მიეცით ბავშვებს უფლება, თვითონვე შექმნან თავიანთი გაკვეთილები

შონ დურამი და პიტერ გრეი, ორი წამყვანი ამერიკელი ფსიქოლოგი, რომლებიც ბავშვების თამაშის საკითხებს იკვლევენ, გვთავაზობენ ბავშვების გათავისუფლებას ზრდასრულთა მიერ შექმნილი სასწავლო გეგმებისგან, რაც შესაძლოა განათლების სისტემისთვის ასე საჭირო ცვლილებების დასაწყისი გახდეს.

 

დღეს, როდესაც სკოლებისა და სკოლის შემდგომი პროგრამების დიდი ნაწილი დახურულია (პანდემიის გამო), ბავშვებს უფრო მეტი დრო და თავისუფლება აქვთ, მიჰყვნენ საკუთარ სურვილებს, ინტერესებსა და ინსტინქტებს. და, როგორც ჩანს, ეს ყველასთვის კარგია.

ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვახშობდით ბავშვობას ბავშვებში – რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო მეტად. ბავშვები ბუნების მიერ იმისთვის არიან შექმნილნი, რომ ითამაშონ და ასე, თავისებურად იკვლიონ გარე სამყარო საკუთარი ინიციატივით. სწორედ ასე სწავლობენ ისინი ინიციატივის გამოჩენას, საკუთარი აქტივობებისთვის მიმართულების მიცემას, მისწრაფებათა აღმოჩენას და თავიანთი ცხოვრების წარმართვას. ამასთან ერთად, ეს ყველაფერი მათთვის თავშესაქცევია.

მაგრამ ჩვენ „მივითვისეთ“ მათი ცხოვრება ზრდასრული ადამიანების მიერ განსაზღვრული აქტივობებით – ვაიძულეთ სკოლაში მეტი დროის გატარება, მივეცით მეტი საშინაო დავალება, მეტი უფროსების მიერ ორგანიზებული საქმიანობა სკოლის გარეთ. ჩვენ ჩვენი ბავშვები ჭიის პარკში გამოვამწყვდიეთ, თანაც არა კომფორტულში, არამედ მრავალშრიან საკანში, რომლის შრეებიც ზრდასრულთა მიერ მოფიქრებული აქტივობებითა და გეგმებით არის „მოქსოვილი“ და რომლებიც წინასწარ განსაზღვრავენ ბავშვებისთვის თუ როგორ დაარტყან ბურთი და რამდენ „მზეს“ (პირობითი წახალისების სახე) მოიგებს მოსწავლე, კლასში კარგად მოქცევისა თუ კითხვაზე სწორად პასუხისათვის.

სწორედ ამ პერიოდში, როდესაც ბავშვის თავისუფლება (ან უფლება, ლ.ა.), თვითონ შექმნას და მიჰყვეს საკუთარ აქტივობებს, სულ უფრო შეზღუდული გახდა, გაუარესდა ბავშვებისა და მოზარდების მენტალური ჯანმრთელობაც. ბოლო წლებში, მკვლევარებმა დოკუმენტურად დაადასტურეს რომ რეკორდულ დონეზეა ბავშვებში შფოთვა, დეპრესია და თვითმკვლელობების შემთხვევები; მზარდია მოზარდებისა და ახალგაზრდების დამოუკიდებელ ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებსაც ისინი ეჯახებიან უნივერსიტეტებში და სამუშაო ადგილებზე; დაღმავალია შემოქმედებითი აზროვნების უნარი.

დღეს, გლობალურმა პანდემიამ და ვირუსმა დაგვაკეტინა სკოლები, დაგვახურინა ბავშვებისათვის შექმნილი ყველა კლასგარეშე კურსი თუ აქტივობა, რომლებიც მოსწავლეების აქტიურად და დაკავებულად ყოფნისათვის იყო მოფიქრებული; დღეს, ბავშვებს გაუჩნდათ უამრავი დრო, რომელიც შესავსებია და უამრავი შესაძლებლობა თვითონ მოიფიქრონ თუ რითი შეავსონ ეს დრო. პანდემია საშინელი გამოწვევაა და ბევრი ბავში, მოზრდილებთან ერთდ, მწვავედ განიცდის მას. მაგრამ ბევრი ბავშვისათვის, უფროსების მიერ მოფიქრებულ „საბავშვო აქტივობებში“, პანდემიის გამო უცბად გაჩენილი პაუზა, შეიძლება მათთვის ბედნიერებად გადაიქცეს.

მოულოდნელად გაჩენილი „თავისუფალი დროის“ შესახებ უამრავი ისტორია გვესმის მშობლებისგან: ზოგმა ბავშვმა ველოსიპედის ტარება ისწავლა, ზოგმა ხელში გიტარა ან სხვა ინსტრუმენტი აიღო; ზოგმა – პირველად ცხოვრებაში, ხატვას მიჰყო ხელი; ზოგი ბავშვი მშობლეს თხოვს ასწავლონ საჭმელების კეთება ან სხვა საქმეების კეთება სახლში.

გამოჩდნენ ბავშვები, რომელბმაც წიგნების კითხვა დაიწყეს, საკუთარი ინტერესების შესაბამისად… და განათლების კუთხით ეს ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ის „საკითხავი“, რომელსაც მათ სკოლაში აძლევდნენ. ოჯახებმა თავიდან დაიწყეს იმ სიხარულის“აღმოჩენა“, რომელიც ერთდ თამაშს ან კითხვას მოაქვს, ან უბრალოდ ერთდ ყოფნას მოაქვს ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე.

ის რასაც ახლა აღვწერთ, იდეალურად, წარმოადგენს „გადატვირთვის“ ღილაკს. ღილაკს, რომელმაც შეიძლება განაახლოს ჩვენ გაგება ბავშვების ნამდვილი საჭიროებების შესახებ. პანდემიით გამოწვეული „დაკეტვები“ წარმოდგენენ იმ შესაძლებლობას, რომელიც მოახდენს საგანმანათლებლო და მშობლების ქცევასთან დაკავშირებულ „საბაზრო ქცევის დაკორექტირებას“.

ჩვენ, ზრდასრულებმა შეგვიძლია ვისწავლოთ, ან გავაცნობიეროთ, რომ დროის უმეტესი ნაწილი, რომელსაც ბავშვები სკოლაში ატარებენ, დაკარგული და გაფლანგულია. ის, რასაც სკოლაში სწავლობენ ან ამახსოვრდებათ, შესაძლებელია ბევრად უფრო ნაკლებ დროში დაისწავლონ, განსაკუთრებით იმ შემთვევაში თუ მათ მივცემთ საშუალებას თვითონვე მიმართონ საკუთარი ცნობისმიყვარეობა, წარმოსახვა და შემოქმედებითი მიდრეკილებები.

ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია იციან რომ ბავშვები თავიანთ ცოდნას „აშენებენ“ (ანუ დაისწავლიან ახალს) პირდაპირი და აქტიური ქმედებებით, რომელთაც მათი საკუთარივე ინტერესები და მისწარაფებები მართავენ, მათსავე გარემოში. ის, რასაც ბავშვები იზეპირებენ, როგორც საკლასო ოთახში მიმდინარე პროცესის პასიური მონაწილეები, მათ მალევე ავიწყდებათ. მოდით ძალიან ნუ გავერთობით ციფრული გაკვეთილებით, რომელბმაც სკოლებიდან სახლებში დადაინაცვლეს. მათ ნაცვლად, ერთად ვუყუროთ თუ რას და როგორ სწავლობენ ბავშვები, როდესაც თვითონვე ქმნიან თავიან გაკვეთილებს.

მოდით, ერთად ვუცქიროთ თუ როგორ იფურჩქნება მათი წერა-კითხვის უნარი და მათი განათლება, ასფალტზე დაწერილ სიტყვებში და წინადადებებში; დავაკვირდეთ მათ გამოთვლებს, თუ ფიცრების სიგრძის ანაზომებს,  როდესაც ისინი ხეზე გასამართი საბავშვო სახლის გეგმას ქმნიან; მოდით ერთად დავინახოთ თუ როგორ თამაშობენ ბავშვები, მათი დაწერილ დრამატურგიით, სპექტაკლებს, რომელბიც საყვარელი წიგნებით თუ ფილმებით არის შთაგონებული; დავაფასოთ ის უნარები თუ მოთმინება, რომელსაც ბავშვები ავლენენ, ტალახიდან ამოთხრილი ჭიაყელას ჯოხზე მოთავსებისა და მის ცოცვაზე დაკვირვებისთვის. და ზეცის სახელით, მივცეთ მათ უფლება შეიგრძნონ თუ რას ნიშნავს იყო ეზოში, გაზაფხულის ლამაზ დღეს და არაფერი აკეთო!

მოდით მხარი დავუჭიროთ ბავშვების გენიალურ უნარს ითამაშონ და წარმართონ თვითგანსწავლა. ამის შემდეგ, ერთად დავბრუნდეთ სკოლებში და შევქმნათ ის წონასწორობა, რომელიც ბავშვებს საშუალებას მისცემს დარჩნენ ბავშვებად და ჩვენ, კომპეტენტურ მასწავლებელებს, მოგვცემს შესაძლებლობას ვითანაშრომლოთ მათთან; შევქმნათ სწავლის ის ბილიკები რომლებზეც დაფასებული და გაცნობიერებული იქნება ბავშვების სოციალური, ემოციური, ფიზიკური და კოგნიტური განვითარება. მოდით, მხარი დავუჭიროთ ბავშვებში არსებულ სწავლის ბუნებრივ გზებს და არ ჩავკეტოთ ისინი. ბავშვებისა და მათი ბავშვობის სწორად აღქმით, ჩვენ მათ დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ მათი შემოქმედებითობის, მათი ცნობისმოყვარეობის, გამომგონებლობის და საჭირო ცოდნისა და უნარების სრულ განვითრებას.

 

თარგმნა ლევან ალფაიძემ

 

——–

* შონ დურამი (Sean Durham) – ობორნის უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული განათლების ასოცირებული პროფესორი და თამაშის სწავლების ასოციაციის  (Association for the Study of Play) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

** პიტერ გრეი (Pete Gray) – ბოსტონის კოლეჯის განვითარების ფსიქოლოგიის განყოფილების მკვლევარი და პროფესორი, ავტორი წიგნისა „სწავლის თავისუფლება“ (Free to Learn: Why Unleashing the Instinct to Play Will Make Our Children Happier, More Self-Reliant, and Better Students for Life) და არასამთავრობო გაერთიანება Let Grow-ის (ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ბავშვის ცხოვრებაში მეტი თავისუფალი თამაშის აუცილებლობის საკითხებზე) დამფუძნებელი წევრი, ფსიქოლოგიის სასწავლო სახელმძღვანელოების ავტორი

 

 

წყარო:

https://www.ajc.com/blog/get-schooled/opinion-don-obsess-over-digital-lessons-let-children-create-own-lessons/7ehJRnKzz0UcHJwVvRXzaN/

კომენტარები

comments