პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სამართალი, აბსურდი და წინასწარგანზრახულობა

(ფრანც კაფკა პროცესი”, განაჩენი”, სადამსჯელო კოლონიაში”)

 სანამ კაფკას შემოქმედებაში სამართლის კატეგორიაზე ვისაუბრებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მწერალი პრაღის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა და შეისწავლა იურისპრუდენცია, რომელიც იმ დროისთვის პრესტიჟულ და პერსპექტიულ დარგად ითვლებოდა. მან კარგად იცოდა კანონები, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, მათი ეგრძნო აბსურდულობა ადამიანთა, სახელმწიფოს ხელში. არც ადამიანი და არც სახელმწიფო არაა ბოლომდე სამართლიანი. იქნებ ეს განცდა მას სწორედ მამასთან ურთიერთობამ გაუჩინა (რადგან კაფკას ნაწარმოებების უმეტესობა ეხება ვაჟებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო მამებთან კონფლიქტურ ურთიერთობებში არიან, კონფლიქტებს კი საბოლოო ჯამში დამანგრეველი შედეგები მოაქვთ მათთვის).

 

კაფკამ 36 წლის ასაკში დაწერა ავტობიოგრაფიული ნაწარმოები „წერილი მამას”, რომელსაც მისი შემოქმედების გასაღებად მიიჩნევენ. ეს წერილი ასე იწყება და გრძელდება: „ამას წინათ მკითხე, რატომ ვამბობ, რომ შენი მეშინია. როგორც ყოველთვის, არ ვიცოდი, რა მეპასუხა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ შენი ისევ მეშინია და ამ შიშს საფუძვლად იმდენი წვრილმანი უდევს, მეგონა მათ ბოლომდე გააზრებას ვერასდროს შევძლებდი. შევეცდები წერილით გიპასუხო ამ კითხვაზე, თუმცა, ალბათ, არც ეს იქნება სრულყოფილი პასუხი, რადგან წერის დროსაც კი შენს გავლენას ვგრძნობ და შიში მიპყრობს, რაც შემდეგ გონებაში ირევა და თავგზას მაკარგვინებს… სულაც არ არის აუცილებელი მზის შუაგულში შეჭრა, მაგრამ დედამიწის ერთ სუფთა ნაწილამდე ხომ მაინც უნდა მიცოცდე, სადაც მზე ხანდახან გამოანათებს, რომ ცოტათი გათბობა შეძლო…”. მკითხველისთვის აშკარა ხდება კაფკას გამუდმებული დეპრესიის, საკუთარი თავსა თუ სამყაროსადმი უნდობლობის, დაუცველობის (რომლის განცდა მის ნაწარმოებთა უმეტესობაშია), ადამიანებისადმი გაუცხოების მიზეზი – მამის სიმკაცრე და ბავშვობაში დაბადებული უსამართლობის შეგრძნება.

 

წუთისოფლის ბუნდოვანების, აბსურდულობისა და გროტესკულობის განცდა, რომლებსაც ფრანც კაფკას ნაწარმოებები ტოვებს, სწორედ ადამიანური ბუნების, ურთიერთობების, სამართლის არასრულყოფილების შედეგია, რომელიც, როგორც ვაჟა იტყოდა, „ცოდვა-ბრალითაა” მონათლული. კაფკა გვიჩვენებს, რომ განაჩენი, რომელიც ადამიანებს გამოაქვთ ერთმანეთისთვის, ცხოვრებისეული თუ იურისპრუდენციის თვალსაზრისით, აბსურდულია და ნაკლულოვანი, მათი ცოდვილი ბუნებიდან გამომდინარე. ამ უკანასკნელის გამჟღავნებაა ღვთაებრივი სამართალიც, რომელიც ასევე ბუნდოვანია და ალოგიკური თავისი შეუცნობლობით. კაფკა აჩვენებს სასამართლოს უძლურებას. დაგვანახებს, რომ ის, რაც ჩვენ სწორი გვგონია, ასეთი არაა. გვგონია, რომ რაღაცები აუცილებელი და სამართლიანია, სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ჩვენ აბსურდს ვემსახურებით, იმას, რაც სიმართლე არაა და რისი ფუნქციებიც მორღვეულია. სახელმწიფო სისტემის (რომელიც ყველაზე სრულყოფილიც კი ბოროტების მექანიზმია) გაუმართაობაა ის, რომ მის საძირკველშივე უთანასწორობა და უსამართლობაა ჩადებული. აპარატი, კი რომელზეც ოფიცერი მოგზაურს უყვება, მოწყობილია ისე, რომ აღასრულოს განაჩენი.

 

საინტერესოა ისიც, რომ აპარატი „დამნაშავის“ სხეულზე ტვიფრავს იმას, რის გამოც განაჩენი იქნა გამოტანილი. ოფიცერი ამ აპარატით აღფრთოვანებული იყო, „თუ აქამდე ხელით გვიწევდა მუშაობა, ახლა ყველაფერს აპარატი შეასრულებს“, თუმცა მოგზაურში მან იგივე რეაქცია ვერ გამოიწვია, რის გამოც საფრთხის ქვეშ დგებოდა აპარატის არსებობის საკითხი. აპარატი, როგორც ამას ოფიცერი აღწერს, სამი ნაწილისაგან შედგება, ქვედა – საწოლი, ზედა – კალამი, ხოლო შუა, დაკიდებული ნაწილი – ფარცხი, რასაც განაჩენის აღსრულება ეკისრება. ეს სამი ნაწილი შეიძლება შევადაროთ სახელმწიფო ხელისუფლების სამ შტოს, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო.

 

კაფკას მიერ აპარატის სამ ნაწილად დაყოფა შემთხვევითი არ არის, რაც ნამდვილად კარგად შეესაბამება ამ შტოებს. ჯარისკაცი, რომელსაც ბრალად ედება დაუმორჩილებლობა და უფროსის შეურაცხყოფა, ვერ დაიცავს და ვერ იმართლებს თავს, რადგან მას ამის შესაძლებლობა არ აქვს. ოფიცერი, ამაოდ ირჯება, როცა საკუთარ სიცოცხლეს უკვე გარდაცვლილი კომენდანტის იდეებს შესწირავს, აპარატი, რომელიც სრულყოფილებად მიაჩნდა, ანუ ის იდეები, რომლებიც კომენდანტმა დააფუძნა, აბსურდი აღმოჩნდა. ამრიგად მისი განაჩენიც, რომ თავი შეეწირა, აბსურდი იყო. სწორედ ამ ყოველივეს გამო არ აღსრულდა ის, აპარატი მოიშალა, რაც მის არასრულფასოვნებაზე მიუთითებდა და აჩვენებდა მის არასამართლიანობას.

 

კაფკას მიერ აღწერილ მოთხრობებში წარმოჩენილი სახელმწიფო წყობა საჭიროებს ცვლილებებს, რათა შეიქმნას ახალი და შედარებით სამართლიანი. რამდენად სამართლიანია განაჩენი, რომელიც მამას გამოაქვს შვილისთვის? („განაჩენი”) ბიზნესმენი გეორგი, რომელიც ცოლის შერთვას აპირებს და რომელიც მამასთან იმის საკითხავად შედის, მისწეროს თუ არა ეს ამბავი თავის პეტერბურგელ მეგობარს, რჩევის ნაცვლად განაჩენს წააწყდება, რომელსაც მას საკუთარი მამა გამოუტანს. იგი მამისგან მსგავს საყვედურს არ იმსახურებდა. თუმცა, როცა მოთხრობას კითხულობ, მრავალ დეტალს ხედავ, რომლებიც მის გულგრილობას აჩვენებს სხვების მიმართ, თუმცა გულგრილობა სასიკვდილო განაჩენის გამოტანის საბაბი არ უნდა იყოს. წაყალში დახრჩობა ის განაჩენია, რომელიც მამას საკუთარი თავისთვისაც გამოაქვს, არა მარტო გეორგისთვის.

 

ყოველი ჩვენგანი ერთგვარი მსხვერპლია გარემოებებისა, მოვლენებისა და ადამიანებისა, რომლებიც აყალიბებენ მას პიროვნულად, მყიფეს ხდიან მის ფსიქიკას. გეორგი თავს იკლავს, რადგან მამისგან უარყოფილია, რადგან მის ცხოვრებაში დემოკლეს მახვილივით ჩამოეკიდება წინასწარგანზრახულება, რომლისგან თავდაცვა მას არ შეუძლია – მშობლის წყევლა და ასე გადადის ადამიანური სამართალი ღვთაებრივიში. ეს უკანასკნელი კარგად ჩანს „პროცესში”. სასამართლო, რომელიც ამ ნაწარმოებშია, ძალიან ჰგავს ეშმაკის სამსჯავროს და მკითხველიც ამბის თუ პერსონაჟთა გროტესკულობის, არაბუნებრიობის გამო (საუბრები, რომლებიც თითქოს რეალურ ადამიანებსა და მოვლენებს ეხება, ფანტასმაგორიული და არარეალურია) ხვდება, რომ აქ მეტაფიზიკურ, ზებუნებრივ ძალთა კანონებია თითქოს („სასამართლოს ამქვეყნად ყველასთან და ყველაფერთან აქვს კავშირი”). თუმცა აქვეა მღვდლის იგავი სოფლელზე, კანონის საუფლოში რომ არ უშვებს შესასვლელი კარის მცველი. ისიც იცდის ამ კართან მთელი სიცოცხლე, სანამ ბოლოს არ ეტყვიან, რომ ის მხოლოდ მისთვის ყოფილა განკუთვნილი. კაფკას იოზეფ კ. უმოქმედობით ჩვენს საბრალო ლუარსაბს მახსენებს. ანა კარენინასაც, ჩაკლული პროტესტით. ადამიანი შექმნილია არა თვითტკბობისთვის, არამედ განვითარებისთვის, არა განსაცდელით, ეშმაკით ჯაბანობისთვის, არამედ გამარჯვებით ღვთის წიაღში დაბრუნებისთვის. პავლე მოციქული გავიხსენოთ: „წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან”, ისუ ზირაქის სიბრძნეც – „სიკვდილამდე იბრძოლე სიმართლისთვის და ღმერთი უკუნისამდე იბრძოლებს შენთვის”.
უცნაურია კაფკასეული მოდერნისტულ-ეგზისტენციალური სამყარო, რომელშიც დაკვირვებული მკითხველი ქრისტიანულ საწყისებს მოიძიებს. კაფკას რომანებში „მოხვედრისას” თვალშისაცემია პლატონისეული „ყოფიერების უკმარისობა”, მიუღებლობა, გაუცხოება, სამყაროსადმი შიში და უნდობლობა რომ ბადებს. ძალაუნებურად გახსენდება „ღმერთის სიკვდილის” აღიარება ნიცშესთან. თუმცა კაფკასთან ეს არაა, არამედ დაკარგული ჰარმონიის, ღვთაებრივი წესრიგის (რუსთველური „შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა”) ძიებაა, ამ წიაღის ქვეცნობიერი შეგრძნებაა, რაზეც მოწმობს ბიბლიური მინიშნებები მის ნაწარმოებებში.
ყოველი ჩვენგანი გადის ხოლმე კაფკასა და მისი გმირებივით იობის გზა-გამოცდას, როცა ჩვენ შიგნით თუ გარეთ სამყარო თავისი თავის ჭამას იწყებს (თუნდაც დღევანდელობის „ბრძოლა ყველასი ყველას წინააღმდეგ”).
წუთისოფელი არენაა ამ ბრძოლებისა, შინაგანი თუ გარე მეტამორფოზებისა.
„პროცესის” იოზეფ კ. საბოლოოდ დაუძლეველი ადამიანური ვნების, ამპრატავნების მონად, ძაღლად იქცევა („ძაღლივით დამოკლეს”). ის მარცხდება, რადგან ემორჩილება. როგორც მას მღვდელი ეუბნება: „როცა მოდიხარ, სასამართლო გიღებს, როცა მიდიხარ – გიშვებს”.
…და კიდევ, წაკითხულის მიღმა, გროტესკულობისა და მისტიკური, თითქოს საბედისწერო უცნაურობებისა, იგრძნობა მწერლის დაუოკებელი სურვილი, რომ მისი გმირი არ დაიღუპოს, როგორმე ყოველი ჩვენგანისთვის ღვთისგან ბოძებული მადლი შეინარჩუნოს. ამ ღვთაებრივისა და დემონურის ხშირად განურჩეველ გადაწნეხვაში ვგრძნობთ მწერლის მწარე, მაგრამ უმანკო ცრემლების გემოს… იქნებ ამის საქვეყნოდ წარმოჩენა აღარ უნდოდა და ამიტომ მოითხოვდა სიკვდილის წინ თავისი ნაწარმოებების განადგურებას?
წიგნის ბოლოს კი შეგრძნება: დიდებული ქმნილებაა ადამიანი, ღრმა და მრვალშრიანი, თუნდაც თავისი მელანქოლიითა და დეპრესიით…

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი