შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

გზებზე

მეორე ნაწილი

აი, იმ ბიჭს, ასე რომ მომწერა: „ძვირფასო თოვლის ბაბუ, მე ბევრი სურვილი მქონდა, მაგრამ რაც მამა გარდაიცვალა, მხოლოდ მისი დაბრუნება მინდა“, – ვუთხარი, რომ მე ძალიან უცნაური თოვლის ბაბუა ვარ. არც მე მყავს მამა. ნიკოლოზი პატარაა, მაგრამ ყველაფერს ხვდება, ამიტომ არ მომიტყუებია, არ მითქვამს, რომ მამამისი სამოგზაუროდ წავიდა და რაღაცები გამომატანა, რომ წერილებს მისწერს და მე ჩავუტან ხოლმე. ვუთხარი, რომ მამამისი არსადაც არ წასულა. მეტიც, ამიერიდან ის უფრო ახლოს იქნება და საითაც გასწევს, ყველგან წაჰყვება. ყველა აღმართზე ზურგიდან ხელის შეშველებას იგრძნობს და ეს იქნება მამამისი. თუ დაღმართზე დაშვებულმა ძალა იგრძნო და შეჩერდა, ესეც მამამისი იქნება. მამას ყოველთვის ექნება ბილეთი – ავტობუსზეც და თვითმფრინავზეც, და როცა გაიზრდება და ახალ გზებს მოსინჯავს, მამაც იქ იქნება. ნამდვილად ვიცი, ასეა და ამიტომაც ვუთხარი. ვიცი, რადგან ახლა, როცა ამ სიტყვებს ვწერ, მამაჩემი აქაა. მეტიც – ამ სიტყვებს მამაჩემი მკარნახობს.

მამაჩემი დეკემბრის ოცდარვაში გარდაიცვალა. გარდაიცვალა ანუ სამუდამო ბილეთი აიღო ჩემ გვერდით. მე და ნიკოლოზი შევთანხმდით, რომ ოცდარვაში მასთან ჩავიდოდი და ოზურგეთში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის მოწყობას დავიწყებდით. პირველ წიგნებს ამ ბიბლიოთეკისთვის სწორედ მაშინ შემოვდებდით თაროზე. კიდევ შევთანხმდით რაღაცებზე, მაგრამ იმ ამბებს საიდუმლოდ დავტოვებთ.

დილით მესიჯი დამხვდა ნიკოლოზისგან: „ugrmesi madloba. imdenad gamitbet guli, verc davidzine. emociebshi var exlac. me tqven miyvarxart“. და ნიკოლოზმა ალბათ არ იცის, რომ თვითონაა ყველაზე მაგარი თოვლის ბაბუა. ჩემი თოვლის ბაბუა.

 

* * *

ზამთრის ღამეებში, ახალ წლამდე ხელის გაწვდენა რომაა დარჩენილი, ხშირად მახსენდება სცენა: ადამიანები სხედან ჯორკოებზე, ქალებს კაბები აუკალთავებიათ, კაცებს ჯვალოს ტომრები გადაუფენიათ მუხლებზე. ეს ადამიანები ჩემი მეზობლები არიან. მეც აქვე ვარ.

ცენტრში დგას პატარა შავ-თეთრი ტელევიზორი, დიდწილად – აკუმულატორზე შეერთებული.

ვარჩევთ თხილს და სერიალს.

– დედა, აბდალია თლა აი ხუანი!

– ე, შე აბდალა, ამფერი ანგელოზივით გოგო ოთახში გყავს და ბრუციანი ხარ თუ რა ხარ, სა იყურები!

– აი სერიალია, ცა, და იმიზა წელავენ, თვარა ნორმალური კაცი ეტყოდა ახლა ორ სიტყვას…

– ორ სიტყვას კი არა, გენადია რომ იყოს ახლა მაქანე, უკვე ნაკოცნი ექნებოდა!

– ა, ბიჯო ამეღიე ხმაი, თვარა დაჯდა აი აკუმულატორი და გეითიშები. შენც აკუმულატორზე ხომ არ ხარ, ზურია ბიჯო, თქვი ორი სიტყვა.

– აი მორცხვია იმფერი, რომე აკუმულატორი კი არა, მთელი ბჟუჟ-ჰესი არ ეყოფა, – გელა ამბობს.

გრძელდება სერიალი. მცირე რეკლამის შემდეგ ჩნდება მონიკა.

– აი, ახლა ძველი დროია და იმიზე აცვია ასე, – მაშინ არ აჩენდენ ქალები, არ აჩენდნენ, მარა ამ ლელაიას ვერ შევაგნებიე, რომ ქალს რაცხა ლამაზი აქ, იი უნდა გამუაჩინოს – აცვია სამასი წლის მალაზონივით. არადა იმფერი ლამაზი ფეხები აქ, თლა ჩემს დას გავს, ცუგაიას, მადონა, ხომ გახსოვს შენ ცუგაია?

– მონიკა, როგორც კი დაგინახე, – ამბობს ხუანი, – თავი დავკარგე, ძვირფასო. მაგრამ, ხომ იცი ჰაიმე?

– რა ჰაიმე? – ამბობს მონიკა

– რა, ზურიკო? რაცხა თქვი თუ მომესმა? – კითხულობს ჩიტო.

– ლელას ვუთხარი, – პასუხობს ზურიკო მორცხვად, – რაფერ ჩქარა არჩევ-მეთქი.

– უფ, მე რაის ჩქარა ვარჩევ, – ამბობს ლელა.

– რა სულსწრაფი ხარ, – ამბობს მონიკა.

– ძალიან ჩქარა არჩევ მართლა, – ამბობს ზურიკო.

– შენც ჩქარა ავსებ, თუ გინდებიენ, დაჯეით გვერდი-გვერდზე და შეეჯიბრეთ, ვინ მოასწრებს. მე ვიქნები სუდია, – ამბობს გელა.

– ღმერთია მსაჯული, მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი, მონიკა, – ამბობს ხუანი

– ასე არ გამოვა, ხუან, – ამბობს მონიკა, – ჯერ ჰაიმესთან უნდა გაარკვიო ურთიერთობა.

– ასე არ გამოვა, – თამამდება ლელა, – ჯერ რაც გარჩეული გაქვს, ეგ გადაყარე!

იწყება შეჯიბრება.

რა დამავიწყებს იმ ღამეებს? არაფერი. ვერაფერი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი