პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ გავიცნოთ ახალი მოსწავლეები?

ახალ მოსწავლეებთან პირველი შეხვედრა არამხოლოდ ახალბედა, არამედ გამოცდილი მასწავლებლებისთვისაც შეიძლება იყოს ღელვის საგანი: კარგ შთაბეჭდილებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული და მოსწავლის და მასწავლებლის სამომავლო ურთიერთობაზეც ახდენს გავლენას. პირველი დღის მთავარი ამოცანები, მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარება და მათი სამომავლო მიზნებისათვის მობილიზება და განწყობაა.

რისი გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი მოსწავლეებთან პირველი შეხვედრის დროს?

• საწყის ეტაპზე პედაგოგი მოსწავლეებს საკუთარ თავს წარუდგენს: მოკლედ ესაუბრება მნიშვნელოვანი ბიოგრაფიული დეტალების შესახებ. ხანგრძლივი მონოლოგით მოსწავლეები არ უნდა გადაღალოთ, ინფორმაცია ლაკონურად და მოსწავლეებისათვის იოლად აღქმადი ფორმით უნდა იყოს მიწოდებული.

• მოსწავლეების გაცნობასა და ეფექტიანი კომუნიკაციის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიების და აქტივობების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს კლასში ნდობის მოპოვებას, მოსწავლეთა ჩართულობის ზრდასა და ყურადღების მიპყრობას, გახსნილ, თანამშრომლობით ურთიერთობებზე დამყარებული გარემოს შექმნას.

• მოსწავლეებთან უშუალო კონტაქტის დასამყარებლად მოსწავლეებს სახელით უნდა მიმართოთ. ბუნებრივია, ერთბაშად, ბევრი მოსწავლის სახელის დამახსოვრება მარტივი საქმე არ არის. პედაგოგს შეუძლია მოსწავლეებს დაურიგოს ბარათები, სადაც ისინი თავიანთ სახელებს დაწერენ და თავიანთ მერხებზე განათავსებენ.

• მნიშვნელოვანია, დრო გამოყოთ საკლასო წესების შემუშავებისათვის; წესებზე კლასთან ერთად იმსჯელეთ: მნიშვნელოვანია, რომ ერთგვარი კონსენსუსი ჩამოყალიბდეს მისაღებ და მიუღებელ ქცევებთან დაკავშირებით. ნუ შეიმუშავებთ ბევრ წესს და ნუ დაუთმობთ პირველ შეხვედრაზე ხანგრძლივ დროს, მოსწავლეებისათვის მომაბეზრებელი რომ არ გახდეს.

• ესაუბრეთ მოსწავლეებს მიმდინარე სემესტრის / სასწავლო წლის განმავლობაში მისაღწევი სასწავლო მიზნების შესახებ, განუმარტეთ განსახორციელებელი ამოცანები, ასევე მოისმინეთ მათი მოსაზრებები და მოლოდინები ამ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სასწავლო მიზნების მიღწევა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და მოსწავლეები პირველი დღიდან უნდა განაწყოთ ამ მიზნებისათვის. მოსწავლეებთან უშუალო, კეთილგანწყობილი ურთიერთობების დასამყარებლად „ყინულის გალღობის“ სტრატეგიები დაგვეხმარება, ისინი ხელს უწყობს საკლასო ოთახში პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებას და მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ნდობის გაჩენას. მიმოვიხილავთ „ყინულის გალღობის“ რამდენიმე სტრატეგიას, რომლებიც მოსწავლეების გაცნობის პროცესში გამოგადგებათ.

„პოზიტიური, ნეგატიური, უჩვეულო“

პედაგოგი წერს დაფაზე სადისკუსიო თემას (მაგალითად, საჭმელი, შინაური ცხოველები, სოციალური მედია), შემდეგ კი იღებს ბურთს (თამაშში სიმბოლურად ე.წ. „ცხელი კარტოფილი“) და გადასცემს მოსწავლეს, ის კიდევ სხვას. პროცესი გრძელდება. მოსწავლე რომელსაც ბურთი უჭირავს ხელში, ჩერდება მაშინ, როდესაც გაიგონებს სიტყვას „პოზიტიური“, „ნეგატიური“ ან „უჩვეულო“. მაგალითად, თქვენ თუ პედაგოგი იტყვის სიტყვას „პოზიტიური“, მოსწავლე, რომელსაც ხელში უჭირავს, ე.წ. „ცხელი კარტოფილი“, პოზიტიური შინაარსის ფრაზით გამოეხმაურება თემას. ვთქვათ, თუკი თემა არის საჭმელი, მსგავსი ტიპის განცხადებას „ჩემი საყვარელი საჭმელია ხაჭაპური“. შემდეგ კვლავ აგრძელებს ბურთის გადაცემას. იმ შემთხვევაში თუკი პედაგოგი იტყვის ტერმინს „ნეგატიური“, მოსწავლე, რომელსაც ბურთი უჭირავს, ნეგატიური შინაარსის ფრაზით გამოეხმაურება თემას, მაგალითად „საჭმელებიდან მე ძალიან არ მიყვარს…“ თუკი პედაგოგი იტყვის ტერმინს „უჩვეულო“, მოსწავლე იტყვის რაიმე უჩვეულოს, რაც საჭმელთან მიმართებაში გაახსენდება. მაგალითად, „ერთხელ მთელი ტორტი შევჭამე…“ და სხვა.

 

„გააგრძელე ამბავი“

წინასწარ მოიფიქრეთ დაუსრულებელი წინადადებები, რომელთაც ქაღალდზე, ცალ-ცალკე ჩამოწერთ და მოსწავლეებს დაურიგებთ. დაუსრულებელი წინადადებები იმდაგვარად უნდა იყოს შედგენილი, რომ მოსწავლემ მარტივად შეძლოს თხრობის გაგრძელება.

• ერთხელ, როდესაც მეგობრებთან ვთამაშობდი …. • როდესაც ზარის ხმა გავიგონე …

• როდესაც მასწავლებელი კლასში შემოვიდა… ალტერნატივის სახით, შეიძლება მასწავლებელმა წინადადებები დაფაზე ჩამოწეროს, ხოლო მოსწავლეები ფურცლებზე, დამოუკიდებლად დაასრულებენ თავიანთი ნააზრევით. სამუშაოს შესრულება შესაძლებელია ჯგუფებშიც: ჯგუფის ერთი წევრი ხმამაღლა კითხულობს დაუსრულებელ წინადადებებს (მათი რაოდენობა იმდენივე იქნება, რამდენი წევრიცაა ჯგუფში), შემდეგ კი ჯგუფში გაერთიანებული მოსწავლეები, სურვილისამებრ, მონაცვლეობით დაასრულებენ. სამუშაოს დასრულების შემდეგ, მოსწავლეები მათ მიერ „გაგრძელებულ ამბებს“ გააცნობენ კლასს.

„ინტერვიუ და გაცნობა“

საინტერესო სტრატეგიაა ახალი მოსწავლეების გასაცნობად. საქმე ისაა, რომ საკუთარი თავის წარდგენა ზოგიერთი მოსწავლისათვის შესაძლებელია გარკვეულ უხერხულობასთანაც იყოს დაკავშირებული. ამ სტრატეგიის დახმარებით კი მოსწავლე მსგავსი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება. პედაგოგი მოსწავლეებს გაანაწილებს წყვილებში, შემდეგ კი ისინი ერთმანეთისაგან დაიწყებენ ინტერვიუს აღება; პედაგოგს შეუძლია წინასწარ დაურიგოს მოსწავლეებს ინტერვიუზე გამოსაყენებელი შეკითხვები, მაგალითად, საიდან არის, რა მოსწონს, როგორია მისი საზაფხულო გეგმები და სხვა. ბუნებრივია, თუკი მოსწავლეები ერთმანეთს კარგად იცნობენ, ინტერვიუს აღება გამარტივდება. შემდეგ კი მოსწავლეები წარმოადგენენ ერთმანეთის შესახებ ინფორმაციას,.

„ღია შეკითხვები“

გაცნობის ერთერთი გავრცელებული და მოსახერხებელი ფორმა არის ღია შეკითხვების გამოყენება. მთავარია, ისინი საინტერესოდ იყოს ფორმულირებული.

შეკითხვების გამოყენება სხვადასხვა ფორმით შეიძლება:

I. პედაგოგი მოსწავლეებს დაურიგებს მცირე ზომის ფურცლები, რომლებზეც ისინი დაწერენ მათ მიერ მოფიქრებულ შეკითხვებს; პედაგოგი წინასწარ განუმარტავს მათ, რა ტიპის შეკითხვები დაწერონ (მაგალითად „რომელია თქვენი საყვარელი ფილმი“?). შემდეგ მოსწავლეები შეკითხვებს ათავსებენ ყუთში და თავიანთ ადგილებს უბრუნდებიან. როდესაც ყველა შეკითხვა ყუთში იქნება, მოსწავლეები რიგრიგობით მიდიან ყუთთან, იღებენ შეკითხვებს (რომელიც შემთხვევითობის პრინციპით შეხვდებათ) და პასუხს სცემენ კლასის წინაშე.

II. პედაგოგი მოსწავლეებს ისე განალაგებს, რომ ერთმანეთთან პირისპირ ხედვის შესაძლებლობა ჰქონდეთ, (მაგალითად წრიულად), შემდეგ კი სვამს წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს. სასურველია პირველ რიგში შეკითხვებს თავად პედაგოგმა გასცეს პასუხი, უფრო მეტად გახსნილი და გულწრფელი გარემო რომ შეიქმნას, შემდეგ კი რიგრიგობით უპასუხებენ მოსწავლეები. საორიენტაციოდ ქვემოთ მოცემული შეკითხვებიც გამოგადგებათ.

შეკითხვები დაწყებით საფეხურისათვის:

1. ფერად გადაქცევა რომ შეგეძლოს, რომელი ფერი იქნებოდი?

2. ცეროდენა გირჩევნია იყო თუ გოლიათი? რატომ?

3. რომელია თქვენი საყვარელი წიგნის ან ფილმის პერსონაჟი?

4. თუკი შეგეძლება იყო ცნობილი ადამიანი, რით იქნებოდი ცნობილი?

5. რომ შეგეძლოს სხვა სახელის დარქმევა, რა სახელს დაირქმევდი (თუნდაც გამოგონილს)? რატომ?

6. უჩვეულო ძალა რომ გქონდეს, როგორი იქნებოდა ის?

7. ვინ გსურს გამოხვიდე, როდესაც გაიზრდები?

8. რომლის შენი საყვარელი თამაში, რომელსაც დასვენებების დროს თამაშობ?

9. თუკი ნებისმიერი ცხოველის მოვლა-პატრონობა შეგეძლებოდა, რა იქნებოდა ის?

10. შენი საკუთარი ქვეყანა რომ გქონდეს, რა ერქმეოდა მას?

11. რა მოგწონს შენს საუკეთესო მეგობარში?

12. რა იყო საუკეთესო საჩუქარი, რომელიც როდესმე მიგიღია?

13. სამი სურვილის ასრულების შესაძლებლობა რომ გქონდეს, რას ისურვებდი?

14. წარმოიდგინე, რომ ძალიან გშია და მხოლოდ ერთი კერძის მომზადება შეგიძლია, რა იქნება ის?

15. რა ერქვა რას დაარქმევდი შენს საყვარელ თოჯინას? ცხოველს?

16. შენი სკოლის რომელი ნაწილი / ოთახი გიყვარს ყველაზე უფრო? რატომ?

 

შეკითხვები საბაზო/საშუალო საფეხურისათვის

 

17. რა არის ისეთი საქმე, რისი კეთებაც თვლი, რომ კარგად გამოგდის?

18. როგორ იყენებ შენს ძლიერ მხარეს სხვა ადამიანების დასახმარებლად?

19. რომ შეგეძლოს სკოლაში რაიმე უჩვეულო საგნის სწავლების შემოღება, რომელ საგანს შემოიღებდი?

20. რა არის შენი საყვარელი ფრაზა/ ციტატა, რომელსაც ხშირად იყენებ?

21. საკუთარი სატელევიზიო გადაცემა რომ გქონდეს, რას დაარქმევდი?

22. რომელი სიმღერის ტექსტი იცი სიტყვა-სიტყვით?ან გსურს, რომ მუდამ გახსოვდეს?

23. წიგნის დაწერა რომ შეგეძლოს ( ან თუკი შეგიძლია), რის შესახებ იქნებოდა ის?

24. შეგიძლია გაიხსენო ვინმეს მიერ ჩადენილი მცირე, უმნიშვნელო საქმე, რომელმაც შენ შთაგაგონა და მოქმედებისაკენ გიბიძგა?

25. რა არის ის საქმე, რისი კეთებაც მთელი დღის განმავლობაში არ მოგბეზრდება?

26. რა იყო საუკეთესო რჩევა, რომელიც ოდესმე მიგიღია?

27. ძალიან დიდი / ულიმიტო თანხა რომ გქონდეს, პირველ რიგში რაში დახარჯავდი?

28. ვინ არის ცნობილი ადამიანი, რომელთანაც თვლი რომ რაიმე საერთო გაქვს?

29. დღე -ღამეში რომ 25 საათი იყოს, ზედმეტ საათს რაში დახარჯავდი?

30. რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი, თუკი შესაძლებლობა გექნებოდა?

31. თუკი შესაძლებლობა გექნებოდათ გაგექროთ ერთი საჭმელი, რომელი საჭმელი იქნებოდა ის?

32. თუკი შესაძლებლობა გექნებოდათ მოგესმინათ ნებისმიერი ისტორიული პირის ცოცხალი გამოსვლისათვის, ვინ იქნებოდა ის?

რა თქმა უნდა შეკითხვები სარეკომენდაციოა და მათი გამოყენება და მოდიფიცირება პედაგოგს სურვილისა და საჭიროებისამებრ შეუძლია. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ახალ მოსწავლეებთან შეხვედრის ორგანიზება საკმაოდ დიდ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა შედეგიანად ჩატარებული პირველი გაკვეთილი სამომავლო თანამშრომლობის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ბუნებრივია, მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაცია უწყვეტი პროცესია, შესაბამისად პედაგოგს მუდმივად დასჭირდება ზრუნვა პოზიტიური გარემოს შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის.

გამოყენებული რესურსები: • First Day of Class ESL (teach-this.com) • BridgeUniverse • Practical Tips for the IDEAL New Teacher Introduction in a New Class.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი