პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოუსმინეთ ფერებს: შავი, თეთრი, ლურჯი, წითელი, მწვანე..

არ ვიცი, რატომ, მაგრამ ფერებთან მაინცდამაინც ვერ ვმეგობრობ. საქმე მთლად ისეც არ არის, დალტონიკობა დავიბრალო, მაგრამ ზოგჯერ გარდამავალი ფერების გარჩევა მიჭირს. ბავშვობაში ცისარტყელას ფერებსაც ცუდად ვიმახსოვრებდი. სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ძალიან თუ არ დავუკვირდი, ვარდისფერი და იასამნისფერი ერთმანეთში მერევა. მოკლედ, თვალები ცოტას მღალატობენ. კიდევ კარგი, სმენა უკეთესი მაქვს. გამოსავალიც ვიპოვე – ფერებს ვუსმენ.

როგორ მოვუსმინოთ ფერებს? ამ კითხვაზე პასუხი ერთმა ძალიან მაგარმა ბენდმა მაპოვნინა. დარწმუნებული ვარ, მას თქვენც იცნობთ და მისი რამდენიმე კომპოზიცია გიყვართ კიდეც. “შავი”, “თეთრი”, “ლურჯი”, “წითელი”, “მწვანე” – ეს უბრალო ფერები არ არის, ეს გრძელი შემოქმედებითი გზაა, რომელიც ამ ქართველმა მუსიკოსებმა ერთად გაიარეს.

 

ნინო ქათამაძე და “ინსაითი” – ბენდი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებად კოლექტივად მიმაჩნია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. თანამედროვე მუსიკაში ნამდვილად ცოტაა ისეთი ჯგუფი, რომელზეც თამამად იტყვი, მსმენელს ახალი, თავისებური და ყველსგან განსხვავებული სტილი შესთავაზაო. ნინო და “ინსაითი” სწორედ ასეთი ახალი სიტყვაა.

თამამი ექსპერიმენტები, დახვეწილი მუსიკალური გემოვნება, იდეალური ინსტრუმენტალური შესრულება და ვოკალისტი – ადამიანი, რომელიც ყოველ კონცერტზე ბოლომდე იხარჯება. საზოგადოდ, მუსიკოსებს სჩვევიათ გარკვეული იმიჯის მორგება პოპულარობის მოსაპოვებლად ან კონკრეტული ტიპის მსმენელის მოსახიბლავად. ვფიქრობ, ნინო ამ მხრივ გამონაკლისია. მან კარიერის დასაწყისიდანვე თავისი “ნამდვილობით” მოიგო მსმენელის გული. თუმცა ისიც სათქმელია, რომ პუბლიკას მის მიმართ ყოველთვის ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ ჰქონია. კარგად მახსოვს, რა მძიმედ მიიღო ქართველმა მსმენელმა ნინო ქათამაძის და “ინსაითის” პირველი გამოჩენა 2000-იანების დასაწყისში. ზოგს მათი მუსიკა არ მოსწონდა, ზოგს – ტექსტი, უფრო სწორად, “უტექსტობა”, ზოგს – ნინოს ექსცენტრული და ცოტა გიჟური სიმღერის მანერა ხშირი იმპროვიზაციული გადახვევებით, ბევრმა “სულიკოს” გადაკეთება მიიჩნია ტრადიციების შელახვად… თუმცა, ვფიქრობ, ყველა ხვდებოდა, რომ ამ ადამიანებს მუსიკალური განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონდათ.

2001 წელს, როცა ნინო ქათამაძესა და “ინსაითს” თბილისის ჯაზფესტივალზე პირველი წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ, ალბათ ათი წლისა თუ ვიქნებოდი. ბუნებრივია, ამ და მომდევნო კონცერტებს არ დავსწრებივარ, თუმცა ბოლო 6-7 წლის განმავლობაში მათ საკმაოდ ხშირად ვუსმენდი ცოცხლად ფესტივალ “არტ-გენზე” (რომლის ყოველწლიური სტუმრები არიან) და სოლო საღამოებზე დიდ საკონცერტო დარბაზში. ყოველი ასეთი კონცერტის შემდეგ ახალ-ახალი ემოციებით ვბრუნდებოდი შინ. რამდენიმე დღის წინ, მორიგ კონცერტზე, ჩემმა მეგობარმა სამართლიანად შენიშნა: “ატყობ? ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაგრად უკრავენ…”

პირველი ალბომი, რომელიც ნინო ქათამაძემ “ინსაითთან” ერთად გამოუშვა, “უბრალო დღე” გახლდათ 2003 წელს. შემდეგ იყო “ნინო ქათამაძე და ინსაითი” (2004), მერე კი ფერების წყება: “შავი” (2006), “თეთრი” (2006), “ლურჯი” (2008), “წითელი” (2010) და “მწვანე” (2011). შეუძლებელია უარყო ის პროგრესი, რომელიც ჯგუფმა პირველიდან ბოლო ალბომამდე განიცადა. პირადად მე გარდამტეხად და ყველაზე მნიშვნელოვნად 2010-ში გამოსული ალბომი “წითელი” მიმაჩნია.

2013 წლის 3 მარტის კონცერტზე მათი რეპერტუარი უმთავრესად სწორედ ორ უკანასკნელ ალბომში შემავალი კომპოზიციებისგან შედგებოდა. აღსანიშნავია, რომ ბენდთან ერთად ჩასაბერი და სიმებიანი ინსტრუმენტებიც უკრავდნენ – “Georgian Brass” და “Georgian Strings”. მათ ნიკა მემანიშვილი ხელმძღვანელობდა. მცირემასშტაბიანი საორკესტრო ექსპერიმენტები ნინო ქათამაძისგან აქამდეც მომისმენია, თუმცა ბოლო კონცერტი ამ მხრივ განსაკუთრებული გახლდათ. ასეთი “იები” აქამდე ნამდვილად არ გექნებათ მოსმენილი :

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბენდის თითოეული წევრი: გოჩა ყაჭეიშვილი – გიტარა, უჩა გუგუნავა – ბასგიტარა და დავით აბულაძე – დასარტყამი ინსტრუმენტები. არ ვიცი, ჩემს მკითხველს როგორი დამოკიდებულება აქვს “ინსაითის” მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს სამეული საქართველოში ყველაზე უკეთესი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მაინცაა. თუ ინსტრუმენტულ მუსიკასთან მცირედი შეხება გქონიათ, შეუძლებელია, მათი მოსმენისას გულგრილი დარჩეთ. სამი ძალიან ძლიერი მუსიკოსი-ინდივიდუალისტი ერთმანეთს ძალიან კარგად ეწყობა. ეს ამოცანა არცთუ იოლი შესასრულებელია და მხოლოდ იმ შემთხვევაში სრულდება წარმატებით, თუ ბენდი დიდი ხანია ერთად უკრავს, “ინსაითს” კი ზურგს ერთად მუშაობის ათწლეულზე მეტი უმაგრებს.

 

კარგია, როდესაც შენს ქალაქში, ყველაზე დიდ დარბაზში ისეთი კონცერტი იმართება, რომლის შესახებაც რამდენიმე კვირის განმავლობაში შეგიძლია მეგობრებთან ისაუბრო. ორმაგად უკეთესია, თუ ამას ქართველი მუსიკოსები აკეთებენ. ძალიან იშვიათად ველოდები მოუთმენლად ვინმეს კონცერტს, ახალ ექსპერიმენტს ან ახალ ალბომს. ნინო ქათამაძე და “ინსაითი” გამონაკლისია, რადგან დარწმუნებული ვარ, მათი ყოველი კონცერტისა თუ ალბომის მოსმენის შემდეგ ძალიან დიდი დადებითი ენერგიით დავიმუხტები. ნამდვილად გირჩევთ, თვალყური ადევნოთ ამ ჯგუფის შემოქმედებას.
მოუსმინეთ ფერებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი