პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

Der Patriarch

საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო თვალსაწიერის დახშობა და შენთვის უცნობ მხარეში განვითარებული მოვლენების არად ჩაგდება დანაშაულია. მრავალთათვის მიუღებელი იდეების მიმდევართა შორისაც უნდა შეგეძლოს დიდი ადამიანებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეების აღმოჩენა. ზოგიერთი მოღვაწის წვლილი იდეოლოგიის საზღვრებს სცდება და საერთო ეროვნულ, საერთო საკაცობრიო საზრისს იძენს. ევროპის უახლესი ისტორიიდან შესაძლებელია სულ რამდენიმე ისეთი ფიგურის დასახელება, რომელთა ძალისხმევას მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც, ლიბერალებიც და კონსერვატორებიც აღიარებენ და პატივს მიაგებენ. ერთი მათგანია კონრად ადენაუერი, რომელსაც ევროპის მრავალ კუთხეში Der Patriarch-ად მოიხსენიებენ.

მემარჯვენე პოლიტიკოსთა შორის კონრად ადენაუერი ჩემთვის ყველაზე შთამაგონებელი პერსონა გახლავთ. მისდამი ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.

უმცირესი წინააღმდეგობაც კი ჩვეულებრივ ადამიანებში უდიდეს შიშს წარმოშობს. ახალი ეპოქის მოქალაქეები ადვილად ვნებდებით და ადვილად ვიხევთ უკან. ტანჯვის მიუხედავად, საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრებისა და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების სურვილი და ძალა მხოლოდ ერთეულებს ჰყოფნით. ფარ-ხმლის დაყრისგან თავის შეკავებას კი დიდი ნებისყოფა და გამძლეობა სჭირდება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონრად ადენაუერმა წამებით სავსე ცხოვრება განვლო. მას ორი მეუღლე ჰყავდა, ორივე მათგანი უდროოდ გარდაიცვალა. ემას თირკმელი აწუხებდა და სოკოთი მოიწამლა, 36 წლისა გამოეთხოვა ამ ქვეყანას. მეორე ცოლის, გუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მას შემდეგ გაუარესდა, რაც მან გესტაპოს საპყრობილეში თავის მოკვლა სცადა. ნაცისტი პოლიციელები მას მიმალვაში მყოფი ადენაუერის ადგილსამყოფელის გათქმას აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქალიშვილზე თავდასხმით ემუქრებოდნენ. ორი ქორწინებიდან მომავალ კანცლერს რვა შვილი ეყოლა, აქედან ერთი, ფერდინანდი, ნაადრევად დაეღუპა.

დოქტორ ადენაუერს სახასიათო და თვალში საცემი გარეგნობა ჰქონდა, რაც ხშირად იწვევდა კოლეგებისა და ჟურნალისტების დაბნეულობას. უცნაური ჰაბიტუსის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ ფოსტერ დალესს, კანცლერი წარმოშობით ინდიელიც კი ეგონა. მაშინ ცოტამ იცოდა ლიდერის კიდევ ერთი ტრაგედიის შესახებ – 1917 წელს შემაძრწუნებელ ავტოავარიაში მოხვდა და სახე საშინლად დაუზიანდა, ძვლებმა დეფორმაცია განიცადა. სწორედ ახალგაზრდობაში მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ, როდესაც, ფაქტობრივად, თვალებში ჩახედა სიკვდილს, განაპირობა ადენაუერის სახასიათო და თვალში საცემი გარეგნობა.

ჰიტლერის მმართველობის წლებში იგი ანტინაცისტური შეთქმულების მონაწილე არ ყოფილა, მაგრამ არც დიქტატურის მხარდამჭერად მოიაზრებოდა. ნაციონალ-სოციალისტთა მმართველობის პერიოდში არაკეთილსაიმედო პირად მიიჩნეოდა. 12 წელი, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში გაატარა. ფიურერზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ პოლიციამ მასაც მიაკითხა. რეჟიმის მიმართ არალოიალურად განწყობილი, პოლიტიკურად აქტიური კათოლიკეებისთვის ავტორიტეტად აღიარებული პოლიტიკოსი ნაცისტებმა ციხეში ჩააგდეს, სადაც მას უმძიმესი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ უწევდა ყოფნა. 1944 წელს 69 წლის ადენაუერმა თავის მოკვლა სცადა. მის ნაბიჯს ზედამხედველი ცინიკურად გამოეხმაურა: – „მაინც მალე მოკვდები, რატომ წვალობ?!“

ორჯერ დაქვრივების, შვილის დაღუპვის, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვართან მრავალჯერ მიახლოების მიუხედავად, ადენაუერი ყოველთვის სიმამაცითა და მიზანსწრაფულობით გამოირჩეოდა.

1933 წელს ადენაუერი კიოლნის მერი გახლდათ. კარიერის პიკისკენ მიმავალი ადოლფ ჰიტლერი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გერმანულ ქალაქებს სტუმრობდა. ნაცისტების ლიდერს ყველგან სვასტიკიანი დროშებით ხვდებოდნენ, ქალაქის თავები კარიბჭესთან საზეიმოდ ეგებებოდნენ რაიხსკანცლერს. ადენაუერი ერთადერთი ობერბურგერმაისტერი აღმოჩნდა, ვინც ჰიტლერს ხელი არ ჩამოართვა. ადენაუერისავე ბრძანებით, რაინის საგანგებოდ მორთული ხიდიდან ნაცისტური დროშები ჩამოხსნეს. უდიდესი გამბედაობა, კიოლნის ღირსების დაცვა „კონის“ მრავალწლიან დევნად და შევიწროებად დაუჯდა.

„პატრიარქი“ ორჯერ გაათავისუფლეს კიოლნის მერის თანამდებობიდან: პირველად – ნაცისტებმა ომამდე, მეორედ – ინგლისელებმა ომის შემდეგ. მიზეზი მეორე შემთხვევაშიც ყურმოჭრილ მონობაზე უარის თქმა იყო. ორმოციანი წლების შემდეგ რაინის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი ბრიტანელთა საოკუპაციო ზონად იქცა. მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების მოტივით ადენაუერი ცდილობდა, ფრანგ და ამერიკელ კომისრებთანაც ეთანამშრომლა, რაც ინგლისელებს აცოფებდა. ბევრს სურდა, ჰიტლერის მოწინააღმდეგე გერმანელებსაც კი არ ამოეღოთ ხმა, საკუთარი აზრი არ გამოეთქვათ და უსიტყვოდ დამორჩილებოდნენ საოკუპაციო ძალებს. ადენაუერი აცნობიერებდა გერმანელი ხალხის დანაშაულს, კანცლერად არჩევის შემდეგ მუდმივად გზავნიდა კოლოსალურ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას ისრაელის სახელმწიფოში, ხელს უწყობდა ნაციზმის გააზრებისა და სინანულის პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას, მაგრამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნაზე ხელი არ აუღია. ახალი, კომისრებისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების მიზნით შექმნა მან ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, რითაც უშუალოდ ხალხისგან სცადა ლეგიტიმაციის მოპოვება. მისი ამ ხედვების შესანიშნავი, შთამბეჭდავი გამოხატულება გახლდათ კანცლერად ახალარჩეული ადენაუერის ვიზიტი პეტერსბერგის სასახლეში, სადაც დასავლეთ გერმანიის გამგებლებად დანიშნულ ამერიკელ, ფრანგ და ბრიტანელ გენერლებთან ერთად სპეციალურ ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერა ხელი. ხელშეკრულებით გერმანიის ფედერალურ მთავრობას რიგი სუვერენული უფლებები გადაეცემოდა. ადენაუერამდე სასახლეში ხშირად მიდიოდნენ გერმანელი სტუმრები. პროტოკოლის მიხედვით სტუმრები ხალიჩის ზღვარზე ჩერდებოდნენ, გენერლები კი ხალიჩაზე იდგნენ. ადენაუერი იყო პირველი, ვინც გენერლების ხალიჩაზე ფეხი დადგა. ომგამოვლილ და სამად დაშლილ, დევნილებით სავსე და ნანგრევებად ქცეულ, დანაშაულის გრძნობით სამართლიანად დამძიმებულ გერმანიაში ამ ნაბიჯის გადადგმას დიდი სიმამაცე და თავდაჯერება სჭირდებოდა.

სიმამაცის კიდევ ერთი მაგალითი გახლდათ 1950-იანი წლების შუა ხანებში ადენაუერის მოგზაურობა მოსკოვში. კრემლში ყოფნისას მას ერთადერთი მიზანი ჰქონდა: ათი ათასამდე გერმანელი სამხედრო ტყვე გამოეხსნა ციმბირიდან, შრომითი თუ სხვა ტიპის საპატიმროებიდან. სსრკ რიგით ჯარისკაცებს ტყვეებად არ აღიარებდა, მათ სამხედრო დამნაშავეებად აცხადებდა და გერმანელთა გათავისუფლებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. საბჭოეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების სანაცვლოდ ადენაუერი შინ 9626 ჯარისკაცთან ერთად დაბრუნდა, რაც სრულიად მოულოდნელი იყო მთელი დანარჩენი სამყაროსთვის.

ტრაგედიებისა და სიმამაცით აღბეჭდილი გადაწყვეტილებების მიღმა, პირველი ფედერალური კანცლერის სახელი გერმანელებისთვის უამრავ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეფორმასთან ასოცირდება. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ფედერალური რესპუბლიკის ძირითადი კანონი, არმია, განხორციელდა „ეკონომიკურ სასწაულად“ წოდებული პოლიტიკა, გფრ შეუერთდა ნატოს, საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ევროპულ თანამეგობრობას, გერმანია-საფრანგეთის მეგობრობას და ახალი ტიპის ფედერალურ, საპარლამენტო დემოკრატიას.

ვფიქრობ, მის დაკრძალვასთან დაკავშირებული ერთი ამბავი რომ მომეყოლა, ისიც საკმარისი იქნებოდა ადენაუერის ფიგურის მნიშვნელობის გასააზრებლად. პატრიარქს 87 წლამდე ეკავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყველაზე გავლენიანი პირის სავარძელი. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ცერემონიას მაშინდელი მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერი დაესწრო. ადენაუერთან გამოსამშვიდობებლად რაინ-ვესტფალიას ეწვია ოთხმოცს მიღწეული დავით ბენ-გურიონი, ისრაელის სახელმწიფოს დამფუძნებელი. დაკრძალვის ცერემონიალი ებრაულ დღესასწაულს დაემთხვა, რომლის დროსაც მართლმორწმუნეებს მხოლოდ ფეხით გადაადგილება შეუძლიათ და ეკრძალებათ ცხენების, ვირებისა და ავტომობილების გამოყენება. მოხუცმა დოვჩიკ გრინმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც გაიარა ფეხით რაინის სანაპიროზე, რათა მადლობა გადაეხადა მეგობრისთვის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი