ბავშვები და მათი გარემოცვა  

ეს სტატია პრაქტიკულად გაგრძელებაა წინა სტატიისა, რომელშიც იაპონელი ავტორი ნაგისა ტაცუმი ბავშვებში წესრიგის უნარ-ჩვევების გამომუშავების მნიშვნელობაზე საუბრობს.

იაპონელი ავტორის ნაგისა ტაცუმის წიგნი: „დალაგების მაგია ბავშვებისთვის, ანუ როგორ ეხმარება ბავშვის განვითარებას წესრიგის დამყარების ხელოვნება“ ბევრ ენაზეა თარგმინილი და ბეტსელერად არის აღიარებული. ავტორს მიაჩნია, რომ: „ბავშვებსარ უყვართ დალაგება (და არც უფროსები არიან გაგიჟებული ამ პროცესით), მაგრამ წესრიგის დამყარება მხოლოდ სისუფთავის დამყარებას არ ნიშნავს. მასში გაცილებით ღრმა შინაარსი დევს: ის ეხმარება ბავშვებს, შეითვისონ საბაზისო ცხოვრებისეული უნარები, ასწავლის მათ საკუთარი და სხვისი ნივთების მოფრთხილებას და რაც მთავარია, სხვა ადამიანებთან ჰარმონიაში ცხოვრების ჩვევის გამომუშავებას უწყობს ხელს“.

ამ სტატიაში ავტორთან ერთად განვიხილავთ იმ საჭირბოროტო საკითხს, რომელსაც ასე შეიძლება დავარქვათ: რა არის საჭირო იმისათვის, რომ ბავშვებმა ისწავლონ სოციუმთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. ადამიანი სოციალური არსებაა და ეს ნიშნავს, რომ მას, სურვილის მიუხედავად, უწევს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ოჯახში ესენი არიან მშობლები, შვილები, და-ძმები, ზოგჯერ – ბებია-პაპები და შესაძლოა სხვა ახლო ნათესავები; ოჯახის გარეთ – მეზობლები, სკოლელები, კლასელები, კურსელები და კოლეგები. სამწუხაროდ, ხშირად ადამიანებს უძნელდებათ ერთმანეთთან შეგუება, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ სოციუმისგან სრულიად იზოლირებულად ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ, მშობლების სახლში სწავლობენ ბავშვები სხვა ადამიანებთან ურთიერთობებს და მომავალში ამ გამოცდილებას ახალ სოციუმთან ურთიერთობისას იყენებენ. სახლი ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები, ერთმანეთთან, ერთ ჭერქვეშ ცხოვრების გარდა, უამრავი ნივთის გარემოცვაში ცხოვრობენ. ნივთების ნაწილი მათ საერთო აქვთ, ნაწილი კი პირადია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სახლში წესრიგის დამყარების უნარ-ჩვევებისა და თანაცხოვრების ნორმების გამომუშავება, რათა არც ადამიანები და არც საერთო და პირადი სივრცე არ დაზარალდნენ. წიგნის ავტორი ამ მოსაზრებას ერთგვარად აჯამებს და მიიჩნევს, რომ:

  • სხვა ადამიანების კომპანიაში, აუცილებელია ყველამ ერთმანეთის სურვილების გათვალისწინება შეძლოს. როდესაც დედა შვილს სთხოვს, დაალაგოს საკუთარი ოთახი, ბავშვი ხვდება, ეს რასაც ნიშნავს, რადგან დედის ფრაზა: „შენს ოთახში უწესრიგობაა“, ნიშნავს დედის თხოვნას – მოაწესრიგოს საკუთარი სივრცე. მსგავსი ფრაზები მუქარის შემცველი არ არის. ურთიერთობების მანძილზე მშობლები და შვილები სწავლობენ ერთმანეთთან მშვიდობიან თანაცხოვრებას.
  • აუცილებელია, მკაფიოდ და მტკიცედ საუბარი საკუთარ განზრახვებზე. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: დედა სთხოვს შვილს სათამაშოების მილაგებას, შვილი კი პასუხობს, რომ მას ფაზლით თამაში ჯერ არ დაუსრულებია. აქ შესაძლოა მშობელმა გაიფიქროს, რომ შვილს ნამდვილად სურს ფაზლის თამაშის დასრულება და იმიტომ არ ალაგებს მას. შემდეგ კვლავ აპირებს მიუბრუნდეს თამაშს? ან იქნებ უბრალოდ რაღაცას იგონებს, რომ ეს მოსაწყენი და უსიამოვნო დალაგების პროცედურა თავიდან აირიდოს? სწორედ ამიტომ ბავშვისთვის აუცილებელია, იცოდეს საკუთარი აზრების ნათლად და მკაფიოდ გამოთქმა, რის სწავლასაც მხოლოდ მშობლისგან შეძლებს. იმ შემთხვევაში თუ ის დედას ეტყვის: „შეიძლება მხოლოდ ფაზლები დავიტოვო და დანარჩენი სათამაშოები მივალაგო?“ – ნიშნავს, რომ ბავშვმა წესრიგის დამყარების უნარ-ჩვევის პარალელურად მომავალში ადამიანებთან ურთიერთობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვევა შეიძინა, რომელიც ცხოვრებაში მუდამ გამოადგება.
  • აუცილებელია, საკუთარ თავსა და სხვებზე ფიქრი. მაშინ, როდესაც ბავშვი გააცნობიერებს, რომ სიზარმაცე და უწესრიგოდ დაყრილი ნივთები, რომლებიც სასტუმრო ოთახში ყველას ფეხებში ედება და ხელს უშლის, ძალიან სერიოზული პრობლემაა, თანდათანობით პატარა იმასაც მიხვდება, რომ სხვების ინტერესების გათვალისწინება სავალდებულო და მნიშვნელოვანია. ამავე დროს, როდესაც ბავშვი სწავლობს ზრუნვას, სხვების სურვილების გათვალისწინებას, საკუთარი ქცევის კორექტირებას ოჯახის წევრების გარემოცვაში, ის საზოგადოებაში ქცევის წესებსაც ადვილად შეითვისებს.
  • აუცილებელია საკუთარი და სხვა ადამიანების სივრცეზე ზრუნვა. ოჯახის წევრებს, სახლში როგორც საერთო ასევე პირადი სივრცე აქვთ. ბავშვების დიდ უმეტესობას სანამ ძალიან პატარები არიან ან ბინის მოცულობა ამის საშუალებას არ იძლევა, საკუთარი ოთახი არ აქვთ, მაგრამ მაინც არსებობს სახლში თუნდაც მცირე კუთხე, რომელიც პირადად მას ეკუთვნის. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობლებმა აუხსნან შვილებს, რომ ნივთების უწესრიგოდ დაყრა და შემდეგ მათი იქვე მიტოვება დისკომფორტს შეუქმნის ოჯახის დანარჩენ წევრებს. ბავშვებს უფროსებმა ისიც უნდა აუხსნან, რომ თავიანთი პატარა „კუთხის“ მილაგება და წესრიგში მოყვანა მისი პასუხისმგებლობაა. ბავშვმა მცირე ასაკიდანვე უნდა შეძლოს და გააცნობიეროს, რომ საკუთარი სივრცისადმი დაუდევარი დამოკიდებულება ისევე ცუდია, როგორც საერთო ოთახის უწესრიგოდ მიტოვება. პატარას მუდამ უნდა ესმოდეს უფროსებისგან, რომ თუ მისი სათამაშოები სასტუმრო ოთახში ქაოსურად ყრია, მაშინ ოჯახი ვერ მოახერხებს კომფორტულად დროის გატარებას. აღზრდისადმი ამგვარი დამოკიდებულებით ასწავლის მშობელი პატარას სხვა ადამიანებზე ფიქრსა და ზრუნვას.
  • საერთო სახლში ცხოვრება, ადამიანებს აიძულებს გააცნობიერონ, რომ მათ თავადაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა თანაცხოვრების კომფორტულად წარმართვაზე. ეს ბოლო დებულება წინა ორი პუნქტთან არის დაკავშირებული. როდესაც ბავშვი მცირე საზოგადოებაში ცხოვრობს, რომელსაც „ოჯახი“ ჰქვია, ის სწავლობს წესრიგს. ამის წყალობით პატარა ცდილობს, გააცნობიეროს, რომ არსებობს რაღაც გარემოებები, რომელთა გადაჭრა სხვა ადამიანების დახმარების გარეშე დამოუკიდებლად უნდა მოახერხოს. ძალიან კარგი იქნება თუ ბავშვი ისწავლის საერთო ნივთებთან მართებულ მოპყრობას, რადგან საერთო ნიშნავს იმას, რომ ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ისიც ამ ნივთების თანამესაკუთრეა და მათი მოვლა მასაც ზუსტად ისევე ევალება, როგორც დანარჩენებს.

 

მოდით, ახლა ვისაუბროთ კონკრეტულ ქმედებებზე და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ უფროსებმა, რომ შვილმა მისი რჩევები გაითვალისწონოს – განაგრძობს თხრობას ნაგისა ტაცუმი. თანამედროვე ეპოქაში ადამიანები მიეჩვივნენ, რომ ინფორმაციის მოსაპოვებლად სულაც არ არის საჭირო ბიბლიოთეკაში წასვლა და თუნდაც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობა. ადამიანებს უმარტივესად შეუძლიათ მათთვის საინტერესო ცოდნის ინტერნეტის მეშვეობით სწრაფად და მარტივად მიღება. ამ სივრცეში ადამიანს შეუძლია, ჰქონდეს წვდომა ნებისმიერ ექპერტულ მოსაზრებაზე, ინსტრუქციაზე, სხვადასხვა სიახლესა და აღმოჩენაზე. სწორედ ამის გამოა, რომ ლამის სულელებად მიიჩნევიან ის ადამიანები, რომლებიც ცდისა და შეცდომის მეთოდით ცდილობენ მიზნის მიღწევას და მზამზარეულ ინფორმაციას არ სჯერდებიან. ნებისმიერ  შემთხვევაში ადამიანი უნდა ცდილობდეს, თავად იაზროვნოს და იაქტიუროს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შედეგი, არამედ ის პროცესი, რომელსაც შედეგამდე ვივყავართ. ის ადამიანები, რომლებიც ამას აცნობიერებენ და მოქმედების, ქმნადობის პროცესში სრულად ერთვებიან, გაცილებით პროდუქტიული ცხოვრებით ცხოვრობენ.

ის, რისი გაკეთებაც საჭიროა ახლავე, ახლავე უნდა გაკეთდეს. ამას ჰქვია – იცოდე და შეგეძლოს მოქმედება. ადამიანებს უყვართ დასვენება და გართობა, ამიტომ ამ საქმიანობას სამომავლოდ არასდროს გადადებენ, მაგრამ წესრიგის დამყარება და მსგავსი მოსაწყენი საქმიანობა ხშირად სწორედ სამომავლოდ გადაწეული აღმოჩნდება ხოლმე. მშობლებმა უნდა ასწავლონ ბავშვებს, რომ ასე მოქცევა არ არის მართებული. საქმეების შუა გზაზე მიტოვება სწორი გადაწყვეტილება არ არის, რადგან ბოლომდე მიყვანილი ნებისმიერი საქმე კმაყოფილების გრძნობას ბადებს. ბავშვები ადვილად დაიხსომებენ, რომ გაცილებით სასიამოვნოა კარგად დალაგებული ოთახის ყურება, ვიდრე აქა იქ მიყრილ-მოყრილი ნივთებით მოფენილი სივრცის.

წესრიგის დამყარება – საკუთარ შვილთან ერთად სასარგებლო საქმის გაკეთების საუკეთესო საშუალებაა. ამით მშობლები ბავშვის აღზრდის პარალელურად საკუთარ თავსაც უქმნიან შესაძლებლობას, ახალი თვალით შეხედონ მრავალ გარემოებას. ეს დალაგებასაც ეხება. მე მოვახერხე წესრიგის დამყარების პროცედურისთვის განსხვავებულად შემეხედა – უზიარებს დედებს საკუთარ გამოცდილებას ავტორი. კერძოდ, მე აღარ აღვიქვამდი დალაგების არასასიამოვნო პროცესს, როგორც მოვალეობას. საოჯახო ნივთებს სხვა თვალით შევხედე და მათ საჭიროებაზე გადავიტანე აქცენტი, ამიტომ ნივთების წესრიგში მოყვანა და საკუთარი ადგილის მიჩენა უკვე ნაკლებად შემაწუხებელი გახდა. დამატებით ჩემს თავს ვუთხარი, რომ დალაგების პროცესი სასარგებლო ფიზიკური აქტივობაა და მას სარგებელი მოაქვს ჩემთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვისაც, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რამდენად უფრო სასიამოვნო და სახალისოა დალაგებულ სახლში ცხოვრება. ძნელია საკუთარი ხასიათის შეცვლა, თანაც მოკლე დროში, მაგრამ ადამიანს მაინც შეუძლია ისწავლოს თუნდაც ყველაზე არასასიამოვნო საქმის კეთება. გაცილებით მარტივია ბავშვებისთვის წესრიგის დამყარების უნარ-ჩვევების მცირე ასაკიდან გამომუშავება.

 

არ იფიქროთ, რომ საკმარისია, ბავშვი აიძულოთ, დაალაგოს საკუთარი ოთახი ან თუნდაც მხოლოდ სათამაშოები. მნიშვნელოვანია, დაეხმაროთ მას, იფიქრეთ მასთან ერთად, იმოქმედეთ მასთან ერთად. ამით ბავშვისთვის მისაბაძ მაგალითად იქცევით და თავად მიხვდებით, მომავალში რა და როგორ გააკეთოთ უკეთესად. ეს გამოცდილება კი თავის მხრივ კმაყოფილებისა და სრულფასოვნების განცდას მოგიტანთ. თუ თქვენ ოთახის დალაგებას საკუთარ შვილს აიძულებთ ლოგიკური დასაბუთებით, მაგალითად: „ეს უნარ-ჩვევა შენვე გამოგადგება ზრდასრულ ცხოვრებაში“, უკუეფექტს მიიღებთ. ერთი და იგივე იდეა და არგუმენტი შესაძლებელია უკურეაქციის მომტანი აღმოჩნდეს მაშინ, როდესაც იძულებით გახვევენ მას თავს და ძალიან მნიშვნელოვანი მოგეჩვენოთ, თუ დამოუკიდებლად მიხვალთ ამავე დასკვნამდე. უბრალოდ მშობლებმა უნდა სთხოვონ შვილებს, მიალაგონ საკუთარი ნივთები. მტკიცედ და გასაგებად ნათქვამი: „შენი ოთახი მოსაწესრიგებელია“ – ბავშვს მოქმედებისთვის განაწყობს.

 

 

თარგმნა და მცირე კომენტარები დაურთო ქეთევან კობალაძემ

 

კომენტარები

comments