შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

თვითზრუნვა Მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია — ინტერვიუ ფსიქოთერაპევტთან

ინტენსიური პროფესიული სტრესი მასწავლებლის გადაწვის მიზეზი შეიძლება გახდეს, რაც სწავლა-სწავლების პროცესზეც აისახება და მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაზეც. ფსიქოთერაპევტი მაგდა მაჭავარიანი ინტერნეტ-ჟურნალ „მასწავლებელს”მასწავლებლებლების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის აუცილებელ ასპექტზე — თვითზრუნვაზე ესაუბრა  და მათ რეკომენდაციები მისცა.

რა არის თვითზრუნვა?

თვითზრუნვის იდეა სოკრატეს ბოლო პერიოდის ნაშრომებიდან იღებს სათავეს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში გავრცელებულმა ონლაინთვითზრუნვის ინდუსტრიამ თვითზრუნვის არაერთი მითი დაამკვიდრა. რადგან საქართველოში თვითზრუნვის ცნება ახლა მკვიდრდება, მნიშვნელოვანია, მისი არსი მკაფიოდ განისაზღვროს – ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება.

ყოველდღიურ ცხოვრებაში თვითზრუნვა გულისხმობს საკუთარ თავზე, საკუთარ საჭიროებებზე ფოკუსირებასა და საკუთარ თავთან იმის გარკვევას, რა აქტივობის შესრულება გვჭირდება კარგად ყოფნისთვის, რათა ვიყოთ პროდუქტიული ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში, გვქონდეს რესურსი, რომ დავეხმაროთ და ვიზრუნოთ სხვებზე (ოჯახის წევრებზე, კლიენტებზე, პაციენტებზე, მოსწავლეებზე და ა. შ.), შეგვეძლოს ჩვენი პოტენციალის რეალიზება.

თვითზრუნვა სჭირდება ყველას, თუმცა ის სასიცოცხლოდ აუცილებელია სტრესული პროფესიის წარმომადგენლებისთვის და მათთვის, ვისაც სხვაზე უწევს ზრუნვა. მასწავლებლობა, ზოგადად, ერთ-ერთ ყველაზე სტრესულ პროფესიად არის აღიარებული. ქრონიკული სტრესი იწვევს მასწავლებლების პროფესიულ გადაწვას, რაც თავის მხრივ განაპირობებს სკოლიდან კადრების გადინებას. ამ სიტუაციაში, გამოსავალია თვითზრუნვა, რომელიც პროფესიულ სტრესთან გამკლავების ეფექტური საშუალებაა.

Მასწავლებლის პროფესია მართლაც დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ ისინი ხშირად პროფესიული გადაწვის საფრთხის წინაშე დგანან. კონკრეტულად რა იწვევს მასწავლებლების პროფესიულ გადაწვას და Როგორ უნდა ამოიცნოს მასწავლებელმა საგანგაშო სიმპტომები?

თვითზრუნვის გარეშე მასწავლებელი ვერ შეძლებს, იზრუნოს საკუთარი მოსწავლეების საჭიროებებზე, მათ განათლებასა და განვითარებაზე. თვითზრუნვის იგნორირების გარდაუვალი შედეგია მასწავლებლების პროფესიული გადაწვა.

მართალია, პროფესიული გადაწვით უფრო ხშირად ახალბედა მასწავლებლები იტანჯებიან, თუმცა ვეტერანი მასწავლებლებიც არ არიან დაზღვეული. ერთ-ერთი თანამედროვე კვლევა გვიჩვენებს, რომ მასწავლებლების 40-50% პროფესიას პირველი ხუთი წლის განმავლობაში ტოვებს. განმაპირობებელი ფაქტორი მრავალია, თუმცა, კულტურული განსხვავებების მიუხედავად, უმთავრესია ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსის უკიდურესი დარღვევა და გარდაუვალი ინტენსიური პროფესიული სტრესი.

რაც შეეხება გადაწვის საგანგაშო სიმპტომებს, მასწავლებლების გადაწვის მანიშნებელია ფიზიკური და ფსიქიკური გამოფიტვის შემდეგი გამოვლინებები: სკოლისა და მოსწავლეების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ზრდა, საქმიანობის მობეზრება, სამსახურში წასვლის წინ შფოთვა, ემოციური გამოფიტვა და უენერგიობა, გუნება-განწყობილების დაქვეითება, ძილის/კვების დარღვევა, თავის ტკივილი, ჰიპერტენზია ანდა სხვა ფსიქოსომატური სიმპტომები, კონცენტრაციის და თვითრეგულაციის სირთულე, დისციპლინასა და კლასის მართვაზე ნაკლები ზრუნვა, მოსწავლეების სწავლის სტანდარტის დაწევა, მოსწავლეების გაგებისა და მათი თანაგანცდის უნარის შემცირება, საკუთარი საქმიანობისადმი გულგრილობა, გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარების სირთულე, კოლეგებისგან იზოლირება, მუდმივად საქმით გადატვირთულობის განცდა, კრეატიულობისა და პროდუქტიულობის კლება.

Პანდემიის დროს ყველაზე მეტად მასწავლებლები აღმოჩნდნენ სტრესულ და სწრაფად ცვალებად სიტუაციაში, რაც მათგან დიდი ფსიქოლოგიური ძალების მობილიზებასა და თვითკონტროლს მოითხოვდა. Როგორ აისახა ეს ყველაფერი მათზე?  

რა თქმა უნდა, პანდემიურ სიტუაციაში მასწავლებლებისთვის არაერთი დამატებითი სტრესორი გამოიკვეთა. მაგალითად, ონლაინსწავლებაზე გადასვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მასწავლებლებისთვის, რაც მათგან მოითხოვს ტექნოლოგიის გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, სიახლეებისადმი ადაპტაციის უნარს, მოქნილობას და კიდევ უფრო მეტად ზრდის პროფესიულ სტრესს.

როგორ აისახება პანდემიური სიტუაცია მასწავლებლებზე – ეს თანამედროვე არაერთი კვლევის საგანია. ერთ-ერთი მიმდინარე კვლევა (Hedy Teglasi et al., 2021) ეხება მასწავლებლებზე პანდემიის გავლენის შესწავლას. წინასწარი მონაცემების მიხედვით, გამოიკვეთა შემდეგი აქტუალური საკითხები: სწავლების ახალ მოთხოვნებთან შეგუება, პირადი საზრუნავი, დისტანციური სწავლების პროცესში მრავალი ვალდებულების დაბალანსების სირთულე, ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის სირთულე, ურთიერთობის დეფიციტი და სხვა; რაც შეეხება მასწავლებლების გუნება-განწყობილებისა და ემოციური სტაბილურობის შეფასებას, კვლევის მიმდინარე მონაცემებით, მათ გამოცდილებაში პოზიტიური აფექტის საშუალო მაჩვენებელს ნეგატიური აფექტი სჭარბობს. ძალზე საგულისხმო იქნება აღნიშნული კვლევის დასრულების შემდეგ გამოტანილი დასკვნები, რომლებიც უფრო სარწმუნო, კვლევაზე დაფუძნებულ წარმოდგენას შეგვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ აისახება პანდემიის სტრესი მასწავლებლებზე.

Მასწავლებლის გადაღლა, სტრესი, არა მარტო მასზე, შესაძლოა მოსწავლეებზეც გადავიდეს და სწავლა-სწავლების პროცესი ნაკლებად ეფექტიანი და უხალისო გახდეს. Როგორ უნდა იზრუნოს მასწავლებელმა საკუთარ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე?

სავსებით გეთანხმებით, რომ გადაღლილი და სტრესის ქვეშ მყოფი მასწავლებელი, რომელიც თვითზრუნვით არ ცდილობს წონასწორობის აღდგენას, მუდმივად გაღიზიანებულია და მოსწავლეებთან ურთიერთობისას ხშირად ავტორიტარული ან პასიურია, უჭირს თვითრეგულაცია და შესაძლოა ფიზიკურად თუ ემოციურად ძალადობდეს მოსწავლეებზე ანდა, პირიქით, მათი ძალადობის მსხვერპლად იქცეს. რა გასაკვირია, რომ ჰიპერაგზნების ან ჰიპოაღგზნების მდგომარეობაში მყოფ მასწავლებელს უჭირდეს მოსწავლეებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება და სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვა.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – როგორ იზრუნოს მასწავლებელმა საკუთარ თავზე, რომ აიმაღლოს ფსიქოლოგიური კეთილდღეობის განცდა?

გამოყოფენ თვითზრუნვის სხვადასხვა ტიპს: ფიზიკური, ფსიქოლოგიური/ემოციური, სოციალური, სულიერი და პროფესიული/აკადემიური. თვითზრუნვის ტიპების მიხედვით ხდება თვითზრუნვის სტრატეგიების კატეგორიზაცია. თვითზრუნვის სტრატეგიები მიმართულია ადამიანის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური, სულიერი და პროფესიული/აკადემიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ. ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კარგად ყოფნის განცდის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია თვითზრუნვის ტიპებს შორის ბალანსის დაცვა. სასურველია, რომ მასწავლებელი საკმარისად და დაბალანსებულად ზრუნავდეს როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე, ისე ფსიქოლოგიურ/ემოციურ, სოციალურ თუ სულიერ მდგომარეობაზე, ასევე საკმარის ყურადღებას აქცევდეს პროფესიული საქმიანობისას თვითზრუნვას, მუშაობისა და ცხოვრების დაბალანსებას.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ თვითზრუნვის სტრატეგიები ყველასთვის საერთო არაა – ჩვენ ყველა უნიკალური ვართ. განსხვავებულია ის გზებიც, რომლებიც ფსიქიკური სიჯანსაღისა და კეთილდღეობისთვის გვჭირდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მასწავლებელმა დაუთმოს დრო საკუთარ თავს, საკუთარ საჭიროებებში გარკვევასა და თვითზრუნვის იმ სტრატეგიების აღმოჩენას, რომლებიც მის კარგად ყოფნას განაპირობებს.

Როგორი იქნება პროფესიონალის რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ასამაღლებლად?

მასწავლებლების თვითზრუნვის მნიშვნელობას მეტაფორულად კარგად გამოხატავს თვითმფრინავის წესი – ჟანგბადის ნიღაბი პირველად ზრდასრულმა რომ უნდა გაიკეთოს და მერე ბავშვს გაუკეთოს. არადა, ისინი, ვინც სხვაზე ზრუნავენ, განსაკუთრებით მასწავლებლები, ხშირად აიგნორებენ საკუთარ თავზე ზრუნვის საჭიროებას.

თვითზრუნვისთვის დროის გამოყოფა არ საჭიროებს მასწავლებლის დღის განრიგის გადაწყობას. თვითზრუნვისთვის გადატვირთული დღის განმავლობაში სულ მცირე დროის გამოყოფაც საკმარისია (მაგ., ტრანსპორტიდან ოდნავ მოშორებით გადმოსვლა და სამსახურამდე ფეხით 15 წუთი გასეირნება). ზოგადი რეკომენდაციაა – თვითზრუნვის საკუთარი უნიკალური სტილის გაცნობიერება და ყოველდღიურად პატარ-პატარა ნაბიჯის გადადგმა თვითზრუნვისკენ:

  1. დააკვირდით, რომელი აქტივობები გაგრძნობინებთ თავს კარგად, გმატებთ ხალისსა და მხნეობას, გავსებთ ენერგიით (მაგ., დღის განმავლობაში 10-20 წუთიანი შესვენებების დროს საყვარელი აქტივობების შესრულება, ფიზიკური აქტივობა – ფეხით გასეირნება, სუნთქვითი ვარჯიშები, თვითრეფლექსია, მედიტაცია, თვით-თანაგანცდა (self-compassion), სოციალური მხარდაჭერა – ოჯახური სადილი, მეგობართან საუბარი, ინტენსიური ემოციების შეგრძნება და გადამუშავება დღიურის წარმოებით/თერაპიით, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის საზღვრების გამიჯვნა – მაგ., არანაირი მუშაობა ღამით და შაბათ-კვირას და ა.შ.);
  2. აირჩიეთ თვითზრუნვის ერთი აქტივობა და შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად შეასრულეთ;
  3. დაუთმეთ დრო რეფლექსიას – დააკვირდით, როგორ გრძნობთ თავს, რა პოზიტიურ ცვლილებებს ამჩნევთ;
  4. გადადით თვითზრუნვის შემდეგ აქტივობაზე და გაიმეორეთ იგივე პროცესი.

თვითზრუნვა არსებითად მნიშვნელოვანია პროფესიული გადაწვის პრევენციისთვის, რადგან თვითზრუნვაზე დიდწილად არის დამოკიდებული მასწავლებლის გამძლეობა სტრესებისადმი, ფსიქიკური ჯანმრთელობა და პროდუქტიულობა.

თუ მასწავლებელი ამჩნევს, რომ უჭირს საკუთარ თავზე ზრუნვა ანდა თვითზრუნვის ტიპებს შორის ბალანსის დაცვა, პროფესიული გადაწვის სიმპტომებით იტანჯება და ეს აწუხებს, მაშინ გამოსავალია ფსიქოთერაპია, რომლის საშუალებითაც გააცნობიერებს თვითზრუნვის დაბრკოლებებს და აღმოაჩენს, რა სჭირდება თვითზრუნვისა და კარგად ყოფნის განცდისთვის.

 

ესაუბრა: შორენა ტყეშელაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი