ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წეროები

ახლა  ის დროა, როცა გაზაფხულის შემჩნევას იწყებ. თუმცა, ჯავახეთში პროგნოზი კალენდარულ ლოგიკას არასდროს ექვემდებარება, ასე რომ, მისი ფარული ნიშნების ამოსაცნობად გარემოზე მეტი ფოკუსირება ხდება საჭირო. გაზაფხულმა იცის, რომ აქ მისი ასპარეზი არაა. რომ ოთხ კალენდარულ სეზონთაგან ერთი, ყველაზე მკაცრი და უხასიათო სამყაროს დასაბამიდანვე აღზევდა აქაურ ტახტზე და ამის გამო, მასთან პირისპირ ბრძოლაში ჩაბმას ერიდება. სამაგიეროდ, წარმატებით ეყრდნობა ელიტარულ სამხედრო ტაქტიკას, ბრძოლის ველზე მზვერავ წეროებს გზავნის და ანგარიშწორების ძალიან მოკლევადიანი, თუმცა ფრთხილი აქტისთვის ემზადება. წეროები ძველ, ელექტრობოძებზე გაშენებულ მაღალ საგუშაგოებს სტუმრობენ და თვალთვალის, შრომის, სიყვარულისა და გამრავლების ერა იწყება, ეს კი საგრძნობლად მიმარტივებს მოსწავლეების მიერ დასმულ ჩამჭრელ შეკითხვას: „აბა, სად არის გაზაფხული?“ – პასუხი მოვუფიქრო:

„თქვენი გაზაფხული აქ არის“. – მერე ხელი უზარმაზარი ბუდისკენ გავიშვირო და ქურთუკმოცმული ბავშვებისკენ გამარჯვებული სახით შევბრუნდე. ცხადია, მათ ურჩევნიათ მტკიცებულება უფრო მეტად იყოს სანდო, მაგალითად ისეთივე, როგორიც მათი ქართული ენის ფერადი სურათებით ილუსტრირებულ სახელმძღვანელოებში ხატია, მაგრამ სულ არაფრის გარეშე დარჩენას ალბათ ისევ ეს უჯობთ. ყოველ შემთხვევაში, იმის გაგება ნამდვილად ამშვიდებთ, რომ წეროები წიგნებში ილუსტრირებულ გაზაფხულებსაც საგრძნობლად გაალამაზებდნენ, მაგრამ იქ არ არიან, ამიტომ სიამოვნებით ისმენენ ისტორიას ჩემს ერთ მეგობარზე, რომელმაც ჯავახეთში თავისი მოგზაურობისას ამ ეგზოტიკური ფრინველების ნახვით გაჩენილი შთაბეჭდილება ჩემს ტელეფონზე გამოგზავნილ სმს-შეტყობინებაში საინტერესოდ გამოხატა:

„ამ ელექტრიკი წეროების ამბავს მიმალავდი?!“

მართალია, ელექტრობოძები წეროებისთვის სამხედრო ობიექტის დასაშენებელი ერთადერთი პლაცდარმი არ არის, თუმცა, ძირითადად ბუდეების მოწყობა სწორედ მათზე ხდება. ზოგიერთ ზამთრის მოგზაურობიდან დაბრუნებულ წეროს ეს ბუდეები ხელუხლებელი ხვდება, ზოგის შემთხვევაში გარკვეულ რეკონსტრუქციას საჭიროებს, ნაწილს კი ცხადია, თავიდან უწევს შენება. მეგობრის ეს სახელდება: „ელექტრიკი წეროები“ ღრმად ჩამებეჭდა გონებაში, იმდენად, რომ ერთხელ, როცა სახლში დენი გადამეწვა, პროფესიული რჩევისთვის მათ პირდაპირ მივმართე. თავიდანვე ჩანდა, რომ ჩემი დილეტანტური მცდელობა – შორიდან თვალიერებით შემეფასებინა სადენების მდგომარეობა და ქვემოდან დამედგინა უშუქობის მიზეზი, სრული კრახისთვის იყო განწირული, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და სადენების კვალში მდგომი ისეთი თავდაჯერებული გამომეტყველებით გამოვბოდიალდი გარეთ, თითქოს თომას ედისონი ფარულად მკარნახობდა ინსტრუქციებს. საბოლოოდ, იმ ელექტრობოძამდე ვიარე, რომლის კენწეროშიც ერთი ოჯახის წევრი ორი ახალშეუღლებული და გრძელნისკარტა წერო, ერთმანეთში გადახლართულ სადენებზე გაშენებულ უზარმაზარ ბუდეში, სამი ბარტყითურთ ცხოვრობდა და ხმამაღლა ავძახე:

„რატომ არ გვაქვს შუქი?“

ამის გაგონებაზე თავზე გრძელი ნისკარტების ისეთი რახარუხი დამატეხეს, რომ მოულოდნელობისგან ორი ნაბიჯით უკან დავიხიე, მაგრამ რამდენიმე წამში ხმაური შეწყდა და დავინახე ცისკენ მიმართული გრძელი კისრები როგორ გაუშეშდათ. არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს ასე მიჩერებოდნენ ლურჯ ცას, მაგრამ იქიდან, სადაც ვიდექი ეს ძალიან მაგარი სანახავი იყო; ელექტრობოძის კენწეროში გაშენებულ ბუდეში მჯდომი, ორი კისერმოღერებული, ყვითელნისკარტა წერო, რომელთა გვერდით ვიწრო სადენები ირწეოდნენ და რომელთაც უღრუბლო, ლურჯი ცა რბილად უთბობდათ ფონს.

ზოჯერ სამყარო მოულოდნელ დროსა და მოულოდნელ ადგილებში თავის ფანჯარას ხსნის. ასეთ დროს ისეთ რამეებს ხედავ და ხვდები, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდი. ხვდები, რომ მთელი ეს დომხალი, პროექტი, რომელიც შეიქმნა და დღემდე გაძლო თავისი დიდი, თუ პატარა ნაწილებით: ჩემით, თქვენით, ფლორით, ფაუნით, წყლით, მიწით, მტვრითა და ცაზე გამოკიდული პლანეტებით, ვარსკვლავებით, მეტეორებით – ერთი და იგივეა, ასლების კომპლექტია, ტირაჟირებული სიცოცხლე, მისი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ვერსიები. რომ მთელი ის ერთი შეხედვით ბუნდოვანი ამბები, რაც ჩვენგან რამდენიმე ათასი სინათლის წლის დაშორებით ხდება, აქ, ჩვენი პლანეტის ერთი პატარა ქვეყნის უფრო პატარა კუთხეში მცხოვრები, ნაგვიანები გაზაფხულის ორი დესპანი წეროს არსებობაში მეორდება, ელექტროსადენებში გაჩხერილ ფიხის უბრალო ბუდეში და ეს სხვა არაფერია, თუ არა სიცოცხლის ერთ ხაზზე ხეტიალის დინჯი, დინამიკური მარშრუტი. სამყარო ისეთი სიმშვიდით ეკიდება ნებისმიერი სიცოცხლის წარმოებასა და გაქრობას, დაწყებული კოსმოსური მტვრის უზარმაზარი ნაერთებით, ვარსკვლავებით, გაგრძელებული ჩვენით და დამთავრებული ნებისმიერი მიკრონაწილაკით, რომ შეუძლებელია ყოფნის შინაარსი იყოს ტრაგიკული, მაგრამ გააჩნია სად ხარ და ამას საიდან უყურებ. მე დაკვირვების ამ პროცესს სახლიდან 400 კილომეტრით შორს ყოფნა და მთიანი სოფლის სკოლაში მასწავლებლად მუშაობა მიმარტივებს, იქ, სადაც ყველა სხვა ადგილზე უკეთ გამოდის ერთი ძველი თამაში: სკოლის ეზოში დგომა. ბევრი ბავშვის შემოკრება ირგვლივ. მათთან ერთად მაღლა ყურება და არაფერი… თეთრი წეროების გუნდების თვლა თოვლიან ცაში.

„სად?“

„შორს…“

„რამდენი?“…

დიდი სევდის მიზეზი კი ხშირად პატარა, ყოფითი დისკომფორტი ხდება. მაგალითად ეს;

სახლში მარტო ხარ, შუქი გადაგეწვა და უახლოეს ელექტრობოძზე გაშენებულ ბუდეში მცხოვრებ, ელექტრიკ მეზობლებს დახმარებისთვის მიმართე: „რატომ არ გვაქვს შუქი?“

მაგრამ მათ პასუხი არ ჰქონდათ.

ან ჰქონდათ და შენ მათი ენა არ იცოდი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი