ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რა კარგი იყო დღეს

ერთ პატარა გოგოს სკოლაში სახელმძღვანელოების ყდების მოწესრიგება დაავალეს. გოგონამ დახმარება ბაბუას სთხოვა, რომელმაც ერთი შეხედვით მარტივ საქმეს სამი დღე მოანდომა. ყველა წიგნს საგანგებოდ ურჩევდა გადასაკრავ ქაღალდს და რუდუნებით აწერდა: „მათემატიკა“, „ბუნება“, „ქართული ენა“. ბაბუის ამგვარი გარჯა ოჯახში არავის გაკვირვებია, რადგან ეს მისი საყვარელი საქმე იყო – წვეულების დროსაც კი შოკოლადის შესაფუთ ვერცხლისფერ ქაღალდზე ჩანგლის წვერით ქართულ ასოებს გამოსახავდა.

ლადო ქუთათელაძემ 60-მდე ქართული შრიფტი შექმნა, რომელთაგან ექვსი დაუბეჭდავად დაიკარგა. გამორჩეულ გრაფიკოსს მიაჩნდა, რომ შრიფტი ლამაზი, იოლად წასაკითხი, სადა და დახვეწილი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც ყოველწლიურ შემოქმედებით დავალებას განსაკუთრებული მონდომებით ასრულებდა და ახალ-ახალ შრიფტებს არა მხოლოდ წვრილი ფუნჯით ხატავდა, არამედ ქვასა და ლინოლეუმზეც კვეთდა. მერე ნატიფი ორნამენტებით შემკულ სრულ ტაბულას ტკბილხმოვან სახელს ურჩევდა და ქართული ანბანის ახლებურ მოხაზულობაზე იწყებდა ფიქრს.

მისი უნიკალური ალბომის თვალიერებისას ხან ფაქიზი მაქმანი გნუსხავს, ხან დახვეწილი გრაფემები აღგაფრთოვანებს. თვალი ჯერ აკვიატებულ ასო-ნიშნებს ეძებს, საკუთარ თუ ძვირფასი ადამიანების ინიციალებს. მერე გონებაში უნებურად ცალკეული სიტყვები ამოტივტივდება, სიტყვებს ამბები მოჰყვება და ისევ თავიდან იწყებ ფურცვლას. თითოეული შრიფტიდან ერთ ასოს ირჩევ და ფიქრობ: თუკი ქვეყნის წარსადგენად 33 ამბავი ვიკმარეთ, იქნებ საკუთარი თავის შესაცნობად ან გუნება-განწყობის გადმოსაცემად ამაზე უკეთესი გზა არც არსებობდეს.

შესაძლოა, ხვალ ყველამ სხვა სიზმარი ვნახოთ, სხვა ცას ავხედოთ და სხვა წიგნი წავიკითხოთ, მაგრამ დღეს დღეისა ვთქვათ და ჩავლილებიც ვახსენოთ.

 

შრიფტი „კოხტა“

ასკილი

რახან ასკილის ბუჩქებთან დავსახლდით, გადაწყდა, საახალწლოდ ასკილის ტოტებს მოვრთავთ ხოლმე.

 

შრიფტი „თბილისური“

ბლოკნოტი

არ ვიცი, ღირს თუ არა, ახალ ბლოკნოტში გადმოვიტანო ის, რასაც ძველში კითხვის ნიშანი უწერია.

 

შრიფტი „ქუთათური“

გვარი

ერთ ჩემს მეგობარს გვარი შევუცვალე, თურმანიძეს ვეძახი, დამწვრისას.

 

შრიფტი „მორთული“

დღეს

ფლირტის ბარათებს ვათვალიერებ. მიხაკი: თქვენ მხოლოდ ხვალ მიხვდებით, რა კარგი იყო დღეს.

 

შრიფტი „ფაქიზი“

ექიმი

დედაჩემს ექიმმა უთხრა, ეს წამალი მთელი ცხოვრება უნდა სვაო. მთელი ცხოვრება, – იმეორებს 80 წლის დედაჩემი.

 

შრიფტი „ძველებური“

ვაკის პარკი

ვაკის პარკში წელიწადის ყოველ დროს წააწყდებით ყვითელ ფოთოლს.

 

შრიფტი „გაზაფხული“

ზამბახი

თუ მთელ ოჯახს წაიყვანთ, პირველივე წელს გასიამოვნებენ, თუ ცალობით, მოცდა მოგიწევთ, – ზამბახების ყვავილობაზე მწერენ ერთ-ერთი სანერგიდან.

 

შრიფტი „ახლებური“

თინეიჯერი

არავითარი კუ და ღმერთები, დედამიწა დგას თინეიჯერი გოგოების „გრძელ“ ცხვირებზე, – მეუბნება ელენე, რომელიც აღარ არის თინეიჯერი.

 

შრიფტი „მამული“

იყო

მგონი, ხანდახან გვიხსენებია მიწის გამოცვლა. როგორც იყო, იყო. დავრჩით, ნებით და სიყვარულით.

 

შრიფტი „მტკიცე“

კომპიუტერი

Ruso Agdgenili – არსებობს ასეთი ფოლდერი ჩემს კომპიუტერში.

 

შრიფტი „ლადოსივარი“

ლომი

აფთიაქში ქალი ტკივილგამაყუჩებელს ყიდულობს – ჩემს ქმარს თავი სტკივა, ზოდიაქოთი ლომია და ეგრეცა გმინავსო.

 

შრიფტი „საპლაკატო“

მეზობელი

ჩემი მეზობელი გიგული მაჩაბელი ბავშვებსაც თავის დახრით გვესალმებოდა.

 

შრიფტი „კენარი“

ნერგი

მე და ლევანი ერთ ხმელ ნერგს სამი წელი ჯიუტად ვრწყავდით. მერე რა, რომ სხვა ყველაფერში განვსხვავდებით ერთმანეთისგან.

 

შრიფტი „მარგო“

ორი

ორი რამ მეუხერხულება – უზურგო კაბის ჩაცმა და საკუთარი წიგნის ჩუქება.

 

შრიფტი „იგრიკა“

პირქუში

თვითმფრინავში ერთი პირქუში კაცი დამემგზავრა. როგორც კი დავეშვით, ჩატის ფანჯარაში გულები ამოუფრინდა.

 

შრიფტი „მწყაზარი“

ჟოლოსფერი

ქუჩაში იეზიდი ქალი ჟოლოს ყიდიდა. ლალისთვლიანი ოქროს საყურეები ეკეთა. ჟოლოსფერი ჟოლოსფერსა.

 

შრიფტი „მახვილი“

რუხაძე

ფეისბუქზე რუხაძეების ორი შტო ვართ – kh-ით და x-ით.

 

შრიფტი „ვარსკვლავი“

სიზმარი

რა მაცდურია სიზმრიდან აყოლილი ერთდღიანი სიყვარული.

 

შრიფტი „იმერეთი“

ტყემალი

მოგვიკითხავს ხოლმე მამაჩემი, როგორა ხართ, ტყემალი ხომ გაქვთო.

 

შრიფტი „ოქსინო“

უსინათლო

ერთხელ საავადმყოფოს კარში უსინათლო კაცს შევეჩეხე და გზა დამითმო, მობრძანდითო.

 

შრიფტი „სადა“

ფურცელი

ჩემს ზამთრის ბაღში ყვავ-ყორნები რომ აიშლებიან, შავად მიდის თეთრი ფურცლის საქმე.

 

შრიფტი „ხონი“

ქარი

როდესაც ცუდ ამბავს ჰყვებოდა ბებიაჩემი, წინდაწინ იტყოდა: ქარს და ნიავს, ქარს და ნიავს…

 

შრიფტი „მოკაზმული“

ღობე

ღობის გაფერადება მოვინდომე. საღებავების გამყიდველმა, მე ხის შეღებვის სასტიკი წინააღმდეგი ვარო.

 

შრიფტი „ყარამანი“

ყველა

მიყვარს, თავისახლს ყველა რომ მოვიყრით თავს და პიანინოს სკამიც სუფრასთან აღმოჩნდება.

 

შრიფტი „ნიკორწმინდა“

შემოდგომა

გახურებულ თონესთან მეპურე რომ აღიღინდება, შემოდგომა შემოსულა-მეთქი, ვიტყვი.

 

შრიფტი „ნატიფი“

ჩაი

ჩაისთვის პატარა ჭიქა ვიყიდე, სიყვარულში ზომიერება რომ ვისწავლო.

 

შრიფტი „ბოლნისური“

ცა

ზაფხულის იმ დღეს მოხნული ცა იყო, ღრუბლის მსხვილი ბელტებით. თესლი რომ აგეყარა, ყანად იქცეოდა.

 

შრიფტი „ლამარუქუ“

ძველი

ბავშვობის სახლის ძველ შპალერზე, დიდრონი ყვავილების გულში, ჩემი დახატული ბალერინები იყო ჩაკრული.

 

შრიფტი „შემკული“

წიგნი

არსებობს ერთი ასეთი ახირებული მკითხველი – წიგნის ყდას საყურეს უხამებს გადაფურცვლამდე.

 

შრიფტი „ჩუქურთმა“

ახალი ასო-ბგერა ჭ

მატასის სკოლაში ვაკითხავ, ბავშვები გადაღლილები ჩანან. მასწავლებელმა, დღეს ჭ-ს ბაფთის გამოყვანა ისწავლესო.

 

შრიფტი „ბარბარე“

ხანდახან

ხანდახან, როცა სიმშვიდე შემომიტევს, ხელოვნურ წყალსატევს ვემსგავსები.

 

შრიფტი „ენკენისთვე“

ჯერ

ჯერ ფიქრის ფურცელზე გამოვიანგარიშებ და რვეულში მერე ჩავწერ, – ამბობს მატასი და თვალებს ხუჭავს.

 

შრიფტი „ქულადოსი“

ჰაერი

ჰაერად მახსოვს, – ასე იტყვიან ქართლში, როცა რაღაც ბუნდოვნად აგონდებათ. მეც ეგრე, ვეღარ ვიხსენებ, რისთვის წამოვიწყე ეს ყველაფერი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი