირებულია საქმესთან და იმასთან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ადამიანისთვის. მაგალითად, პოზიტიური შინაგანი მოტივაციაა, როდესაც ბავშვი ცდილობს მაღალი ქულების მიღებას იმის გამო, რომ შემდგომში გამოცდები კარგად ჩააბაროს, ჩაირიცხოს უნივერსიტეტში იმ ფაკულტეტზე, რომელზეც თვითონ სურს ჩარიცხვა და ისეთი სამსახური იპოვოს, რომელიც მის მისწრაფებებსა და შესაძლებლობებს მოერგება. რაც შეეხება ნეგატიურ მოტივაციას, ეს ის შემთვევაა, როდესაც ბავშვი ხვდება, რომ თუ კარგად არ ისწავლის, გრანტს ვერ მიიღებს.

ყველაზე პროდუქტიულია შინაგანი პოზიტიური მოტივაცია. სწორედ ის არის ახალი  წამოწყების, რეალიზებული პროექტების, დასახული მიზნების მიღწევის წყარო. ადამიანები, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს, პირველ რიგში, მაღალი შინაგანი მოტივაციით გამოირჩეოდნენ.

მაგრამ გარეგან მოტივაციას, ფსიქოლოგთა აზრით, საერთოდ არ შეუძლია ბავშვის სწავლით დაინტერესება. მაგალითად, ალფი კონი, პოპულარული ავტორი წიგნისა „ჯილდოთი დასჯა“, ამტკიცებს, რომ თუ ბავშვის მოტივირებას გარეგანი წახალისებით შევეცდებით, ის დავალების შესასარულებლად ყველაზე მარტივ და იოლ გზებს მიაგნებს და ამ დავალების შესრულებას შემოქმედებითად არ მიუდგება. მაგალითად, საშინაო დავალებას „დაგუგლვით“ შეასრულებს. შესაბამისად, ასეთ სწავლას შედეგიც არასახარბიელო ექნება, რადგან ბავშვისთვის მთავარი ამოცანა გახდება არა ცოდნის, არამედ ახალი ტელეფონის მოპოვება.

ბავშვი სწავლით რომ დაინტერესდეს, მას გულწრფელად უნდა მოეწონოს სწავლების პროცესი. ეს ადვილი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი სკოლაში ავტორიტარი პედაგოგები ასწავლიან, კლასში კი მძიმე ან კონფლიქტური ატმოსფეროა.

ფსიქოლოგები გვირჩევენ:

შევქმნათ სასწავლო განწყობა – თუ თქვენი ჰობი, მაგალითად, ფორტეპიანოზე დაკვრაა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაუკრათ მაშინ, როცა მშიერი ხართ, ცუდ ხასიათზე ან თავი გტკივათ. სწავლასთან დაკავშირებითაც ასეა. ბავშვი სამეცადინოდ უნდა დაჯდეს მშვიდ ვითრებაში, ნორმალურად ნაკვები. შეგიძლიათ დაეხმაროთ კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში, შეუძინოთ კარგი სამეცადინო მაგიდა, სკამი, განათება. დაეხმაროთ საშინაო დავალების მომზადებაში, წაახალისოთ.

მხარი დაუჭირეთ ბავშვის ჰობის – წაახალისეთ ყველაფერი დადებითი, რის მიმართაც ის ინტერესს გამოხატავს. თუ მოსწონს ასტრონომია, წაიყვანეთ  პლანეტარიუმში, უყიდეთ ვარსკვლავების რუკა. თუ წიგნების კითხვა უყვარს, ერთად მოინახულეთ ლიტერატურული ადგილები, დალაშქრეთ მწერლების სახლ-მუზეუმები, იარეთ პოეზიის საღამოებზე. ეცადეთ, მონაწილეობა მიიღოთ ყველა ღონისძიებაში, რომელიც ბავშვისთვის საინტერესოა. ერთმანეთს გაუზიარეთ მიღებული შთაბეჭდილებები.

მიიღეთ ინსპირაცია წარმატებული ადამიანებისგან – როგორც აღვნიშნეთ, ცხოვრებაში დიდ წარმატებას შინაგანი მოტივაციის მქონენი აღწევენ. ბავშვებს უყვართ ბიზნესმენების, მეწარმეების, ტექნოლოგიური ინოვატორების წარმატების ისტორიების მოსმენა. წაიკითხეთ ჯეკ მას, ელონ მასკის ბიოგრაფიები ბავშვებთან ერთად. მაგალითად, ჯეკ მა ბავშვობიდანვე მრავალ საათს უთმობდა უცხოელ ტურისტებთან ურთიერთობას, რათა ინგლისური ენა სრულყოფილად ესწავლა; ელონ მასკი კი ნულიდან სწავლობდა კოსმონავტიკას, ფიზიკას, ხომალდმშენებლობას და ასე გახდა თავისი საქმის დიდი მცოდნე. წარმატების ისტორიები ხელს უწყობენ ბავშვების სწავლით დაინტერესებას.

უპასუხეთ ყველა შეკითხვას – არ გაექცეთ პასუხებს, როგორი გულუბრყვილო ან უსარგებლოც არ უნდა მოგეჩვენოთ ბავშვის კითხვები. თუ მათ ყველაფერს დეტალურად და სიამოვნებით უამბობთ, გახდით მას ცნობისმოყვარეს, ასწავლით კრიტიკულ აზროვნებას, შეკითხვების დასმას, ანალიზის უნარს. ამის შემდეგ თქვენ არ მოგიწევთ მისთვის სწავლის იძულება. ამას თავად გააკეთებენ.

სწორი გარემო – ხშირად სწავლისადმი ინტერესს ბავშვებს თავიანთი თანატოლები აკარგვინებენ. სწორი გარემო ხელს შეუწყობს განათლების სიყვარულის გაღვივებას. მეგობრები, თანაკლასელები, უფროსი და-ძმა, ოლიმპიადებისა და შეჯიბრებების მეგობრები, მეზობლები – ყველა, ვისაც მოზარდი პატივს სცემს, შეუძლია მისთვის კარგი მაგალითი აღმოჩნდეს და სწავლით დააინტერესოს.

ისწავლეთ ბავშვთან ერთად – დაანახეთ, რომ სიახლეებით თქვენც ინტერესდებით. ერთად უყურეთ საგანმანათლებლო ფილმებს, ვებინარებს, ვიდეოებს.  სწავლის კიდევ ერთი კარგი გზაა თამაშები.

შეაქეთ და გააკრიტიკეთ მოზარდი სამართლიანად – კომპეტენტური უკუკავშირი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სამოტივაციო ინსტრუმენტია. შეაქეთ თქვენი ბავშვი სწავლისადმი ინტერესის, შემოქმედებითი გადაწყვეტილებებისა და დისციპლინური წარმატების მიღწევისთვის. კრიტიკაც საჭიროა, მაგრამ არა განსჯის ფორმით. ერთად გააანალიზეთ, რა გამოუვიდა, რა უნდა გააუმჯობესოს შემდეგ ჯერზე.

გაათავისუფლეთ ბავშვი ზედმეტისგან – შეუძლებელია, იცოდე ყველაფერი ყველაფრის შესახებ. თუ მოზარდი საერთოდ არ არის დაინტერესებული, ვთქვათ, ქიმიით, არ უნდა აიძულოთ, ამ საგანში მიაღწიოს იდეალურ შედეგს. სკოლის დამთავრების შემდეგ ის დაივიწყებს ვალენტობასა და ფორმულებს, ხოლო საყვარელი საგნის ცოდნამ კი შეიძლება მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი