ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გზა იუნიბაკენამდე ძალიან შორია

აქამდე ვწერდი სკოლის არარსებობაზე, დისტანციური სწავლების გამოწვევებსა და ბავშვების პანდემიურ მოწყენილობაზე. ვფიქრობდი, რომ მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო სკოლების გახსნა ბავშვების ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. საშიში იყო იზოლაცია ყველასთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის. როდესაც სკოლების გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს, ჩემმა მესამეკლასელმა შვილმა პირისპირ სწავლების მოდელი აირჩია და სკოლაში ბედნიერი წავიდა. მესამე კლასი სწავლას 12:10 წუთზე იწყებს და სამ საათზე ამთავრებს. ეს ისეთი დროა, როცა ოჯახის რომელიმე უფროსი წევრის მთელი სამუშაო დრო ჰაერშია გამოკიდებული და მთელი დღე, ფაქტობრივად, ბავშვის სკოლაში მიყვანა-მოყვანაზე იხარჯება.

ბავშვების სკოლაში მიყვანა-მოყვანის დიდი კარუსელი დილიდან იწყება და განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვისაც ერთზე მეტი ბავშვი ჰყავს: ჯერ სკოლაში ის ბავშვები მიჰყავთ, ვინც პირველ ცვლაში სწავლობს. შემდეგ ისევ ბრუნდებიან სახლებში და 12 საათისთვის მეორე ცვლის ბავშვები მიჰყავთ. ამასობაში, პირველი ცვლის ბავშვებს გაკვეთილები უმთავრდებათ და ახლა ისინი მიჰყავთ სახლში. სამი საათისთვის ისევ სკოლაში ბრუნდებიან და სახლში მეორე ცვლის ბავშვები მიჰყავთ ხან სპორტულ და ხან კი შემოქმედებით წრეებზე. ასე წინ და უკან სიარული და მთელი დღის მგზავრობაში გატარება თავბრუდამხვევ კარუსელს წააგავს. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ინდივიდუალური სირთულეები გვაქვს, მაინც ვფიქრობ, სწავლების ცოცხალ პროცესს ვერაფერი გადაწონის და ალბათ, ამიტომაც არის, რომ მშობლები ცდილობენ, საუკეთესო აირჩიონ საკუთარი შვილებისთვის და მზად არიან ყველა სირთულესთან გასამკლავებლად… ხშირად, საკუთარი ინტერესების დათმობის ხარჯზე.

მას შემდეგ, რაც სკოლები ისევ გაიხსნა, მთელი ოჯახი დილის ცხრა საათზე გავდივართ სახლიდან. უმცროსი გოგონა (მომავალ წელს სკოლაში მიდის) საბავშვო ბაღში მიგვყავს, შემდეგ კი მე და ჩემს მესამეკლასელ შვილს ორსაათ-ნახევარი გვრჩება თავისუფალი დრო გაკვეთილების დაწყებამდე. ვცდილობთ, ეს დრო სხვადასხვა აქტივობით დავტვირთოთ: ან ქალაქის ქუჩებში ვსეირნობთ, ან სკვერში ვსხდებით, ვლაპარაკობთ. ეს ნამდვილად სასიამოვნო პროცესია ხანგრძლივი კარჩაკეტილობის შემდეგ. მაგრამ, ადრეული გაზაფხულია, ცვალებადი ამინდებით, ხშირი წვიმითა და სუსხიანი ქარით. დიდხანს გარეთ ყოფნით ვერ დატკბები. ერთ ასეთ დღესაც, როცა პირისპირ სწავლების დღეების დაგეგმვას ვცდილობდი, გადავწყვიტე ჩვენს საყვარელ საჯარო ბიბლიოთეკაში მივსულიყავით, რომელსაც ხშირად ვსტუმრობდით სხვადასხვა ღონისძიებების დროს ერთად თუ ცალ-ცალკე. გეგმაც მოვამზადე: მე ჩემი ლეპტოპით ვიმუშავებ, ის თავისი სასკოლო წიგნებით თუ საყვარელი საკითხავი წიგნით, რომელსაც სკოლაში დაატარებს, რომ თავისუფალ დროს იკითხოს. დროს ასე უფრო სასარგებლოდ გავიყვანთ, შემდეგ კი, გაკვეთილების დაწყების დროს მივალთ სკოლაში. პანდემიამ კიდევ ერთი სიურპრიზი მოგვიწყო: აღმოჩნდა, რომ ბიბლიოთეკაში მესამეკლასელი ბიჭი თავის სასკოლო წიგნებს ვერ შეიტანს. ისე შეგვიძლია შესვლა, მაგრამ წიგნების გარეშე. სხვა რა გზაა, თავს მაკდონალდსს ვაფარებთ, სადაც წიგნების შეტანას არავინ გვიშლის, თუმცა ხმაურიანი მუსიკა კონცენტრირებას აფერხებს. ჩემი შვილი გაკვეთილებს მეცადინეობს, მე ჩემს ლეპტოპში სამუშაოს ვამთავრებ. გულდაწყვეტილი ვართ, რომ ასე ცოტა სივრცეა ბავშვებისთვის ჩვენს ქალაქში და ზოგ შემთხვევაში კი – საერთოდ არ არის. უფრო მეტად კი მე ვარ გულდაწყვეტილი, რადგან კარგად ვიცი, როგორ აისახება ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში მათზე.

ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ ანდრია ქართულის დავალებას წერდა, როცა დამიძახა და წიგნის რვეულში იუნიბაკენის ზღაპრის მუზეუმის შესახებ წამიკითხა: „იუნიბაკენი ადგილია, სადაც ცდილობენ, ბავშვს წიგნი და კითხვა შეაყვარონ. ადგილი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახო“. შემდეგ დაამატა, ჩვენთან საქმე ცოტა სხვანაირად არისო, თუ გინდა წიგნი წაიკითხო, ამაში ხელს არავინ გიწყობს, მგონი უფრო პირიქითო…

იუნიბაკენი ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედების მიხედვით შექმნილი მინიატურული სამყაროა სტოკჰოლმში, კუნძულ იურგორდენზე. იქ მოხვედრილი იღბლიანი ბავშვები ცოტა ხნით საყვარელი მწერლის ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობენ. მუზეუმი ასტრიდ ლინდგრენის უშუალო მონაწილეობით 1996 წელს და ორსართულიან შენობაში გაიხსნა. ის 6000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული. ეზოში საპატიო ადგილას კი ასტრიდის ძეგლი დგას. მუზეუმის ემბლემაზე გამოსახულია პატარა გოგონა ქოლგით ხელში – ეს მადიკენია, ასტრიდის ერთ-ერთი წიგნის გმირი იუნიბაკენიდან. მუზეუმსაც ამიტომ ჰქვია იუნიბაკენი.

„მუზეუმი ჰგავს ქალაქის მოედანს, სადაც ხის პატარა სახლები დგას. აქ შეგიძლია გაეცნო შვედი ავტორების წიგნების გმირებს. თუმცა ასტრიდის სახლს მოედანზე ვერ იპოვი. ამისთვის ჯერ სადგურში უნდა მიხვიდე. იგი ვიმერბიუს რკინიგზის სადგურის მაკეტია. ვიმერბიუ პატარა ქალაქია, სადაც ასტრიდი გაიზარდა. სადგურზე ვაგონი გელოდება. ჩაჯდები შიგ და ის მწერლის ზღაპრულ სამყაროში წაგიყვანს. აქ შეგიძლია ნახო კარლსონი, ემილი, მადიკენი და სხვა გმირები. ბოლო გაჩერება არის პეპის ვილა „ყიყლიყო“. ეს სამყარო ასტრიდის დაკვეთით მისი წიგნების მხატვარმა შექმნა. გზაში შეგიძლია ხმოვან ტექსტს მოუსმინო შენ მიერ არჩეულ ენაზე. შვედურ ენაზე კი მას თავად ასტრიდი კითხულობს. იუნიბაკენში არის შვედეთის ყველაზე დიდი საბავშვო მაღაზია. წიგნის გარდა, მაღაზიაში იყიდება უამრავი ლამაზი ნივთი. აქვეა კაფე, სადაც პეპის მაჭკატი და კარლსონის ფუნთუშა ცხვება. დიდ სცენაზე კი ყოველ საღამოს იმართება სპექტაკლი“, – ვკითხულობთ მესამე კლასის სკოლის სახელმძღვანელოს რვეულში და ეს ის შემთხვევაა, როცა ძალიან გვშურს იმ ბავშვებისა და ადამიანების, რომლებიც ამ ზღაპრულ სამყაროში მოხვდება, მაშინ, როდესაც ჩვენს ქალაქში უბრალოდ ისეთი სივრცის ნაკლებობაა, სადაც მესამეკლასელი მოსწავლე საკუთარი წიგნებით ისარგებლებს და დროს ნაყოფიერად გაატარებს.

როდესაც ბავშვების კეთილდღეობასა და სასიკეთო ცვლილებებზე ლაპარაკობენ, ვფიქრობ, რომ მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ისეთი საკითხების მოგვარებითა და მხარდაჭერით იწყება, როგორიც არის ხელმისაწვდომი და საინტერესო სივრცეების შექმნა მათი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ პიროვნული განვითარებისთვის. ეს უდიდესი სიკეთე იქნებოდა ბავშვებისთვის, დიდი მხარდაჭერა ოჯახებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ბავშვების უკეთესი მომავლისთვის. როდესაც, ბავშვზე ორიენტირებულ გარემოზე ლაპარაკობენ, ვფიქრობ ეს არის ისეთი გარემო, სადაც უყვართ ბავშვები, ფიქრობენ მათ საჭიროებებზე, სადაც ყოველთვის მოიძებნება შესაძლებლობა მათი ინტერესების დასაკმაყოფილებლად: ეს იქნება წიგნებთან, ლიტერატურასთან და ხელოვნებასთან დამაახლოებელი სივრცეების შექმნა და ამ სივრცეებში ბავშვების სურვილების გათვალისწინება. იუნიბაკენამდე კი მართლაც ძალიან შორია და არც საქართველოა შვედეთი, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება აქაც შესაძლებელია.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი