პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ტრაგიზმი და სიტკბო არსობისა

(ინგა მილორავას ლიტერატურული ზღაპრების სამყარო) 

სულ მალე წიგნის მაღაზიებში გამოვა უდროოდ გარდაცვლილი ინგა მილორავას, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ლიტერატურათმცოდნის, მწერლის, გამორჩეული სულიერების ანარეკლი – მისი საოცარი ლიტერატურული ზღაპრები, ავტორის ნახატებითვე დასურათებულ-დამშვენებული. თუ რამეს შეეხებოდა მისი კალამი, რომანი იქნებოდა ეს, ესეი, პიესა, ლექსი თუ ზღაპარი, უკვე იქსოვებოდა განუმეორებელი ინდივიადუალობის სამყარო, რომელშიც საოცარი სულიერი სიფაქიზეა (რომლითაც ავტორი სიცოცხლეში დაჯილდოებული იყო), გრძნობების უანგარო, განსაკუთრებული ბავშვური სიწრფელე და სინაღდე (ასეთი იყო ინგას სიღრმისეული დამოკიდებულება სამშობლოსთანაც, საკუთარ პროფესიასა და საქმესთანაც, თავისი სტუდენტებისა თუ, ზოგადად, ადამიანებისადმი), აზრის ფილოსოფიური სიღრმეები. აქ თვალწინ გვეშლება ფერადი, თვალმიუწვდენელი ჰორიზონტები, სანახები, მიღმიერის გამონაშუქ სიმშვიდესა და სიხარულს რომ გვჩუქნიან.

 

იშვიათია ლიტერატურული ზღაპრის სამყარო. ეს არაა მითოსი, ფოლკლორისთვის დამახასიათებელი ზოგადობითა და არქაული, საკაცობრიო, წარმართობის დროინდელი ხილვებით, ყოფიერების ძირძველი მოდელით, რომლებშიც წინასწარგანზრახულია სიკეთე-ბოროტების მკაცრ ქარგას მორგებული ბალანსი. ხალხურ ზღაპარში თითქოს ყველაფერი ისე ძველია და ათასჯერ განცდილი, რომ ადვილად გამოიცნობ პერსონაჟთა ხასიათებსა და ქცევას და სხვა ბევრთან ერთად, შენც თანაავტორი ხდები სიუჟეტურად სიკეთით ბოროტების გარდაუვალი კათარზისისა. იტყვი – ჭირი იქა, ლხინი აქაო და თითქოს, „საწუთროს ვალიც” მოგიხდია. ლიტერატურული ზღაპარი უფრო არაპროგნოზირებადია. მისი პერსონაჟებიც სწორედ ლიტერატურულთან თანაზიარი, მწერლის, ინდივიდის ორიგინალური და სხვებისგან განსხვავებული ფანტაზიის პირმშონი არიან. იქნებ ამიტომაც უფრო მკაცრად შესაფასებელნი და მერე ისე შესატკბობნი, შესაყვარებელნი, როგორც ჩვენიანები, ახლობლები, ცოცხალი ადამიანები. ლიტერატურულ ზღაპარში თვითონ მწერლის, ერთი ადამიანის განუმეორებელი ხედვა ჩანს სამყაროსეული მოვლენებისა, მისი ცხოვრებისეული გამოცდილებით ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა, ყოფიერების სიღრმეებში წვდომის ფილოსოფიური უნარი. ეს უკვე ის მხატვრული შემოქმედებაა, რომლისთვისაც არაა გათვალისწინებული მკაცრი ასაკობრივი ცენზი და მას პატარა მკითხველთან ერთად, უფროსებიც სიამოვნებით ეცნობიან. მითოლოგიით რაღაცა დიდი, სამყაროსეული, საყოველთაო სიბრძნის თანაზიარი ხდები, ხოლო ლიტერატურულ ზღაპარში მწერლური ქვეტექსტის ამოკითხვა უნდა შეძლო ან, უბრალოდ, შეიგრძნო ის პატარა გულითა და გონებით.

 

ლიტერატურის ამ ჟანრის საუკეთესო მაგალითებია ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული” და ოსკარ უაილდის ზღაპარი-შედევრები. ამ დიდ სახელებთან ერთად სრულიად არ მეუხერხულება ინგა მილორავას მოხსენიებაც, რადგან მისი ზღაპრები ამ ჟანრის (არც ვართ ქართველები ამ მხრივ განებივრებულნი) საუკეთესო ნიმუშებია. ეს წიგნი წარგიძღვებათ თავისი პერსონაჟების: ქართან დამეგობრებული სვიმონიკოს, უძლიერეს ჯადოსან დობე კვინტესა და საკუთარი თავის საძებნელად გამგზავრებული ფიფეს, პატარა გოგონების, ნიულასა და ზეიას, ვითომ უნიჭო და ულამაზო, სევდიანი ფერიის, დიდი მადლიანი გულით, საყვარელი, ნამდვილი მეგობრობის მაძებარი დრაკონი მურმურიკოს, ჭაობის ჯოჯოს მიერ შეფარებული სიტყვის, კეთილი და მხიარული ხვლიკი ნუციკოს, დიდობაში მასწავლებელი რომ გახდა, მაჩვი თეკლას, მოსასპობი მცენარისა თუ ოქროსფერი ჩიტის საინტერესო თავგადასავლების შესაცნობად.

 

აი, ყველაზე პატარა ზღაპარი ამ წიგნიდან:

 

„იყო ერთი სახლი და ერთი ხე. ხეს უყვარდა სახლი, სახლს უყვარდა ხე. მაგრამ ერთმანეთთან ვერ მიდიოდნენ. გაზაფხულზე ყვაოდა ხე და იდგა სახლი, ზაფხულში ივსებოდა ხე და იდგა სახლი, შემოდგომაზე მეწამულად ღვიოდა ხე და იდგა სახლი, ზამთარში იდგა სახლი ფოთოლგანძარცვული ხის პირისპირ, მაგრამ ერთმანეთთან ვერ მიდოდნენ. როცა აცივდა, მოვიდა კაცი, მოჭრა ხე, დახერხა, სახლში შეიტანა და ბუხარი გააჩაღა.
ხე დაიწვა.
ერთი წუთითაც არ უნანია…”.

 

და თუ აქ მეტი სევდა და მელანქოლია შემოგხვდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ ზღაპრებში, ეს იმისთვისაა, რომ მათმა ავტორმა ძალიან შეიყვარა სიცოცხლე და მიუხედავად ბევრი გულისტკენისა, როგორც ხდება ხოლმე, უნდოდა, რომ მისი მშვენიერება, შინაარსის საკუთარი ახსნა, წვდომა თქვენთვისაც ეგრძნობინებინა, გაეზიარებინა. ჩვენ, ადამიანები, ხომ ცალ-ცალკე, თანდაყოლილი მარტოობებით ვიბადებით და მერე ვცდილობთ, ცხოვრების განმავლობაში, ერთმანეთს შევუვსოთ ისინი. ეს წიგნიც იყოს სურვილი და ცდა ამ მარტოობების შევსებისა, წუთისოფლის სევდის ტკბილად განქარვებისა…

აქვე დავურთავ ინგას ნახატ ზღაპრის ილუსტრაციებს. აირჩიეთ, რომელიც მოგეწონებათ…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი