ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ქალის დრამა: მარიჯანი და სხვები  

წიგნს 2007 წელი აწერია. აჰა, 2007 წლის გაზაფხულზე მიმუშავია საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზებში, გარეთ რომ სასიამოვნო სითბო იყო და შიგნით – აკლდამის სიგრილე. „ფემინისტური ბიბლიოთეკის“ სერიით გამოსაცემი პირველი წიგნისთვის საუკუნის წინანდელ საგაზეთო წერილებსა და ლიტერატურულ ტექსტებს ვეძებდი. ამ კრებულს, ვირჯინია ვულფი და ქართველი მწერლები ერთგვაროვან შუქში რომ უნდა წარმოეჩინა, ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი გამოსცემდა. მეჩვენებოდა, რომ დიდად საპასუხისმგებლო საქმის შესრულება დაევალებინათ.

წლების წინ შესრულებული სამუშაო, ცოტა უცნაური პრინციპით შედგენილი წიგნი სამეფო უბნის თეატრის სარვამარტოდ გავრცელებულმა ამ ვიდეოჩანაწერმა გამახსენა:

„ხმა ქართველი ქალისა“ – ყოველკვირეული გაზეთი, რომელიც 1917-1918 წლებში გამოდიოდა ქუთაისში და რომლის რედაქტორიც კატო მიქელაძე იყო, ვიდეოპროექტის შემქმნელთა შთაგონების წყარო გახდა. თეატრის მონატრება მონატრებად დარჩება, ჩანაწერის ნახვა ამ მხრივ ბევრს ვერაფერს შეცვლის, თუმცა მაინც გირჩევთ – ძვირფასი ხმებია, ძვირფასი სახეები.

წიგნს კი, ცხადია, სხვა თვალით ვკითხულობ და რადგან მასწავლებლების გაზეთისთვის უნდა დავწერო, უფრო იმას ვაკვირდები, რას ფიქრობდნენ ქალის განათლებაზე, როგორ წარმოედგინათ მისი ადგილი ახალ სამყაროში, სადაც „სქესთა სწორუფლიანობა“ მთავარი პრინციპი უნდა ყოფილიყო.

„შეგნებული ქალი უფრო კარგად, გონივრად მოუვლის ოჯახს, ვიდრე შეუგნებელ-უვიცი; შეგნებული ქალი უფრო კარგ აღზრდა-განათლებას მისცემს შვილებს, ვიდრე შეუგნებელ-უვიცი; შეგნებული ქალი უფრო გრძნობიერად-გონივრად მოეპყრობა თავის ქმარს, უფრო გაიგებს მის ტკივილებს, ვიდრე შეუგნებელ-უვიცი!.. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იცხოვროს ყოველ მხრივად გონება განვითარებულმა მამაკაცმა ერთ ჭერქვეშ გონება დახშულ ბნელ ქალთან? როგორ უნდა ამოირჩიოს ასეთი ქალი ცხოვრების ამხანაგად და არ სცდილობდეს მის გონებრივ განვითარებას? რომელიმე სასწავლებელში კურსის დამთავრება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ყოველ მხრივ გონებით განვითარებას: მარტო მშრალი სასწავლო წიგნები ბევრ არას აძლევენ ადამიანს!“ – ნინო ნადირაძე, „ხმა ქართველი ქალისა“, 1917.

ამავე წელს გამოქვეყნებულ ხელმოუწერელ წერილში ქალებს მოუწოდებენ, ნაკლებად იზრუნონ გარეგნულ მიმზიდველობაზე; სადარდებლად გასჩენიათ, რომ „მთელი თანამედროვე აღზრდა და ცხოვრება დედრობითი სქესისა მიმართულია ასეთი ქალურობის სავარჯიშოთ“. „გარეგნულათ ქალურობის გამოფენა არი შედეგი უსაქმური პასიური ცხოვრებისა, ვიდრე სულიერი სინაზე-სიფაქიზისა. დღევანდელი ცხოვრების მიმდინარეობა და შრომის განსაზოგადოება კი მოითხოვს აქტიურობას, ინიციატივას და თვითმოქმედობას ორთავე სქესისაგან, რომელიც წარმოშობს ახალს ცხოვრებას და ახალ სქესთა კავშირს არა დედალ-მამლურ მიმზიდველობაზე დამყარებულს, არამედ სულიერი ნათესაობით და ერთობით გამოწვეულს სიყვარულზე დამყარებულსა და განმტკიცებულს. არ შეიძლება, რომ ყოველი ქალი ყოველი მამაკაცისათვის სქესი იყოს და ყოველი მამაკაცი ყოველი ქალისათვის. სწორუფლიანობისათვის მებრძოლი ქალისათვის სქესი არის მხოლოდ ის მამაკაცი, რომელსაც ის სქესობრივად დაუკავშირდა და თანაც ამხანაგი მისი რაადენათაც მასთან აქვს სულიერი ერთობა“.

წიგნში მარიჯანის (მარიამ ტყემალაძის) ჩანაწერებიცაა, რომლებიც 1926 წელს სამხატვრო-სალიტერატურო ალმანახში დაუბეჭდავთ. ვკითხულობთ და ვხვდებით, რა ცეცხლი მოსდებია ამ დაუდეგარ ქალს, მომდევნო თაობები რომ მხოლოდ საბავშვო პოეტად დაიმახსოვრებენ. რაზე აღარ წერს, რა სადარდებელ-საწამებელს აღარ გადასწვდება, ბოლოს კი დაყოლებს: „რთულია თანამედროვე ადამიანის პსიხიკა“.

„ადამიანის აღზრდა – ეს არის სქესობრივი მოთხოვნილების სულიერად გარდაქმნა. ყოველი გატაცება ადამიანში შემოქმედებას უნდა იწვევდეს“, – აცხადებს მარიჯანი და ზემოთ ნახსენები ხელმოუწერელი წერილის ავტორს უნებურად ეხმიანება. თავისი დროის შვილია – ხანძრების, ქარიშხლების. ყველაფერი სიტყვებად უნდა იქცეს, სამყაროს ტკივილი მწერლის ენით უნდა გამოიხატოს.

მახსოვს, როგორ მომხიბლა პირველი წაკითხვისთანავე ამ ფრაზამ: „თვითეული ჩვენგანი რამოდენიმე აქტიან დრამას ატარებს თავის სულში“.

დიდი ბებიების დრამები. რა უნდა იყოს უკეთესი საკითხავი?! საკვირველი და ამაღელვებელია საუკუნის წინანდელი თბილისისა თუ ქუთაისის ქუჩებში მოსეირნე ამ ქალების გამბედაობა, შემაწუხებელი წესრიგის შეცვლის სურვილით ხელის გამოღება, სტატიების წერა ყველაფერზე, რაც კი უსამართლობის გულსატკენ გამოვლინებად მიაჩნდათ და კრიტიკის ობიექტების უმოწყალოდ გაცამტვერება. რასაკვირველია, ხშირად აზვიადებენ, სახელდახელოდ მიგნებული პასუხებით კმაყოფილდებიან, პოზიციის დაცვას ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებით ცდილობენ. და მაინც, როგორ სწამთ სამყაროსა და ადამიანის შეცვლის შესაძლებლობის, სიყვარულის გამაკეთილშობილებელი ძალის, პირველ რიგში კი – ქალის სიმართლის; იმ ქალის, რომელიც „სიყვარულს წინასწარ გრძნობს ისევე, როგორც პოეტი – ლექსის რიტმს და ზომას“ (მარიჯანი).

ხანძრების, ქარიშხლების შვილები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი