პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მითოლოგია და შემოქმედებითი წერა ქართულის გაკვეთილზე

ქართულ და და სხვა ქვეყნების მითოლოგიას  ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილით ამოწურავს, არადა, მითოლოგია რომ ლიტერატურის საფუძველია, არქეტიპების გაცნობის გარეშე ერის კულტურული თავისებურების, შესაბამისად, ლიტერატურული გამოცდილების გააზრება და გაგება რომ რთულია, ამაში დამეთანხმებით.

მდიდარი და ფერადი ქართული და კავკასიური მითოლოგია მთავარ ისეთ ფაბულას, ამბავს თუ პერსონაჟს მოიცავს, რომელთაც შესანიშნავად გამოვიყენებთ შემოქმედებითი წერისას ფანტაზიის გასავარჯიშებლად. მითუმეტეს, რომ იმ ასაკობრივ კატეგორიას ვუტარებთ გაკვეთილებს, ფენტეზის ჟანრის ლიტერატურის მკითხველთა მთავარ ნაწილს რომ წარმოადგენენ.

პერსონაჟი, არქეტიპი, სიმბოლიკა, დაპირისპირებული მხარეები, სიკეთის მარადიულობის იდეა – ბევრი თვალსაზრისით საინტერესოა მითი, მეთანხმებით ალბათ.

გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო გმირი ქართული და კავკასიური მითოსიდან. ეს მითოლოგიური სამყარო იმიტომ ავირჩიე, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის შედარებით უცხოა და საოცრად საინტერესო.

პერსონაჟის სტრუქტურად დაშლა და გააზრება ლიტერატურული ტექსტის გაგების საუკეთესო გზაა, მითოლოგიური გმირი ამ კუთხით ძალიან სასარგებლო რესურსია, რადგან ხასიათის თვისებები თუ გარეგნობა აქ ზედაპირზეა და ერთგვარ თვალსაჩინოებას წარმოადგენს.  ამ კუთხით პარალელურ ტექსტად შეგვიძლია გამოვიყენოთ ხორხე ლუის  ბორხესის შესანიშნავი „ფანტასტიკური არსებების ანთოლოგია“, სადაც სხვადასხვა არსებათა ნიშან-თვისებების ამოცნობა ერთგვარ ლიტერატურულ სავარჯიშოდ შეგვიძლია ვაქციოთ.

დავუბრუნდეთ მითოლოგიური გმირების ამბავს, გავიხსენოთ და ჩამოვთვალოთ რამდენიმე საინტერესო სახე ქართული და კავკასიური მითოსიდან, რომელთა გამოყენებით მშვენიერ ლიტერატურულ ტექსტებს შევქმნით:

  • ყამარი, ეს დიდებული, საოცარი ქალი ყამარი, ღრუბელთბატონის ასული, რომელიც ზღვისიქითა სამეფოდან მოიტაცა ამირანმა. ის თან ღვთაებრივი ცეცხლია, თან მზეთუნახავი და თანაც ერთგული პენელოპე-მარადიულად ელოდება მიჯაჭვული სატრფოს დაბრუნებას.
  • ქონდრისკაცები – ფენტეზის აუცილებელი პერსონაჟები არიან. მათ კავკასიური მითოსიც იცნობს, მეგრულიც. საინტერესოა ისფების ტომი, რომელიც ადიღეური გადმოცემების მიხედვით, ოდესღაც დასავლეთ კავკასიაში ცხოვრობდა, ისინი კურდღლებზე ამხედრებულები დადიოდნენ და პატარა სახლებში ცხოვრობდნენ. ( წყარო: ნ. ანთელავა, მითები და რიტუალები)
  • სიკვდილთან ახლობლობის მოტივი – ეს მოტივი განსაკუთრებით საინტერესო ელფერს იძენს ქართულ ზღაპრებში. მაგალითად, ერთ ზღაპარში კაცი შვილისთვის ნათლიას ეძებს, ქრისტეს, წმინდა გიორგის, ელიას – ყველას უარს ეუბნება და მხოლოდ სიკვდილს მოანათვლინებს შვილს. მერე კი მთელი ცხოვრება მისგან თავის დაღწევას ათასგვარი ხრიკით ცდილობს. სიკვდილისა და ბედისწერის თემა ქართული მითებისა და ზღაპრების მიხედვით განსაკუთრებით საინტერესოა, გზაჯვარედინი, სადაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანი უნდა გააკეთო.
  • დევი ქართული მითებისა და ზღაპრების მნიშვნელოვანი პერსონაჟია, ზოგჯერ კეთილია, ზოგჯერ ბოროტი, სხვადასხვა რაოდენობის თავი აქვს და სხვადასხვა ფერისაა.
  • ლაშარის მუხა- ლაშარის მუხა იმით იყო შესანიშნავი, რომ ის ოქროს შიბით იყო ცას გამობმული და ამ შიბით, როგორც იაკობის ნახილვები კიბით, მორიგე ღვთისადმი ძღვენის ასატანად ადი-ჩამოდიოდნენ ღვთისშვილები. მიწიდან საყმოსგან აჰქონდათ მსხვერპლის კვამლი და ლოცვა-ვედრება, ციდან ჩამოჰქონდათ საყმოსათვის მადლი და წყალობა. ცხადია, ის ხე, რომელიც აერთებს ცას და მიწას, სამყაროს შუაგულშია ამოსული. (ზურაბ კიკნაძე, ქართული მითოლოგია, 1996)- ამ მოტივის გამოყენება ეკოლოგიის გაკვეთილებისა და ბუნების მნიშვნელობაზე სასაუბროდ შეგვიძლია.
  • საინტერესო პერსონაჟია ქალღმერთი აზა / მჲალხა აზა (ვაინ. Аза / Маьлха Аза –„მზის ქალიშვილი აზა“) – ცისკრის ქალღმერთი, ყოველი სულდგმულის მფარველი, მზის ქალიშვილი (ვარიანტი: დედა, რომელსაც ბუნიობის პერიოდებში მზე წელიწადში ორჯერ სტუმრობს: ზამთარში – სამი დღე-ღამე, ზაფხულში – სამი კვირა) ვაინახურ მითოლოგიაში; იბადება მზის სხივისგან; წარმოადგენსმზის სხივთა ცხოველმყოფელ ძალას. ნართული ეპოსის მიხედვით, მზეთუნახავი აზა ცოლად მიყვება ნართ ხამჩი ფათარაზს – ურჩხულის მიერ ჩაყლაპული მზის მხსნელს. ( წყარო, ნუგზარ ანთელავა, მითები და რიტუალები).

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი